"ნატოსთან ჩვენი ურთიერთობა ისეთ სიმაღლეზეა ასული, რომ ჩვენი უსაფრთხოება გარანტირებულია"

"ძალიან მნიშვნელოვანია ქართველი პოლიტიკოსები, ქართველი საზოგადოება და ზოგადად ქართული სახელმწიფო გადავიდეს ურთიერთობების ახალ რეჟიმში - ჩვენ არც შეგირდები ვართ და არც პატარა ბავშვები, რომ ვინმეს თავზე ხელის გადასმა გვიხაროდეს. უცხოელი პოლიტიკოსის დადებით შეფასებას აღფრთოვანებით შევხვდეთ და იმაზე მეტი მნიშვნელობა მივანიჭოთ, ვიდრე დიპლომატიური ეტიკეტითაა გათვალისწინებული. ეს არის ორმხრივი პარტნიორობა. ჩვენ დიდი ხანია ვიხვეწებით ნატოში შესვლას, თუმცა ამით შეღავათს არავინ გვიკეთებს. ნატოს წევრები მაშინ გავხდებით, როცა ამისთვის მზად ვიქნებით, როცა ნატოსა და საქართველოს ინტერესები თანხვედრაში იქნება. ნატოს სამხედრო კომიტეტის სხდომის თბილისში ჩატარება თავისთავად მნიშვნელოვანია და გარკვეულ ტენდენციებს აჩვენებს. ნატოსთვის საქართველო მნიშვნელოვან პარტნიორს წარმოადგენს. შესაბამისად, საქართველოს უსაფრთხოება ნატოსთვის ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, მიუხედავად იმისა, რომ ფორმალურად საქართველო ნატოს წევრი ჯერ არ არის", - აცხადებს სამხედრო ექსპერტი გიორგი თავდგირიძე გაზეთ "ახალი თაობისთვის" მიცემულ ინტერვიუში, სათაურით გიორგი თავდგირიძე: "საქართველოს შეიარაღებული ძალები მზად უნდა იყოს!"

"ეს მესიჯი - ნატოს წევრი ქვეყნების წარმომადგენლები აქ რომ ჩამოვიდნენ, სამხედრო საბჭოს სხდომა აქ გაიმართა, რითაც კვლავ დააფიქსირეს, რომ ნატო საქართველოს მნიშვნელოვანი პარტნიორია - ქართველი საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი იყო. სამწუხაროდ, ქართველმა პოლიტიკოსებმა ამას გაუკეთეს პიარი, თითქოს რაღაც ჯილდო მივიღეთ. ნატოსთვის საქართველოს უსაფრთხოება მნიშვნელოვანია, მაგრამ რადგან ჯერ საქართველო ნატოს წევრი არ არის, ეს მნიშვნელობა მათ ასეთი ტიპის ღონისძიებით უნდა დაანახონ მსოფლიოს. რუსეთისთვისაც, რომლისგანაც თეორიული და პოტენციური საფრთხე არსებობს, ნატოს სამხედრო კომიტეტის სხდომის საქართველოში ჩატარება არის მესიჯი, რომ საქართველო არის არა ერთ-ერთი ქვეყანა, რომელსაც იდეაში უნდა ნატოში გაწევრიანება, არამედ საქართველო დღეს არის ქვეყანა, რომელიც თანასწორ პარტნიორობას უწევს ნატოს. რა თქმა უნდა, პოტენციალი განსხვავებულია, მაგრამ ეს პოტენციალი რეალიზდება ხოლმე გეოიპოლიტიკურ სივრცეში და გეოპოლიტიკურ კონიუნქტურაში. ნატოსთან ჩვენი ურთიერთობა ისეთ სიმაღლეზეა ასული, რომ ჩვენი უსაფრთხოება გარანტირებულია. თუმცა ჩვენთვის მნიშვნელოვანია ნატოს წესდების მე-5 პუნქტი, რომელიც ნატოში წევრობის შემთხვევაში მოქმედებს", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას გიორგი თავდგირიძე.

"თუ საქართველო გახდება ავღანეთში მისიის დასრულების ლოჯისტიკური უზრუნველყოფის ცენტრი - საუბარია ქვედანაყოფებზე, რომლებიც უკან უნდა დაბრუნდნენ. უნდა დაბრუნდეს აღჭირვილობა, ტექნიკა, შეიარაღება, დიდი ოდენობით მატერიალურ-ტექნიკური აღჭურვილობის შემცირების ღონისძიებები უნდა გატარდეს - საქართველო იქნება როგორც გამტარი, ასევე შემკრები. მისიის ტექნიკის შეიაღების ნაწილი შეიძლება აქ დარჩეს შესანახად კონსერვაციისთვის. ეს არის საკმაოდ მძლავრი ეკონომიკური ინექცია საქართველოსთვის. ჩვენს ტერიტორიაზე ბევრი მაღალტექნოლოგიური ფირმა თუ ინსტიტუტი ამ დანადგარების მომსახურებას გასწევს, რაც ადგილობრივი პოტენციალის ჩართვასაც გულისხმობს. იქნება არა მარტო სამხედრო დანიშნულების ტექნიკა, არამედ ავტომანქანები, გათბობის სისტემები, დასუფთავების სისტემები, ჰაერსაწინააღმდეგოო დაზვერვის სისტემები ანუ უზარმაზარი სპექტრია, საქართველოსგან იქნება ნაქირავები კონსერვაციის ბაზები. ეს დამატებითი შემოსავალია არა მარტო სახელმწიფოსთვის, კერძო პირებისთვისაც, რომლებიც გაზრდიან პოტენციალს ფინანსური და ტექნოლოგიური თვალსაზრისით. ეს არის უმნიშვნელოვანესი საკითხი - საქართველოს ხელისუფლებამ ლობირება უნდა გასწიოს და საქმე ბოლომდე მიიყვანოს - ნატოში გაწევრიანებზე მნიშვნელოვანი ასეთი ტიპის საკითხებია", - მიიჩნევს ექსპერტი.

"ნატოში გაწევრიანება იმიტომ გვინდა, რომ ნატო არის უსაფრთხოები ბლოკი, უსაფრთხოების ქოლგა, რომელიც საშუალებას გვაძლევს ჩვენი სამხედრო ბიუჯეტი აღარ იყოს, ვთქვათ, მილიარდიანი, არამედ იყოს ვთქვათ, 200-მილიონიანი და 800 მილიონი წავიდეს ეკონომიკური ზრდის მიმართულებით", - დასძენს გიორგი თავდგირიძე და შეკითხვას - "ჯარი და შეიარაღება ხომ არის საჭირო? მოგვისმენია, საქართველოს რად უნდა ჯარი და შეიარაღებაო?" - პასუხობს:

"ეს უპასუხისმგებლო დამოკიდებულებაა. ჩვენ ვხედავთ, რომ უახლოეს 10-15 წლის გამოწვევებს ნატო უმკლავდება. მაგრამ არ ვიცით, რა იქნება 20-100 წლის შემდეგ. მსოფლიოში მუდმივი არაფერია. კავკასიის რეგიონში კრიზისის შემხთვევაში, თუნდაც მცირე დროით რომ გამოვიდეს სიტუაცია კონტროლიდან, უამრავი ეთნოსის დაპირისპირების მომსწრე შევიქმნებით. ეს რეგიონი კარგად არის შეიარაღებული და ბრძოლისთვის განწყობილი. ჩვენ ვცხოვრობთ უაღრესად მილიტარიზებულ რეგიონში. ამიტომ საქართველოს შეიარაღებული ძალები უნდა ჰყავდეს. მიზეზი, რომ ჩვენ რუსეთს ომს ვერ მოვუგებთ, საკითხის გაუბრალოებაა"