„რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების ჩატარებამდე ადგილობრივი არჩვენების გადადება დესტრუქციულ მიზანს ემსახურება - გაამწვავოს პოლიტიკური ესკალაცია“

„რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების ჩატარებამდე ადგილობრივი არჩვენების გადადება დესტრუქციულ მიზანს ემსახურება - გაამწვავოს პოლიტიკური ესკალაცია“

ვინ გახდება თბილისის მერი? - არსებული ინფორმაციით მმართველი გუნდის კანდიდატი კახა კალაძე არ იქნება.  კონკრეტულად ვინ იქნება მერობის კანდიდატი, ჯერ გაურკვეველია, მაგრამ ანალიტიკოს დავით ზარდიაშვილის განცხადებით, „ოცნებას“ არ უნდა გაუჭირდეს დიდი გამოცდილების „მძიმეწონოსანი“ პოლიტიკოსის გამოძებნა საკუთარ რიგებში.

for.ge დავით ზარდიაშვილს ესაუბრა.

კანონპროექტის მიხედვით, 2025 წლის 4 ოქტომბერს თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდება იმ წესით, რა წესითაც 2017 წლის თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდა. ბატონო დავით, იმისათვის, რომ მივიღოთ ძლიერი თვითმმართველობა, რა ცვლილებებია საჭირო? ამას გეკითხებით იმიტომ, რომ დღევანდელ თვითმმართველობის კანონში საკმაოდ მნიშვნელოვანი ხარვეზებია.

დავით ზარდიაშვილი: 2017 წლამდე არსებულ საარჩევნო სისტემასთან დაბრუნება უდავოდ გამართლებული ნაბიჯია. საქმე ისაა, რომ მუნიციპალიტეტის (ყოფლი რაიონის) საკრებულოში ყველა დასახლებას აუცილებლად ეყოლება მაჟორიტარული წესით არჩეული ერთი წარმომადგენელი მაინც, რაც 2021 წლის არჩევნებში შეზღუდული გახლდათ, რადგან მაჟორიტარული მანდატები შეიზღუდა და შესაბამისი ოლქები გამსხვილდა. მუნიციპალიტეტი უნდა განვიხილოთ, როგორც ის მსხვილი თანასაზოგადოება, რომელიც ადგილობრივი თემების - მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული ქალაქების, სოფლების, დაბების საზოგადოებებისგან შედგება. თვითმმართველობა - მათი, ადგილობრივი საზოგადოებების უფლებაა და ყოველ დასახლებას, რასაკვირველია, მუნიციპალურ თანასაზოგადოებაში ამ უფლების რეალიზაციის საშუალება უნდა ჰქონდეს.

ბუნებრივია, ამ ნაბიჯის გადადგმა, რომ ადგილობრივი თემების ეს უფლება ამჯერად უკეთ დაცულია, მისასალმებელია. მაგრამ, ეს საკმარისი არ არის. სამწუხაროდ, მართლაც არსებობს მრავალი ხარვეზი, რაც ადგილობრივი თვითმმართველობის სისტემას ახასიათებს და ხელს უშლის როგორც მუნიციპალური თანასაზოგადოების, ასევე ადგილობრივი თემების თვითორგანიზებას, რის გარეშეც, მხოლოდ სახელმწიფოს ცენტრალური ორგანოების ძალისხმევით, სათემო და მუნიციპალური განვითარება, მეტი კეთილდღეობის მიღწევა საქართველოს ქალაქებსა თუ სოფლებში შეფერხდება და სულაც შეუძლებელიც იქნება. ამ ხარვეზებს ორი ძირეული მიზეზი აქვს - არასათანადო პოლიტიკური, სამართლებრივი, სოციალურ - ეკონომიკური გარემო და ასევე, თვითორგანიზებისათვის ადგილობრივი საზოგადოებებისა და მუნიციპალური თანასაზოგადოებების არასაკმარისი ნება.

და, რას აკეთებს ხელისუფლება ამის დასაძლევად?

- ამ ხარვეზების დასაძლევად სახელმწიფო ახორციელებს დეცენტრალიზაციის სტრატეგიას. დეცენტრალიზაცია რთული პროცესია, რომელიც უფლებამოსილებების, პასუხისმგებლობების, რესურსებისა და შესაძლებლობების რაციონალურ გადანაწილებას ნიშნავს საერთო ეროვნულ და ადგილობრივ დონეებს შორის, რაც სუბსიდიარობის პრინციპზე დაყრდნობით უნდა მოხდეს: სუბსიადიარობის თანახმად უფლებამოსილებები, ასევე შესაბამისი რესურსები უნდა გააჩნდეს ხელისუფლების იმ დონეს, რომელიც ყველაზე ახლოს არის მოსახლეობასთან და ამავდროულად, გადასაწყვეტი ამოცანების შინაარსიდან გამომდინარე, შეუძლია იტვირთოს ამ უფლებამოსილებათა განსახორციელებლად სათანადო პასუხისმგებლობა მოსახლეობის წინაშე; ამისათვის მას უნდა გააჩნდეს შესაბამისი მატერიალური და სოციალური კაპიტალი, სათანადო რესურსები, უნარები და შესაძლებლობები.

ამ სახელმწიფო სტრატეგიის, რაც 2019 წლიდან ხორციელდება და სწორედ 2025 წელს დასრულდება, შედეგად მნიშვნელოვანი წინსვლა ნამდვილად გვაქვს, მაგრამ ვერ ვიტყოდი, რომ ვაკმაყოფილებთ ადგილობრივი თვითმმართველობის იმგვარ სტანდარტს, რაც არსებითად უნდა წარმოადგენდეს თანამედროვე, მაღალგანვითარებული დემოკრატიული ქვეყნის ერთ-ერთ ძირითად საფუძველს. ამ მიმართულებით ჯერ კიდევ დიდი ძალისხმევაა საჭირო. ძალისხმევა უნდა გაძლიერდეს სახელმწიფოს მხრიდანაც, რომ გაუმჯობესდეს წარმატებული თვითმმართველობისათვის აუცილებელი პოლიტიკური - სამართლებრივი, სოციალურ-ეკონომიკური ეროვნული გარემო, დასულდეს ცენტრალიზებული, დარგობრივი მმართველობის ტრანსფორმაცია ეფექტიან ადგილობრივ თვითმმართველობად.

ასევე, რაც მთავარია, თავად მუნიციპალური თანასაზოგადოებებისა თუ ადგილობრივი თემების მხრიდანაც, საჭიროა მეტი საქმიანი აქტივობა, რათა ჩამოყალიბდეს მათი ავტონომიურობისთვის აუცილებელი მტკიცე სამოქალაქო ნება, მაღალი პასუხისმგებლობა და თვითორგანიზების ისეთი ხარისხი, რაც განვითარების უფრო მაღალ ტემპს სჭირდება. ამდენად, მიმაჩნია, რომ ადგილობრივი არჩევნების შემდგომ ქვეყანას დასჭირდება დეცენტრალიზაციის შემდგომი ეტაპის უკვე ახალი და უფრო ამბიციური სტრატეგია.

თვითმართველობის პრობლემებზე როდესაც ვსაუბრობთ, იგივე თბილისში მოსახლეობა საუბრობს იმის შესახებ, რომ გამგებელს, თუ საკრებულოს დეპუტატს კომუნიკაცია არ აქვს ამომრჩეველთან. მოქალაქეს ელემენტარულ პრობლემას ვერ უწყვიტავს გამგეობა, იქმნება ხელოვნური ბარიერები და ბევრ შემთხვევაში არის არაკომპეტენტურობის პრობლებმაც. განსაკუთრებით ეს პრობლემა დგას რეგიონებში. ადგილობრივი თვითმმართველობები პრაქტიკულად უფუნქციოდ არიან დარჩენილი და მიბმული არიან ცენტრალურ ხელისუფლებაზე. ბატონო დავით, რა ცვლილებია საჭირო იმისათვის, რომ ადგილობრივმა ხელისუფლებამ დაიბრუნოს ფუქცია და მაქსიმალურად ორიენტირებული იყოს მოსახლეობაზე?

- რასაკვირველია, ასეთი ნეგატიური შეფასება, რომ თვითმმართველობა საერთოდ ვერ ფუნქციონირებს და მთლიანად ცენტრალურ ხელისუფლებაზეა დამოკიდებული, უაღრესად გაზვიადებულია. თუმცა, პრობლემები რომ გვაქვს და ცენტრალიზებული, დარგობრივი მმართველობის მძიმე ინერცია დაძლეული არ არის, უდავო ფაქტია. სწორედ ამ პრობლემების და ინერციის დასაძლევად ხორციელდება კიდეც დეცენტრალიზაციის სტრატეგია. შესაბამისი ცვლილებებისათვის ამ სტრატეგიაში სამი ძირითადი მიმართულებაა განსაზღვრული, კერძოდ:

1) ადგილობრივი თვითმმართველობის როლის გაზრდა საჯარო საქმეების გადაწყვეტაში, რაც უწინარესად უკავშირდება სუბსიდიარობის საფუძველზე ადგილობრივი თვითმმართველობის საკუთარ უფლებამოსილებათა გაზრდას, ასევე, ამ უფლებამოსილებათა, როგორც ამას თვითმმართველობის ევროპული ქარტია ამბობს - „სისრულისა და ექსკლუზიურობის“ უზრუნველყოფას; ამ მიმართულებით ბევრი რამ გაკეთდა და კეთდება, თუმცა ვერ ვიტყოდი, რომ დღეს ქვეყანაში არსებული გარემო ამ თვალსაზრისით საუკეთესოდ ხელსაყრელია; ცხადია, ამისგან საკმაოდ შორს ვართ და სერიოზული პრობლემები გვაქვს, განსაკუთრებით, პოლიტიკური დაძაბულობის კუთხით:

ხაზგასმით უნდა აღვნიშნო - დეფორმირებული პარტიულ-პოლიტიკური სისტემა, პოლარიზაციის კრიტიკული ხარისხი, ე.წ. ოპოზიციის რადიკალიზმი და ხშირად ექსტრემიზმი, ერთ-ერთი მთავარი ფაქტორია, რაც ხელს უშლის მუნიციპალური პოლიტიკის ავტონომიურობას და ცენტრალურ ხელისუფლებაზე არასასურველი დამოკიდებულობის შემცირებას. ეს გასაკვირი არ გახლავთ, რადგან როცა ექსტრემისტული ზეწოლა იზრდება, მთავრობის ბუნებრივი რეაქციაა ხელისუფლების დონეების მეტი კონსოლიდაცია, რაც მმართველობითი ბერკეტების ერთ ხელში კონცენტრაციის ტენდენციას აძლიერებს და პირიქით, დეცენტრალიზაციის მიმართ სკეპტიკურ დამოკიდებულებას აღვივებს; ეს გასაგებია.

მიუხედავად ამისა, მიმაჩნია, რომ საქართველოს ხელისუფლებას მეტი გაბედულება მართებს, რათა დეცენტრალიზაციის პროცესი არათუ არ შეფერხდეს, არამედ პირიქით, გაღრმავდეს კიდეც. მეტიც: დეცენტრალიზაცია უნდა მოვიაზროთ, როგორც პოლიტიკური ესკალაციის დაძლევის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გზა; მაგალითისთვის აქ შეიძლება მოვიყვანოთ თუნდაც ძალზე მწვავე საკითხი - საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა, რაც ჩვენს ქვეყანაში სრულად კვლავაც ცენტრალური ხელისუფლების უფლებამოსილებაა; ამიტომაც, საპატრულო პოლიცია შს სამინისტროს გამგებლობაში არსებული მთლიანად ცენტრალიზებული სტრუქტურაა.

მე ვფიქრობ, რომ ამ ფუნქციის ადგილობრივი თვითმმართველობის გამგებლობაში გადატანას შეუძლია ცენტრალური ხელისუფლების ზედმეტი ტვირთის შემსუბუქება, პროცესში ადგილობრივი თვითმმართველობის ეფექტიანი ჩართვა და შედეგად, ექსტრემიზმის უკეთ შეკავება; ამ თვალსაზრისით, არ მოვერიდებოდი საპატრულო პოლიციის მუნიციპალურ დაქვემდებარებაში არა ერთბაშად, არამედ ეტაპობრივად გადაყვანას, ცხადია, ჯერ საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის ფუნქციის დეკონცენტრაციას (თუნდაც ნაწილობრივ, დელეგირების სახით თვითმმართველობისთვის გადაცემას) და ბოლოს დეცენტრალიზაციასაც.

ოღონდ იმ პირობით, რომ შსს შეინარჩუნებს საპატრულო პოლიციის პროფესიული სტანდარტების დადგენისა თუ ამ სტანდარტების დასაცავად სათანადო საკადრო უზრუნველყოფის ფუნქციას; საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მუნიციპალური გამგებლობის სფეროში ეტაპობრივად, ფრთხილად გადატანა საერთაშორისო პრაქტიკისთვის შესაბამისია და ასევე, სრულიად ლოგიკურიც იქნებოდა. თუნდაც მხოლოდ იმიტომ, რომ მოქმედი კანონმდებლობით (იხ. ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“, მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ო“ ქვეპუნქტი) მუნიციპალიტეტის საკუთარ, მაშასადამე ექსკლუზიურ უფლებამოსილებას წარმოადგენს „შეკრებებისა და მანიფესტაციების გამართვასთან დაკავშირებული საკითხების რეგულირება კანონით დადგენილი წესით“. ხოლო ასეთი საკითხების ექსკლუზიურად და სრულად რეგულირება იმთავითვე გულისხმობს მაღალ პასუხისმგებლობას საზოგადოებრივი წესრიგის დაცვაზეც, რაც შესაბამის უფლებამოსილებებსა და ინსტრუმენტებს საჭიროებს.

2) მეორე მიმართულება გახლავთ - ადგილობრივი თვითმმართველობის ხელთ არსებული რესურსების მათ უფლებამოსილებებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა. ევროპული თვითმმართველობის სტანდარტით მატერიალური რესურსი - თვითმმართველობის ხელთ არსებული ფინანსები და ქონება თანაზომიერი უნდა იყოს მის უფლებამოსილებებთან, რაც თვითმმართველობის ეფექტიანობის ერთ-ერთი ძირითადი პირობა და მისი ქმედუნარიანობის არსებითი კრიტერიუმია. ამ მიმართულებითაც ბევრი რამ გაკეთდა, მაგრამ მაინც მიუღწეველი დარჩა დეცენტრალიზაციის სტრატეგიის ერთ-ერთი რაოდენობრიობაში გამოხატული მიზანი: კერძოდ, ის, რომ ქვეყნის მუნიციპალური ბიუჯეტი (ყველა მუნიციპალიტეტის წლიური ბიუჯეტების ჯამი) შეადგენდეს ქვეყნის მშპ-ს 7%-ს მაინც.

ფისკალური დეცენტრალიზაციის ფარგლებში, 2019 წლიდან მიმდინარე დღგ-ს განაწილების სისტემაზე გადასვლის შედეგად, რეფორმის პირველივე წელს (2019 წელი) მუნიციპალიტეტებმა მიიღეს 100 მილიონი ლარით მეტი შემოსავალი. აღსანიშნავია, რომ ეს მაჩვენებელი ყოველწლიურად მზარდია, ხოლო 2024 წელს, მუნციპალიტეტებმა მიიღეს დაახლოებით 1,6 მილიარდი ლარი, რაც 2018 წელთან შედარებით თითქმის 2-ჯერ მეტია. ცხადია, ეს მისასალმებელია, მაგრამ დეცენტრალიზაციის სტრატეგიით განსაზღვრული მშპ-ს 7%-იანი ორიენტირი მუნიციპალური ბიუჯეტისთვის კვლავაც მიუღწეველი დარჩა. ამდენად, ფისკალური დეცენტრალიზაცია უნდა გაღრმავდეს და ვფიქრობ, ამ მიმართულებით საუკეთესო ნაბიჯი იქნებოდა საშემოსავლო გადასახადის სახელმწიფოდან ადგილობრივ გადასახადად გადატანა.

ასევე გასაღრმავებელია ადგილობრივი თვითმმართველობის საკუთრებაში სახელმწიფო ქონების, უწინარესად, უძრავი ქონების, პირველ რიგში - მიწის გადაცემის პროცესი; ამ თვალსაზრისით საუკეთესო გადაწყვეტა იქნებოდა მიწის ფუნდამენტური რეფორმა. კერძოდ, მიწის იმ ნაკვეთების, რაც ჯერ კიდევ სახელმწიფოს საკუთრებაშია ანდა, ვინაიდან არ არის დარეგისტრირებული პრეზუმფციულად სახელმწიფო საკუთრებად მიიჩნევა, მთლიანად ადგილობრივი საკუთრებისთვის მიკუთვნება და მუნიციპალურ საკუთრებაში ავტომატურად რეგისტრაცია, თუ შესაბამისი ნაკვეთი არ წარმოადგენს რომელიმე კონკრეტული სახელმწიფო უფლებამოსილების განსახორციელებლად აუცილებელ მატერიალურ რესურსს, რაც სახელმწიფომ უნდა დაასაბუთოს.

ანუ უნდა შეიცვალოს საკუთრების პრეზუმფცია: მიწა და უძრავი ქონება მიჩნეული უნდა იქნეს ადგილობრივ საკუთრებად, თუკი არ დასაბუთდა, რომ ეს ქონება აუცილებელია სახელმწიფო კომპეტენციებისთვის. მიწის რეფორმა ასევე უნდა გულისხმობდეს, რომ მუნიციპალური საკუთრების სასოფლო სამეურნეო მიწა მუდმივ და უსასყიდლო მფლობელობაში, სარგებლობის უფლებით (გასხვისების უფლების გარეშე) გადაეცემათ იმ ადგილობრივ თემებს, რომელთა საზღვრებშიცაა ეს მიწა. მიწაზე სათემო მფლობელობის აღდგენა, რაც ისტორიულად გასაბჭოებამდე ჩვეული წესი გახლდათ ჩვენი, ქართული მიწათსარგებლობისა, სოფლის შენარჩუნებისა და სათემო განვიტარების სავალდებულო პირობაა; უწინარესად ეს შეეხება საძოვრებს, სათიბებს, სარეზერვო სასოფლო-სამეურნეო მიწას, ასევე ტყის ფონდის ანდა წყლის ფონდის მიწებსაც.

3) სტრატეგიის მესამე მიმართულებაა - ადგილობრივი თვითმმართველობის შესაძლებლობების განვითარება. ამ თვალსაზრისითაც ბევრი გაკეთდა შეიქმნა და ყველა მუნიციპალიტეტში დაინერგა ინფორმაციული ნაკადების მართვის ერთიანი მუნიციპალური პლატფორმა; საინვესტიციო პროფილი შექმნილია 22 მუნიციპალიტეტში; სხვადასხვა მიმართულებით გადამზადდა ადგილობრივი თვითმმართველობის 10 000-მდე საჯარო მოხელე; ადგილობრივი პოლიტიკის დაგეგმვის დოკუმენტები შემუშავებულია 33 მუნიციპალიტეტში; 15 სამიზნე მუნიციპალიტეტში დაიხვეწა სამოქალაქო ჩართულობის მექანიზმები, გაძლიერდა ადგილობრივი უწყებების წარმომადგენლებისა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების შესაძლებლობები და უნარები და განხორციელდა სამოქალაქო ჩართულობის კამპანია; შეიქმნა მუნიციპალური სტატისტიკის პორტალი და სხვ.

ეს ყველაფერი ზალზე მნიშვნელოვანია, მაგრამ საკმარისი არ არის. მოქალაქეთა ეფექტიანი ჩართულობისთვის აუცილებელია, რათა ადგილობრივი თემი სუბიექტს წარმოადგენდეს. მიმაჩნია, რომ ეს შესაძლებელია მოხდეს სხვადასხვა იურიდიული ფორმით: თემი, როგორც მესაკუთრეთა ამხანაგობა, კონდომინიუმი, რომელიც ფლობს და სარგებლობს სათემო ქონებას; თემი, როგორც სამეურნეო ამხანაგობა (კოოპერატივი) - აქ სასოფლო-სამეურნეო კოოპერაციის მეტი ხელშეწყობაა სასურველი; თემი, როგორც სამოქალაქო ამხანაგობა - სათემო ორგანიზაცისების, რომელთა მიზანია სამოქალაქო აქტივიზმი სათემო განვითარებისა და მეტი სოციალიზაციისთვის, წახალისებული და ხელშეწყობილი უნდა იქნეს, როგორც უცხოული აგენტურის როლის შემსრულებელი არასამტავრობო სექტორის ღირსეული ატერნატივა.

იმ ხარვეზებისა და ადგილობრივ დონეზე არსებული პრობლემების ფონზე, როგორი იქნება ძალთა ბალანსი, მიიღებს კი მმართველი გუნდი მყარ უმრავლესობას?

- მე ვერ ვხედავ რომელიმე პოლიტიკურ ძალას, ვინც „ქართულ ოცნებას“ არსებით კონკურენციას გაუწევს მოახლოებულ ადგილობრივ არჩევნებში. ამ არჩევნებამდე ბევრი დრო აღარ დარჩა და რაიმე ასეთი ძალის სასწაულებრივი გამოჩენა ფაქტიურად წარმოუდგენელია. აბსოლუტურად კონკურენტუუნაროა მთლიანად გაკოტრებული ოპოზიცია, რომელიც არად დაგიდევთ საკუთარივე ამომრჩევლის ნებას და საპარლამენტო მანდატები უკვე მეორედაც, ისევე როგორც 2020 წელს, უკან, სახეში მიაყარა ხალხს - რაც მათდამი ოდნავ ნდობასაც, თუკი ეს ვინმეს, ჩემდა გასაოცრად, მაინც შერჩენია, უკვე საზრისს მთლიანად აცლის და სრულ აბსურდად წარმოაჩენს; ასევე უეჭველია, რომ ადგილობრივი პრობლემების გადაწყვეტა ამ ვითარებაში მხოლოდ ისევ „ქართულ ოცნებას“ თუ ხელეწიფება და ოდენ მას შეიძლება ჰქონდეს ინტერესი, მოტივაცია და უნარი, თანმიმდევრულად განახორციელოს დეცენტრალიზაციის სტრატეგია და შექმნას მუნიციპალური თუ სათემო განვითარებისთვის უკეთესი პირობები.

რაც შეეხება თბილისის მერს. ვრცელდება ინფორმაცია, რომ კახა კალაძე არ იქნება მერობის კანდიდატი. თქვენი შეფასებით, როგორ კანდიდატზე შეაჩერებს „ქართული ოცნება“ არჩევანს, ეს იქნება პარტიული კანდიდატი, თუ არაპარტიული?

- სწორედ იმიტომ, რომ თბილისის მერს ასარჩევად სხვებთან შედარებით სულ ცოტა 7-ჯერ მეტმა ამომრჩევლმა (პირდაპირ არჩეული თანამდებობის პირები, მას შემდეგ, რაც პრეზიდენტს ასე აღარ ვირჩევთ, მხოლოდ მერები და საკრებულოს მაჟორიტარი წევრებია; სიდიდით მეორე მუნიციპალიტეტი საქართველოში ქალაქი ბათუმია, სადაც ამომრჩეველი თბილისთან შედარებით დაახლოებით 7-ჯერ ნაკლებია) უნდა მისცეს ხმა, რაც ნიშნავს, რომ მასზე „მძიმეწონოსანი“ პოლიტიკოსი, რომელსაც სხვებთან შედარებით ბევრად მეტი პოლიტიკური კაპიტალი გააჩნია, არავინაა. ამიტომ, ძნელი წარმოსადგენია, რომ კანდიდატად უპარტიო წარადგინონ.

კონკრეტულად ვინ იქნება ეს კანდიდატი, ჯერ გაურკვეველია. ვნახოთ. ფაქტია, „ოცნებას“ არ უნდა გაუჭირდეს დიდი გამოცდილების „მძიმეწონოსანი“ პოლიტიკოსის გამოძებნა საკუთარ რიგებში, იქნება ეს კალაძე, თუ ვინმე სხვა, მაგალითად, თუნდაც სიტყვაზე - ირაკლი ღარიბაშვილი, ძნელი სათქმელია. კახა კალაძეს რაც შეეხება: იგი დამოუკიდებლობის აღდგენის შემდგომ დედაქალაქის ყველაზე წარმატებული მერია (ეს ვიზუალურადაც მკაფიოდ ჩანს, თუკი დღევანდელ თბილისს თუნდაც 8 წლის წინანდელს შევადარებთ), მაგრამ მესამე ვადით მისი არჩევა ბევრისთვის მაინც პრობლემური შეიძლება აღმოჩნდეს, რადგან ხელისუფალთა მონაცვლეობა დემოკრატიის ურყევ პრინციპთაგანია.

რაც შეეხება ოპოზიციას, ამ ეტაპზე რაც ვიცით, ისინი უარს ამბობენ მონაწილეობა მიიღონ ადგილობრივ არჩვენებში. ოპოზიციის არ მონაწილეობა აზიანებს არჩევნების ლეგიტიმურიბის და თავისუფლების ხარისხს? მით უმეტეს, რომ ევროპის საბჭოს ადგილობრივი და რეგიონალური ხელისუფლებების კონგრესის განცხადებით საქართველოში ადგილობრივი არჩევნების ჩატარება, ვიდრე რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები არ დაინიშნება, მიზანშეუწონელია?

- რასაკვირველია, მოახლოებული ადგილობრივი არჩევნების ლეგიტიმურობას არანაირი საფრთხე არ ემუქრება. დარწმუნებული ვარ, ეს არჩევნები ნებისმიერ შემთხვევაში იქნება კონკურენტული, რადგან მრავალი კანდიდატიდან ამორჩევის საშუალება ქართველ ამომჩთეველს უთუოდ მოგვეცემა. თუნდაც იმიტომ, რომ მუნიციპალიტეტებში, მაჟორიტარულ ოლქებში დაშვეულია დამოუკიდებელი კანდიდატების წარდგენა მოქალაქეთა საინიციატივო ჯგუფების მიერ. რადიკალური პარტიების კომპრომეტირების გამო, მოსალოდნელია, რომ ბევრ დამოუკიდებელ კანდიდატს საკუთარ თემში წარმატების მოპოვების მნიშვნელოვნი შანსი ექნება.

ეს წარმოადგენს კარგ შესაძლებლობასაც, რომ ამ ადგილობრივი არჩევნებით არსებითად განიმუხტოს პოლიტიკური დაძაბულობა, რაც კოლექტიური ნაცების მიერ დამახინჯებულმა პარტიულ-პოლიტიკურმა სისტემამ პოლარიზაციის კრიტიკულად გამწვავებისა და პოლიტიკაში ექსტრემიზმის დიდი დოზით შემოტანით შექმნა; მოქალაქეთა, როგორც ამომრჩეველთა, ასევე ასარჩევთა, ფართო მონაწილეობა არის საწინდარი ამ პოლიტიკური კრიზისის საბოლოოდ განმუხტვისა.

ამიტომაც, ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონალურ ხელისუფლებათა კონგრესის განცხადება საქართველოში რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების ჩატარებამდე ადგილობრივი არჩვენების გადადების თაობაზე არის ანტიდემოკრატიული, სრულიად უსაფუძვლო, საზრისს მოკლებული და ერთადერთ დესტრუქციულ მიზანს ემსახურება - განმუხტვის ნაცვლად უარესად გაამწვავოს პოლიტიკური ესკალაცია. ძალიან სამწუხაროა, რომ ეს კონგრესი ამ განცხადებით ღიად უპირისპირდება საკუთარ მისიას - ხელი შეუწყოს ადგილობრივი დემოკრატიის განვითარებაღ სტანდარტით ჩატარდება და შექმნის აუცილებელ პოლიტიკურ-სამართლებრივ პირობას ქვეყნის შემდგომი სახელმწიფო, მუნიციპალური თუ სათემო განვითარებისთვის.