14 თებერვალს ტელეკომპანია 'იმედის' ეთერში გასულმა გადაცემა 'რე-აქციამ', მართლაც რომ, დიდი რეაქცია გამოიწვია, როგორც ცნობადი სახეებისა და პოლიტიკოსების, ისე, სოციალურ ქსელებში, ჩვეულებრივი მოქალაქეების მხრიდან. მეორედ ჩავარდნილი დედაქალაქის ბიუჯეტის თემის განხილვას, სტუდიაში მიწვეული საკრებულოს დეპუტატების მხრიდან მწვავე ურთიერთდაპირისპირება მოჰყვა. გადაცემის მსვლელობას ძლიერი ემოციური ფონი და უხეში დაპირისპირება გასდევდა, რამაც პირველი ბლოკის დამთავრებისთანავე, ჯერ ტელეკომპანია 'იმედის' ფოიეში, შემდეგ კი ეზოში გადაინაცვლა. რაც შეეხება შეფასებებს, რომლებმაც თითქმის მთელი ორი დღეა, სოციალური ქსელი მოიცვა, ყველა ერთსახოვნად გმობს როგორც 'ნაციონალური პარტიის' წარმომადგენლებს, ასევე 'ოცნების' დეპუტატებს. ეს შეფასებები გადაცემის მსვლელობის პარალელურად ვრცელდებოდა 'ფეისბუკზე'.
'ქართული დასის' წარმომადგენელი, ჯონდი ბაღათურია: 'ინგა გრიგოლიას გადაცემას თუ უყურებთ? დახოცეს ნაცებმა ერთმანეთი! ორი კატეგორიის ნაცები ჰყავს მოყვანილი გადაცემაში: ნაცები 'ნაცების' ტყავში და ნაცები 'ოცნების' ტყავში'...
მწარე რეალობა - მეოცნებე ხალხი, კარს მომდგარი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, ბიუჯეტის გარეშე დარჩენილი დედაქალაქი - ბრალდებული მერით და 'სკამებისთვის მებრძოლი' საკრებულოს დეპუტატებით. მეორე მხარეს კი - ისედაც დაუცველი, ახლა უკვე, სოციალური დახმარებების გარეშე დარჩენილი და ჰაერში გამოკიდული უბინაო მოქალაქეები, სასწრაფო-გადაუდებელი ოპერაციების დაუფინანსებლობისთვის განწირული შვილები.
მიუხედავად მოჩვენებითი სიმშვიდისა, სხდომამდე ორი საათით ადრე, მერიის მიერ წარმოდგენილი 850 მლნ ლარამდე გაზრდილი თბილისის ბიუჯეტის 'გაპრავებას' ამაოდ შეეცადნენ სტუდიაში მისული უმცირესობის წარმომადგენლები. ნერვებმა, საბურთალოს რაიონის გამგებელს, გია ხუროშვილს, მაშინ უმტყუნა, როცა საკრებულოს დეპუტატმა, ჯანდაცვისა და სოციალური საკითხების კომიტეტის თავმჯდომარე მაკა გვარამიამ, მას ბიუჯეტის თანხებით შეძენილ, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისთვის გათვალისწინებულ მანქანაზე მჯდომი საკუთარი მეუღლის ფოტო საჯაროდ, ყველას თვალწინ აუფრიალა...
ყოფილი 'ნაცის', ბესო ბენდელიანის მიერ კი, გიგი უგულავასა და მისი გუნდის მისამართით გამოთქმულმა 'ლამაზმა' გამონათქვამებმა და შეძახილებმა, სტუდიაში აურზაური, ხოლო შენობის გარეთ, ხელჩართული ბრძოლა და გაწევ-გამოწევა გამოიწვია. დაპირისპირებას ტელეკომპანია 'იმედის' გადამღები ჯგუფი იღებდა. ერთ-ერთმა ახალგაზრდამ, რომელიც აგრესიითა და სიტყვიერი შეურაცხყოფების შეძახილებით გამოირჩეოდა, სცადა, შეეჩერებინა ოპერატორი და ხელის აკვრით დაებლოკა კამერა: 'ნუ უღებ, თორემ მოგაძრე ეგ თავი'.
ტელეკომპანია 'იმედის' საინფორმაციო სამსახურის უფროსის, ბაია ცანავას განცხადებით, ტელევიზიის ეზოში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა ორგანომ საქმე უკვე აღძრა: 'გადაცემის დასრულების შემდეგ სტუდიაში დაწყებული დაპირისპირება ტელევიზიის ტერიტორიაზე გაგრძელდა. ჩვენი დაცვის სამსახური ცდილობდა, ინციდენტი გაენეიტრალებინა. ასევე ადგილი ჰქონდა ხელის შეშლის ფაქტს ჟურნალისტური საქმიანობისთვის. ერთ-ერთმა სტუმარმა, რომელიც არ გახლდათ ცნობადი სახე, ხელი აუკრა ჩვენს კამერას და შეეცადა, წინააღმდეგობა გაეწია ჩვენი გადამღები ჯგუფისთვის. ჩვენ ეს კადრები გავასაჯაროეთ სწორედ იმიტომ, რომ შესაბამისი სამსახურები დაინტერესებულიყვნენ. დაგვიკავშირდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროდან და გვაცნობეს, რომ საქმე აღძრულია 125-ე მუხლით და მიმდინარეობს გამოძიება'.
ტოქშოუს კულმინაცია კი აღმოჩნდა ის, რომ გადაცემის ერთ-ერთ ბლოკში, წამყვანმა ინგა გრიგოლიამ, სიმსივნით დაავადებულ ბავშვს, მშობელი მამის თხოვნით, სიტყვის თქმის უფლება მისცა. იოსებ კვიჟინაძემ, რომელსაც სასწრაფო ოპერაციის გასაკეთებლად 40 000 ევრო ესაჭიროება, ტელეეკრანიდან საზოგადოებას მიმართა: 'მე ახლა ვუსმენ ამ ლაპარაკს და ვერ გავიგე, რომელია სწორი და რომელია არასწორი. მაგრამ ამათ ჩხუბში ბევრი ჩემნაირი ზიანდება, რადგან ეს დაავადება ისეთია, რომ თუ ქიმია არ გავიკეთე, მთელ ორგანიზმზე გაიქცევა, მთელ ტანს მოედება და სანამ მხოლოდ გულზე და ფილტვზე მაქვს, ოპერაცია უნდა მოვასწრო'. ინგა გრიგოლიამ ბიჭის გამოსვლას კომენტარი დაურთო: 'გთხოვთ ყველას, ამ ბიჭის პრობლემაზე გქონდეთ თქვენი რეაქცია~. რეაქცია, როგორც თვითონ ჟურნალისტმა თქვა, მართლაც უამრავი იყო ხალხის მხრიდან, რეკავდნენ და ითხოვდნენ იოსებ კვიჟინაძის საბანკო რეკვიზიტებს, მაგრამ, მეორე მხრივ, საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ, რომელმაც ამ ფაქტის მიმართ თავისი რეაქცია დააფიქსირა, განაცხადა: 'რომ ტელეკომპანია 'იმედის' ეთერში გასულ გადაცემაში არასრულწლოვანი და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა არაკეთილსინდისიერად იყო გამოყენებული წამყვანის მხრიდან'.
'მე არ მადარდებს, რას იტყვის ქარტია', - განაცხადა ტოქშოუს წამყვანმა ინგა გრიგოლიამ, რომელიც მიიჩნევს, რომ გადაცემაში არც ერთი ჟურნალისტური სტანდარტი არ დაურღვევია.
მკითხველს კი ჩემი კოლეგის პასუხად, სოციალურ ქსელში დადებული ერთ-ერთი მოქალაქის პოსტს ვთავაზობ, რაზეც სამართლიანი და ადეკვატური რეაქცია, ვფიქრობ, აუცილებლად ექნება: 'მე შემაშინა 'რე-აქციის' ავტორის რეაქციამ, რომელიც წამყვანს თურმე მხოლოდ გადაცემაში ნაჩვენები ბავშვის გამო დაუკავშირდა და არა, მაგალითად, იმ ქალბატონის გამოც, რომელიც იმავე გადაცემაში შვილის სიმსივნით გარდაცვალების საფრთხეზე საუბრობდა და რომელსაც რედაქციამ სახელიც კი ვერ მიუთითა სწორად ტიტრში. მისი ამბავი, როგორც ჩანს, არავის უკითხავს, რადგან მას შვილი არ უჩვენებია. შემაშინა, რომ საზოგადოება მხოლოდ მსხვერპლის დანახვაზე რეაგირებს და არა ინფორმაციაზე. სწორედ ამიტომ არ მიკვირს, რომ 'რე-აქციის' ავტორიც ყოველთვის არჩევს, აჩვენოს მსხვერპლი და არა ინფორმაცია'.