2024 წელი საკმაოდ დატვირთული აღმოჩნდა, როგორც გლობალური თვალსაზრისით, ისე საქართველოს შიდა პროცესებით. ქვეყანაში პროტესტი ახალი წლის დღეებშიც არ წყდება - 31 დეკემბერსაც დაანონსებულია შეკრება პარლამენტის წინ. საკმაოდ დაძაბული მომენტები გაიარა ქვეყანამ ნოემბერ-დეკემბერში, თუმცა ანალიტიკოსები არანაკლებ იანვარ-თებერვალს ელიან.
შიდა მოვლენებში ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი ანალიტიკოსებისთვის 26 ოქტომბრის არჩევნები იყო. ამას მოჰყვა პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის 28 ნოემბრის ცნობილი განცხადება და უწყვეტი ქუჩის პროტესტი, დასავლეთიდან კი სანქციები. მათ შორის აშშ-ს სახაზინო დეპარტამენტმა „ოცნების" საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი დაასანქცირა, რასაც ანალიტიკოსები ყველაზე ნაკლებად ელოდნენ.
რაც შეეხება მთავარ გლობალურ პოლიტიკურ მოვლენებს, ექსპერტები ასეთად პირველ რიგში ასახელებენ აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებზე დონალდ ტრამპის გამარჯვებას და სირიაში პრეზიდენტ ბაშარ ალ ასადის რეჟიმის დამხობას.
ყოველივე ამის ფონზე, საქართველოსთვის ეს წელი გამორჩეული და დასამახსოვრებელი იყო ისტორიული სპორტული მიღწევებით.
ისტორიაში პირველად, საქართველოს საფეხბურთო ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე ითამაშა და ივნის-ივლისში საკმაოდ შთამბეჭდავი მატჩებიც ჩაატარა, ტურნირს მასპინძლობდა გერმანია. ფეხბურთმა საქართველო 2024 წელს კიდევ ერთხელ გააერთიანა.
წარმატებით იასპარეზეს ქართველმა სპორტსმენებმა პარიზის ოლიმპიადაზე ივლისში. ისინი საქართველოში შვიდი მედლით დაბრუნდნენ, რაც ასევე საუკეთესო შედეგია დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში. აქედან ოქროს მედლები ძიუდოისტმა ლაშა ბექაურმა, მოჭიდავე გენო პეტრიაშვილმა და ძალოსანმა ლაშა ტალახაძემ მოიპოვეს. ჯგუფურში ჩათვლაში საქართველოს 21-ე ადგილი ერგო.
გარდა ამისა, ასევე ისტორიაში პირველად, UFC-ის მსოფლიო ჩემპიონობა 2024 წელს ორმა ქართველმა მოიპოვა - ილია თოფურიამ, რომელმაც 18 თემერვალს გამართულ გადამწყვეტ ბრძოლაში ალექსანდრე ვოლკანოვსკი დაამარცხა და მერაბ დვალიშვილი, რომელმაც 14 სექტემბერს მოქმედ ჩემპიონ შონ ომაილის სძლია.
წლის მთავარი მოვლენები საქართველოში
ერთ-ერთი მთავარი მოვლენა 2024 წლის ოქტომბრის არჩევნები იყო, რომელსაც მხარეები რეფერენდუმის მნიშვნელობას ანიჭებდნენ. თუმცა, მისი შედეგები ბარიერგადალახული ოპოზიციური ოთხეულისთვის მიუღელებლი აღმოჩნდა. არჩევნები არ აღიარა მეხუთე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა.
ამის შემდეგ, 28 ნოემბერს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ საქართველო 2028 წლამდე არ მოახდენს ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკების გახსნი ინიცირებას. ამას მოყვა პრაქტიკულად უწყვეტი საპროტესტო გამოსვლები, რომელიც დღემდე გრძელდება. პერიოდულად ხდებოდა საკმაოდ მასშტაბური და ბრუტალური დაპირისპირება პროტესტანტებსა და პოლიციას შორის, რის შედეგადაც 400-ზე მეტი ადამიანი დააკავეს.
ამას მოჰყვა 14 დეკემბერს პრეზიდენტის ახალი არჩევნები, რომელიც, ისტორიაში პირველად, 300-კაციანი ხმოსანთა კოლეგიის მონაწილეობით ჩატარდა და მეექვსე პრეზიდენტად „ოცნების" მიერ წარდგენილი კანდიდატი, „ხალხის ძალის" წევრი მიხეილ ყაველაშვილი აირჩიეს. მისი ინაუგურაცია კი 29 დეკემბერს ჩატარდა იმავე პარლამენტის დარბაზში. ამავე დღეს მეხუთე პრეზიდენტმა ორბელიანების სასახლიდან გასვლის გადაწყვეტილება მიიღო, თუმცა მიაჩნია, რომ ლეგიტიმური პრეზიდენტი თავადაა. ამ პროცესმა კი ე.წ. ორპრეზიდენტიანობას დაუდო სათავე ქვეყანაში.
2024 წელს მკვეთრად გაუარესდა საქართველოს ხელისუფლებასა და დასავლეთს შორის ურთიერთობა, განსაკუთრებით პრემიერ ირაკლი კობახიძის 28 ნოემბრის განცხადების შემდეგ. ანტისახელისუფლებო აქციების დაშლისას მომხდარი მძიმე ინციდენტების შემდეგ კი, აშშ-მა და ევროკავშირის ცალკეულმა ქვეყნებმა საქართველოს ხელისუფლების მაღალჩინოსნებს სხვადასხვა შეზღუდვები და სანქციები დაუწესეს. ევროკავშირმა კი დიპლომატიური პასპორტების მქონე საქართველოს მოქალაქეებისათვის უვიზო მიმოსვლა შეაჩერა.
მწვავე კრიზისი იყო ოკუპირებულ აფხაზეთშიც, რომელიც „გადატრიალებით" დასრულდა. ხალხმრავალი აქციები, რომელიც კრემლისთვის სასურველი ე.წ. შეთანხმების რატიფიკაციის მცდელობისადმი პროტესტის ნიშნად ნოემბერში დაიწყო, ოპოზიციის მიერ „სამთავრობო" შენობების დაკავებითა და დე ფაქტო პრეზიდენტ ასლან ბჟანიას გადადგომით დასრულდა.
ამას მოყვა კრემლის „სადამსჯელო" ღონისძიებები. მოსკოვმა შეწყვიტა დე ფაქტო ბიუჯეტის სუბსიდირება და აიკრძალა რუსეთში აფხაზეთიდან ციტრუსების შეტანა. გარდა ამისა, ენგურჰესში ელექტროენერგიის გამომუშავების მკვეთრი შემცირების ფონზე, რუსეთმა უარი თქმა დე ფაქტო ხელისუფლებისათვის ელექტროენერგიის შეღავათიან ფასად მიწოდებაზე.
შედეგად, ოკუპირებული აფხაზეთი ელექტროენერგიის მწვავე დეფიციტს განიცდის, ათობით ათასი ადამიანი დღის უმეტეს ნაწილს ელექტროენერგიის, გათბობისა და სასმელი წყლის გარეშე ატარებს. კრიზისის გამო სკოლებსა და ბაღებში არდადეგებია გამოცხადებული. დე ფაქტო ხელისუფლება ვერ არიგებს ხელფასებს და სოციალურ დახმარებებს.
წლის მთავარი მოვლენები მსოფლიოში
ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოვლენა, რაც გლობალურ პოლიტიკაზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს, აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებია, რომელიც 5 ნოემბერს ჩატარდა და სადაც ყოფილმა პრეზიდენტმა, რესპუბლიკელმა დონალდ ტრამპმა გაიმარჯვა.
ეს წელი იმ მხრივაც იყო მნიშვნელოვანი, რომ 8 დეკემბერს სირიაში ოპოზიციის 12-დღიანი სამხედრო მარშის შედეგად დაემხო ასადების ოჯახის 54-წლიანი დიქტატურა. თავად პრეზიდენტი ბაშარ ალ ასადი ოჯახთან ერთად მოსკოვში გაიქცა. ანალიტიკოსთა შეფასებით, ამით რუსეთმა მსოფლიოში თავისი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მოკავშირე დაკარგა და ეს ყველაფერი დიდ გავლენას მოახდენს არა მხოლოდ რეგიონზე, არამედ საქართველოზეც თუნდაც იმის გამო, რომ ასადის რეჟიმი ერთ-ერთი იყო იმ რამდენიმე ქვეყნიდან, ვინც აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობა აღიარა.
როგორ დაგვამახსოვრდა 2024 წელი
ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ მნიშვნელოვანი მოვლენა მაინც 26 ოქტომბრის არჩევნები იყო, რამაც ბიძგი მისცა მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებს.
„ამ წელს ქვეყნის შიგნით ძალიან მნიშვნელოვანი იყო არჩევნების ჩატარება, მნიშვნელოვანი იყო ამ არჩევნების შედეგები და მისი აღიარება ჩვენი პარტნიორების მხრიდან, რაც იმის იმედს იძლეოდა, რომ თუ არჩევნების შედეგები რეალობასთან იქნებოდა მიახლოებული, მაშინ ქვეყანაში ყველაფერი შეიცვლებოდა და ამ პროტესტებს ავცდებოდით. მოკლედ, კრიზისს დავაღწევდით თავს და ყველაფერი მშვიდობიანად განიმუხტებოდა, მაგრამ ეს არ მოხდა.
„ამასთანავე, პრეზიდენტის არჩევა, არ ვიცი ამას არჩევა თუ ჰქვია... ახალი პრეზიდენტი უფრო შემოგვაპარეს, ვიდრე აირჩიეს. ინაუგურაციაზე ელჩები საერთოდ არ მიიწვიეს. ყველა ინაუგურაციას, შენობაში იქნება თუ შენობის გარეთ, საქართველოს შემთხვევაში დიპლომატიური კორპუსი ესწრება, მით უმეტეს, როდესაც კონსტიტუციაში გიწერია, რომ პრეზიდენტი საგარეო ურთიერთობებს განსაზღვრავს. იანუგურაცია, რომელიც ზოგადად საზეიმო უნდა იყოს, პანაშვიდის შთაბეჭდილება უფრო ტოვებდა.
„ქვეყანა მშვიდობისკენ კი არა იზოლაციისკენ მიჰყავთ. ეს იზოლაციისკენ სვლაც ამ წელს ერთ-ერთი დასამახსოვრებელი მოვლენაა. საშინაო პოლიტიკაში მნიშვნელოვანი ისაა, რომ ივანიშვილის დასანქცირება დაიწყო და არ დასრულებულა და ველოდები, რომ თუ ხელისუფლება ამ პოლიტიკას გააგრძელებს, ან არჩევნებს არ დანიშნავს, სანქციები კიდევ უფრო მასშტაბური გახდება პერსონალურად მის მიმართაც და მთავრობის დანარჩენი წევრების მიმართაც.
„ახალ წელს ვხდებით კრიზისში და იმ განცდით, რომ ეს კრიზისი უფრო გაღრმავდება და არა იმ ფიქრით, რომ აღმოიფხვრება.
„რაც შეეხება გარე პროცესებს, რა თქმა უნდა ტრამპის არჩევა და ზოგადად აშშ-ში არჩევნები ძალიან მნიშვნელოვანი იყო, მაგრამ იმ შემადგენლობიდან, რა შემადგენლობითაც ტრამპი თავის ადმინისტრაციის ჩამოყალიბებას აპირებს და ზოგადი განცხადებებიდან, ეს მოსალოდნელი იყო, რადგან, როგორც ტრამპს წარმოედგინა, მაგალითად, უკრაინაში სიტუაციის გადაწყვეტა, ასე მალე არ გამოვა.
„მნიშვნელოვანი იყო სირიაში რუსეთის მარცხი, რამაც, გარკვეულწილად, ახლო აღმოსავლეთში პოლიტიკური ვითარება შეცვალა. თუმცა, ჯერჯერობით, მთლად გამოკვეთილი და გარკვეული ბოლომდე არაფერია და ამიტომ ეს პროცესიც ალბათ გაგრძელდება.
„რაც შეეხება შიდა პოზიტიურ მოვლენას, ეს იყო საფეხბურთო წარმატება, რაც თსვითავად ძალიან მნიშვნელოვანი იყო, თუმცა გარკვეულწილად ისევ და ისევ პოლიტიკა ეცადა, რომ რაღაცნაირად დისონანსი შეეტანა იმ ერთიანობაში, რაც ფეხბურთმა წარმოშვა. მაგრამ მემგონი ამ მიმართულებით ეს მეტ-ნაკლებად დავძლიეთ.
„რადგან სპორტზე ჩამოვარდა ლაპარაკი, ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენი ახალი პარალმენტი ვეტერანი სპორტმენთა თავშესაფარი უფრო გახდა, ვიდრე პოლიტიკოსთა", - განაცხადა ვახტანგ ძაბირაძემ „რეზონანსთან".
ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ ამ წლის ყველაზე დასამახსოვრებელი შიდა მოვლენა დასავლური სანქციები იყო და ზოგადად, დასავლეთის ზეწოლა საქართველოს ხელისუფლებაზე.
„შიდა პროცესებში ამ წლის ყველაზე დასამახსოვრებელი ალბათ დასავლეთის პოლიტიკური ალყა იყო, რადგან უპრეცედენტო შეტევა ვნახეთ. თან შეტევა არა რომელიმე ქვეყნის, არამედ მთელი ერთობლიობა - დასავლეთის ქვეყნების დიდი ჯგუფი გადმოვიდა შეტევაზე და საქართველო უძლებს. მათი შეტევა და საქართველოს გაძლება ყველაზე დასამასხოვრებელია. უკრაინაში იმის დაწყების მერე, ქართველები დასავლეთის წინადადების შესრულებაზე უარს ამბობენ, თუკი ეს ქვეყანას ცუდ შედეგს მოუტანს. ასეთი პრაგმატულობა უკვე ახალი სიტყვაა ქართულ პოლიტიკაში.
„ამ ალყაში სანქციებიც უგულისხმება. ბევრნაირი ვერსია მოვისმინეთ და ეს შეიძლება პოლიტიკური შეტევა არ იყოს. არაა გამორიცხული, რომ იყოს წმინდა ეკონომიკური სანქციები, რომელსაც, რა თქმა უნდა, პოლიტიკური შედეგი აქვს, რადგან არაა გამორიცხული, რომ თუ ბანკს თანხების გადარიცხვა არ უნდა, პოლიტიკა მოიმიზეზონ იმისთვის, რომ ეს ფული არ დახარჯონ.
„აქციებიც დასამახსოვრებელია იმდენად, რამდენადაც დასავლეთის შეტევის ერთ-ერთი ნაწილი გახდა პროტესტი.
„რა თქმა უნდა, პოზიტიური მომენტებიც გვქონდა - წარმატება ფეხბურთში, ლაშა ტალახაძისა და მოჭიდავეების გმირობები, სხვადასხვა სპორტსმენების წარმატებები. ამ აღფრთოვანებას მოსახლეობის დიდი ნაწილი უერთდებოდა, თუმცა ვერ ვიტყვი, რომ ამ ამბებმა ერი გააერთიანა, რადგან ეს პოლიტიკური ბზარი რაც არის, ამ ნაპრალის ერთ მხარეს ვინც არის, ხშირად სპორტსმენების მიმართაც კრიტიკული იყო. არის რაღაც ჯგუფი, რომელსაც პოლიტიკა არ ავიწყდება. ასეთი ბეჯითი პოლიტიკოსობა ხშირად სპორტის ემოციებს ჩააქრობს ხოლმე.
„მსოფლიო არენაზე ერთ-ერთი დასამახსოვრებელი ტრამპის გამარჯვება იყო, როგორც ზოგადი ტენდენციის მნიშვნელოვანი ნაწილი. ზოგად ტენდენციაში კი ისაა საყურადღებო, რომ მსოფლიო პოლიტიკაში კონსერვატპორების ამოტივტიოვება უფრო იწყება, ვიდრე აქამდე იყო. თუ გახსენებაზეა, ორბანის ვიზიტს გავიხსნებდი ჩვენი არჩევნების მეორე დღეს, ერთ-ერთი მკაფიო მხარდამჭერი ვიზიტი გახლდათ. ეს იმიტომ გამახსენდა, რომ ორბანი კონსერვატიზმის სიმბოლოა ევროპაში და კონსერვატიზმის ასეთმა მხარდამჭერმა საქართველოს ხელი გამოუწოდა, რაც ნიშნავს, რომ საქართველო კონსერვატიულ დასავლეთს უერთდება. ორბანის ვიზიტი ამის მინიშნება იყო.
„კიდევ რაც მახსენდება, ესაა ჩვენი ჩინეთთან ურთიერთობა და ჯერჯერობით ჩინეთის სიჩუმე. მაგრამ ვნახოთ ეს ხაზი როგორ განვითარდება მსფლიოში იმდენად, რამდენადაც დღეს მსოფლიოში ყველასთვის ცხადი გახდა, რომ მხოლოდ დასავლეთი არაა, აღმოსავლეთიც შემოდის, როგორც მსოფლიო პროცესების მნიშვნელოვანი მონაწილე", - განაცხადა რამაზ საყვარელიძემ „რეზონანსთან".