რუსული მხარე ვლადიმერ პუტინისა და დონალდ ტრამპის შეხვედრა სავარაუდო შეხვედრის ადგილად საუდის არაბეთს, ან არაბთა გაერთიანებული საემიროებს განიხილავს. ინფორმაცას Reuters ორ რუსულ წაყაროზე დაყრდნობით ავრცელებს. როგორც ცნობილია, რამდენიმე კვირის წინ რუსი მაღალჩინოსნები საუდის არაბეთსა და არაბთა გაერთიანებულ საემიროებს სატუმრობდნენ. ერთ-ერთი წყაროს ცნობით, რუსეთში ამ იდეას ჯერ ეწინააღმდეგებიან, ვინაიდან ზოგი დიპლომატი და დაზვერვის თანამშრომელი მიუთითებს იმაზე, რომ ორივე ქვეყნის სამხედროებსა და ძალოვანებს აშშ-თან მჭიდრო კავშირები აქვთ. ამ ეტაპზე არც ერთი მხარე კომენტარს არ აკეთებს, თუმცა როგორც Reuters იუწყება, ტრამპსაც და პუტინსაც მეგობრული ურთიერთობები აქვთ ორივე ქვეყნის მმართველებთან.
კიევის ცენტრი ისევ საპროტესტო ტალღამ მოიცვა. ამ შემთხვევაში იმ განსახვავებით, რომ უკრაინელები, რომლებმაც მხარი დაუჭირეს ევრომაიდანს, დღეს იმავე ადგილიდან ითხოვენ არალეგიტიმური პრეზიდენტის გადადგომას და ითხოვენ საპრეზიდენტო არჩევნებს. უკრაინის კონსტიტუციის შესაბამისად კი ვოლოდიმერ ზელენსკი არის არალეგიტიმური პრეზიდენტი, რომელმაც კონსტიტუციის დარღვევით, საომარი მოქმედების მოტივით გაიგრძელა საპრეზიდენტო ვადა.
სწორედ იმიტომ, რომ ზელენსკი არის არალეგიტიმური, ანუ არაუფლებამოსილი პირი, როგორც ჩანს, უკრაინის ბედი ზელენსკის მონაწილეობის გარეშე გადაწყდება. არსებული ინფორმაციით, ამერიკელი და რუსი ოფიციალური პირები უკვე აწარმობენ მოლაპარაკებას ომის დასრულების საკითხზე. აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, უკრაინისა და რუსეთის ჩართულობით დისკუსიები კარგად მიმდინარეობს, თუმცა დეტალები არ დაუკონკრეტებია. ტრამპი ამბობს, რომ დაგეგმილია შეხვედრები და მოლაპარაკებები სხვადასხვა მხარესთან, მათ შორის უკრაინასთან და რუსეთთან და ეს დისკუსიები რეალურად, საკმაოდ კარგად მიმდინარეობს.
დონალდ ტრამპის ამ განცხადებამდე მისმა სპეციალურმა წარმომადგენელმა უკრაინასა და რუსეთში, კიტ კელოგმა განაცხადა, რომ თუ რუსეთსა და უკრაინას ომის მოლაპარაკებების გზით მოგვარება სურთ, ორივე მხარეს გარკვეულ დათმობაზე წასვლა მოუწევს. ამასთან, მიუხედავად ქვეყანაში საომარი მოქმედებებისა, უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნების აუცილებლობაზე საუბრობს კიტ კელოგი.
„შეერთებულ შტატებს სურს უკრაინაში არჩევნების ჩატარება, პოტენციურად წლის ბოლომდე, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ კიევი შეძლებს რუსეთთან ზავის შეთანხმებას უახლოეს თვეებში. უკრაინის საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები, რომლებიც შეჩერებულია რუსეთთან ომის დროს, უნდა ჩატარდეს. დემოკრატიული ქვეყნების უმეტესობას აქვს არჩევნები ომის დროს. ვფიქრობ, მნიშვნელოვანია, რომ ისინი ასე მოიქცნენ. ვფიქრობ, ეს კარგია დემოკრატიისთვის. ეს არის მყარი დემოკრატიის მშვენება“, - აღნიშნა კიტ კელოგმა.
ამერიკის ახალი ადმინისტრაციის გეგმა, რომელიც მოიცავს უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნებს, მიუღებელია ვოლოდიმერ ზელენსკისთვის, რომელის განცხადებით, თუ კიტ კელოგის გეგმა მხოლოდ ცეცხლის შეწყვეტა და არჩევნებია, ეს ჩავარდნილი გეგმაა. ის ამბობს, რომ უკრაინაში ომის შესახებ აშშ-სა და რუსეთს შორის მოლაპარაკებებიდან უკრაინის გამორიცხვა ძალიან საშიში იქნება.
ამასთან, ზელენსკი მიიჩნევს, რომ აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს შეუძლია რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მოლაპარაკებების მაგიდასთან მიყვანა რუსეთის ენერგეტიკული და საბანკო სისტემის წინააღმდეგ სანქციების მუქარით, ისევე როგორც უკრაინის სამხედრო მხარდაჭერის გაგრძელებით.
„ჩემი გუნდი კონტაქტშია ტრამპის ადმინისტრაციასთან, მაგრამ ეს დისკუსიები მიმდინარეობს ზოგად დონეზე. მჯერა, რომ უფრო დეტალური შეთანხმებების შესამუშავებლად მალე პირადი შეხვედრები გაიმართება“, - აცხადებს ვოლოდიმერ ზელენსკი, რომლის გადადომის მოთხოვნით კიევში აქციები დაიწყო.
პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორი, პოლიტოლოგი ირაკლი გოგავა ამბობს, რომ ერთი შეხედვით, ამ ომის დასრულება თითქოს მარტივია და მას ამარტივებს ის მოცემულობა, რომ ეს არ არის ერების ომი. ორი არმია ებრძვის ერთმანეთს და ასეთი ომის გაჩერება ტექნოლოგიურად უფრო მარტივია, მაგრამ მეორე მხრივ - ძალიან რთულია.
„სირთულე იმაში მდგომარეობს, რომ ახლა ტრამპმა უნდა გადაწყვიტოს, რა არის მისთვის პრიორიტეტი. მისთვის პრიორიტეტი არის საერთო ფრონტის გაშლა ლიბერალ-გლობალისტების წინააღმდეგ და ეს ბრძოლა არის მისთვის პრიორიტეტი, სადაც რუსეთი, ჩინეთი და ირანიც კი მოკავშირეა, თუ რაღაცა გეპოლიტიკური ამბიციები. აშშ-ს უკრაინაში და ასევე ჩვენს რეგიონში არაფერი არ ემუქრება.
აშშ არის ოკეანის გაღმა, მისი უსაფრთხოება არის დაცული. მაგრამ გეოპოლიტიკური ინტერესებიდან გამომდინარე, ამერიკას აწყობს რუსეთის დასუსტება. ამერიკელმა ჯარისკაცმა რუსეთის წინააღმდეგ რომ იომოს, გაცილებით მეტი თანხა დაჯდება. ამიტომ, ტრამპი ამ გეპოლიტიკურ ამბიციებს გაყვება თუ გლობალისტებთან ბრძოლას აირჩევს პრიორიტეტად, ამაზე არის ბევრი რამ დამოკიდებული. მეორე მხრივ ტრამპს ომის გაგრძელება არ აწყობს. თვითონ ამბობს 6 თვეს, 1 წელიც ტრამპისთვის შეიძლება იყოს მისაღები, მაგრამ თუ ერთ წელზე მეტ ხანს გაგრძელდა, ეს უკვე ტრამპის ომი ხდება“, - აცხადებს ირაკლი გოგავა.
როგორც პოლიტოლოგი ამბობს, ტრამპს და „რესპუბლიკურ პარტიას“ არაფერში არ სჭირდება ამ ომის საკუთარ თავზე აღება, რადგან მსგავსი მაგალითი მოხდა უკვე ამერიკის ისტორიაში - ვიეტნამის ომი, როდესაც კენედის მკვლელობის შემდეგ ვიცე-პრეზიდენტი გახდა ლინდონ ჯონსონი, რომელმაც დაიწყო ვიეტნამში შეჭრის ოპერაცია.
„მოგეხსენებათ, რომ მერე ჯონსონი არ აირჩიეს და აირჩიეს ნიქსონი. უხეშად რომ ვთქვათ, ნიქსონს შეეტენა ეს ომი, რასაც გადაყვა საბოლოო ჯამში - იმპიჩმენტით გაუშვეს სახლში და ამ დროს ნიქსონი სერიოზული ფიგურა იყო. ასეთი რამე რომ არ დაემართოს ტრამპის გუნდს, ეს ომი უნდა მოიშოროს. ნათელია, რუსეთი არ დათმობს, რაც არ უნდა სანქციების ქვეშ იყოს. იმიტომ კი არა, რომ ასეთია, იმიტომ, რომ მისთვის გეპოლიტიკური რეალობა არის ასეთი და მუქარები სამხედრო სტრატეგიული არის გაცილებით დიდი.
თუ რუსეთი ვერ აკონტროლებს აღმოსავლეთ ევროპის დაბლობს და მის ყველაზე ვიწყო გასასვლელში არ დადგა, რუსეთი ვერ გაჩერდება, ვინც არ უნდა იყოს მმართველი. სამხედრო პატრიოტული ელიტა ყველა მმართველს მოსთხოვს, რომ გავიდეს იმ მიჯნაზე, რომლის დაცვა რეალისტურია. აქედან გამოსავალი იყო ის, რაც 90-იანი წლებში დადეს და ეს იყო უკრაინის უბლოკო სტატუსი. სანამ უბლოკო სტატუსი ჰქონდა, რუსეთი თავს არ ესხმოდა სამხედრო გზით. 2014 წელს რომ მოხდა ევრომაიდანი, კონსტიტუციიდან ამოიღეს უბლოკო სტატუსის ჩანაწერი და ჩაწერეს, რომ მიდიან ნატოში.
ჩვენც სწორედ ამიტომ ჩაგვაწერინეს, რომ ეს სულ მუდმივად გამაღიზიანებელი იყო რუსეთის აგრესიისთვის და მისი აგრესიის ობიექტი გახდე. დასავლეთისთვის მთავარია არა ის, რომ ჩვენ ვზარალდებით, არამედ ის, რომ რუსეთმა შენზე დახარჯოს რესურსები, ტექნიკა, ცოცხალი ძალა, დრო, ენერგია. რუსეთმა თუ ფული მეცნიერების გავითრებაში ჩადო, კონკურენციას შეუქმნის ამერიკას და დასავლეთს. ასე რომ, ახლა გამოჩნდება ტრამპს რეალურად სურს თუ არა ამ ომის დასრულება. მისთვის ამ ომს პლიუსებიც აქვს, მაგრამ ძალიან ბევრი მინუსიც ახლავს და ამიტომ, შევხედოთ“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას ირაკლი გოგავამ.
პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე განმარტავს, რატომ აიტეხა ტრამპმა უკრაინაში მშვიდობის დამყარება. მისი თქმით, ტრამპის პოლიტიკური ინტერესი ამ დაჟინებაში არის ის, რომ უკრაინის ომიდან არალეგალური შემოსავლები, რაც ამერიკას აქვს, ისევ ტრამპის მოწინააღმდეგეებთან მიდის.
„თვითონ ზელენსკიმ თქვა კორუფციული პროცესები ამერიკის ძველი ადმინისტრაციის მხრიდან არ იყო გამორიცხულიო. ეს კორუფციული ნაკადები მიდის ისევ დემოკრატებთან, ანუ ტრამპის მოწინააღმდეგეებთან. ასე რომ, უკრაინის ომის დასრულებით ტრამპს ეძლევა იმის საშუალება, რომ გადაკეტოს ეს კორუფციული ნაკადები. თუ ეს ომი გაგრძელდა, სავარაუდოა, რომ ამ ტიპის ნაკადები გააგრძელებს მსვლელობას. მარტო ბაიდენი ერთი ფიგურა ხომ არ იქნება ამ სისტემაში ჩართული, რასაც უკრაინის ომისა და ამერიკის ურთიერთობის სისტემა ჰქვია?! სავარაუდოა, რომ ბევრი ხალხია ჩართული და ისინი შემოსავლებს ისევ მისცემენ პოლიტიკურ მიმართულებას.
დაახლოებით ისეთივე სიტუაციაა, როგორიც საქართველოში. ნაციონალებთან დაკავშირებულ ბიზნესებისგან არის თუ არა იზოლირებული ნაციონალების დაფინანსება, არც დავფიქრებულვართ ამ საკითხზე და არც გვიკვლევია. მაგრამ სავარაუდოა, რომ რაღაც კავშირი ოპოზიციურ პროცესებსა და მათ ფინანსებს შორის იყოს. შეიძლება ეს მიზეზი ჰქონდეს ტრამპს და ამიტომ მგონია, რომ ამიტომ ეჩქარება ომის დასრულება“, - განაცხადა for.ge-სთან საუბრისას რამაზ საყვარელიძემ.