"რა ხდება სასჯელაღსრულების სისტემაში და ვინ დგას ამ ყველაფრის უკან, არის თუ ციხეებში მიმდინარე მოვლენები პროვოცირებული და გარედან მართული? როგორც სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა გუშინ ჟურნალისტებს განუცხადა, გამოძიება მიმდინარეობს და ყველა კითხვას გაეცემა პასუხი. სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი არ გამორიცხავს, რომ გეგუთის ციხეში განვითარებული პროცესის გარკვეული ძალების მიერ დაძაბულობის კერის შექმნის მცდელობა იყოს. ექსპერტებიც არ გამორიცხავენ, რომ ციხეებში განვითარებული მოვლენები სწორედ გარედან მართულია. სოზარ სუბარმა კი განაცხადა, რომ გეგუთის ციხეში არეულობას ციხის ძველი თანამშრომლებიც უწყობდნენ ხელს", - წერს გაზეთი "ახალი თაობა" სტატიაში სათაურით ვინ დგას ციხეში მომხდარი არეულობების უკან.
"როგორც არაფრის გამო დაიწყო, ისევე დამთავრდა. გაცილებით მეტ აჟიოტაჟს ქმნიდა პრესა, ვიდრე იქ სინამდვილეში რამე ხდებოდა. რამდენიმე ათეული ადამიანი არა მშობლების, არამედ შიგნით მყოფი "ძველი ბიჭის" ძმაკაცები მოდიოდნენ და გაერთ აურზაურს ქმნიდნენ, მაგრამ გამოძიება დაწყებულია და ყველა იმ ადამიანს, რომელმაც კანონი დაარღვია - მაგალითად, იქ სასწრაფოების ავტომანქანებს არ აძლევდა გამოსვლის საშუალებას ან ასე ვთქვათ, ამას ცდილობდა, მოუწევს პასუხის გაცემა გამოძიების კითხვებზე. არავის ეპატიება ის, რასაც სჩადიოდნენ, როდესაც ავადმყოფი ადამიანი გარეთ გადის და შენ გზაე კეტავ, ეს დანაშაულია", - განაცხადა სოზარ სუბარმა, რომლის განმარტებით, "ყველამ უნდა შეიგნოს, რომ ასეთი ადამიანების მიმართ კანონი ძალიან მკაცრი იქნება", - აღნიშნავს გამოცემა.
"მინისტრი აცხადებს, რომ ძველი თანამშრომლებიდან ძალიან ბევრს არ აწყობს წესრიგის დამყარება ციხეში - ისინი შეჩვეული იყვნენ წამებას, ფულის კეთებას. სუბარის თქმით, დღეს მათ უნდათ, რომ ეს გაგრძელდეს, მაგრამ არ გაგრძელდება - თანამშრომლებზე, რომლებიც სრულიად შეგნებულად აწყობდნენ პროვოკაციებს და აქეზებდნენ პატიმრებს და მათ ოჯახებს, გამოძიება იმუშავებს", - დასძენს გამოცემა.