"პუტინის განცხადებას ოფიციალურმა თბილისმა ისე უპასუხა, როგორც უნდა ეპასუხა. დღევანდელი მდგომარეობიდან გამომდინარე, საქართველოსა და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრა მოსკოვსაც ხელს აძლევს და თბილისსაც. ჩემი აზრით, შეხვედრა უნდა შედგეს ნეიტრალურ ტერიტორიაზე და არა სოჭში ან რუსეთის სხვა ქალაქში. თუ შეხვედრა შედგა, მას ორივე მხარე გამოიყენებს პოზიციის კიდევ ერთხელ დასაფიქსირებლად და ამიტომ არ უნდა გვქონდეს იმედი, რომ ორი ქვეყნის ურთიერთობაში რაიმე რადიკალურად შეიცვლება, თუმცა პირდაპირ დიალოგს აზრი ყოველთვის აქვს. ქვეყანაში გადაწყვეტილებებს ღარიბაშვილი იღებს, თუმცა კონსტიტუციის მიხედვით, ქვეყნის პირველი პირი გიორგი მარგველაშვილია - ამიტომაც პუტინს სწორედ ის უნდა შეხვდეს. მით უმეტეს, პირველი შეხვედრ, რა თქმა უნდა, ფორმალური იქნება", - აცხადებს ექსპერტი ვახტანგ ძაბირაძე გაზეთ "კვირის პალიტრისთვის" მიცემულ ინტერვიუში, სათაურით "თუ შეხვედრა შედგა, მართალია, ფორმალური იქნება, მაგრამ მნიშვნელოვანი" / "თუ სამართლიანობის აღდგენა საკადრო თემაზეა მიბმული, ხელისუფლებამ დაუყოვნებლივ უნდა გამოასწოროს მდგომარეობა".
"მართალია, შეხვედრა ფორმალური იქნება, მაგრამ მნიშვნელოვანი. რუსეთი აუცილებლად შეეცდება, ხელი შეუშალოს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების გაფორმებას, პუტინი საამისოდ ამ შეხვედრასაც გამოიყენებს. რუსეთს შემუშავებული და დამუშავებულიც ექნება გეგმა, რომელმაც, მისი აზრით, საქართველოს ევროკავშირთან დაახლოება უნდა შეაფერხოს. გეგმა, სავარაუდოდ, ნებისმიერ სცენარს ითვალისწინებს, დაწყებული საბოტაჟით და დამთავრებული სოციალური უკმაყოფილების პროვოცირებით. თუ შეხვედრები შედგა, რუსული მხარე მოსინჯავს საქართველოს ხელისუფლების პოზიციას, შეეცდება, დაადგინოს მისი უსუსტესი წერტილი. თავის მხრივ, ქართულ მხარესაც მიეცემა გაანალიზების საშუალება, კონკრეტულად საიდან არის მოსალოდნელი საფრთხე. ცუდად ვხდები, ზოგიერთი ექსპერტის განცხადება რომ მესმის, მეტი რაღა უნდა გვიქნას რუსეთმაო. ასე არ არის და მეჩვენება, რომ ხელისუფლებაც მეტისმეტად მშვიდად არის. იმედია, მალე გამოვფხიზლდებით და ყველა გამოწვევას მომზადებული შევხვდებით", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ ძაბირაძე.
"მინდა ორიოდ სიტყვა ვთქვა ტელეკომპანია "იმედში" საკრებულოს უმცირესობასა და უმრავლესობას შორის ფიზიკურ დაპირისპირებაზე. უმრავლესობაში ბევრი ყოფილი "ნაციონალია", ბევრი მათგანი თანამონაწილეა იმ დანაშაულებისა, რასაც ეს გუნდი წლების განმავლობაში სჩადიოდა. შესაბამისად, ისინი აგრესიით ცდილობენ, დაამტკიცონ, რომ ამ გუნდთან აღარაფერი აკავშირებთ. ყოფილი თანაგუნდელები ერთმანეთის მიმართ ყოველთვის გამოირჩევიან აგრესიულობით და ეს უახლესმა ისტორიამაც დაადასტურა. ასე რომ, რაც "იმედში" მოხდა, მაინცდამაინც საკვირველი არ ყოფილა", - განაგრძობს რესპონდენტი.
"როგორც უნდა ჩატარდეს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, წინასწარ შეგვიძლია ვთქვათ, თუ როგორი შეფასება მოჰყვება დასავლეთისგან, - იყო მცირე ხარვეზები, მაგრამ მთლიანობაში დემოკრატიულ სტანდარტებს შეესაბამებოდაო. თუმცა, ჩვენთვისაა კარგი, ისეთი საარჩევნო კანონი და თვითმმართველობის კოდექსი მივიღოთ, რომ საზოგადოებაში ეჭვის საბაბი არ იყოს და სალაპარაკოც არ გახდეს. მუდამ იმის თქმა, რომ მომავალში იგეგმება კანონმდებლობის საბოლოო დახვეწა, არ შეიძლება. ასე ამბობდნენ წინა ხელისუფლებები და როგორ არჩევნებსაც ატარებდნენ და როგორ დაასრულეს საქმიანობა, კარგად ვიცით. ერთხელ და სამუდამოდ უნდა მოვაგვაროთ საარჩევნო კანონმდებლობის პრობლემა, ამ პროცესის გაჭიანურება არ შეიძლება, სამართლიანობის აღდგენისა არ იყოს", - მიიჩნევს ექსპერტი.
"პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა ბრძანა, რომ ქვეყანაში სამართლიანობის აღდგენა მიმდინარეობს. თუმცა, ფაქტია, რომ საზოგადოებაში სამართლიანობის აღდგენის გააქტიურების უფრო მეტი მოლოდინია და ის ჯერჯერობით ამაოა, რაც მოსახლეობას აღიზიანებს. გასაგებია, რომ სამართალდამცავ ორგანოებში ჯერ კიდევ ბევრია "ნაციონალებთან" დაკავშირებული კადრი, რომლებიც ხშირად თავადაც დანაშაულის თანამონაწილენი იყვნენ. რა თქმა უნდა, მათი გადამკიდე ძნელი წარმოსადგენია, რომელიმე საქმის გამოძიება ბოლომდე მივიდეს. მაგრამ ხელისუფლება სწორედ იმიტომაცაა ხელისუფლება, რომ ეს პრობლემა მოაგვაროს. წინააღმდეგ შემთხვევაში, საზოგადოების უკმაყოფილება თავად ამ ხელისუფლების მიმართ გაიზრდება. ამიტომ, თუ სამართლიანობის აღდგენა საკადრო თემაზეა მიბმული, ხელისუფლებამ დაუყოვნებლივ უნდა გამოასწოროს მდგომარეობა", - ამბობს ვახტანგ ძაბირაძე.
"საზოგადოებაში უნდა იყოს იმის შეგრძნება, რომ სამართლიანობის აღდგენაზე ხელისუფლება მუშაობს. თუ უგულავამ მართლაც მიითვისა 50 მილიონი და ამის გამოძიება პრობლემად გადაიქცა, სულ მცირე, გამომძიებლებისა თუ პროკურორების არაპროფესიონალიზმზე უნდა ვისაუბროთ. გახსოვთ, ალბათ, როგორი კატეგორიული იყო ადრე დასავლეთი და ხელისუფლების ყოფილი მაღალჩინოსნების მიმართ უფრო ლიბერალურ მიდგომას ითხოვდა. დღეს ჩვენი ევროპელი თუ ამერიკელი პარტნიორები ასეთი კატეგორიულები აღარ არიან და შესაბამისად, ეს ბარიერი აღარ არსებობს. ამიტომ რაც გამოსაძიებელია, უნდა გამოიძიონ", - დასძენს რესპონდენტი