დავით ზარდიაშვილი: პოლიტიკური რეალიზმი და სახელმწიფოს შიდა წესრიგი იმპერიალიზმისკენ მიდრეკილ ანარქიულ საერთაშორისო სისტემაში

დავით ზარდიაშვილი: პოლიტიკური რეალიზმი და სახელმწიფოს შიდა წესრიგი იმპერიალიზმისკენ მიდრეკილ ანარქიულ საერთაშორისო სისტემაში

წინა წერილში („ჰეგემონია დასრულდა. ინტეგრია შეირყა. იმპერიალიზმის გვეშინოდეს, ხალხო?!“ იხ.https://geo-first.com/davit-zardiasvili-hegemonia-dasrulda-integria-seirya-imperializmis-gvesinodes-xalxo/) საუბარი გვქონდა მსოფლიო „მოდუს ვივენდის“ ფუნდამენტურ ცვლილებებზე, რაც აშშ-ში ტრამპის ტრიუმფს და შესაბამისად, მთლიანად მსოფლიოში ტრამპიზმის, როგორც თანამედროვეობის უმძლავრესი პოლიტიკური ტენდენციის, გაბატონებას უკავშირდება. იქ აღვნიშნეთ, რომ ტრამპიზმი, როგორც დღევანდელი ტენდენცია საერთაშორისო ურთიერთობებში, „რეალ პოლიტიკის“ ბუნებითი ანარქიულობის დაბრუნებაა, ხოლო საშინაო პოლიტიკაში თითქოსდა პირიქით − ანარქიის, ენტროპიის აღკვეთა და წესრიგის დამყარება.

აქამდე არსებული „მოდუს ვივენდი“, რასაც პრაქტიკულად ძირი გამოუთხარა რუსეთის შეჭრამ უკრაინაში, ტრამპიზმის ტენდენციით თითქოსდა ყირამალა დგება: საერთაშორისო სისტემა პოსტლიბერალიზმის „იდეოლოგიური“ ბოჭვისგან საბოლოოდ თავისუფლდება; ამჟამინდელ მსოფლიო არეულობას − არნახულ დიფუზურობას, ვეღარ მივიჩნევთ „ავტოკრატიასთან დემოკრატიის ჯვაროსნულ ომად“. ეს უკვე ძალზე არასერიოზული იქნება, რადგან თავად აშშ-მა, მისი 47-ე პრეზიდენტის პირით ფაქტობრივად უარი განაცხადა მსოფლიო პოლიციელის როლზე და მსოფლიო ჰეგემონის ძირითად ვალდებულებაზე − დაიცვას ეს ისედაც ილუზორულად ქცეული „წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგი“; სამაგიეროდ, მას მკაფიო იმპერიული ამბიციები აქვს − დააბრუნოს სამაგალითოდ გამორჩეული კონსტიტუციური წესრიგი აშშ-ში, ძლევამოსილად უზრუნველყოს ამერიკელი ხალხის სრული უსაფრთხოება (უწინარესად − საკუთარი საზღვრების დაცვა არალეგალების მასობრივი შემოსევისგან) და მაღალპროდუქტიული, ტექნოლოგიურად მოწინავე მრეწველობის აღორძინებით ყველასათვის შესაშური კეთილდღეობა; განავრცოს თავისი იმპერიული ძალმოსილება ამერიკის მთელ კონტინენტზე, რაც შეიძლება ფართოდ დედამიწაზე და თვით კოსმოსშიც, მარსზე!

განსაკუთრებული კონკურენტუნარიანობა საქმოსნობაში, საქმის მოთავეობა, უბადლო ინიციატივიანობა, უპრეცედენტო პროდუქტიულობა და ყველა წამოწყებული საქმის ბოლომდე მიყვანაში მოწინავეობა, რასაც აშშ შეეცდება კვლავაც მოიპოვოს სხვა მსოფლიო იმპერიებთან უმძაფრეს შეჯიბრში − ეს უკვე აღარაა გლობალისტური ელიტების ინტერნაციონალური, „ლიბერალ-დემოკრატიული ღირებულებები“ და ე.წ. ინკლუზიური ინტერესები, არამედ ამერიკელი ხალხის იმთავითვე განსაკუთრებული ეროვნული ღირებულებები და მათი სწორედაც ექსკლუზიური, რასაც სხვას ვერ დაუთმობენ − ინტერესებია; რასაკვირველია, ეს კონკურენტული უპირატესობები, რის მოპოვებასაც ექსკლუზიურად ეცდებიან, კვლავაც საკუთარი გამორჩეულობის რწმენას, სამაგალითო, პურიტანულ ღვთისმოშიშობას და „კაპიტალიზმის პროტესტანტულ ეთიკას“, ცხოვრების ჯანსაღ წესს, უდიდეს შრომისმოყვარეობას, ცნობისმოყვარეობას, გამომგონებლობასა და მუდამ ცოდნის წყურვილს, პიონერების − პირველაღმომჩენებისა და გზამკვლევების შემართებას, სიმამაცესა და თავდაჯერებულობას, წინააღმდეგობების გადალახვისა და თვითორგანიზების გასაოცარ უნარებს უკავშირდება. პრეზიდენტ ტრამპს, როგორც აშშ-ის ნამდვილ და არა გამოგონილ, ხელოვნურად შეთითხნილ სახალხო ლიდერს, თავად აქვს სრულიად გამაოგნებელი ამბიცია და ენერგიაც (თუნდაც ოდენ მისი სოლიდური ასაკის გათვალისწინებით), რომ ყოველივე ამ საუკეთესოს ამერიკელ ხალხს უსათუოდ დაუბრუნებს. რაც მთავარია, მას აქვს უდიდესი რწმენა, რომ ამერიკა დაიბრუნებს ჩვეულ სიმართლეს, საღ აზრს, ღირსებასა და ეროვნულ სიამაყეს, რაც თითქმის დაკარგა ამ „ლიბერალურ-დემოკრატიული სიშლეგის“ წლებში და სწორედ სიმართლითა და ღირსებით გაიკვლევს გზას მომავალი გამარჯვებებისკენ, ისევ გახდება მთელ მსოფლიოში მისაბაძად სამაგალითო, საყოველთაოდ უდიდესი პატივისცემის ღირსი!

ეს მძლავრი ტენდენცია ერთობ შთამბეჭდავად იქნა გამოხატული ტრამპის საინაუგურაციო სიტყვაში და უკვე მკაფიო ასახვაც პოვა მის პირველსავე განკარგულებებში. ეროვნული ინტერესებით ხელმძღვანელობა მისაბაძი მაგალითი უნდა გახდეს სხვა სახელმწიფოებისთვისაც. როგორც აშშ-ის ახლად დამტკიცებულმა სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ განაცხადა: „მოველი, რომ დედამიწაზე ყველა ერი თავის ეროვნულ ინტერესებს წინ წაწევს“. ცხადია, ეს სიტყვები გახლავთ პოსტლიბერალური ოიკოფობიის განაჩენი; ოიკოფობიამ თავის ზენიტს ხომ ვოუკიზმის აღზევებით მიაღწია. შეგახსენებთ, რომ ოიკოფობია − შენიანების, სახლეულის, შინაურების, თანამემამულეების, საკუთარი ერის შიშს, ზიზღსა და სიძულვილს ნიშნავს. ყოველივე ეს ამერიკულ ვოუკიზმზე არანაკლებ ამაზრზენი სახით ვნახეთ ბოლო დროის მოვლენებით საქართველოშიც. ყველაფერსაც რომ თავი დავანებოთ, გამაოგნებლად საზიზღარია ჩვენი, საუბედუროდ პრეზიდენტყოფილის, უკიდურესად ოიკოფობიური გამოხდომები; მაგალითად თუნდაც ეს ბოლო ბინძური ბეზღობა, რის უფლებაც მან თავს უსინდისოდ მისცა ერთ-ერთ უკანასკნელ ინტერვიუში, როცა მსგავსი რამ წამოროშა: „თუკი ამერიკას სურს იყოს პირველი, იყოს ძლიერი, მან არ უნდა დაუშვას 3.7 მილიონი მოსახლის მქონე პატარა ქვეყნის მხრიდან დამცირება…“

ეს ხდება იმ დროს, როცა მისი ფრანგი თანამემამულე, ოღონდ პატრიოტი და არა მასავით ოიკოფობი ევროპარლამენტარი ჯორდან ბარდელა ამას ამბობს: „საერთაშორისო სცენაზე ბრუნდებიან ერები, ხალხი იბრუნებს ძალაუფლებას. ამერიკა ახალ რეალობას სთავაზობს ევროპას, რომელიც გზაგასაყარზე დგას. ბოლო წლების ბრიუსელის პოლიტიკა წარუმატებლობების კასკადია, გულუბრყვილო და იდეოლოგიური გადაწყვეტილებებისა, რამაც გამოიწვია დეინდუსტრიალიზაცია და ჩავარდნები სოფლის მეურნეობაში. ხალხს შევპირდით, რომ სუვერენიტეტის დათმობის სანაცვლოდ ძლიერ ევროპას მიიღებდნენ, მაგრამ ეს ვერ მოხდა ასე. თუ გვსურს წარმატება, გვერდს ვერ ავუვლით ისეთ ცნებებს, როგორებიცაა: თავისუფლება, იდენტობა და სუვერენიტეტი. ვიმოქმედოთ, თორემ ჩავბარდებით ისტორიას…“
ესეც, საერთაშორისო სცენაზე ერების დაბრუნება და ოიკოფობიის წელში გადატეხვა, რაღა თქმა უნდა, უკვე ძირფესვიანად ამოტრიალებული მსოფლიო „მოდუს ვივენდის“ მკაფიო გამოხატულებაა.

მაგრამ უსამართლო წესების მაგივრად ახლა გვაქვს ანარქიული საერთაშორისო სისტემა, რაც დაახლოებით ასე შეიძლება აღიწეროს:

„ცივი ომის“ შემდგომი ლიბერალიზმის ძლევამოსილების პერიოდის ე.წ. წესებზე დამყარებული „ვანკუვერიდან ვლადივასტოკამდე“ საერთაშორისო წესრიგი, რომლის ბურჯს წარმოადგენდა აშშ-ის ჰეგემონია, რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდგომ ფაქტობრივად დაინგრა, ხოლო გამარჯვებული ტრამპიზმის ტენდენციით − ამჟამად პრაქტიკულად გაუქმების რეჟიმშია;

მსოფლიოში შექმნილი არეულობა, განსაკუთრებით 2022 წლის 24 თებერვლის შემდგომ, აშკარად მიუთითებს, რომ ჰეგემონურ წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგი იმთავითვე შეუთავსებელი იყო მე-2 მსოფლიო ომის შემდგომ იალტა-პოტსდამის შეთანხმებებით წარმოქმნილ სისტემასა და შესაბამის კონვენციურ საერთაშორისო სამართალთან, რომლის ფუძემდებლური დოკუმენტებია − გაეროს წესდება და ასევე, მოგვიანებით, „ცივი ომის“ პირობებში 1975 წელს მიღებული ჰელსინკის დასკვნითი აქტი, ე.წ. ჰელსინკის დეკალოგი, რაც ამყარებდა იალტა-პოტსდამის შეთანხმებებს და „ცივი ომის“ დაძაბულ პირობებშიც კი სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობების 10 ფუძემდებლურ დებულებას ემყარებოდა, კერძოდ: სუვერენული თანასწორობა, სუვერენიტეტის თანდაყოლილი უფლებების პატივისცემა (1); მუქარისგან ან ძალის გამოყენებისგან თავის შეკავება (2); საზღვრების ხელშეუხებლობა (3); სახელმწიფოთა ტერიტორიული მთლიანობა (4); დავების მშვიდობიანი გადაწყვეტა (5); სახელმწიფოთა შიდა საქმეებში ჩაურევლობა (6); ადამიანის უფლებების პატივისცემა, მათ შორის − სიტყვის, სინდისის, რელიგიის და გადაადგილების თავისუფლება (7); ხალხთა თანაბარი უფლებები და თვითგამორკვევა (8); სახელმწიფოთა შორის თანამშრომლობა (9); საერთაშორისო სამართლით ნაკისრი ვალდებულებების კეთილსინდისიერად შესრულება (10).

ვინაიდან ჰეგემონურ წესებზე დამყარებული წესრიგი უქმდება, ხოლო იალტა-პოტსდამის საერთაშორისო სისტემა ამ წესების პირობებში უკვე დაინგრა და მისი ხელახლა აღდგენა საჭიროებს ფაქტობრივად ახალ იალტა-პოტსდამის, ანდა ახალი ჰელსინკის პროცესის ინიციირებას, რაც უკრაინაში ომის დასრულებამდე და დიდ საზავო მოლაპარაკებებამდე პრაქტიკულად შეუძლებელია, ამჟამად საერთაშორისო სისტემა დერეგულირებულია, მოშლილი, პრაქტიკულად აღარაფრით წესრიგდება, სრული ანარქიითა მოცული; ამ პირობებში, როცა „მოდუს ვივენდი“ აღარ არსებობს, სუვერენულ სახელმწიფოებს, რათა მათ საკუთარი ეროვნული ინტერესები დაიცვან, საგანგებო რეჟიმში, რაც ერი-სახელმწიფოს წინამძღოლობით პოლიტიკური თუ ეკონომიკური რესურსების კონცენტრაციასა და სხვადასხვა სოციალური ჯგუფების ეროვნულ კონსოლიდაციას გარდაუვალი აუცილებლობით მოითხოვს, მოუწევთ თავის გატანა.

ისეთ მძლავრ ზესახელმწიფოებში, როგორიც აშშ, ჩინეთი და რუსეთია, უკიდურესად ანარქიულ, დიფუზური უწესრიგობით მოცულ საერთაშორისო სისტემაში ეროვნული ინტერესებით მოქმედება, რესურსების სახელმწიფოს თაოსნობით მობილიზაცია და ეროვნული კონსოლიდაცია აყალიბებს საერთო გლობალურ ტენდენციას, რაც ამ ზესახელმწიფოების სახით თანამედროვე იმპერიალიზმის შინაარსს იძენს; „რეალ პოლიტიკის“ დაბრუნებისას, მათი მძლავრი ზეგავლენის შედეგად, მდგომარეობა არაპროგნოზირებადი ხდება შედარებით მცირე რესურსების მქონე სახელმწიფოებში, ხოლო საშიში, სადაც ეს „მცირე“ სახელმწიფოები ერთდროულად რამდენიმე იმპერიის ინტერესების გეოპოლიტიკურ გზაჯვარედინზე იმყოფებიან;

უკრაინაში ომის დასრულებამდე და დიდ საზავო მოლაპარაკებებამდე ტრამპიზმის ტენდენციას უპირისპირდება ასევე მძლავრი კონტრტენდენცია: რევანშისტული გლობალიზმის დასაყრდენი აშშ-ის ჰეგემონიის ნაცვლად ხდება პოსტლიბერალური ინტერნაციონალი, რაც ასევე ახდენს თავის ხელში რესურსების კონცენტრაციასა და ოიკოფობიურ, ანტიეროვნულ კონსოლიდაციას; ეს განსაკუთრებით საგრძნობია ძირითადად ევროკავშირსა და ასევე, ისეთ ქვეყნებში, სადაც პოსტლიბერალური კლიენტელიზმი იმდენად ფესვებგადგმულია, რომ ასეთი ქვეყანა ანტიტრამპისტული რევანშის ერთ-ერთ პლაცდარმად იქცეს. ბუნებრივია, ამ ოიკოფობიურად ანტიეროვნული კონსოლიდაციის პროცესს გლობალური მასშტაბით კოორდინაციას უწევს ე.წ. დიფ სტეიტი, რომელიც აშშ-ში პოლიტიკურად დამარცხდა, მაგრამ არც დაშლილა და არც უდიდეს რესურსებზე კონტროლი დაუკარგავს. იგი აშშ-ში ამჟამად თავდაცვის რეჟიმშია, მაგრამ სხვაგან, სადაც კი მძლავრ გავლენას ინარჩუნებს, კვლავაც შეტევაზეა გადასული.

ბუნებრივია, ამ ანტიტრამპისტული კონტრტენდენციის საბოლოო მიმართულება დაკარგული ჰეგემონიის და პოსტლიბერალურ „წესებზე დამყარებული წესრიგის“ აღსადგენად დაუნდობელი ბრძოლაა ტრამპიზმის წინააღმდეგ. უწინარესად, ეს ნიშნავს უკრაინაში ომის გაჭიანურებას და ასევე, ტურბულენტობის ხარისხის გაზრდას ყველგან, სადაც ტრამპიზმის ტენდენცია ეროვნულ კონსოლიდაციას განაპირობებს. ტურბულენტობის, არეულობის და დიფუზურობის გამომწვევ დესტრუქციულ ძალას ამდენად სამი „ჰიპოსთაზი“ აქვს: იგი არის სიღრმისეული, არაფორმალური ძალაუფლებითი სტრუქტურა − დიფ სტეიტი (1), წარმოადგენს − გლობალური ომის პარტიას (2), უკიდურესად იდეოლოგიზებულია და მოქმედებს როგორც პოსტლიბერალური ინტერნაციონალი, რაც ერთდროულად „ლიბერალური ფაშიზმისა“ და ნეოტროცკისტული ექსტრემიზმის შემზარავ, ვოუკისტურ სახეს ატარებს…

უმნიშვნელოვანესია, ეს დავინახოთ: ყველგან, სადაც მიმდინარეობს ვოუკისტური, ანუ ნეოფაშისტურად ნეოტროცკისტული და პირიქით − ნეოტროცკისტულად ნეოფაშისტური ოიკოფობიური შეტევა ეროვნული სუვერენიტეტის, ეროვნული რესურსების კონცენტრაციისა და ეროვნული კონსოლიდაციის წინააღმდეგ, მზადდება რევანშისტული პლაცდარმი ტრამპიზმის, როგორც ამჟამად უკვე გაბატონებული მსოფლიო ტენდენციის, გასანადგურებლად.

ამდენად, პრინციპულად შეუძლებელია, რომ ტრამპი და მისი ადმინისტრაცია ივანიშვილის, „ქართული ოცნების“ და საქართველოს დღევანდელი ხელისუფლების, ქართველი ერის სტრატეგიული მოკავშირე არ იყოს პოსტლიბერალურ გლობალიზმთან ამ საბედისწერო ბრძოლაში. რასაკვირველია, სრული დემაგოგია და უტიფარი სიცრუეა, თითქოსდა ძალები, რომლებიც ახლა საქართველოს ექსტრემისტულად უტევენ, ტრამპის მხარდაჭერილი იქნებიან. არ დაიჯეროთ!

…რაც მთავარია: ამ სასტიკ ბრძოლაში, როცა მსოფლიოს „მოდუს ვივენდი“ აღარ არსებობს, ახალი ჯერ არ გამომუშავებულა და ანარქიას მოუცავს დედამიწა, მხოლოდ ის ქვეყნები თუ გადარჩებიან, რომლებიც შიდა სტაბილურობას შეინარჩუნებენ და მტკიცედ იდგებიან სიმართლის, სამართლიანობისა და სამართლის მხარეს.