„USAID-მა და NED-მა შექმნეს საქართველოს სახით მონსტრი, რომელიც დასავლეთს ებრძვის, ახლა კი, ამ სიმახინჯის ნგრევა საქართველოდან დაიწყო“

„USAID-მა და NED-მა შექმნეს საქართველოს სახით მონსტრი, რომელიც დასავლეთს ებრძვის, ახლა კი, ამ სიმახინჯის ნგრევა საქართველოდან დაიწყო“

აშშ გლობალური გავლენის ინსტრუმენტს ცვლის, მის ხელმძღვანელობას კი ამერიკის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი შეშლილებად მოიხსენიებს. საქართველოში მმართველი გუნდი დიდი ხანია აცხადებს, რომ ქვეყანაში მიმდინარე რევოლუციური სცენარის უკან სწორედ უცხო ძალები იდგანენ და ამაში ბაიდენის ადმინისტრაციას სდებდნენ ბრალს.

ამერიკელმა მილიარდერმა, აშშ-ის სამთავრობო ეფექტიანობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ილონ მასკმა განაცხადა, რომ USAID კრიმინალური ორგანიზაციაა და გააზიარა ვიდეო-კოლაჟი, სადაც საქართველოში გამართული საპროტესტო აქციების კადრიც მოხვდა. მასკმა საკუთარ გვერდზე სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსნის, მაიკ ბენცის პოსტი დადო, სადაც ის ამერიკის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს მუშაობაში USAID-ის საკვანძო როლზე საუბრობს. ყველა ბრალდების პარალელურად, მასკმა სააგენტოს საკუთარ სოციალურ ქსელ X-ზე გვერდიც კი დაუბლოკა და სიკვდილითაც დაემუქრა. USAID -თან ერთად, მასკმა კორუფციაში ჩაძირული უწოდა „დემოკრატიის ეროვნულ ფონდს“. მან X-ზე დაწერა, რომ „დიდია იმ ბოროტებათა ჩამონათვალი, რაც NED-ს გაუკეთებია“.

ამის შემდეგ კი უკვე 3 თებერვალს ილონ მასკის განცხადებით, ტრამპი USAID-ის დახურვას დათანხმდა - ინფორმაციას Forbes ავრცელებს.

მასკის თქმით, ის ესაუბრა პრეზიდენტ დონალდ ტრამპს, რომელიც დაეთანხმა, რომ აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID) უნდა დაიხუროს.

მანამდე, აშშ-ის პრეზიდენტმა მედიასთან განაცხადა, რომ „USAID-ს რადიკალი შეშლილების ჯგუფი მართავდა“.

ილონ მასკმა ამის შესახებ X Spaces სტრიმინგის დროს დაწერა, სადაც მთავრობის ეფექტურობის დეპარტამენტის (DOGE) მუშაობას განიხილავდნენ.

როგორც მილიარდერმა აღნიშნა, რამდენჯერმე გადაამოწმა და ჰკითხა პრეზიდენტ ტრამს - „დარწმუნებული ხარ?“ და ტრამპმა თქვა „დიახ“. ასე რომ, ჩვენ მას ვხურავთ“, - აცხადებს ილონ მასკი.

სპეციალურ მისიებში შტატების პრეზიდენტის წარმომადგენელი, რიჩარდ გრენელი მიიჩნევს, რომ USAID-ის საქმიანობა გამოძიების ფედერალურმა ბიურომ უნდა შეისწავლოს. ამის შესახებ გრენელმა სოციალურ ქსელში დაწერა.

მასკის ამ განცხადებას კი ქსელ X-ზე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი გამოეხმაურა: „როგორც ჩანს, ახლა წარსული USAID-ს თან სდევს არა მხოლოდ საქართველოში, არამედ აშშ-შიც“.

როგორც პაპუაშვილი აღნიშნავს, „USAID-მა, საქართველო-აშშ-ს შორის მეგობრობის განმტკიცების ნაცვლად, დაუშვა გარკვეული სამწუხარო შეცდომები, რომლებიც ჯერ კიდევ სათანადოდ არ არის გამოსწორებული“.

ამიტომ პაპუაშვილის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლება ამერიკის ახალ ადმინისტრაციასთან ითანამშრომლებს და მათ ხელთ არსებულ ყველა მტკიცებულებას მიაწვდის, რომლითაც დასტურდება, თუ რას საქმიანობდა ეს ორგანიზაცია საქართველოში.

რადიკალური ოპოზიცია კი, რომელიც ხელისუფლების თქმით, სწორედ ამ ორგანიზაციის მიერ ფინანსდებოდა, რათა ქვეყანაში რევოლუცია მოეწყოთ, USAID-ის ირგვლივ მიმდინარე სკანდალს არ იმჩნევს და მისი ლიდერები ამბობენ, რომ ტრამპმა მისი შეჩერება მხოლოდ 90-დღით გადაწყვიტა და ჯობია, მოვლენების განვითარებას დაელოდონ.

„სამი თვის განმავლობაში მოხდება სხვადასხვა ქვეყნებში USAID-ის პროექტების გადახედვა, დაველოდოთ. მასკის „ტვიტზე“ თუ ფიქრობენ, რომ შიდა პოლიტიკას დაალაგებს „ოცნება“, ეს ძალიან სასაცილოა“, - განაცხადა „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, ანა ბუჩუკურმა.

USAID-ის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი დეპუტატი დავით დარჩიაშვილი სოციალურ ქსელში ეხმაურება.

„USAID უძველესი ორგანიზაციაა, რომელიც მსოფლიოში დემოკრატიის გავრცელებას უწყობს ხელს. იდეალური არაფერია. რეფორმა ყველა ინსტიტუტს სჭირდება პერიოდულად. ხოლო Musk is mother-f idiot!“, - წერს დავით დარჩიაშვილი.

პარლამენტარი და მმართველი გუნდის წევრი ლადო ბოჟაძე ამბობს, რომ თავის დროზე, სწორედ NED-იც, USAID-იც დაინტერესებული იყვნენ, რომ არ მიგვეღო გამჭვირვალობის კანონი, რათა არ აღმოჩენილიყო ის ხარვეზები, რომელიც ახლა თავად ამერიკამ აღმოაჩინა. ბოჟაძე for.ge-სთან ამბობს, რომ შესაძლოა, საერთოდ გაუქმდეს USAID იმ ფორმით, რა ფორმითაც დღეს არსებობს.

„სამწუხაროდ, რაზეც ახლა ტრამპის ახალი ადმინისტრაცია და მისი გარემოცვა საუბრობს, ჩვენ დიდი ხანია ვლაპარაკობთ. გახსოვთ, ალბათ, რა თავგამოდებით ხდებოდა გამჭვირვალობის კანონთან დაკავშირებით ტყუილების გავრცელება და როგორი წინააღმდეგები იყვნენ, განსაკუთრებით USAID-ის მიერ დაფინანსებული ჩვენი არასამთავრობო ორგანიზაციები. ახლა ხომ ყველა მიხვდა, რომ მათ არ უნდოდათ ის ხარვეზები და დიდი აფიორა გამოაშკარავებულიყო, რასაც ეს ორგანიზაცია საქართველოში მალავდა. ამ ორგანიზაციის მუშაობა შეწყვეტილია 90 დღის განმავლობაში, მათ შორის, შეჩერებულია ყველა პროექტი ჩვენს ქვეყანაში. შესაძლოა მათი ხელმძღვანელობის პასუხისმგებლობის საკითხიც კი დადგეს. დიდი ალბათობით, მომავალში ბევრი პროექტი აღარც დაფინანსდება. ითქვა ისიც, რომ შეიძლება საერთოდ გაუქმდეს USAID იმ ფორმით, რა ფორმითაც არსებობს.

საქართველოში ასევე, რადიკალური ოპოზიციის, სამოქალაქო სექტორის, მათი მმართველი მედიების ერთ-ერთი მთავარი დამფინანსებელი იყო NED, რომელიც სრულიად გაუმჭვირვალედ აფინანსებდა ამ პროცესებს. ასევე, ევროკავშირის დემოკრატიის ფონდი, რომელიც აფინანსებდა რადიკალურ ოპოზიციას და, რა თქმა უნდა, ეს შეფასებები არის სრულიად სამართლიანი.

ახლა ხომ ყველამ კარგად დაინახა და დარწმუნდნენ, რომ ამ ორგანიზაციის მიერ დაფინანსებული მესამე სექტორი იღებდა გრანტებს არა რომელიმე პროექტისთვის, არამედ ამ ქვეყნების შიდა საქმეებში ღია ჩარევისთვის და სიტუაციის არევისთვის. ის პროექტები, რომელიც ფინანსდებოდა ყველა ქვეყანაში, მათ შორის, საქართველოში, შიდა საქმეებში ჩარევა იყო და გაუმჭვირვალობას მოჰყვება ხოლმე კორუფცია და სხვა გაუგებრობები“, - ამბობს ბოჟაძე.

მისივე თქმით, მისასალმებელია, რომ ახლა თავად ამერიკამ აღმოაჩინა რეალურად რა საქმიანობით იყო ეს ორგანიზაცია დაკავებული.

„ძალიან მისასალმებელი და სასიხარულო ამბავია, რომ ამერიკა აპირებს გადახედოს ყველა ქვეყანაში საგარეო დაფინანსებას, რადგან, ერთი მხრივ, ის ეწინააღმდეგება ამერიკის ახალ საგარეო პოლიტიკას და მეორე მხრივ, ეს ბადებს გარკვეულ კორუფციულ ეჭვებს, რაზეც, დარწმუნებული ვარ, რომ თუ გამოძიება დაიწყება, ძალიან ბევრი რამ გაირკვევა და აღმოჩნდება, რომ, მათ შორის, საქართველოშიც, სავარაუდოდ, სამოქალაქო სექტორისა და მედიის ნაწილი იყო ჩართული ამ კორუფციულ სქემებში. ამიტომ წინ კიდევ მნიშვნელოვანი და სკანდალური ამბები გველის. ბევრი რამ დღის სინათლეზე გამოვა და უფრო ბევრი ჩვენი თანამოქალაქე დარწმუნდება იმაში, როგორი გადარჩენილია ჩვენი ქვეყანა“, - განაცხადა ლადო ბოჟაძემ.

„ხალხის ძალის“ წევრი და ანალიტიკოსი თამარ ჩიბურდანიძე for.ge-სთან ამბობს, რომ ამერიკის გამოძიების შედეგად, USAID-ზე იმაზე მეტი გაირკვევა, ვიდრე ეს დღის სინათლეზე ჩანს.

„ტრამპმა თანამდებობიდან გაუშვა ყველა მნიშვნელოვანი ფიგურა, რომლებიც, სავარაუდოდ, ამ კორუფციულ სქემებში არიან ჩართულები. ჩვენ ვნახეთ მასკმა რომელი ვიდეოც გაავრცელა, მასში საქართველოს ამბებია ასახული. USAID აფინანსებდა სხვადასხვა ქვეყნის შიდა არეულობას და რევოლუციებს, ეს კი საქართველოს მაგალითზე ამ წლების განმავლობაში კარგად გამოჩნდა. თურმე ეს რევოლუცია მტრული თავად ამერიკისთვისაც ყოფილა. რა თქმა უნდა, ეს ხელს არ აძლევს კონსერვატორებს და ტრამპის ადმინისტრაციას. ლიბერალიზმმა უკვე 2 საუკუნოვანი მმართველობა კრახით დაასრულა. ეს არის ის პიკი, სადამდეც პოლიტიკური იდეოლოგია მივიდა.

ეს იყო მართლაც მნიშვნელოვანი იდეოლოგია, რომელიც პიროვნულ თავისუფლებაზე იყო დამოკიდებული. საბოლოო ჯამში კი, სექტის სახე მიიღო, რომელიც ქვეყნის განადგურებაზე გადავიდა. ჩვენ ვიცით, რომ ლიბერალიზმი საფუძვლად დაედო გლობალიზაციის ახალი პოლიტიკის წარმოქმნას. ამან კი გლობალურად ახალი მსოფლიოს წესრიგი შექმნა და მცირე ერები შთანთქა. ეს უკვე კულმინაციამდე მივიდა, როცა სამხრეთ კავკასიაში, ყველაზე მნიშვნელოვანი ქვეყანა, საქართველო საბოლოოდ მტრად მოიკიდა, როდესაც ჩვენგან ითხოვდნენ რელიგიის, მრწამსის და ყველაფრის უარყოფას. სწორედ ამ ორგანიზაციებმა შექმნეს საქართველოს სახით მონსტრი, რომელიც დასავლეთს ებრძვის. ჩვენ ყოველთვის გამოვყოფდით, რომ ჩვენ არ ვებრძვით დასავლეთს, ჩვენ ვებრძოდით იმ იდეოლოგიას, რომელიც ვასალად ყოფნას გვაიძულებდა. ამიტომ ვსვამ კითხვას, დღეს ამერიკის ხელისუფლება რაზეც საუბრობს, იგივეზე ხომ ჩვენ ამ სამი წლის განმავლობაში ვსაუბრობდით. ამ სიმახინჯის ნგრევა საქართველოდან დაიწყო“, - ამბობს ჩიბურდანიძე.