დაბრუნდება თუ არა თანამდებობაზე სოფლის მეურნეობის ყოფილი მინისტრი დავით კირვალიძე? - ეს შეკითხვა აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც 2014 წლის 4 თებერვალს, საქართველოს მთავარმა პროკურატურამ, ე.წ. ტრაქტორების საქმეზე სასამართლოდან საქმე გაიტანა და სოფლის მეურნეობის მაღალჩინოსნებს დიდი ოდენობით თანხის გაფლანგვის ბრალდებაც მოუხსნა. ისე, თავის დროზე ითქვა, რომ “ტრაქტორების საქმე” ჩვეულებრივი პოლიტიკური ინტრიგა იყო, ანუ ვიღაცები სოფლის მეურნეობის იმჟამინდელი მინისტრის, დავით კირვალიძის მოშორებას ცდილობდნენ, რადგან ბიძინა ივანიშვილი მას პატივს სცემდა და ენდობოდა. ამასთან, კირვალიძის მოშორების კიდევ ერთ ვერსიაზე საუბრობდნენ - ვინაიდან კირვალიძეს მინისტრის პორტფელი “ვარდების რევოლუციამდეც” ჰქონდა, უნდა მომხდარიყო ე.წ. შევარდნაძის მინისტრების დისკრედიტაცია, რადგან ივანიშვილს მათზე აქცენტი არ გაეკეთებია. ასევე, მოარული ინფორმაციით, ამ კამპანიის ერთ-ერთი სავარაუდო ავტორი, შევარდნაძისდროინდელი მაღალჩინოსანი, ლაშა ნაცვლიშვილი იყო, რომელსაც პრემიერად ირაკლი ღარიბაშვილის დანიშვნამდე, მთავარი პროკურორის მოადგილის თანამდებობა ეკავა. “ქართული სიტყვის” ინფორმატორთა ვერსიით, ნაცვლიშვილი ცდილობდა, ყველას დისკრედიტაცია მოეხდინა, რადგან ივანიშვილს მხოლოდ მისი ნდობა ჰქონოდა, თუმცა, თუ ბოლოდროინდელი მოვლენებით ვიმსჯელებთ, ნაცვლიშვილის “გათიშე და იბატონეს” სტრატეგიამ ფიასკო განიცადა... „ტრაქტორების საქმის“ ახალ დეტალებზე “ქართულ სიტყვას” ადვოკატი ლევან სამუშია ესაუბრა.
- ბატონო ლევან, პროკურატურის მხრიდან ე.წ. ტრაქტორების საქმის სასამართლოდან გამოთხოვას ელოდით?
- ვიცოდი, ასე რომ მოხდებოდა, რადგან გამოძიებას ერთი მტკიცებულებაც არ ჰქონდა და ცდილობდა, დანაშაულის ნიშნები როგორმე მოეპოვებინა და იქამდეც კი მივიდა, რომ საქართველოს მთავრობის წევრზე, მოქმედ მინისტრზე ფარული მოსმენის ნებართვა მოითხოვა. მათი მოსმენის, ასე ვთქვათ, შედეგები კი, ვისზეც სასამართლომ მოსმენის ნებართვა გასცა, საქმის მასალებში არ იდო.
- რატომ?
- პროკურატურამ საჭიროდ არ ჩათვალა, რომ ეს მასალა საქმეში ჩაედო. გამოძიებას, რამე ხელშესახები რომ ჰქონოდა, ბუნებრივია, წარმოადგენდა, მაგრამ დანაშაული არ მომხდარა და არჩადენილ დანაშაულზე მტკიცებულების მოპოვება ალოგიკურია - რაც არ იყო, რას ნახავდა?! სხვათა შორის, პრემიერმა ივანიშვილმა “ტრაქტორების საქმეზე” ბრალდებულები კორუფციაში დაადანაშაულა და მათი ბრალეულობა თითქმის დადასტურებულად სცნო. ამ განცხადებით გაოცებული დავრჩი, რადგან ეს სასამართლოზე ზეწოლა და უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევა იყო. ახლა კი გაირკვა, რომ დავით კირვალიძე და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სხვა მაღალჩინოსნები, თურმე, უდანაშაულონი არიან. კარგია, რომ ხელისუფლებამ შეცდომა აღიარა.
- თავის დროზე ითქვა, რომ დავით კირვალიძის წინააღმდეგ გარკვეული ჯგუფი მუშაობდა...
- არ მინდა, პოლიტიკური განცხადებები გავაკეთო, რადგან პოლიტიკოსი არ ვარ, მაგრამ, როგორც ვიცი, საუბარი იყო “მსოფლიო ტექნიკის” დამფუძნებელ ზვიად ბრეგვაძეზე, რომელიც ტრაქტორების ბაზარზე მონოპოლისტად ითვლება. ასევე, კონსტანტინე ხუცაიძე დააკავეს, რომელიც სპეციფიკაციის დამდგენი კომისიის თავმჯდომარე იყო. სასამართლომ მას აღმკვეთი ღონისძიება არ შეუფარდა. ბრალდების მხარის პოზიცია ხუცაიძისთვის წაყენებულ ბრალდებაში გამოიკვეთა - კონსტანტინე ხუცაიძემ და სხვა პირებმა თითქოს წინასწარ იცოდნენ, რომ “ზეტორის” ტრაქტორები უნდა შეეძინათ... ბრალდება ცდილობდა, შეექმნა მოტივი, რომ თითქოს ქაიხოსროშვილმა წააქეზა ეს ხალხი და მიაღებინა ამ ტრაქტორების ყიდვის გადაწყვეტილება. ამაზე უფრო შორს გამოძიების ფანტაზია ვერ წავიდა.
რაც შეეხება ბრალდების პირველად მოტივს საბიუჯეტო სახსრების გაფლანგვის შესახებ, ტრაქტორების ყიდვა მოხდა ბიუჯეტიდან გამოყოფილი ფულით: ეს თანხა გადაირიცხა სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოში. შემდეგ, სააგენტომ თანხა გადასცა შპს „მექანიზატორს“, რომელიც მის საწესდებო კაპიტალში აისახა. შემდეგ, ამ ფულით მოხდა ტექნიკის შეძენა. თანხა არ გამქრალა და არც მითვისებაზე, ან ჯიბეში ჩადებაზე იყო დავა, უბრალოდ, გამოძიება ამტკიცებდა, თანხის დაზოგვის მიზნით, ძვირიანი ტექნიკის ნაცვლად, იაფიანი უნდა ეყიდათო, თუმცა ყველას კარგად მოეხსენება, რომ ახალი და ხარისხიანი ტრაქტორის ყიდვა იაფად ვერ მოხდებოდა.
- საქართველოს მთავრობის სპეციალურმა მრჩეველმა თომას ჰამერბერგმა მაშინდელ მთავარი პროკურორის მოადგილეს, ლაშა ნაცვლიშვილს წერილი მისწერა, სადაც ნათქვამი იყო, რომ ტრაქტორების საქმეზე დაჭერილი პირები დაუყოვნებლივ უნდა გაეთავისუფლებინათ. საქმის სასამართლოდან გამოთხოვის საფუძველი ეს ხომ არ გახდა?
- დიახ, თომას ჰამერბერგმა მაშინვე დაადასტურა, რომ სოფლის მეურნეობის სამინისტროს მაღალჩინოსნების დაკავების საფუძველი არ არსებობდა. შპს „მექანიზატორისა“ და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მაღალჩინოსნები სახელმწიფოს კუთვნილი ქონების დიდი ოდენობით თანხების გაფლანგვაზე, სამსახურეობრივ გულგრილობასა და ექსპერტებზე ზეწოლისთვის იყვნენ დაკავებულნი. საქმის ირგვლივ ბევრი მტკიცებულება არსებობდა, მათ შორის, ქართველი და უცხოელი ექსპერტების დასკვნები, საიდანაც დაკავებულების უდანაშაულობა ჩანდა. ამიტომ განაჩენიც ადექვატური დადგა.
- ბატონო ლევან, რა ამის პასუხია და, ხელისუფლების შეცვლა მართლმსაჯულებას დაეტყო?
- ხარვეზები ისევ არის, თუმცა სასამართლოზე პოლიტიკური ზეწოლა ნაკლებია და ამაზე გამოტანილი განაჩენებიც მეტყველებს.
რაც შეეხება მოსამართლეებს, არსებობენ სამართლიანი მოსამართლეები, მაგრამ ზოგი ზუსტად ისეთივეა, როგორიც ცხრა წლის განმავლობაში იყო.
- რაკი მთავარმა პროკურატურამ სასამართლოდან ტრაქტორების საქმე გამოითხოვა და ექსმინისტრის უდანაშაულობა დამტკიცდა, დავით კირვალიძე ძველ სამსახურს ხომ არ დაუბრუნდება?
- დავით კირვალიძე თანამდებობიდან ნებით გადადგა, რაც ყველამ, მათ შორის, მაშინდელმა პრემიერმა, ბიძინა ივანიშვილმაც მოუწონა და დაამატა, თუ კირვალიძეს სასამართლო გაამართლებს, მზად ვიქნები, თანამდებობაზე დავაბრუნოო. მოკლედ, სიტყვა ნათქვამია, ახლა ჯერი მათზეა - ივანიშვილის ყოფილ ფავორიტ მინისტრს მთავრობაში დააბრუნებენ თუ არა.