...შინ მისვლა დააგვიანდა... ახლობლებმა ძებნა დაუწყეს, მაგრამ ამაოდ - ვერსად მიაკვლიეს, არც ტელეფონს პასუხობდა... დასახმარებლად სამართალდამცავებს მიმართეს... საბურთალოს პოლიციამ ადამიანის გაუჩინარების თაობაზე საქმის კურსში შსს-ს თბილისის მთავარი სამმართველო ჩააყენა...
გენადი ლ-ძის ძებნა მისი სამუშაო ადგილიდან დაიწყო... ყაზბეგის გამზირზე მისულ შსს-ს თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსს, გიგი დალაქიშვილსა და მის მოადგილეს, ნიკა სამარყანაშვილს, ერთი შეხედვით, საეჭვო არაფერი დახვდათ, მაგრამ... ყაზბეგის ¹17-ში მდებარე ლომბარდის მეპატრონე უცნაურად იქცეოდა: ოთახში იყო ჩაკეტილი და თვალი სამართალდამცავებს მოჰკრა თუ არა, ცოტა არ იყოს, ანერვიულდა. გიგი დალაქიშვილსა და ნიკა სამარყანაშვილს ეს დეტალი არ გამოპარვიათ და... კვანძის გახსნაც სწორედ აქედან დაიწყო...
გენადი ლ-ძე და ივანე კ. ერთმანეთის გვერდიგვერდ საქმიანობდნენ. ერთს ვალუტის გადამცვლელი ჯიხური ჰქონდა, მეორეს - ლომბარდი. მეზობლები თითქმის თანატოლები იყვნენ - გენადი ლ-ძე 1958 წელს იყო დაბადებული, ივანე კ - 1956-ში და, წესით, საერთო ენის გამონახვა არ უნდა გასჭირვებოდათ, მაგრამ როგორც ჩანს, მათ შორის მტრობა ჩამოვარდა. მტრობის მიზეზი კი, თურმე, ფული გახდა...
სხვათა შორის, მოგვიანებით, ანუ 15-საათიანი მოლაპარაკებებისას, გიგი დალაქიშვილმა და ნიკა სამარყანაშვილმა გაარკვიეს, რომ ივანე კ. ყოფილი პოლიციელია - კომუნისტების დროს ე.წ. ობეხეეს-ში უმუშავია და, შესაბამისად, იარაღის ტარების უფლებაც აქვს...
უძრაობის, ანუ კომუნისტების დროს “ობეხეესი” ძალოვანი უწყება კი იყო, მაგრამ ძირითადად, ეკონომიური დანაშაულის ხაზით მუშაობდა და ამ უწყების თანამშრომელთა უმეტესობამ ისეთ მძიმე დანაშაულში ეჭვმიტანილის, როგორიც, მაგალითად, მკვლელობაა, აყვანის სპეციფიკა, ბუნებრივია, არ იცოდა... ამ მხრივ გამონაკლისი, როგორც ჩანს, არც ივანე კ. იყო, თორემ შსს-ს თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსსა და მის მოადგილესთან 15-საათიან დიალოგში არ შევიდოდა და მათ, ალბათ, არც ჩაკეტილი ურდულის ოდნავ გახსნაზე დასთანხმდებოდა...
მაშ ასე, 2014 წლის 4 თებერვალი...
საქართველოს დედაქალაქში ჰაერის ტემპერატურა მინუს 13 გრადუსია...
ყაზბეგის ¹17-ში დრამატული ვითარებაა: ლომბარდში ჩაკეტილი, ჩუნური წარმოშობის 58 წლის მამაკაცი არაადექვატურად იქცევა: ხან ამბობს, არავინ მომიკლავს, გვამი შემომიგდესო, ხან - დამნაშავე არ ვარ, მაგრამ თავი უნდა მოვიკლაო...
შსს-ს თბილისის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელობა ცდილობს, ივანე კ-ს, რომელიც ხელიდან იარაღს არ უშვებს, თვითმკვლელობა გადააფიქრებინოს.
- სანთელი აანთე, - სთავაზობს დალაქიშვილი ლომბარდში ჩაკეტილ მამაკაცს.
უცნაურია, მაგრამ ივანე კ. სამართალდამცავის ნებას ჰყვება და სანთელს ანთებს...
მერე, პოლიციის მაღალჩინოსნებს საუბარი სხვა თემაზე გადააქვთ - ივანე კ-ს ძველ დროს ახსენებენ და, მისი ნდობა რომ მოიპოვონ, ეკითხებიან, აი, ამ და ამ პიროვნებას თუ იცნობ, ეგეც “ობეხეეს”-ში მუშაობდაო...
ივანე კ. დროდადრო მშვიდდება, მერე კი, ისევ, იძაბება და კვლავ თვითმკვლელობით იმუქრება...
ამასობაში დრო გადის...
დაღამდა...
შემთხვევის ადგილზე სპეცრაზმი მივიდა...
ლომბარდში ჩაკეტილი მამაკაცი ყაზბეგის გამზირის გარკვეულ პერიმეტრს შიდა სათვალთვალო კამერით აკონტროლებს და იმუქრება, თუ ალყაში მომაქცევთ, მაშინვე თავს მოვიკლავო...
შსს-ს მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელობა სპეცრაზმის მეთაურს ეუბნება, რომ სიტუაციას აკონტროლებს და შტურმი საჭირო არაა, მაგრამ ნათქვამია, ეშმაკს არ სძინავსო და სპეცრაზმი ისეთ პერიმეტრზე მაგრდება, რომელიც ლომბარდის სათვალთვალო კამერით არ ჩანს...
ყაზბეგის გამზირზე განვითარებული მოვლენების შესახებ შს მინისტრი ალექსანდრე ჭიკაიძე ინფორმაციას ყოველ წუთს იღებს... შემთხვევის ადგილას კი, მინისტრის მოადგილე იმყოფება...
უკვე არსებობს გონივრული ეჭვი, რომ გენადი ლ-ძე ლომბარდში გამოკეტილმა ივანე კ-მ მოკლა...
თენდება...
სიტუაცია ისევ დრამატულია - ლომბარდში ჩაკეტილი, იარაღმომარჯვებული მამაკაცი ხან ყავას სვამს, ხან - სანთელს ანთებს...
ლომბარდის ე.წ. ფოიეში, 13-გრადუსიან ყინვაში, შსს-ს თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსი და მისი მოადგილე დგანან...
მიზანი ერთია - ყველაფერი უსისხლოდ უნდა დამთავრდეს...
ამასობაში, ყაზბეგის გამზირზე მიმდინარე მოვლენებზე ინფორმაცია ჟურნალისტების ყურამდეც აღწევს, თუმცა მედია პროფესიონალიზმის უმაღლეს კლასს აჩვენებს - სპეცოპერაციის დამთავრებამდე მომხდარზე მინიშნებითაც კი არაფერს ამბობს...
- მორჩა, თავს არ ვიცოცხლებ! - ამბობს ივანე კ.
- ვიდრე თავს მოიკლავ, კიდევ ერთი სანთელი აანთე, - სთავაზობს შსს-ს მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელი.
ივანე სანთელს ანთებს...
- რადგან თავი უნდა მოიკლა, გასაღები მოგვეცი, აქედან როგორმე ხომ უნდა გაგასვენოთ?! - საუბარში შსს-ს მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე ერთვება.
ივანეს ეს, როგორც ჩანს, ჭკუაში უჯდება: ოთახის ბოლოსკენ მიდის, სადაც “ფორთოჩკაა” - გასაღები იქიდან უნდა გადმოაგდოს.
ლომბარდი მხოლოდ გასაღებით კი არა, ურდულითაცაა დაკეტილი...
- კარგია, რომ გასაღები მოგვეცი, მაგრამ გასაღებს რა აზრი აქვს, თუ ცოტა ურდულსაც არ გასწევ? - ძალოვანები ვა-ბანკზე მიდიან და, როგორც იტყვიან, მიზანი საშუალებას ამართლებს, ივანე იარაღს მაგიდაზე დებს და ურდულს ოდნავ სწევს...
აშკარაა, მისი ყურადღება უკვე მოდუნებულია. სამართალდამცავები ამით სარგებლობენ - ლომბარდის კარს ჯერ გასაღებით ხსნიან, შემდეგ კი, ამტვრევენ...
ივანე გონებას კარგავს...
ლომბარდში შესულ შსს-ს თბილისის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელობა ზეწარში გახვეულ გვამს პოულობს... ეჭვგარეშეა - გარდაცვლილი წინა დღეს გაუჩინარებული გენადი ლ-ძეა. როგორც ჩანს, ივანე შებინდებას ელოდა, რომ გენადი ლ-ძის ცხედარი მოეშორებინა, ზეწარშიც ამიტომ გაახვია, მაგრამ გეგმის სისრულეში მოყვანა არ დასცალდა...
მოკლედ, ეჭვმიტანილის დაყოლიებას, 15 საათის განმავლობაში, შსს-ს თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსი და მისი მოადგილე ცდილობდნენ.
მცდელობა წარმატებული აღმოჩნდა - სპეცოპერაცია უსისხლოდ დამთავრდა.
სხვათა შორის, “ქართულ სიტყვას” ვეტერანმა ძალოვანებმა ისიც უთხრეს, რომ ასეთი წარმატებული სპეცოპერაცია საქართველოში კომუნისტების დროსაც არ ჩატარებულა...
შსს-ს ცნობით, 4 თებერვალს, ყაზბეგის გამზირზე მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, საქმე სსკ-ის 108-ე მუხლით აღიძრა, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს...