ნატოს სამხედრო კომიტეტის პირველი გასვლითი ვიზიტი საქართველოში ეროვნულ სასწავლო ცენტრ „კრწანისში“ სტუმრობით დასრულდა.
ეროვნული სასწავლო ცენტრ „კრწანისის“ მეთაურმა, პოლკოვნიკმა ლევან ბერიამ ნატოს სამხედრო კომიტეტის წევრებს სასწავლო ცენტრის შესახებ პრეზენტაცია წარუდგინა. სტუმრებმა ცენტრის სიმულაციური კლასები და საარტილერიო სკოლაც მოინახულეს.
მოგვიანებით, სამხედრო მაღალჩინოსნებმა ცენტრში სპეციალურად მათთვის გამოფენილი თავდაცვის სამინისტროს სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრ „დელტას“ მიერ წარმოებული შეიარაღება, ჯავშანტექნიკა და ინდივიდუალური დაცვის საშუალებები დაათვალიერეს. სტუმრების განსაკუთრებული მოწონება საქართველოში წარმოებულმა ჯავშანჩაფხუტმა და ჯავშანჟილეტმა დაიმსახურა.
სასწავლო ცენტრში ალიანსის სამხედრო მაღალჩინოსნებს საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის მოადგილეებმა, პოლკოვნიკებმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ და გიორგი კბილცეცხლაშვილმა უმასპინძლეს.
ნატოს სამხედრო კომიტეტის პირველი გასვლითი ორდღიანი ვიზიტი საქართველოში დასრულდა. ნატოს უმაღლესმა სამხედრო ორგანოს წარმომადგენლებმა, გენერალ კნუდ ბარტელსის ხელმძღვანელობით, საქართველო უკვე დატოვეს.