2012 წლის აგვისტოში ლოპოტას ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის საქმის ამ დრომდე უცნობი დეტალები მოულოდნელად თურქეთში სხვა საქმესთან დაკავშირებით ამოტივტივდა: თურქულმა სპეცსამსახურებმა 2009–2011 წლებში ამ ქვეყანაში ჩეჩენი დევნილების მკვლელობის გახმაურებული საქმის გამოძიება დაასრულეს.
„კავკაზცენტრის“ ინფორმაციით, გამოძიების მასალებიდან (ქილერ „ზონას“ შეხვედრები რუსული „ეფ–ეს–ბეს“ აგენტებთან ბაშირ კუშტოვთან და ასლან დაკაევთან, იგივე „უმართან“) ირკვევა, რომ „ეფ–ეს–ბეს“ ლოპოტას ხეობის სპეცოპერაციის ადგილზე საკუთარი ინფორმატორი ჰყავდა, რომელიც რუსულ სპეცსამსახურს აწვდიდა ინფორმაციას ე.წ. მოჯაჰედების საქართველოდან დაღესტანში გადაადგილების შესახებ. გამოძიების მასალების მიხედვით, კუშტოვმა სთხოვა ზონას, სიტუაცია ეკონტროლებინა და ნებისმიერი გადაადგილების შემთხვევაში მისთვის ეცნობებინა. ზონამ მსგავსი გადაადგილების გეგმის არსებობა ეჭვქვეშ დააყენა და განუცხადა კუშტოვს, რომ კარგად იცის ვითარება, თუმცა ამ უკანასკნელმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ „ეფ–ეს–ბეს“ ადგილზე მყოფი აგენტი, რომელიც ადასტურებს მოჯაჰედების განზრახვას დაღესტნისკენ გადასვლის შესახებ „ძალზე სერიოზულია“.
შეგახსენებთ, რომ თუქული სპეცსამსახურები თურქეთში „ზონას“ აქტივობას მას შემდეგ ადევნებდნენ თვალს, რაც იგი ალი ოსაევის მკვლელობის საქმეში ეჭვმიტანილი გახდა. მათივე ინფორმაციით, „ზონა“ თქურქეთში „ეფ–ეს–ბე“–ს აგენტ ბაშარ კუშტოვს სულ მცირე, სამჯერ შეხვდა და ყველა ამ შეხვედრაში მონაწილეობდა „ეფ–ეს–ბე“–ს კიდევ ერთი აგენტი ასლან დაკაევი, იგივე უმარი, რომელიც ამჟამად ავსტრიაში ცხოვრობს.
გარდა ამისა, ვიდეოჩანაწერებიდან ირკვევა, რომ ასლან დაკაევი კავშირშია ამირ ხატაბის მოწამლვასთან. თურქული სპეცსამსახურების ინფორმაციით, იგი ხატაბის მოწამლული წერილის მეშვეობით მკვლელობის ოპერაციის ერთ–ერთი მონაწილე იყო. ასლან დაკაევმა მოკლა დაღესტნელი კურიერი, რომლის მეშვეობითაც გადაეცა ზემოაღნიშნული წერილი ხატაბს.
სტამბოლის პროკურატურამ თურქეთში ჩეჩენი დევნილების მკვლელობის უშუალო განმახორციელებლად თემურ მახაური (იგივე, რუსლან პაპასკირი, „ზონა“, ჩეჩნეთის მკვიდრი ალი დაბუევი), ასევე ალექსანდრე ჟარკოვი და ნადიმ აიუპოვი დაასახელა.
ზონა ათათურქის აეროპორტში 2012 წლის 19 ოქტომბერს დააკავეს. იგი სტამბოლიდან ეგვიპტეში თემურ მახაურის სახელზე გაცემული პასპორტით აპირებდა გადასვლას, სადაც იმ დროს კავკასიის იმარატის ლიდერ დოკუ უმაროვის ძმა ახმედი იმყოფებოდა. როგორც შემდგომში გამოძიებამ დაადგინა, ამავე საბუთებით „ზონა“თურქეთში 65–ჯერ იყო ნამყოფი.
ორმა დანარჩენმა ქილერმა თურქეთიდან გაქცევა მოახერხა.
როგორც პროკურორმა ახმედ დემირხიუკმა განაცხადა, იგი „ზონასთვის“ სამუდამო პატიმრობას მოითხოვს იმის საფუძველზე, რომ მის მიერ კავკასიის იმარატის წარმომადგენლის ალი ოსაევის მკვლელობა „დადასტურებული ფაქტია“.
ამასთან, მან მკვლელობის ცინიკურობას გაუსვა ხაზი: საქმეში მოიპოვება ფოტომასალები, რომელზეც ზონა სტამბოლში, მის მიერვე მოკლული ალი ოსაევის პანაშვიდზეა ასახული და მის ნათესავებს უსამძიმრებს.
სასჯელის ამავე ზომას მოითხოვს პროკურორი დანარჩენი ორი ქილერისთვის – ალექსანდრე ჟარკოვისა და ნადიმ აიუპოვისთვის. თურქეთის ხელისუფლებამ ამ პირებთან დაკავშირებით რუსეთს უკვე მიმართა, თუმცა მოსკოვმა განაცხადა, რომ რუსეთს მსგავსი მოქალაქეები არ ჰყავს.
სასამართლო სხდომა თურქეთში მიმდინარე წლის 3 მარტისთვის არის ჩანიშნული.
„ზონამ“ აღიარა, რომ თურქეთში კიდევ სამი ჩეჩენი დევნილის – ბეკ–ხაჟი მუსაევის, რუსტამ ალტემიროვისა და ზაურბეკ ამრიევის მკვლელობას უწევდა ორგანიზებას. მან ასევე განაცხადა, რომ მკვლელობის უშუალო განმახორციელებლები „ეფ–ეს–ბეს“ ორი პროფესიონალი აგენტი იყო, რომლებმაც თურქეთში რუსეთის ოლიმპიური კომიტეტის ოფიციალურ დელეგაციის შემადგემლობაში შეაღწიეს.
თურქულმა გამოძიებამ ასევე დაადგინა, რომ „ზონას“ ასევე აქვს კავშირი ჩეჩნეთის რესპუბლიკა იჩქერიის შარიათის სასამართლოს ყოფილ მოსამართლე შამსუდდინ ბატუკაევზე თავდასხმასთან, რომელიც 2011 წლის 7 ოქტომბერს განხორციელდა.
დადგენილია პირდაპირი კავშირი „ზონასა“ და ქილერ ბახრომ ბატუმაევს შორის. როგორც ამ უკანასკნელმა ჩვენების მიცემისას განაცხადა, სწორედ „ზონამ“ გადასცა მას მარყუჟიანი იარაღი და საბრძოლო მასალა ტრაბზონში გამართული შეხვედრისას.
თავად „ზონამ“ გამოძიებისთვის ჩვენების მიცემისას დაასახელა ის პირები, რომელთა მკვლელობასაც მას რუსული „ეფ–ეს–ბე“ უკვეთდა. მათ შორის არიან მოვლადი უდუგოვი, დოკუ უმაროვის ძმა ახმედი და აბუ–რაბია, რომელიც „ეფ–ეს–ბე“–ს მონაცემებით, ჩრდილოეთ კავკასიაში უცხოელ მოჯახედებს აფინანსებდა.
„ზონამ“ ისიც განაცხადა, რომ თურქეთში დამხმარეები ჰყავდა, მათ შორის – მოკლული უვაის ახმადოვის ძმა იმრანი.
„გამოძიებამ ცალსახად დააგინა, რომ თურქეთში ჩეჩენი ლტოლვილების მკვლელობის უკან რუსეთი დგას“ – ასკვნის „კავკაზ ცენტრი“.
შეგახსენებთ, რომ ლოპოტას ხეობაში რუსული სპეცსამსახურების აგენტის ყოფნის შესახებ „Frontnews“ ჯერ კიდევ 2013 წლის ნოემბერში წერდა მასალაში „ლოპოტადან „აორთქლებულმა“ „რაბანიმ“ უამბო რუსებს, „როგორ ამზადებდნენ ქართველები და ამერიკელები რუსეთის წინააღმდეგ საბრძოლველად“.
ლოპოტას ხეობაში ლიკვიდირებული „ჩატაევის ბანდფორმირების წევრმა“ უამბო რუსებს, „როგორ ამზადებდნენ საქართველოში ქართველი და ამერიკელი ინსტრუქტორები რუსეთის წინააღმდეგ საბრძოლველად“.
ლოპოტას ხეობაში ლიკვიდირებული „ჩატაევის ბანდფორმირების წევრმა“ უამბო რუსებს, „როგორ ამზადებდნენ საქართველოში ქართველი და ამერიკელი ინსტრუქტორები რუსეთის წინააღმდეგ საბრძოლველად“.
სულეიმან მაგომედოვის, მეტსახელად „რაბანის“ მიერ რუსი გამომძიებლებისთვის მიცემული ჩვენების ეს ნაწილი ინტერნეტ–სივრცეში გავრცელებულ ფილმში „Поединок спецслужб” არის გამოყენებული, რომელიც „საქართველოს პოლიტიკის ორმაგ სტანდარტებსა“ და „ქართველი და ამერიკელი ინსტრუქტორების მიერ რუსეთის წინააღმდეგ სპეცოპერაციებისთვის „ბოევიკების“ წვრთნაზე“ მოგვითხრობს.
„Frontnews“ „რაბანის“ შესახებ რამდენჯერმე წერდა. სააგენტოს მონაცემებით, სწორედ ეს ადამიანი გადასცემდა ლოპოტას ხეობაში სპეცოპერაციის დაწყებამდე რუსულ „ФСБ“-ში მომსახურე ბიძამისს SMS-ების საშუალებით ინფორმაციას ადგილზე არსებული მდგომარეობისა და შეიარაღებულ პირებსა და ქართველ ძალოვანებს შორის მოლაპარაკებების მიმდინარეობის შესახებ, რის შემდეგაც შეიარაღებული ჯგუფის წევრები მიატოვა და უშუალოდ სპეცოპერაციის დაწყებამდე ხეობიდან „აორთქლდა“.
საინტერესოა, რომ ფილმის ავტორის მონაცემებით, „სპეცოპერაციის შედეგად 18 „ბოევიკიდან“ 14 იქნა ლიკვიდირებული, 4 კი ქართველ სამართალდამცველებს ჩაბარდა“, თუმცა როგორ აღმოჩნდა ამ 4 გადარჩენილიდან ერთ–ერთი – „რაბანი“ რუსეთში, რუსი გამომძიებლების ხელში, ფილმში რატომღაც არ კონკრეტდება. არადა, მის მიერ მიცემული ჩვენების ფრაგმენტამდე თავად ავტორი ემოციურად ყვება, როგორ საგულდაგულოდ გააძლიერეს რუსებმა დაღესტან–საქართველოს საზღვრის დაცვა მას შემდეგ, რაც კონტრდაზვერვამ „ქართული მხარის დაკვეთით ჩატაევის შეიარაღებული ბანდფორმირების დაღესტნის გავლით ჩეჩნეთში გადასროლის გეგმის“ შესახებ შეატყობინა.
საგულისხმოა ისიც, რომ ფილმში გამოყენებულ კადრებში სულეიმან მაგომედოვს ფიზიკური ზემოქმედების არანაირი კვალი არ ეტყობა. „ჩვენ დაგვავალეს, გადმოვსულიყავით აქ – დაღესტანში, რათა გვებრძოლა რუსების წინააღმდეგ“ – აცხადებს სულეიმან მაგომედოვი („რაბანი“).
ფილმის ავტორი, თავის მხრივ, ამცნობს მაყურებელს, რომ „სულეიმან მაგომედოვი საველე მეთაურ ახმედ ჩატაევის, მეტსახელად „ცალხელა ახმედის“ ბანდფორმირების წევრი იყო, რომელსაც 2012 წლის აგვისტოში ჩეჩნეთში უნდა შეეღწია, რათა ცნობილი ტერორისტის დოკუ უმაროვის ბანდის რიგები შეევსო“.
„ბოევიკებმა გადაწყვიტეს, ტერიტორიაზე დაღესტნის მხრიდან შეეღწიათ, თუმცა ამის შესახებ რუსეთის კონტრდაზვერვამ შეიტყო და რუსეთის სახელმწიფო საზღვრის ჩრდილოეთ კავკასიის მონაკვეთის დაცვა სერიოზულად გაძლიერდა. თბილისმა მოსთხოვა ჩატაევს, უკან დაეხია, თუმცა მან ეს ყურად არ იღო და ჯგუფი საზღვრისკენ წაიყვანა. საზღვრიდან უკვე ორიოდ კილომეტრში მათ ქართული სპეცრაზმი წამოეწია. თბილისში ესმოდათ, რომ თუ ამ ბანდფორმირებას რუსი სამხედროები გაანადგურებდნენ, რაშიც ეჭვის შეტანის საფუძველი არ არსებობდა, საქართველოს ტერიტორიაზე „ბოევიკების“ მომზადების ბაზების არსებობის ფაქტი ნათელი გახდებოდა, რაც საერთაშორისო სკანდალს ნიშნავდა. ბრძოლა 2 დღეს გაგრძელდა. 18 „ბოევიკიდან“ ცოცხალი 4 გადარჩა და სამართალდამცველებს ჩაბარდა (რეალურად, „Frontnews“–ის სხვადასხვა წყაროების ინფორმაციით, გადარჩა 10 მებრძოლი, რომელთა ნაწილი ამ დროისთვის ევროპის სხვადასხვა ქვეყნებშია მიმოფანტული, ნაწილი კი სირიაში იბრძვის). უკვე მეორე დღეს მთელი საქართველო მსჯელობდა იმაზე, თუ როგორ გაანადგურა ქართულმა სპეცრაზმმა რუსეთიდან შეღწეულ „ბოევიკთა“ ჯგუფი. ერთი სიტყვით, თბილისმა რეალური ვითარების სრულიად საპირისპირო სურათი წარმოაჩინა, რაც ჩვეულებრივი მეთოდია საინფორმაციო ომის დროს. რუსულ კონტრდაზვერვას უტყუარი ინფორმაცია აქვს იმის შესახებ, რომ მთელი აღჭურვილობა და იარაღი, მათ შორის უახლესი საბრძოლო მოწყობილობები „ბოევიკებმა“ ქართული სპეცსამსახურებისგან მიიღეს (ქართული წყაროების ცნობით, იარაღის უდიდესი ნაწილი და აღჭურვილობა ქვეყანაში არალეგალურად თურქეთიდან და დაღესტნიდან არის შემოტანილი)“ – ნათქვამია ფილმში.
ფილმის ფინალური ნაწილი მთლიანად პროპაგანდისტულია. “რუსულ კონტრდაზვერვას ზუსტი მონაცემები აქვს: ჯერ კიდევ სამი წლის წინ (2009) საქართველოს თავდავცის სამინისტროს სამხედრო დაზვერვის დეპარტამენტმა დაიწყო ჯაშუშური და დივერსიული საქმიანობის აქცენტების აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთიდან რუსეთის ტერიტორიაზე გადატანა. ძირითადი ზეწოლა აქ ჩრდილოეთ კავკასიის საზღვარზე მოდის. ზოგადად, საქართველო უკვე დიდი ხანია, კავკასიაში დაძაბულობას ქმნის. 2004 წლიდან, როდესაც ხელისუფლებაში სააკაშვილის გუნდი მოვიდა, ეს ქვეყანა ორმაგი სტანდარტების პოლიტიკას აწარმოებს: ერთდოულად დემოკრატიული ფასეულობების პროპაგანდას ეწევა და აფხაზეთის არაღიარების მიღწევას ცდილობს, მეორეს მხრივ კი რუსეთის მიმართ დესტრუქციულ, ტერორისტულ ძალებს უჭერს მხარს. დაზვერვა, ისევე, როგორც ჯარი პოლიტიკოსთა ინსტრუმენტია, ამდენად ამ ჭრილში მუშაობენ საქართველოს შსს–ს კონსტიტუციური უსაფრთხოებისა და კონტრდაზვერვის დეპარტამენტები და თავდაცვის სამინისტროს სამხედრო დაზვერვის დეპარტამენტი. საინფორმაციო ომი, მსხვილი სადაზვერვო ოპერაციები, დაშინების მასშტაბური აქციების მომზადება, აფხაზეთსა და რუსეთში აგენტების გადაბირება დაშინების, შანტაჟის, ფსიქოლოგიური და ფიზიკური ზემოქმედების გამოყენებით. . . ახლა, ახალი პრემიერ–მინისტრის ბიძინა ივანიშვილის მოსვლასთან დაკავშირებით თბილისის რიტორიკა გარკვეულწილად იცვლება. საუბარია საქართველო–რუსეთის ურთიერთობების ჩიხიდან გამოყვანაზეც კი, ქართველი სამართალდამცველები კი შსს–ს, თავდაცვის სამინისტროსა და დაზვერვის ზოგიერთი წარმომადგენლის მიერ ჩადენილი დანაშაულების გამოძიებას იწყებენ. და მაინც, გულახდილ დიალოგამდე ჯერ კიდევ შორია, სპეცსამსახურების ორთაბრძოლა გრძელდება და ყოველ ასეთ გამოხტომაზე ქართული კონტრდაზვერვა უძლიერეს საპასუხო დარტყმას იღებს – იქნება ეს აფხაზეთში, თუ რუსეთში“ – ნათქვამია ანტონ პოდკოვენკოს მიერ მომზადებულ ფილმში.