ქალაქის ცენტრალურ ქუჩებში ყოველდღიურად რამდენიმე მათხოვარი ბავშვის ნახვა შეიძლება. კანონმდებლობის თანახმად, თუკი პირი ბავშვს ამათხოვრებს, ის უნდა დაისაჯოს. როგორ რეაგირებს, სინამდვილეში, სახელმწიფო ბავშვის მათხოვრობის ფაქტებზე?
დღეისთვის არც ერთი სტრუქტურა არ ფლობს ზუსტ მონაცემებს ეგრეთ წოდებული „ქუჩის ბავშვების“ რაოდენობის შესახებ, თუმცა ისინი არიან ყველგან, განურჩევლად ასაკისა.
შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სოციალური დეპარტამენტის ხელმძღვანელი გია კაკაჩია აცხადებს, რომ თუკი ბავშვი მათხოვრობს, პატრული ვალდებულია ეს ფაქტი აღკვეთოს, ხოლო თუ ამას არ აკეთებს, ესე იგი კანონს არღვევს.
„თუ ცალსახა ძალადობაა, ეს არის შსს-ს კომპეტენცია. თუ არსებობს გარკვეული ეჭვები, მაშინ სოციალური სააგენტო ერთვება. სოციალური მუშაკი ადგილზე აფასებს სიტუაციას და შესაბამის გადაწყვეტილებას იღებს - ეს შეიძლება იყოს ბავშვის ოჯახიდან გამოყვანა ან, თუ არსებობს დაუდასტურებელი ეჭვი, ეს ოჯახიმუდმივი ზედამხედველობის ქვეშ უნდა მოექცეს“, - ამბობს გია კაკაჩია.
ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტი ნესტან ლონდარიძე აცხადებს, რომ ბავშვების მათხოვრობის შემთხვევები ყოველ ნაბიჯზე გვხდება. მისივე თქმით, ამ პრობლემასთან დაკავშირებით თავს იჩენს მინიმუმ ორი პრობლემა: ერთი - სახელმწიფოებრივი სტრუქტურების გულგრილობა და მეორე - არასრულფასოვანი კანონმდებლობა. კერძოდ, ბავშვის წარმომადგენლობის უფლება აქვს მშობელს, ხშირად კი სწორედ მშობელია მოძალადე, რის გამოც მესამე პირს უჭირს ბავშვის უფლებები სხვადასხვა ინსტანციაში დაიცვას. ლონდარიძის თქმით, გამონაკლისია შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში არსებული მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო, რომელსაც კანონმდებლობა საკმარის უფლებამოსილებას კი აძლევს, მაგრამ რეალურად ის მაინც უმოქმედოა:
„კანონმდებლობა არ არის საკმარისად დახვეწილი. რაც შეეხება მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს, გარდა გულგრილობისა, არაკომპეტენტური ორგანოა. არაფერს არ აკეთებს. რაც მე მქონდა შეხება, არაფერი გაუკეთებია“.
შინაგან საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის წარმომადგენელი მაკა ფერაძე ამბობს, რომ "ქუჩის ბავშვებთან" დაკავშირებით პრობლემას კანონმდებლობა ქმნის. მისი თქმით, კანონით მხოლოდ მაშინ შეიძლება მათხოვრობის ფაქტის აღკვეთა, როდესაც პოლიციელმა დადასტურებულად იცის, რომ ბავშვი თავისი ნებით არ მათხოვრობს. მისივე თქმით, რამდენიმე შემთხვევაზე საქმე უკვე აღიძრა, მაგალითად, 2013 წელს - ორ ფაქტზე.
„გეთანხმებით, ცოტაა, რა თქმა უნდა. თითოეული ბავშვი, რომელიც ქუჩაში დგას და ყინვაში მათხოვრობს, ჩვენი სატკივარია, მაგრამ მტკიცებულების გარეშე პოლიციელს არა აქვს საშუალება, რომ მოჰკიდოს ამ ბავშვს ხელი და გადაიყვანოს რომელიმე ცენტრში“, - ამბობს მაკა ფერაძე.
მეორე მხრივ, გია კაკაჩიას თქმით, პრობლემა საზოგადოებაშია, რომელიც ბავშვს ხედავს, მაგრამ არავის ატყობინებს:
„რეალურად პრობლემა არის უფრო საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებაში, რადგან როდესაც მსგავსი ფაქტები ხდება, არავინ ატყობინებს არც სამართალდამცავ სტრუქტურებს და არც სოციალური მომსახურების სააგენტოს. აქედან გამომდინარე, კანონმდებლობის ცვლილებას აზრი არა აქვს. უბრალოდ, მექანიზმები არის გასამკაცრებელი. ის მექანიზმები, რომელიც დღეს მუშაობს, სრულად უნდა ამუშავდეს“.
გია კაკაჩიას თქმით, ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია დარეკოს ჯანდაცვის სამინისტროს ცხელ ხაზზე (1550) და დატოვოს შეტყობინება ბავშვის მათხოვრობის ფაქტის შესახებ. შეტყობინების შემოსვლის შემდეგ დეპარტამენტი სათანადო ზომებს მიიღებს.
იმის გადასამოწმებლად, თუ რამდენად ეფექტურად მუშაობს ცხელი ხაზი, 14 თებერვალს რადიო თავისუფლების კორესპონდენტმა ჯანდაცვის ცხელ ხაზს მიაწოდა ინფორმაცია რუსთაველის გამზირზე ბავშვის მათხოვრობის ფაქტის შესახებ. დაახლოებით წლამდე ასაკის ბიჭი, შილიფად ჩაცმული, უყურადღებოდ იყო მიტოვებული ასფალტზე. გვერდით ედო ჯამი, რომელშიც გამვლელები ფულს უყრიდნენ. შეტყობინების შესვლიდან ერთი საათის შემდეგაც კი ბავშვის წასაყვანად არავინ მოსულა.
როგორ შეიძლება მოგვარდეს ეს საკითხი? მაკა ფერაძის თქმით, ერთ-ერთი გამოსავალი ქვეყნის სოციალური მდგომარეობის გამოსწორებაა. თუმცა აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ის ბავშვები, რომლებიც ქუჩაში გვხვდებიან, ხშირად აზერბაიჯანის მოქალაქეები არიან და არა საქართველოსი.
„მაწანწალა ბავშვების და ქუჩაში მცხოვრები ბავშვების უმეტესობა აღმოჩნდა, რომ არის აზერბაიჯანის მოქალაქე. ისინი კვეთენ საქართველოს საზღვარს და შემდეგ ქალაქში გროვდებიან, რომ ამ გზით იშოვონ ლუკმაპური“, - ამბობს მაკა ფერაძე.
მაკა ფერაძის თქმით, ზაფხულიდან ამოქმედდება მიგრაციის ცენტრი, სადაც ის პირები განთავსდებიან, ვინც მიგრაციას ექვემდებარება. ამ ცენტრმა შესაძლოა ხელი შუწყოს ხსენებული პრობლემის მოგვარებასაც. მისივე თქმით, ასევე შექმნილია ჯგუფი, რომლის მოვალეობაც სწორედ კანონმდებლობის დახვეწაა.
მათ შორის, ვინც ქუჩაში მათხოვრობს, ბავშვების გარდა გვხვდება ფსიქიკური პრობლემების მქონე პირებიც. ამ შემთხვევაშიც სახელმწიფო ვალდებულია მათხოვრობის ფაქტი აღკვეთოს, თუმცა, იურისტ ნესტან ლონდარიძის თქმით, აქაც იმავე პრობლემას ვაწყდებით. როგორც წესი, ამ ადამიანებსაც ისევ ახლობლები ამათხოვრებენ. შესაბამისად, მომჩივანი არავინაა.
თინა ღვინიაშვილი ერთ-ერთი იმ მოქალაქეთაგანია, რომელიც ამაოდ ცდილობდა ავადმყოფი მათხოვრისთვის რამე ეშველა. ქალბატონი, რომელიც 50-60 წლისაა, ძირითადად საბურთალოს ტერიტორიაზე ითხოვს მოწყალებას, მაკდონალდსთან ან ეკლესიასთან. როგორც იქაურებმა გვითხრეს, ის ოჯახის წევრებს მოჰყავთ და ხშირად ყინვაშიც ტოვებენ. ქალბატონი დაავადებულია, ვერ ლაპარაკობს.
„ითხოვდა რაღაც წამალს, გვანიშნებდა, რომ გვეყიდა ეს წამალი, რომელიც ჩვენ ვერ ვუყიდეთ, რადგან არ ვიცოდით რა დანიშნულების იყო, სასწრაფო კი არ მოვიდა. გარშემომყოფებმა და პატრულის თანამშრომლებმა თქვეს, რომ სახლი აქვს, ისანში ცხოვრობს. ორი შვილი და რძალი ჰყავს, რომელთაც გამოგდებული ჰყავთ სახლიდან და აძალებენ, რომ იმათხოვროს“.
თინა ღვინიაშვილის თქმით, პატრული ოთხჯერ გამოიძახეს, მაგრამ უშედეგოდ. პატრულის თანამშრომლები აცხადებდნენ, რომ თავშესაფარში გადასაყვანად თავად ამ პირის თანხმობა იყო საჭირო, ის კი თავისი ავადმყოფობის გამო თანხმობას ვერ აძლევდა.
„პატრულის თანამშრომლები რომ დაინახა, ძალიან განერვიულდა, ქვა აიღო, ჯოხი აიღო, ყმუოდა, ტიროდა... ანუ ის თანხმობას ასე ვერ მისცემდა“.
აღნიშნულთან დაკავშირებით შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სოციალური დეპარტამენტის ხელმძღვანელი გია კაკაჩია ამბობს, რომ მოქალაქეებმა ისევ ცხელ ხაზს უნდა მიმართონ, რის შემდეგაც უფლებამოსილი პირი გაარკვევს, არის თუ არა ეს ადამიანი ქმედობაუუნარო.
„როდესაც ადამიანი არ არის ქმედუუნაროდ აღიარებული, მაგრამ არსებობს ეჭვი, რომ ის ქმედუუნაროა, დგება ექსპერტიზის საკითხი, მაგრამ ამ შემთხვევაშიც სასამართლოს უნდა მიმართოს ან თვითონ, ან მისმა ახლობელმა, რასაც ამ შემთხვევაში ვერ გააკეთებს. ამიტომ ასეთ დროს მაინც უნდა ჩაერთოს სოციალური მომსახურების სააგენტო“, - ამბობს გია კაკაჩია.
მისივე თქმით, იმ შემთხვევაში, თუ მოქალაქე სრულწლოვანი და ქმედობაუნარიანია, ის სრულად აგებს პასუხს საკუთარ საქციელზე და ძალით მას თავშესაფარში ვერავინ გადაიყვანს.