ეს ადამიანები ბაიდენის ადმინისტრაციიდან ჩვენს გუნდში რეკავდნენ, შეურაცხყოფას გვაყენებდნენ და გვიყვიროდნენ, მთელი ეს დოკუმენტები საჯაროდაა ხელმისაწვდომი.
ღმერთო ჩემო, რომელიმე ასეთი საუბარი ხომ არ ჩაიწერეთ?
ვფიქრობ არა, ეს ჩვენ არ გაგვიკეთებია, მაგრამ გვაქვს Email-ები, რომლებიც იმავე შინაარსისაა და საჯაროდ არის გამოქვეყნებული. ბოლოს იმ ზომამდე მიგვიყვანეს, რომ მათ პირდაპირ ვუთხარით − არ ვაპირებთ სიმართლის წაშლას ჩვენი პლატფორმებიდან, ეს უბრალოდ სასაცილო იქნებოდა. ისინი გვთხოვდნენ ლეონარდო დიკაპრიოს მიმის წაშლას, სადაც ის ტელევიზორს უყურებს და „კოვიდ“-ვაქცინის შესახებ არსებულ პოლიტიკას აშარჟებს. ეს ჩვეულებრივი მიმი იყო, თუმცა მათთვის ეს პრინციპული საკითხი აღმოჩნდა და მკაცრად მოგვთხოვეს მისი ამოღება. ჩვენი პასუხი იყო, რომ არ ვაპირებდით იუმორისტული და სატირული შინაარსის მქონე მასალის გაუქმებას, არ ვაპირებდით სიმართლის შეზღუდვას. გარკვეული დროის შემდეგ ბაიდენმა ერთ-ერთ პრესკონფერენციაზე საჯაროდ განაცხადა, რომ ჩვენ ადამიანების დაღუპვაში ვართ დამნაშავეები, რის შემდეგაც მთელი ქვეყნის საგამოძიებო უწყებები აგვედევნნენ. ეს ძალიან მძიმე პერიოდი აღმოჩნდა ჩვენთვის. პანდემიის დასაწყისში გავიაზრეთ, რომ აუცილებელი იყო ანგარიში გაგვეწია მთავრობისა და ჯანდაცვის უწყებისთვის, იმასთან დაკავშირებით, თუ როგორი უნდა ყოფილიყო ჩვენი პოლიტიკა „კოვიდთან“ დაკავშირებით. თუმცა მიდგომები და ინფორმაცია ძალიან ხშირად იცვლებოდა. თავდაპირველად გავრცელდა ინფორმაცია, რომ სამედიცინო ნიღბები ძალიან მნიშვნელოვანია პრევენციული ზომებისთვის, შემდეგ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ნიღბები ისეთი მნიშვნელოვანიც არ იყო, როგორც მიგვაჩნდა. დროთა განმავლობაში მუდმივად ვრცელდებოდა ურთიერთსაწინააღმდეგო ინფორმაცია, რაც ძალიან გვირთულებდა სწორი პოზიციის დაკავებას. ბაიდენის ადმინისტრაციის საწყის პერიოდში სიტუაციამ პიკს მიაღწია, როდესაც მათ ვაქცინაციის ახალი პროგრამის დანერგვა დაიწყეს. პირადად მე ვაქცინაციის მომხრე ვარ ზომიერების ფარგლებში, მაგრამ ამავდროულად უნდა ვაღიარო, რომ პროგრამის პოპულარიზაციასთან ერთად, მთავრობა ყველაფერს აკეთებდა ვაქცინაციის საწინააღმდეგო ხმათა დასაცენზურებლად. ბაიდენის ადმინისტრაცია ძალიან ძლიერ ზემოქმედებას ახდენდა ჩვენზე, რათა ჩაგვეხშო ის ინფორმაცია, რაც პრინციპში სიმართლე იყო. მათ პირდაპირ გვითხრეს, რომ უნდა წაგვეშალა ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც ყურადღებას გაამახვილებდა ვაქცინის უკუშედეგებზე. ჩვენ ამაზე დავფიქრდით და მივიჩნიეთ, რომ ეს ფუნდამენტურად არასწორი ნაბიჯი იქნებოდა.
კონკრეტულად ვისზე საუბრობთ? ვინ გაიძულებდათ ვაქცინის უკუშედეგებზე ინფორმაციის შეზღუდვას?
ეს ბაიდენის ადმინისტრაციის ხალხი იყო.