რატომ უნდა გადმოვიდეს საქართველოში უკრაინის მოვლენები...

რატომ უნდა გადმოვიდეს საქართველოში უკრაინის მოვლენები...

"უკრაინაში სიტუაცია დღითი დღე იძაბება და არეულობა თითქმის მთელ ქვეყანას მოედო. უკვე ათეულობით მკვდარსა და ათასამდე დაჭრილს ითვლიან. რატომ გადაიზარდა ეს ყველაფერი სამოქალაქო ომში და რა შემთხვევაში დაიწყება მსგავსი პროცესები საქართველოში? "ალიას" პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე ესაუბრა", - წერს გაზეთი "ალია" სტატიაში სათაურით რატომ უნდა გადმოვიდეს საქართველოში უკრაინის მოვლენები.

"არსებობს რამდენიმე ფაქტი, რაც კითხვებს ბადებს. პირველი ის გახლავთ, რომ სიტუაციის დამძიმებამდე ვიტალი კლიჩკო შეხვდა ანგელა მერკელს, სადაც საუბარი იყო დახმარებაზე. თუმცა მერკელი დახმარებაში რას გულისხმობდა, არ ვიცით. მეორე - რუსეთმა მაინც გადაწყვიტა, იანუკოვიჩისთვის მიეცა 2 მილიარდი დოლარი დამატებით. ოპოზიციამ დაიწყო განცხადებების გაკეთება, რომ იანუკოვიჩი ფულს იღებს რუსეთიდან, ამას იყენებს თავის გასაძლიერებლად და ჩვენს წინააღმდეგ, თავის მომხრეებს ურიგებსო. როდესაც პოლიტიკაში დიდი ფულის სუნი დატრიალდება, ჩათვალე, რომ იწყება სისხლისღვრა. გარდა ამისა, ოპოზიცია მიხვდა, რომ დრო უკვე მის საზიანოდ თამაშობდა და დასწრებაზე წავიდა. იანუკოვიჩი ოპოზიციას დაჰპირდა, 2004 წლის კონსტიტუციას აღადგენდა. შემდეგ გაირკვა, რომ აღარ აპირებდა ამის გაკეთებას. შემდეგ გაირკვა ისიც, რომ გაცხარებული მუშაობა მიმდინარეობს აღმოსავლეთ და სამხრეთ უკრაინაში, ზედიზედ სამი რეზოლუცია მიიღო ყირიმის პარლამენტმა თითქოს რუსეთთან მიერთების თაობაზე. დაუკვირდით, უკვე მთავრდება ოლიმპიადა, ეს ყველაფერი პუტინმა გადააგორა მშვიდობიანად, ყოველგვარი ტერაქტების გარეშე. კლიჩკო და მისი მომხრეები მიხვდნენ, თუ ოლიმპიადა დამთავრდებოდა, პუტინი მაგათთვის საფუძვლიანად მოიცლიდა და დასწრებაზე ითამაშეს", - აცხადებს პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე.

"დღეს უკრაინაში უკვე სამოქალაქო ომია. აქ ლაპარაკი აღარ არის მიტინგის დაშლაზე, ეს ეტაპი მაიდანმა უკვე გაიარა. სამხრეთსა და დასავლეთში უკვე მოხალისეთა რაზმები იქმნება. ოპოზიციაშიც გამოჩნდა შეიარაღებული ხალხი. უკვე გაჩნდა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ოპოზიციამ იარაღის არსენალი ჩაიგდო ხელში. არ დაგვავიწყდეს, იანუკოვიჩი არასოდეს არ ყოფილა პოლიტიკოსი, არც ჭკვიანი ყოფილა და იფიქრა, ყველაფერი ჩაწყნარდაო. ერთხელ შეხვდა პუტინს, ილაპარაკეს და ეგონა, მორჩა, გავიმარჯვეო. რასაც ოპოზიციას დაჰპირდა, უარყო, არ შეასრულა. კლიჩკომ და მისმა მომხრეებმა იგრძნეს, რომ გაბითურებულები რჩებოდნენ და მოხდა ის, რაც მოხდა. როგორც ჩანს, ორივე მხრიდან იყო პროვოკაციები, ამას ვერ დავმალავთ. ჩვენთან ამის გადმოდების საფრთხე არ არის, მაგრამ ამის თქმის საფუძველი უფრო გვექნება მაშინ, როცა გვეცოდინება უკრაინული შედეგების შესახებ. უკრაინა ევროპული გზით წავა თუ რუსული გზით? თუ უკრაინა ევროპული გზით წავიდა, ჩვენი ურთიერთობა ევროპასთან უფრო გამყარდება. წინააღმდეგ შემთხვევაში, იანუკოვიჩი ლუკაშენკოს ბედს გაიზიარებს, ხოლო გამარჯვებული რუსეთი უფრო გათამამდება ჩვენს წინააღმდეგ", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას სოსო ცინცაძე.

"შეიძლება თუ არა თავისი მხარდაჭერების მეშვეობით რუსეთმა უკრაინული სცენარი საქართველოშიც გაათამაშოს და რა ხერხებით შეეცადება ამას? კომენტარისთვის "ალია" საქართველოს უშიშროების ყოფილ მინისტრს, ვალერი ხაბურძანიას დაუკავშირდა. "ქართველი საზოგადოების ნაწილი უკვე გამაღიზიანებლადაა შეშფოთებული. მე არ მესმის, რატომ უნდა გადმოვიდეს უკრაინის მოვლენები საქართველოში? ამერიკელებს დღევანდელი ჩვენი ხელისუფლების მიმართ არ აქვთ ის განცდა, რაც აქვთ იანუკოვიჩის მიმართ. ამას აქვს ორი მიზეზი: პირველი - უკრაინის ხელისუფლება არის კორუმპირებული, ნახევრად კრიმინალური. საბედნიეროდ, ჩვენი ხელისუფლება ასეთი არ არის; მეორე - იანუკოვიჩის ხელისუფლებაში არ იყო ხალხი, ვისაც ამერიკელებთან კავშირები ექნებოდა. ჩვენთან ასეთები არიან "რესპუბლიკელები" და ირაკლი ალასანია", - ამბობს ვალერი ხაბურძანია.

"საქართველოში შექმნილია ვირტუალური ფრონტის ხაზი და ზოგიერთი რუსეთს ებრძვის უკრაინაში ასევე ვირტუალურად. რა თქმა უნდა, რაღაც მოძრაობები არის, რაღაც გავლენის მოპოვებას ცდილობენ, მაგრამ რაც ახლა უკრაინაში ხდება, ეს შიდა პროცესებია და გარედან მხოლოდ ფინანსურად იკვებება. რაც გამოსაკვები იყო, იანუკოვიჩი გამოკვებეს, რუსებმა მისცეს რამდენიმე მილიარდი და უთხრეს: აჰა, თუ შნო გაქვს, ხელისუფლება შეინარჩუნე. შეიძლება ასევე გარედან გააკეთოს დასავლეთმაც, ვიღაცას მისცეს ფული და უთხრას, ხელისუფლება შეცვალეო. იანუკოვიჩმა ჩათვალა, რომ გაიმარჯვა და მერე დაიწყო დროის გაწელვა და პოლიტიკური თამაში. თუ პოლიტიკური თამაშის ერთი ადგილი გაქვს, ყველა თამაში წაგებით არ უნდა დაამთავრო. იანუკოვიჩმა ევროპასთან ითამაშა და წააგო, რუსეთთან ითამაშა, 2 მილიარდი წაიღო და ეს გადასაყრელ ფულად ჩათვალა. ახლა სიტუაცია უკიდურესად აირია", - დასძენს ვალერი ხაბურძანია.