6 სკანდალური ფაქტი ო(პოზიციური) კულუარებიდან - მეორე ნაწილი

6 სკანდალური ფაქტი ო(პოზიციური) კულუარებიდან - მეორე ნაწილი

ფაქტი 5.  20 ბიზნესმენი და დაჭერილი ანზორ ქოქოლაძე

 

წყარო ირწმუნება, რომ 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის შემდეგ, ლევან გაჩეჩილაძე, დაახლოებით, ოცმა ბიზნესმენმა დააფინანსა. მათ თადარიგი დაიჭირეს, მართლა არ გახდეს პრეზიდენტი ეს კაციო და ბიზნესი დააზღვიეს. ამ ბიზნესმენთა ვინაობის გამომზეურებას წყარო ახლო მომავალში, ”ვერსიის” მეშვეობით ჰპირდება საზოგადოებას. მისივე თქმით, ერთ-ერთი, ვინც გაჩეჩილაძეს ფული მისცა, ანზორ ქოქოლაძე იყო, რომელიც გაჩეჩილაძეს ერთ-ერთმა ნაციონალმა დააკავშირა. ქოქოლაძეს, როგორც ამბობენ, სოლიდური თანხა შეუწირია ”შესაძლო პრეზიდენტისთვის”. ეს ამბავი საიდუმლოდ ვერ დარჩენილა. პრეზიდენტის ყურსაც მისწვდენია და ქოქოლაძეს რა ქოქოლაც აყარეს, ყველას კარგად მოგვეხსენება - პრეზიდენტის ფავორიტი ბიზნესმენი გაკოტრდა, წაართვეს ყველაზე დიდი კომპანია - ”ელიტ-ელექტრონიქსი” და სხვა ფირმებიც. ასეთივე ბედი ეწია რამდენიმე ბიზნესმენსაც, თუმცა, ბევრი მშრალზეა გასული, მათი ვინაობა უცნობია, თუმცა, ცხადია, მანამდე, სანამ წყარო არ  გაამხელს. რაც მთავარია, ჩვენი ინფორმატორი ამტკიცებს, რომ ლევან გაჩეჩილაძეს ბიზნეს-შემოწირულობები თავის საარჩევნო შტაბში არ მიუტანია, ხოლო ამ ოცი ბიზნესმენიდან, თითოეულმა 50-დან 200 ათას დოლარამდე გაიღო გაჩეჩილაძის გასაპრეზიდენტებლადო.

 

სამწუხაროდ, დიდი თხოვნის მიუხედავად, კონფიდენციალურმა წყარომ ანზორ ქოქოლაძის გარდა, არც ერთი ბიზნესმენის ვინაობა არ გაამხილა. თავად ქოქოლაძე კი დღემდე ”დასჯილია” და იმედი გვაქვს, მისი საქმის დასრულების შემდეგ მაინც გავიგებთ სიმართლეს - რა გახდა წარმატებული კომპანიის უეცარი გაკოტრების მიზეზი.

 

ფაქტი 6. გუგე ცანავას იდეა ვერბოვკაზედა შტაბიდან გამქრალი 70 000 დოლარი

 

”ვერსიის”  წყარო ასევე აცხადებს, რომ თუ ვალერი გელბახიანი მეხსიერებას კარგად დაძაბავს, გაიხსენებს, სად დაიხარჯა პატარკაციშვილის მიერ საარჩევნო შტაბში გადმორიცხული 10 მილიონიდან, დაახლოებით, 700 ათასი. როცა პატარკაციშვილმა პრეზიდენტობა გადაწყვიტა, ცხადია, მისმა შტაბმა დაიწყო ზრუნვა, ყველა რაიონში ძლიერი საარჩევნო ორგანიზაცია დაეფუძნებინა. ამის გაკეთება მოკლე დროში ძნელი საქმე იყო, საარჩევნოდ გამოუცდელ ხალხს ვერ დაასაქმებდნენ, ამიტომ შტაბის სხდომაზე გუგე ცანავამ წამოაყენა იდეა, რომ გადმოებირებინათ იმ პარტიების რაიონული ორგანიზაციების ხელმძღვანელები, ვისაც ძლიერი თავმჯდომარეები ჰყავდა. ამ დროისათვის, ”გაერთიანებული ოპოზიციისა” და პატარკაციშვილის გზები, გაყრილია,  საპრეზიდენტო კანდიდატები არიან შალვა ნათელაშვილი, ლევან გაჩეჩილაძე, დავით გამყრელიძე და სხვები.

 

რაკიღა, ბადრის გზა არ დაუთმეს, მას მორალური უფლება დაუტოვეს, ქართული პოლიტიკისთვის მისაღები ხერხით - ხალხის გადაბირებით ებრძოლა მათ წინააღმდეგ. იმ დროს, კოდორის ჩათვლით, 76 საარჩევნო ოლქი იყო, ამ საქმისთვის თითოეულზე გამოიყო 10 000 დოლარი. ცხადია, 76-ივე ორგანიზაციის ხელმძღვანელი არ იყო მოსაძებნი, მაგრამ პატარკაციშვილმა არ იძუნწა, 76 რაიონზე გამოყო თანხა და შემოთვალა - ვიცი, ყველა რაიონს არ დასჭირდება 10 000, მაგრამ შეიძლება, ზოგმა 20-25 ათასი მოითხოვოს და უარი არ უთხრათ, ფული არ დაინანოთ, თუ თანხა დაიზოგება, ის დაამატეთ და გადაანაწილეთო. პატარკაციშვილის შტაბმა მხოლოდ 20-მდე რაიონში შეცვალა საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი. წყარო ირწმუნება, რომ, მართალია, გადმოიბირეს სხვადასხვა პარტიების, მათ შორის, ლეიბორისტთა, რესპუბლიკელთა, კონსერვატორთა რაიონული ლიდერები, მაგრამ 10 000 არავისთვის მიუციათ, 5-5 ათასი მისცეს, დანარჩენს - დაჰპირდნენ პატარკაციშვილის გამარჯვების შემთხვევაში. ამაში კი, დაახლოებით, 100 000 დოლარი დაიხარჯა, 660 000 დოლარი კი, კაცმა არ იცის, სად გაქრა.

 

პატარკაციშვილმა არჩევნები წააგო, ვინც 5 000 აიღო, ცხადია, მეტი აღარც მოუთხოვია. წყარო აცხადებს, რომ იყო შემთხვევები, როცა რაიონული შტაბების უფროსებად, რეგიონული სამსახურის უფროსს თავისი ახლობლები დაუნიშნავს და კაპიკი არ გადაუხდია, თუმცა, არჩევნების მოგების შემთხვევაში, აშენებას შეპირებია.

 

ცხადია, ამ 760 000 დოლარში არ იგულისხმება რაიონების შტაბების, მათი აქტივისტების შესანახი ფული, არც მობილურის, ბენზინის, საკანცელარიო ნივთების, კომპიუტერების შესაძენი და სხვა ხარჯები. ამისთვის ცალკე თანხა იყო გამოყოფილი, რაც მე არ ვიცი. ჩვენ არავის ბრალს არ ვდებთ, მარტო იმას ვიტყვით, რომ პატარკაციშვილის საარჩევნო შტაბში რეგიონებს დავით შუკაკიძე კურირებდა, რომელსაც, სამწუხაროდ, ვერსად მივაკვლიეთ და არც ”ვერსიის” სატელეფონო ზარებს უპასუხა. იგი ვალერი გელბახიანის ძებნილად გამოცხადების შემდეგ პატარკაციშვილის შტაბსაც ხელმძღვანელობდა და ბოლოს, საზოგადოებამ იმ აქციაზე იხილა, რომელიც პატარკაციშვილის ოჯახს მისმა მოვალეებმა ”გაუმართეს”. 

 

ელისო კილაძე კი წყაროს ინფორმაციასაც ადასტურებს და დამატებით კითხვასაც სვამს შტაბიდან გაუჩინარებულ 70 000 დოლართან დაკავშირებით: ”დავით შუკაკიძე ბოლო მომენტამდე რეგიონული სამსახურის უფროსი იყო. ყველაზე დიდი ფული შტაბიდან, მართლაც, რეგიონებში ჩაიდო. 150 000 დოლარი წავიდა აჭარაში, ამავე თანხით დაფინანსდა სამეგრელო, სადაც ყველაფერს გუგე ცანავა კურირებდა. 150 000 დოლარი მიიღო კახეთმაც, დიდი თანხით დაფინანსდა ქვემო ქართლი. არჩევნების დასრულების ჟამს რეგიონულ ოფისებში კომუნალური ხარჯები, მათ შორის, სატელეფონო კომუნიკაციები და ა.შ. გადასახდელი იყო, რადგან რეგიონებზე გამოყოფილი თანხა ძირითად რგოლებამდე არ მისულა. ასევე, გაურკვეველია, სად წავიდა დიდი რაოდენობის ტექნიკა, კომპიუტერები, პრინტერები, მაგიდები და ა.შ. ყველაფერი უცნობი პირების მიერ სადღაცაა გაზიდული. არ ვიცი, ეს ყველაფერი შუკაკიძემ ვისზე და როგორ დაანაწილა. უშუალოდ შუკაკიძისგან ვიცი, რომ გელბახიანის წასვლის დღეს, 24 დეკემბერს, საარჩევნო შტაბში 70 000 დოლარი ინახებოდა. ჩემთვის ამ ფულის ბედიც აბსოლუტურად გაუგებარია”.

 

გუგე ცანავასთვის კი თითქმის ყველაფერი გაუგებარი აღმოჩნდა. კაცი, რომელიც ჯერ ”კონსერვატორებში” იყო და ლიდერების სურვილით ”ხალხის პარტიაში” გადავიდა, პოლიტიკოსი, რომელიც ახლანდელი ”ეროვნული საბჭოს” ერთ-ერთი ძირითადი მაკავშირებელი არხია რუსეთთან, ”ვერსიის” კითხვებს ასე პასუხობს:

 

იყავით თუ არა გაერთიანებული შტაბიდან სამეგრელოს ორგანიზაციის ხელმძღვანელი, გადმოგეცათ თუ არა პატარკაციშვილისგან 150 000 დოლარი და სად და როგორ დაიხარჯა ეს თანხა- დიახ, სამეგრელოს შტაბის უფროსი ვიყავი, მაგრამ არ მესმის, რას ისახავს მიზნად ამ თანხებზე საუბარი. არა იმიტომ, რომ ეს საკითხი მაშინებს, უბრალოდ, კილაძე თვითონ იყო პრესსამსახურის უფროსი იყო და ჰკითხეთ, ერთი გაზეთი მაინც თუ გამოუშვა, ან ბუკლეტი მაინც თუ დაბეჭდა. მე კი გაზეთი გამოვუშვი, რომელიც ბადრის დედამ წაიკითხა, თურმე, ძალიან მოეწონა და იტირა კიდეც. სამეგრელოში ყველაფერი პატარკაციშვილის ფულით გაკეთდა და გადმოცემული თანხა შეიძლება მეტიც კი იყო. დიახ, რომ იცოდეთ, თანხა გაცილებით მეტი იყო, რადგან არჩევნების მოსაგებად ყველაფერს ვაკეთებდით. ვერ გავიგე, ვისი დავალებით აკეთებს ამას ქალბატონი ელისო.

 

 ის ამ ინფორმაციას ადასტურებს, წყარო სხვა ადამიანია- და რას ამბობს მერე ეგ წყარო, დიდი თანხაა ეგ 150 000, თუ პატარაო. არ მივიდა დანიშნულების ადგილამდეო?

 

 ეგ მე გკითხეთ, სხვათა შორის. კონკრეტულად, რა თანხა მიიღეთ დავით შუკაკიძისგან, რომელიც თქვენი და კიდევ სხვა რეგიონული ორგანიზაციების თავმჯდომარეების ხელმძღვანელი იყო? - არავითარ შემთხვევაში, შუკაკიძე ჩემი ხელმძღვანელი არ ყოფილა. საერთოდ, ვინ იყო ეს შუკაკიძე, გასარკვევია. საინტერესოა, მისი როლი ამ შტაბის განადგურებაშიც. მაშინაც ვკითხე გელბახიანს, ან ეგ და ან კილაძე საიდან მოიყვანა.

 

სად გაქრა კომპიუტერები, პრინტერები და სხვა ტექნიკა, ან დატოვეთ თუ არა სამეგრელოს რეგიონულ ორგანიზაციაში კომუნალური გადასახადების ვალები- სამეგრელოში მსგავსი არაფერი მომხდარა. პირიქით, არჩევნებმა ჩვენთან მსგავსი ფაქტების გარეშე ჩაიარა. ჩემი `გაშავების~ დავალება აქვთ გაცემული, მაგრამ ამას ვერ შეძლებენ იმიტომ, რომ სამეგრელომ იცის, სად წავიდა ეს თანხები. თანაც, 150 000 დოლარი ასეთ დიდ და უმნიშვნელოვანეს რეგიონში საპრეზიდენტო არჩევნების მოსაგებად მიზერია.

 

აბა, სულ რამდენი აიღეთ? - ეს შეგიძლიათ ვალერი გელბახიანს ჰკითხოთ. ვისი დავალებით მირეკავთ საერთოდ? ეს კონფიდენციალური ინფორმაციაა. ვინ მოგაწოდათ ეს ინფორმაცია, ან როგორ მთხოვთ, ეს დეტალები გავცე? ამ შეკითხვებს კუდ-იდან ან სოდ-იდან იღებთ? ამას რა უფლებით მეკითხებით?

 

თქვენ რა უფლებით აკავშირებთ გაზეთს კუდ-თან და სოდ-თან, მხოლოდ იმიტომ, რომ კითხვა ისმევა და ხალხს სურს იცოდეს, სად წავიდა ეს ფული?

- ხალხის სახელით ნუ მელაპარაკებით, თქვენი ჭირიმე.

 

გაზეთის სახელით გელაპარაკებით და კონკრეტული ადამიანის, ელისო კილაძის მიერ დადასტურებულ ინფორმაციაზე გაკეთებინებთ კომენტარს- ვერ გავიგე, ეს ელისო კილაძე მის მარპლია, აგათა კრისტის გმირი? მას ძალიან უნდა, რომ სასამართლოში წავიდე, მაგრამ ამას ვერ მოესწრება. კილაძე არაა ის პიროვნება, ვისთანაც ამ თემებზე დავა ღირს. მაგ ადამიანებს ჩემი ”გაშავება” სურთ, სხვა არაფერი დარჩენიათ და ვხედავ, ამას თქვენი დახმარებით კარგად აკეთებენ. როგორ უნდა გითხრათ, მთლიანად რამდენი დაიხარჯა? მოკვდა ის კაცი.

 

ბატონო გუგე, იმ პერიოდში კონსერვატორებში იყავით და უცებ, ხალხის პარტიაში როგორ აღმოჩნდით? -ასე ჩათვალეს საჭიროდ ზვიად ძიძიგურმა, კობა დავითაშვილმა და კახა კუკავამ.

 

და თქვენ რას აკეთებდით ამ დროს? - ჩათვალეს, რომ ასე უნდა ყოფილიყო. ყველასთან ისევ ისე ვმეგობრობ, როგორც აქამდე.