აშშ-თან და ევროკავშირთან ურთიერთობების გადატვირთვის საკითხი ქართულ პოლიტიკურ სპექტრში კვლავ აქტუალურია. მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ საქართველოსთან მიმართებაში, უსამართლო მიდგომების პირობებში, მნიშვნელოვანია გადატვირთვის პოლიტიკის წარმოება. ხელისუფლება მთავარ პრიორიტეტად საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს პოზიციების გაუმჯობესებას ასახელს.
ამერიკას ახალი პრეზიდენტი ჰყავს, რაც ნიშნავს იმას, რომ საქართველო ელოდება მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან ურთიერთობების დალაგებას. მაგრამ არ ჩერდება რადიკალური ოპოზიციის მთავარი ლობისტი, კონგრესმენი ჯო უილსონი, რომელიც საქართველოს გამუდმებით აშანტაჟებს და უყენებს დაუსაბუთებელ ბრალდებებს. ამჯერად უილოსონი X-ის საკუთარ გვერდზე დაფინანსებულ სტატუსში წერს, რომ „სანქციები გზაშია“.
შეგახსენებთ, რომ 2024 წლის 27 დეკემბერს, შეერთებული შტატების სახაზინო დეპარტამენტმა სანქციები დაუწესა „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარეს ბიძინა ივანიშვილს. მიზეზად ენტონი ბლინკენის უწყებამ დაასახელა კრემლის ინტერესები და საქართველო ევროატლანტიკური ტრაექტორიის რელსებიდან გადაყვანა. რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაშივ, ბრალდება ფაქტების გარეშე წაუყენეს ივანიშვილს.
სანქციერებულთა სიაშია შს მინისტრი ვახტანგ გომელაური და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორი, ზვიად ხარაზიშვილი და მისი მოადგილე მირზა კეზევაძე. უფრო ადრე „მაგნიტსკის“ სიაში აღმოჩნდნენ მოსამართლეები. ყველა შემთხვევაში სანქცია იყო დაუსაბუთებელი და პოლიტიკურად მოტივირებული. სამწუხაროდ, თეთრი სახლის ყოფილი დეპარტამენტის ხელში სანქციები იყო პოლიტიკური ზეწოლის ინსტრუმენტი, როდესაც ხდებოდა კონკრეტული პირების შანტაჟი.
საქართველოს შემთხვევაში არც ერთი დასანქცირებული პირი არ დაექვემდებარა შანტაჟს, რასაც ვერ ვიტყვით რამდენიმე დიპლომატზე და მათ შორის აშშ-ში საქართველოს ელჩზე დავით ზალკალიანზე. ასეთია რეალობა. ახლა კი უმთავრესია რა პოლიტიკას გაატარებს ახალი ადმინისტრაცია, რომელსაც უმძიმესი მემკვიდრეობა დაუტოვა ბაიდენის ადმინისტრაციამ. ალბათობა იმისა, რომ სანქციების საკითხი გადაიხედება, დიდია. თუმცა ეს მოხდება სამი დიდი მოთამაშის აშშ-ის, ჩინეთის და რუსეთის პირველი პირების შეხვედრის შემდეგ.
პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, მნიშვნელოვანი მოვლენა არის პრეზიდენტ ტრამპის ინაუგურაცია და პირველი შედეგები. შალვა პაპუაშვილის თქმით, ტრამპის პოლიტიკა დაფუძნებულია ეროვნულ ღირებულებებზე, რაც მნიშვნელოვანია.
„ჯერ ნაადრევია საბოლოო შეფასებები თუმცა აქედანვე უკვე იკვეთება რამდენიმე საკითხი, რაზეც მას ადრეც ჰქონდა საუბარი და ახლა უკვე მიმდინარეობს განხორციელება. პირველი, ეს გახლავთ ამერიკის ეროვნული ინტერესების წინ წამოწევა, რაც მნიშვნელოვანია და ნიშანდობლივია ჩვენთვისაც. ვინაიდან ჩვენს ოპოზიციას, მის გვერდში მყოფ ენჯეოებს ეროვნული ინტერესი, როგორც ტერმინი, საერთოდ დაკარგული აქვთ თავიანთი პოლიტიკური ტერმინოლოგიიდან და ესეც იყო ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც დამარცხდნენ ისინი არჩევნებში. სინამდვილეში მათ ვერ გააცნობიერეს, რომ საპარლამენტო არჩევნებში სწორედ ამ დიდ იდეებზე იყო მსჯელობა. არა მხოლოდ საქართველოში, არამედ ამერიკაშიც ეს იდეა აღმოჩნდა წამყვანი, რომ ეროვნული ინტერესები არის განმსაზღვრელი იმისთვის, რომ სახელმწიფომ, ქვეყანამ, ერმა საკუთარი მიზნები სწორად დასახოს და მიაღწიოს.
ამიტომ ამერიკაც და პრეზიდენტ ტრამპის პოლიტიკიდანაც ჩანს, რომ იქნება ორიენტირებული ამერიკის ეროვნულ მიზნებზე და ინტერესებზე. მეორე, ეს გახლავთ ლიბერალური ღირებულებების გადახედვა. ვხედავთ უკვე ამის შედეგებსაც, რაც შეეხება გენდერის საკითხებს, რაც შეეხება სხვა მიმართულებებს ამ მხრივ. და ეს გახლავთ უსაფრთხოების საკითხები, მიგრაციის პოლიტიკა“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
მაშ ასე, გადავხედოთ რას აკეთებს ტრამპის ახალი ადმინისტრაცია - „ხალხის ძალის“ წევრი, ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი ამბობს, რომ ახალი ადმინისტრაციის გადაწყვეტილებების დიდი ნაწილი აბსოლუტურ თანხვედრაშია იმ განცხადებულ და დეკლარირებულ პოლიტიკასთან, რომელსაც ორი წელიწადი და შეიძლება უფრო მეტი, ატარებს სახელისუფლებო გუნდი. ეს ეხება ლგბტ პროპაგანდასთან დაკავშირებულ საკითხებს, საერთაშორისო ორგანიზაციების დაფინანსების გამჭვირვალეობის საკითხებს და ეხება ჩვენს მისწრაფებას მშვიდობა დამყარდეს არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მის ფარგლებს გარეთაც.
„როდესაც უამრავ ამ და სხვა საკითხებთან მიმართებით არის სრული თანხვედრა საქართველოში და ამერიკაში, გამოდის, რომ ჩვენ უნდა გავყვეთ რაღაცა ალოგიკურ ცრურეალისტურ სცენარებს. ამ კუთხით თუ განვიხილავთ ამერიკის ახალი ადმინისტრაციის მიერ სანქციების გამკაცრებას, ტრამპა განაცხადა, რომ ის გადახედავს ბაიდენის მიერ გამოცემულ ბრძანებულებებს და ალბათ, სასანქციო ნაწილშიც კი. როდესაც მან უკვე გააუქმა ბაიდენის მიერ გამოქვეყნებული 78 განკარგულება, რომელიც ამა თუ იმ სფეროს ეხება და მათ შორის ყველაზე მნიშვნელონავია ჯანმოდან ამერიკის გამოსვლა და პარიზის კლიმატის ცვლილებების ხელშეკრულებიდან გამოსვლა. თუ ჩვენ თეორიულ დონეზეც კი დავუშვებთ, რომ ტრამპის მიერ გაცხადებული ეს საგარეო და საშინაო პოლიტიკა შეეხება ყველას, მინუს საქართველო, ჩემთვის ეს იქნება გაუგებარი რამ“, - აცხადებს ქართველიშვილი.
ამ ფონზე კი მნიშვნელოვანია, რას არ უნდა ველოდოთ ახალი ადმინისტრაციიდან. ანალიტიკოსის განცხადებით, ჩვენ არ უნდა ველოდოთ იმას, რომ ტრამპი თავისი მმართველობის პირველივე ნაბიჯებიდან უშუალოდ ჩაერთვება საქართველოსთან მიმართებაში თავისი პოლიტიკის გატარებაში, პირადად მიიღებს მონაწილეობას ჩვენს მიერ გაცხადებულ ამერიკა-საქართველოს შორის გადატვირთვის პოლიტიკაში, ასე ნამდვილად არ არის.
„კარგად ვხედავთ, რომ თვით ევროკავშირშიც კი ტრამპი ამ ეტაპზე ენდობა მინიმუმ ერთ ლიდერს - უნგრეთის პრემიერ-მინისტრს და როგორც მაქსიმუმ, ორ ლიდერს - იტალიის პრემიერ-მინისტრს. ასევე, არ არის გაცხადებული მისი პირდაპირი ჩართულობა ცენტრალური აზიის თუ სამხრეთ კავკასიის საკითხებში. მაგრამ ჩვენთვის ძალიან საინტერესო იქნება, ვინ წარადგენს სახელმწიფო დეპარტამენტის ახალ შემადგენლობას იმავე სამხრეთ კავკასიაში. ვინ იქნება სახ.დეპარტამენტის წარმომადგენელი ჩვენს რეგიონში. სწორედ ამ ადამიანთან მოგვიწევს გადატვითვისაკენ მიმავალი საკითხების გადაჭრა და არა უშალოდ დონალდ ტრამპთან.
ამას ძალიან სასაცილოდ წარმოაჩენდნენ ჩვენი ე.წ. ოპოზიციის ე.წ. ლიდერები, რომლებმაც დახატეს „კარწინკა“ თითქოს ექს-პრეზიდენტი ზურაბიშვილი, „ლელოს“ ლიდერშიპი, თუ ბოკერია-ჩერგოლეიშვილის წყვილი უმაღლეს დონეზე იქნა მიღებული ტრამპის ინაუგურაციის წინ, თუ ინაუგურაციის დღეს. ეს არის ბლეფი და სამარცხვინო წარმოჩენა საკუთარი თავებისა. ჩვენი ხელისუფლება არ უნდა მიემსგავსოს მათ და რაღაცა პრეტენზიები განაცხადოს იმაზე, რატომ არ ელაპარაკება დონალდ ტრამპი პირდაპირ ჩვენი ხელისუფლების უმაღლესი ეშელონების პირებს.
კიდევ ერთხელ ვამბობ, ტრამპი, ევროპაშიც, აზიაშიც და კავკასიაშიც თავისი ნდობით აღჭურვილი პირების მიერ იწყებს თავისი ურთიერთობის განახლებას ამ რეგიონებთან. დაველოდოთ საქართველოში სახელმწიფო დეპარტამენტის ახალ წარმომადგენელს და მასთან დავალაგოთ ის აუცილებელი ურთიერთობები, რომელიც სანქციების მოხსნას, თუ შერბილებას და ასევე ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობის გადატვირთვას შეეხება“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას დავით ქართველიშვილი.
პოლიტოლოგ თამარ კიკნაძის შეფასებით, როგორც წესი, პოლიტიკაში არავინ არ იქცევა თავისი ქვეყნის საწინააღმდეგოდ. მისი თქმით, საქართველოს წინააღმდეგ სანქციების დაწესების უმთავრესი მიზეზი არის კანონი ლგბტ პროპაგანდის აკრძალვის შესახებ, ფინანსური გამჭვირვალეობა და ქვეყნის ომში არ ჩართვა. თუ ამ თვალსაზრისით განვიხილავთ ტრამპის პოლიტიკას, სამივე პრობლემაში არის თანხვედრა.
„ტრამპი მოვიდა რიტორიკით, რომ შეაჩერებს ომს, რომელიც ჩვენთვის ძალიან დიდი საფრთხე იყო. რაც შეეხება გენდერულ პოლიტიკას, რაზეც ჩვენ ევროპა და კოლექტიური დასავლეთი გვაკრიტიკებდა, აქაც თანხვედრაა. ტრამპი ძალიან გასაგებად ამბობს და კონგრესმაც მიიღო გადაწყვეტილება, რომ ქალი ქალია და კაცი კაცია. ასევე ფინანსური გამჭვირვალეობა, ესეც ტრამპის დღის წესრიგშია. ტრამპი ამბობს, რომ საჭიროა გამოკვლეული იქნას ის უდიდესი ფინანსური დანახარჯები, რომელიც მთელს მსოფლიოში იგზავნებოდა, მათ შორის საქართველოში და რას ხმარდებოდა - არასამთავრობო სექტორს, მასმედიას, რომ აქ შეექმათ საქართველოსთვის არახელსაყრელი პირობები და იქამდეც მიდიოდნენ, რომ მცდელობები იყო სახელმწიფო გადატრიალების.
ასე რომ, ოპოზიციის ის რიტორიკა - ტრამპი არაფერს არ შეცვლის, არ არის სწორი. სულ ვამბობ, რომ საქართველოს ხელისუფლება იქცევა ადეკვატურად. ყველაფერ ამის შესახებ მას ჰქონდა ინფორმაცია, რომელიც ადეკვატურად გამოიყენა და იმედია, ნელ-ნელა დალაგდება ურთიერთობები აშშ-თან. რაც მთავარია, ტრამპი დიალოგის რეჟიმში აპირებს ყოფნას როგორც რუსეთთან, ისე ჩინეთთან. რა თქმა უნდა, წინააღმდეგობები იქნება, მაგრამ პოლიტიკა არის ვაჭრობის სფერო. ჯობია ასეთი ვაჭრობა იყოს და ამის შედეგად მშვიდობიანი გზით ამერიკა ბევრ სარგებელს ნახავს“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას თამარ კიკნაძე.