18 წლის შემდეგ „გაცოცხლებული

18 წლის შემდეგ „გაცოცხლებული" მუხლი - ვინ როგორ აფასებს ს/ს კოდექსში „სამშობლოს ღალატის" დაბრუნებას

მმართველმა პარტიამ სისიხლის სამართლის კოდექსში სამშობლოს ღალატის მუხლის აღდგენა გადაწყვიტა. წინასწარი ვერსიით, ეს მუხლი, რომელიც 2007 წელს გაუქმდა, იგივე ფორმულირებებით აღდგება, თუმცა „ოცნებაში" არ გამორიცხავენ, რომ პარლამენტში გამართული მსჯელობის შედეგად მასში გარკვეული ცვლილებები შევიდეს.

ოპოზიცია ამ გადაწყვეტილებას მკვეთრად ნეგატიურად აფასებს და სამშობლოს ღალატის მუხლის აღდგენას საერთო ტენდენციის ნაწილად მიიჩნევენ, რომელიც ხელისუფლების ოპონენტების წინააღმდეგ სხვადასხვა სანქციების გამკაცრებაში გამოიხატება. ხელისუფლებასთან კონფრონტაციაში მყოფ არასამთავრობო სექტორში კი მიაჩნიათ, რომ ეს მუხლი პირველ რიგში მათ წინააღმდეგ იქნება მიმართული.

ანალიტიკოსთან შეფასებები ამასთან დაკავშირებით განსხვავებულია. ზოგიერთი ფიქრობს, რომ „ქართული ოცნება" ამით ცდილობს ქვეყანაში საპროტესტო აქტივობის ჩახრობას. სხვების აზრით კი, სახელმწიფოსთვის ამ მუხლის ადგენა მნიშვნელოვანია.

„თუ ადამიანები უცხო ქვეყანაში თავიანთი სახელმწიფოს წინააღმდეგ მოქმედებენ და ხელისუფლების დამხობის მცდელობაა, იქ დგება საკითხი, ხომ არ არის ეს სამშობლოს ღალატი?", - განაცხადა ანალიტიკოსმა რამაზ საყვარელიძემ „რეზონანსთან".

ანალიტიკოს ვახტანგ ძაბირაძის აზრით კი, „ოცნებას" პრობლემა აქვს, რომ პროტესტი ვერ შეაჩერა და ამ მუხლის აღდგენის მიზანიც სწორედ ესაა:

„ოცნებას" პრობლემა აქვს, რომ საპროტესტო აქციები ვერ ჩააცხრო და ახლა ცდილობს ასეთი ქმედებებით, გარკვეული დაშინებებით და საზოგადოებაში ასეთი აზრის შექმნით, შეაჩეროს პროტესტი".

ამ გადაწყვეტილების შესახებ განცხადება „ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ ორშაბათს უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ ბრიფინგზე გააკეთა.

„დავიწყებ ერთ-ერთი მთავარი გადაწყვეტილებით, რომელიც დღევანდელ სხდომაზე უმრავლესობამ დაადასტურა. ჩვენი გადაწყვეტილებით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსს დაემატება, უფრო სწორი იქნება თუ ვეტყვით, აღდგება სისხლის სამართლის კოდექსში სამშობლოს ღალატის მუხლი, რომელიც თავის დროზე „ნაციონალურმა მოძრაობამ" ამოიღო სისხლის სამართლის კოდექსიდან, რაც არ უნდა ვინმეს გაუკვირდეს, არ გაუკვირდეს ან სიმბოლური იყოს, ეს მოხდა, ეს გააკეთეს აგვისტოს ომამდე, 2007 წლის აპრილის თვეში", - დასძინა მდინარაძემ.

პოლიტიკური შეფასებები

დედაქალაქის მერისა მმართველი პარტიის გენერალური მდივნის, კახა კალაძის განცხადებით, „ბოლო წლების განმავლობაში იყო კონკრეტული ადამიანები, რომლებიც აშკარად ატარებდნენ გარედან მიღებულ დავალებებს, რის გამოც ყველამ პასუხი უნდა აგოს".

„სამწუხაროდ, ბოლო წლების, თვეების განმავლობაში ვიხილეთ კონკრეტული დაჯგუფებები და ადამიანები, რომლებიც აშკარად ატარებდნენ გარედან მიღებულ დავალებებს, უცხო ქვეყნის ინტერესებს. ისინი დგამდნენ ნაბიჯებს, რომლებიც სიძულვილითა და ბოროტებით იყო გაჯერებული, საზოგადოების გახლევის მცდელობები ჰქონდათ. ვნახეთ კონკრეტული ფაქტები, როდესაც იგეგმებოდა ექსტრემისტული ორგანიზაციების, რადიკალების დაფინანსება. სახელმწიფო გადატრიალების რამდენიმე მცდელობა ჰქონდათ.

რა თქმა უნდა, ყველა იმ ადამიანმა, ვინც ჩადიოდა ამ ტიპის ქმედებებს, მოქმედებდა სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ, პასუხი უნდა აგოს. ყველა კითხვას შესაბამისი პასუხი უნდა გაეცეს", - აღნიშნა თბილისის მერმა.

ამასთან, „ქართული ოცნების" წევრმა, ლადო ბოჟაძემ აღნიშნა, რომ ყველამ უნდა იცოდეს, რომ ვინც უღალატებს საკუთარ ხალხს, დაუსჯელი არ დარჩება.

„საზოგადოებისგან არაერთხელ იყო მოთხოვნა და, ბუნებრივია, რომ ისევე, როგორც ნებისმიერ დემოკრატიულ სახელმწიფოში, აქაც არსებობდეს ასეთი მუხლი. ჩვენ ვაპირებთ უახლოეს დღეებში ამ მუხლის დაბრუნებას სისხლის სამართლის კოდექსში საიმისოდ, რომ ყველამ იცოდეს, ვინც აპირებს უღალატოს საკუთარ ქვეყანასა და ხალხს, დაუსჯელი ვერ დარჩება.

„რაც შეეხება ოპოზიციის კრიტიკას, ოპოზიციისთვის, არ ვიცი, რა შეიძლება იყოს მოსაწონი. ჩვენ ხომ სახელმწიფოს ღალატზე, სამშობლოს ღალატზე ვსაუბრობთ და არა კონკრეტულ სხვა ქმედებაზე. მათთვის თუ საქართველო არ არის ძვირფასი, გასაგებია კრიტიკა. ბევრგან გაცილებით მკაცრია ასეთი კანონმდებლობა და ჩვენთანაც იქნება ზუსტად იგივე, რაც იყო მანამდე.

„ამ ეტაპზე საუბარია იმაზე, რომ დაბრუნდეს იმავე ფორმულირებით, რაც იყო მანამდე. თუმცა, შეიძლება, განხილვების დროს კიდევ უფრო დაკონკრეტდეს. საუბარი არის, რომ კონკრეტული ქმედებები შეფასდეს, როგორც სამშობლოს ღალატი. არ ვიცი რატომ შეეშინდა ოპოზიციას და საკუთარ თავზე რატომ მიიღეს. ეტყობა, ძველი გამოცდილება აწუხებთ. დაველოდოთ განხილვებს და შესაბამისი ფორმულირება დამატებით კიდევ გვეცოდინება", - განაცხადა ბოჟაძემ.

„სოციალური დემოკრატიისთვის" წევრმა ვახუშტი მენაბდემ, „პალიტრანიუსის" გადაცემაში თქვა, ეს არის სტიგმატიზაციის მცდელობა, რომ ადამიანები გარკვეული სახელის ქვეშ მოაქციონ და გააშავონ. ამასთან, მისივე შეფასებით, „ქართული ოცნების" მიერ შემოღებული კანონები აჩვენებს იმას, რომ მმართველი პარტია პროტესტს ძველი კანონებით ვეღარ უმკლავდება.

„სამშობლოს ღალატისთვის ადამიანის მსჯავრდადების შემოღება „ქართულ ოცნებას" ერთადერთი მიზნით დასჭირდა - რომ პროპაგანდა გააძლიეროს. ეს სტიგმატიზაციის მცდელობაა, რომ ადამიანები გარკვეული სახელის ქვეშ მოაქციონ და გააშავონ.

„მმართველ პარტიას დღეს ჩვენ უფრო დიდ საფრთხეს ვუქმნით, რომლებიც წინააღმდეგობის მოძრაობაში ვართ, ვიდრე ის პოლიტიკური ოპონენტები, რომლებსაც ოპოზიციას ვუწოდებთ. ზოგიერთ შემთხვევაში მმართველი პარტიისთვის ასეთი ოპოზიცია საჩუქარიც კი არის, იმდენად სუსტები არიან.

„დღეს 50 პოლიტპატიმარია ქვეყანაში და ამ ადამიანებს არავითარი პოლიტიკური აფილიაცია არ გააჩნიათ. ამიტომ ამ კანონის შემდეგ, მთავარ დარტყმას მიიღებენ ის ადამიანები, რომლებიც „ქართულ ოცნებას" როგორც რეჟიმს ყველაზე დიდ საფრთხეს უქმნის. დღეს ისე არავინ არის დაცული, როგორც პოლიტიკური პარტიები, ამიტომ „ქართული ოცნება" ეცდება, ყველანაირი საშუალების გამოყენებით, მიმდინარე პროტესტი ჩაახშოს. „ქართული ოცნება" ძველი კანონებით ვერ უმკლავდება ამ პროტესტს, ამიტომ ახალი უსამართლო კანონები შემოაქვთ", - განაცხადა ვახუშტი მენაბდემ.

რისთვის სჭირდება „ოცნებას" ამ მუხლის აღდგენა

რამაზ საყვარელიძე აცხადებს, რომ კანონს არ აქვს უკუქმედების ძალა და შესაბამისად, ხელისუფლების ოპონენტთა ახლანდელ თუ წარსულ;ის ქმედებებზე ამ მუხლის მოქმედება ვერ გაცრცელდება. თუმცა, მისი აზრით, ამ მუხლის აღდგენა სახელმწიფოს სჭირდება.

„ამ მუხლის აღდგენა სახელმწიფოსთვის სჭირდებათ. რა თქმა უნდა, ეს მიმდინარე პროცესებთან კავშირიშია. თუ ადამიანები უცხო ქვეყანაში თავიანთი სახელმწიფოს წინააღმდეგ მოქმედებენ და ხელისუფლების დამხობის მცდელობაა, იქ დგება საკითხი, ხომ არ არის ეს სამშობლოს ღალატი?

„ამ მუხლის აღდგენის შემთხვევაში ახლანდელი ქმედებები კანონდარღვევად ვერ ჩაითლება, რადგან კანონს უკუქმედება არ აქვს, მაგრამ სამომავლოდ შეიძლება ჩაითვლოს. პრინციპში, კანონს როგორი ფორმულიერება მიეცემა ძნელი სათქმელია. თუმცა ნებისმიერ შემთხვევაში ყველა ქვეყანაში ხელისუფლების ძალით დამხობა ითვლება მიუღებელ პროცესად, ისჯება კიდეც და თუ ძალით დამხობა ხდება უცხოეთთან კავშირში, უცხოეთს იყენებენ ამისთვის, ეს იქნება ღალატი", - განაცხადა რამაზ საყვარელიძემ „რეზონანსთან".

ვახტანგ ძაბირაძის აზრით კი, ამით „ქართული ოცნება" ცდილობს საპროტესტო აქციების ჩაცხრობას.

„ოცნების" პოლიტიკა გადასულია იმაზე, რომ დაიწყოს რეპრესიული კანონები, პირდაპირი შეტევაა ადამიანების ფსიქოლოგიაზე. „ოცნებას" პრობლემა აქვს, რომ საპროტესტო აქციები ვერ ჩააცხრო და ახლა ცდილობს ასეთი ქმედებებით, გარკვეული დაშინებებით და საზოგადოებაში ასეთი აზრის შექმნით, შეაჩეროს პროტესტი. არამარტო ამ მიმართულებით, არამედ ჯარიმების გაზრდით და კანონების გამკაცრებით. აღდგენილი მუხლის ფორმულირებამდე დამატებით ამ საკითხზე არ შემიძლია მეტის თქმა", - განაცხადა ვახტანგ ძაბირაძემ „რეზონანსთან".