ვალერი გელბახიანი: “პატარკაციშვილის ოჯახმა წარმოუდგენელი სიხარბე გამოიჩინა!”

ვალერი გელბახიანი: “პატარკაციშვილის ოჯახმა წარმოუდგენელი სიხარბე გამოიჩინა!”

ვალერი გელბახიანი: ბადრი პატარკაციშვილი აჭარაში, ასლან აბაშიძის მრჩევლად მუშაობის დროს გავიცანი. ბ-ნ ასლანს ჰქონდა სერიოზული ურთიერთობები ოლიგარქებთან, მათ შორის, ბადრი პატარკაციშვილთანაც. ბადრი სულ სამჯერ არის ნამყოფი ჩემი იქ მუშაობის პერიოდში. პირველი შეხვედრისთანავე მან ჩემთან მეგობრობის სურვილი გამოთქვა. როცა ურეკში ისვენებდა, მირეკავდა და მეპატიჟებოდა, ბევრჯერ ჩავედი ურეკში. ასე დაიწყო ჩვენი ურთიერთობები.

ბიზნესინტერესების გამო დადიოდა აბაშიძესთან თუ ეს იყო, უბრალოდ, მეგობრული ურთიერთობები?

- მე არ ვიცი, პრივატულ რეჟიმში რა საუბრები ჰქონდა ასლანთან, მაგრამ ვიცი, რომ 1999 წელს არჩევნებში  “აღორძინებას” დაეხმარა ფინანსურად. ეს, რა თქმა უნდა, მათ შორის არსებული ნდობის გამოხატულება იყო, სხვა ინტერესი მას არ ამოძრავებდა. პოლიტიკური ინტერესი რომ ჰქონოდა, არ დამალავდა. ის ამბობდა, რომ ქართველი იყო და ქართული საქმე უნდოდა გაეკეთებინა. ერთხელ კაკო ასათიანი შევახვედრე. კაკომ პოლიტიკაში წასვლა შესთავაზა, - ებრაელი ვარ, - ქართველები არ მიმიღებენო, არადა, მე ქართველი ვარ და თუ ამის დამტკიცება უნდა ვინმეს, რაბინებს ჩამოვიყვან და მართლმადიდებლურად მოვინათლები იმათი თანდასწრებით, მაგრამ ამას სპეკულაციად ჩამითვლიან და ჯობია, ასე იყოს, ებრაელიც ვიქნები და ქართველიცო.

მოვლენებს ცოტა წინ გავუსწრებ და გკითხავთ: პატარკაციშვილის სწორედ ამ პოზიციის გამო ხომ არ აქციეს ზურგი ებრაელებმა მას, როცა საქართველოში პრობლემები შეექმნა?

- შეიძლება. საპრეზიდენტო არჩევნების დროს თელ-ავივში ვიყავი ჩასული და იქ ვნახე სააკაშვილის ბანერები. გამიკვირდა, რომ ქართველი ებრაელობა  პატარკაციშვილზე მეტად სააკაშვილს აპიარებდა. ეს რომ ვუთხარი ბადრის, მიპასუხა, - მიშას აქ ჰყავს ვიღაც-ვიღაცები და ახლა მე ბანერებს ხომ არ გამოვფენო? ბადრის თავისი წრე ჰყავდა ისრაელში, პერესი შვილს ეძახდა, ისეთი სიახლოვე ჰქონდათ, მაგრამ არა პოლიტიკური მოტივებით, უფრო პიროვნული დამოკიდებულება იყო. რამდენადაც ვიცი, პერესის გაპრეზიდენტებაში ბადრიმ და მისმა მეგობრებმა დიდი როლი ითამაშეს, მაგრამ როგორც კი მას დასჭირდა ებრაული პოლიტიკური თუ ბიზნესწრეების თანადგომა... ბადრის იმედი ჰქონდა, რომ ისრაელის საელჩო იქნებოდა მისთვის ერთ-ერთი დასაყრდენი. როდესაც ჩვენ ყველა ფინანსური წყარო გადაგვიკეტეს, ერთადერთი გზა დარჩა საელჩო, რათა ამ გზით მომხდარიყო ფინანსური უზრუნველყოფა, მაგრამ იქაც დაგვბლოკეს. როგორც ჩანს, სააკაშვილმა გააფრთხილა და საელჩომ ამ პროცესისგან დისტანცირება სცადა.

რატომ გაუჩნდა პატარკაციშვილს პოლიტიკაში მოსვლის სურვილი?

- მას არასოდეს ჰქონია პოლიტიკაში შემოსვლის სურვილი, მაგრამ ჰქონდა თავისი წარსული. ბადრის ძალიან ახლო ურთიერთობა ჰქონდა განსვენებულ ჟვანიასთან. არ მალავდა, რომ ის მოსწონდა და ენდობოდა. მეტიც, ცდილობდა, ჟვანიასთან შეერიგებინა ოპონენტები. მათ შორის მეც ვიყავი. “აღორძინებაში” ყოფნისას ჟვანიას ხშირად ვაკრიტიკებდი. ბადრიმ მთხოვა, - თუ ოდნავ პატივს მცემ, შეურიგდი ჟვანიასო. მე დავეთანხმე და ვუთხარი, - პრობლემა არ არის, ოღონდ ჟვანიამ იცოდეს, რომ შენი თხოვნით შევურიგდი-მეთქი. ასეც მოხდა. როცა პრემიერი გახდა, ჟვანიასთან მქონდა კონტაქტი. ალბათ, გახსოვთ, 2004 წელს სიებთან დაკავშირებით დაძაბულობის გამო პრემიერი და პარლამენტის თავმჯდომარე ერთმანეთს არ ელაპარაკებოდნენ. ბადრიმ მითხრა, - შევარიგოთ ესენი, მე ჩავდგები შუაშიო. როცა ამის თაობაზე შევხვდი ქ-ნ ნინოს, მან მითხრა, - ჟვანიამ უკადრებელი იკადრა, ბადრის ხათრით შევურიგდები, მაგრამ არ ვენდობი და მინდა, იცოდეს ეს ბადრიმო. ბადრი შეწუხდა, - ესენი ერთად თუ დადგებიან, მიშა საფრთხე აღარ იქნება, მაგრამ ვიდრე ესენი ქიშპობენ, ის ორივეს ცალ-ცალკე შეჭამსო. თავიდან არ მივაქციე ამას ყურადღება, მაგრამ შემდეგ გავიგე ხმები ჟვანიას შესაძლო ოპოზიციაში წასვლაზე. ბადრი დაინტერესდა, ასეთ შემთხვევაში მაჟორიტარები ჟვანიას დაუჭერდნენ მხარს, თუ ნეიტრალური დარჩებოდნენ? მე მოვსინჯე გზა და ვუთხარი ბადრის, - თუ ნინოს ხალხიც წავა, მაშინ “ნაციონალები” უმრავლესობას ვერ შეინარჩუნებენ და ბურჯანაძესაც ვერ გადააყენებენ-მეთქი. ამ სქემის დამუშავების დროს გარდაიცვალა პრემიერი. ამით იმის თქმა მინდა, რომ ბადრი პირდაპირ არ ერეოდა პოლიტიკაში, მაგრამ კულისებიდან დიდ როლს თამაშობდა.

სანაცვლოდ რას ითხოვდა?

- არაფერს. როდესაც ჟვანია გარდაიცვალა, სააკაშვილი ფიქრობდა, რომ მისი საწინააღმდეგო მოძრაობის თავკაცი პატარკაციშვილი იყო. ეს ეჭვი  იმანაც გააძლიერა, რომ “იმედმა” კრიტიკული პოლიტიკური კურსი აიღო. მე ვიცი, რომ დესპანები დადიოდნენ ბადრისთან, განსაკუთრებით გიგი უგულავა. ნანახი მაქვს უგულავასა და ბადრის საუბრის ჩანაწერები, მაგრამ, სამწუხაროდ, ბადრიმ არ გამოგვაქვეყნებინა ისინი. ბადრის შესთავაზეს, ტელევიზიიდან წასულიყო თარგამაძის ჯგუფი, მაგრამ არ დაეთანხმა. მერე უთხრეს, - თუ მაგას არ გაუშვებ, მაშინ ერთი ჩვენიანი დანიშნე ტელევიზიაშიო, ანუ პოლიტიკურ ნაწილს ორი კონტროლიორი ჰყავდესო. ამაზეც უარი უთხრა. იგი მიიჩნევდა, რომ ტელევიზია უნდა იყოს თავისუფალი, მაგრამ “ნაციონალებს” ეს არ სჯეროდათ. მათ ეგონათ, რომ ბადრის მითითებით ხდებოდა თემების გამწვავება. გირგვლიანის ამბავმა ყველაფერს წერტილი დაუსვა...

ვიდრეიმედიგააშუქებდა გირგვლიანის თემას, ამ ფაქტის შესახებ პირველად დაიწერაჯორჯიან თაიმსში”. საგაზეთო სტატიის მერე გაკეთდა სიუჟეტიიმედზე”.

- ტირაჟირება “იმედმა” მოახდინა,  ხომ ცხადია?.. ბადრიმ გადასცა ფირები, რითაც დადგინდა მანქანის ნომრები და პირების ვინაობა. ამ მტკიცებულების გარეშე საქმე არ გაიხსნებოდა. ამ ფაქტით “ნაციონალები” დარწმუნდნენ, რომ ბადრი იყო ნომერ პირველი მტერი და მას, გარდა პოლიტიკაში მოსვლისა, სხვა გზა არ დაუტოვეს. ამის შემდეგ ხელისუფლებისგან წამოვიდა  შეთავაზება, რომ ტელევიზია გაცვლილიყო რკინიგზაში. მას ცალსახა უარი არ უთქვამს. პარალელურად ბადრიმ დაიწყო მოლაპარაკებები რუსეთის პოლიტიკურ წრეებთან, რათა მოხსნილიყო მანამდე არსებული პრობლემები. რამდენიმე შეხვედრა მოხდა საქართველოს გარეთ. ხელისუფლებამ იცოდა, ბადრი პუტინთან მეგობრობის აღსადგენად გზებს რომ ეძებდა. მან ამისთვის გაყიდა მედია-ცენტრი, ამას რუსეთის პოლიტიკურ ელიტასთან შეხვედრები მოჰყვა, რაც სააკაშვილმა გამოწვევად მიიღო. ალბათ, სწორედ ამის შემდეგ გადაწყდა, რომ ბადრი უნდა მოეშორებინათ. ერთხელ გიგი უგულავამ ღიად განაცხადა, - ბადრი პატარკაციშვილი საქართველოს ჭირიაო... მოიშორეს კიდეც. მეც პარლამენტის წევრი ვიყავი და ზოგი მირჩევდა “კეთილი რჩევით”, - გაერიდე პატარკაციშვილს, ის გადარჩება და შენ ვერაო. მომისმენია “ნაციონალებისგან” ასეთიც, - ბადრის ცოცხალს არავინ დატოვებსო.

მან ხომ იცოდა ეს?

- კი, იცოდა. როცა მე შემომთავაზა შტაბის ხელმძღვანელობა, ვეხუმრე, - პარლამენტის ფრაქციის ხელმძღვანელი ვარ და დასაბრედად მიმეტებ-მეთქი? მითხრა, - ერთადერთი შანსი მაქვს, რათა ჩემი ქმედება კრიმინალურად არ გამოაცხადონ, პრეზიდენტობის კანდიდატის პოლიტიკური სტატუსი მჭირდებაო. რეალურად მე არც კენჭს ვიყრი და არც მანდ ჩამომსვლელი ვარ, უბრალოდ, დამარეგისტრირე, როგორც პრეზიდენტობის კანდიდატიო. 35 კაცის სია ჩამომიწერა, - მიდი ამათთან და უთხარი, რომ ახლა მჭირდება მათი გვერდით დგომა და გამოვლენო. გამეცინა. თავის დროზე, როცა პოლიტიკოსებზე ამბობდა, გვერდით დამიდგებიანო, მაშინაც ვუთხარი, - არც ერთი არ გააკეთებს ამას, თვითონ დააყენებს ყველა კანდიდატს, რომ შენ არ დაგიდგნენ გვერდით-მეთქი. ასე იყო ამ შემთხვევაშიც. როცა სია მომცა, მითხრა, - თუ არ გჯერა, რომ ჩემ გვერდით დადგებიან, ორი მათგანი ნახე და ამათ დაელაპარაკეო. მიხვდა, თუ ყველა უარს იტყოდა, კიდევ ერთხელ ეტკინებოდა გული. მივედი იმ ორ ადამიანთან, ვინც დამისახელა, ერთი კაცი იყო, მეორე - ქალი. ქალი დაგვთანხმდა, ეს იყო ნონა გაფრინდაშვილი, - ბადრის უნდა? სანამ ცოცხალი ვარ, მანამ მის გვერდით ვიქნებიო. კაცმა კი მითხრა, - ბადრის ენაცვალა ჩემი თავი, მაგრამ ახლა მე “გრეჩიხას” ველაპარაკები და უარი არ გამომივა, ამიტომ ბადრის ბოდიში მოუხადე, მაგრამ არც “გრეჩიხასთან” გამოვჩნდებიო...

ასეთ ვითარებაში რამდენად საიმედო პოლიტიკური პარტნიორი იქნებოდა პატარკაციშვილი თქვენთვის?

- აქ არ იყო პოლიტიკური პარტნიორობა. სხვებიც ესწრებოდნენ იმ საუბარს, სადაც მე ვთქვი, - დარეგისტრირდები და ამით დასრულდება ყველაფერი, მე შტაბში მიმსვლელი არ ვარ, ეს არის მეგობრობა, მაგრამ შენ თუ ფიქრობ, რომ მე ვარ შენი პოლიტიკური პარტნიორი, მაშინ ამას თავისი ფასი აქვს. მიმაჩნია, რომ ვარ შენი მეგობარი და როგორც კი დარეგისტრირდები, იმ დღიდან მთავრდება შტაბის ფუნქციონირება, პოლიტიკაზე აღარ ვისაუბრებთ-მეთქი.

მაგრამ ხომ არ დასრულდა?

- როგორც კი დავარეგისტრირე პატარკაციშვილი, “არკადიას” ოფისში შევკრიბე მთელი ჩვენი აქტივი, პატარა ფურშეტი მოვაწყვე და იქ გამოვაცხადე, - დღეს დამთავრდა ჩვენი საარჩევნო კამპანია, მე არ ვარ შტაბის უფროსი და წადით სახლებში-მეთქი. იმავე ღამეს დამიკავშირდა ბადრი და მითხრა, - ხალხი ცუდად გაგვიგებს ამასო. მე ვუთხარი, - ჩვენი შეთანხმება ეს იყო და მე იქ მიმსვლელი არ ვარ-მეთქი. გადაწყდა, გოგლა ჟვანიას გაეგრძელებინა შტაბის უფროსობა. მე ვუთხარი ბადრის, - შევეწირებით ჩვენ ამას, თუ პოლიტიკა გინდა, მოვემზადოთ მაისის არჩევნებისთვის და იქ ნამდვილად მივიღებთ შედეგს-მეთქი. ბადრიმ მითხრა, - მე არ ვიქნები პოლიტიკაში, მაგრამ გაკეთდეს პარტიაო. გაგეცინება და პარტიის სახელად შევარჩიეთ “ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა”, რომლის თავმჯდომარეც უნდა ყოფილიყო გიორგი თარგამაძე, მე და გუბაზ სანიკიძე უნდა ვყოფილიყავით მოადგილეები. ასეთი იყო შეთანხმება, მაგრამ 7 ნოემბრის ამბებმა ყველაფერი ყირაზე დააყენა.

თქვენ ხომ ასლან აბაშიძესთან იყავით? გიორგი თარგამაძეზე იქ რომ კარგს არ ლაპარაკობდნენ, ხომ იცოდით? თავის დროზე მე დავწერე, რა შინაარსის წერილი გამოუგზავნა აბაშიძემ პატარკაციშვილს და ამ წერილის რეალობა მაშინ ნონა გაფრინდაშვილმა დამიდასტურა.

- გიორგიზე კარგიც გამიგია და ცუდიც, მაგრამ თარგამაძეს იქ ყოფნის დროსაც ჰქონდა რეიტინგი. არ დაგავიწყდეთ, რაკი “აღორძინებასა” და თარგამაძეს შორის ნდობა არ იყო, მან მანდატი დატოვა. არ იყო ეს ღირსეული ნაბიჯი? ახლა მთელი “ნაციონალური” სპექტრი გადავიდა “ოცნებაში”, მაგრამ მანდატი არავის დაუტოვებია. რაც შეეხება შტაბს, დამირეკა ბადრის თანაშემწემ და მითხრა, რომ გოგლა ჟვანიასთან ყველაფერი შეთანხმებული იყო. მეც მივედი შტაბში და განვაცხადე ამის შესახებ. გოგლა ორჯერ მოვიდა და მერე არც გამოჩენილა. ბადრიმ დამიბარა ისრაელში და მითხრა, უნდა გადამარჩინოო. მე მას ვუთხარი, - ახლა გადასარჩენი შენ კი არა, მე ვარ, ეს უკვე ლაპარაკი არაა-მეთქი. გახსოვთ, ალბათ, ბევრმა გამოხატა მაშინ გვერდით დგომის სურვილი და ბადრიმ თქვა, ხალხი ვერ გამიგებს, ახლა უკან რომ დავიხიოო. მე შევთავაზე სხვა კანდიდატებთან დალაპარაკება და ერთზე შეჯერება, რომლის სასარგებლოდაც მოიხსნიდა სტატუსს.

კანდიდატებს თავად ბადრი აფინანსებდა და...

- ყველა ვალში იყო მაგასთან. ამაზე სასაუბროდ მე, გოგა ხაინდრავა და გოგლა ჟვანია წავედით ისრაელში, იქ დაგვხვდა ბერეზოვსკიც. მთავარი თემა იყო, მოხსნიდა თუ არა პატარკაციშვილი კანდიდატურას. ჩვენ გვინდოდა, მას სწორი გამოსავალი ეპოვა. ხაინდრავამ თქვა, - სჯობს, ყველამ მოხსნას კანდიდატურა, დარჩეს “გრეჩიხა” და მიშა მთლიანად  გადაერთვება “გრეჩიხაზეო”. ბადრიმ შენიშნა, - ეს ყველაფერი კარგია, მაგრამ პატარკაციშვილი სანაცვლოდ რა თანამდებობას მიიღებსო? თქვენ რომ სალომე ზურაბიშვილი დაასახელეთ პრემიერ-მინისტრად, ახლა თქვით, რომ გარემოება შეიცვალა და პატარკაციშვილი იქნებაო. ის მიიჩნევდა, რომ ეს დაამშვიდებდა ხალხს და არავინ იფიქრებდა, რომ ბადრი გარბისო. ხაინდრავამ უპასუხა, - ჩვენ ამას ვერ ვიზამთ, მაგრამ გამოვაცხადებთ, რომ ბადრი იქნება უშიშროების საბჭოს მდივანიო. ბადრიმ, - მე თანამდებობა არ მჭირდება, გარანტიები არ მაქვს, მივალთ ამერიკის საეჩოში, ერთად ვიტყვით, რასაც გადავწყვეტთ, მოიხსნება ყველა კითხვა და მწყობრად წავა საარჩევნო პროცესებიო. როცა საქართველოში ჩამოვედით, 22-ში შევიკრიბეთ მე, ხაინდრავა და ჟვანია, ღამის სამი საათი იყო. მე ვუთხარი მათ, - ერევანში მივდივარ, ჩამოვალ და ორშაბათს წავიდეთ ამერიკის საელჩოში-მეთქი. შევთანხმდით ამაზე, მაგრამ  მეორე დღეს ჩვენი ჩანაწერების გამოქვეყნება დაიწყო პროკურატურამ. შტაბიდან დამირეკეს, რაც ხდებოდა თბილისში. მე ვუთხარი, - წამოვალ ახლავე ერევნიდან, სამზე დანიშნეთ პრესკონფერენცია, ამ დროს მანდ ვიქნები-მეთქი. უკვე საზღვართან ვიყავი მისული, დამირეკა ბადრიმ და მითხრა, - არ გადახვიდე, დაგიჭერენო. მე ვუთხარი, - ჩემს დაპატიმრებას  პარლამენტის სესია უნდა, შეიძლება სპეცრაზმი მელოდება, მაგრამ ახლა საარჩევნო პერიოდია, “ნაცები” არ არიან იმდენად სულელები, რომ საქმე ასე გაასკანდალონ-მეთქი. ბოლოს მითხრა, - თუ გადახვალ, იცოდე,  შენ მიმართ კითხვები გამიჩნდებაო... ანუ შენ დაგაბრალებ ყველაფერსო, ასე გამოდიოდა. როგორია? ცხადია, ამან შემაცვლევინა გადაწყვეტილება.

პოლიტიკოსი რომ არ იყო, ამითაც ჩანს.

- შეეშინდა, იფიქრა, თუ მე ჩვენებას მივცემდი, შეიძლებოდა ის სამუდამოდ კრიმინალად გამოეცხადებინათ. ჩემს ჩვენებაზე იყო ყველაფერი დამოკიდებული. კი მენდობოდა, მაგრამ ციხეში შესულ კაცს რას გაუკეთებენ, ვინ იცის? მოკლედ, ასე იყო თუ ისე, მითხრა, - ჩემს თვითმფრინავს გიგზავნი, დაბრუნდი ერევანში და გადმოფრინდი ლონდონშიო. კატეგორიულად არ მინდოდა იქ წასვლა, მიმაჩნდა, რომ ასე არ უნდა გვეპასუხა “ნაციონალებისთვის”. ვუთხარი კიდეც, - ეს დიდი შეცდომაა,  რომელიც შეიძლება ძვირად დაგვიჯდეს-მეთქი. ვფიქრობდი, რომ ჩემი გაქცევით ისარგებლებდნენ და ძებნაზე დამსვამდნენ.  სამწუხაროდ, რაც ვუთხარი, ისე აღმოჩნდა, მეც დავიღუპე და ბადრიც. მე რომ აქ შემოვსულიყავი, ვერაფერს მიზამდნენ, დარწმუნებული ვარ. თუმცა მერე გავიგე, რა “მუშაობა” მიდიოდა, 50-კაციანი სია ჰქონდათ და ძალოვნებს შორის საუბარი იყო, - ეს ხალხი ყველა უნდა დავაკავოთ, თუ საკმარისიაო? მერაბიშვილს უთქვამს, - ახლა ისეთი პოლიტიკური პროცესია, კუდი გამოებმება და არაა საჭირო ამათი ყველას დაკავებაო. მერე ყველა ატარეს დაკითხვებზე, აბსოლუტურად ყველა ჰყავდათ პროკურატურაში! დღემდე ვითხოვ ამ ჩვენებებს. საქმე ისაა, რომ არც საქმეში დევს ეს დაკითხვები, გამქრალია.

ვინ იცის, როდის და სად წამოჰყოფს თავს. კოდუა როგორ მოხვდა ამგაუგებრობაში”? მე როგორც ვიცი, ბადრისა და კოდუას შეხვედრა ტარიელ ონიანის დამსახურებაა.

- კი, ამბობენ. ბადრის ჩემთვის არ უთქვამს, კოდუა მიიღეო. ჩემთან ორი დეპუტატი მოვიდა, ერთი გარდაცვლილია, მეორე ცოცხალია, ჩვენი შტაბის ხალხი იყო. მითხრეს, - კოდუას დედას უნდა შეხვედრაო. მე ვუთხარი, - არ მცალია-მეთქი. სამი დღის შემდეგ ისევ მოვიდნენ, - კოდუას ოჯახიდანაა გამოგზავნილი ქალი და უნდა დაელაპარაკო, საინტერესო წინადადებები აქვსო. დარბაზში მივიღე ეს ქალბატონი, მითხრა, - კოდუას მეგობარი ვარ, ხედავს, რომ ბადრი იმარჯვებს და დახმარება უნდა, გარანტიებს ეძებსო. მე ვუთხარი, - არ გიცნობთ, ვერაფერს გეტყვით-მეთქი... მაგრამ დავურეკე ბადრის და მოვუყევი, რაც იყო. ბადრიმ მითხრა, - დაახლოებით ვიცი, რაც ხდება, ხვალ გეტყვი პასუხსო. მეორე დღეს მითხრა, - ყველაფერი დაზუსტებულია და აუცილებლად შეხვდი კოდუასო. მე ვუთხარი, - რა საჭიროა ჩემი შეხვედრა, ჯერ შენ დაელაპარაკე და მერე მე შევხვდები-მეთქი. ჩანაწერში ისმის კიდეც, რომ ვუთხარი კოდუას: “ჩემი მისიაა, ეს გადმოგცე, ამის შემდეგ მე თამაშიდან გავდივარ”. ასე მოხვდა კოდუა ბადრისთან. მე მყავს წყარო (მისი ნებართვის გარეშე ვერ დაგისახელებთ, შეიძლება მან ეს ყველაფერი დაწერა კიდეც, არ ვიცი), რომელმაც მითხრა, - ტარიელ ონიანმა დაარწმუნა ბადრი, რომ კოდუა მათიანი იყოო. მე მყავს ონიანი და ბადრი ერთად ნანახი, ასე რომ, კავშირს ვერ უარვყოფ.

მახსოვს, როდესაც ესპანეთში სპეცოპერაცია ჩატარდა, ონიანი გაიქცა და პოლიციას ქალიშვილი დაუტოვა მძევლად. მაშინ გიორგი თარგამაძემ გააკეთადროებაშისიუჟეტი, სადაც ონიანი ბიზნესმენად გამოცხადდა. უცნაური კი არის, მაგრამ არქივიდან შეიძლება ამ სიუჟეტის ამოღება. “იმედიდადროებაერთადერთი ტელევიზია და გადაცემა იყო, რომელმაცკანონიერი ქურდიბიზნესმენადმონათლა”.

- მე სხვა რა ვთქვი? ბადრი და ონიანი ერთად მყავს ნანახი და ურთიერთობას ვერ გამოვრიცხავ, მაგრამ ჩემი წყარო ამბობს, რომ ბადრის მასთან საუბარში აქვს ნათქვამი, ონიანმა შემაცდინაო.

ეს ბრალადაც წაუყენაიაპონჩიკამონიანს, როცაჩაარტყეს”. ისიც ცნობილი ფაქტია, რომ ონიანმა მიხეილ სააკაშვილსვარდების რევოლუციადაუფინანსა, ამაზე შალიაკიანი ღიად საუბრობდა. ვივარაუდოთ, რომ ყველაფერი შეთანხმებით გააკეთა ონიანმა?

- არა მხოლოდ შალიკიანი, ბევრი საუბრობდა ამაზე. ვერ გამოვრიცხავ ამას იმიტომ, რომ “ნაციონალური მოძრაობა” ხელისუფლებაში მოსვლამდე ყველასთან ეძებდა კავშირს, მათ შორის, დესპანებსაც აგზავნიდა მოსკოვსა და ევროპაში მყოფ ქართველ ქურდებთან. ფულს ტყუილად არავინ იხდის. არ გამოვრიცხავ, რომ “ნაციონალური მოძრაობის” სიაში ჰყავდათ ისეთი ადამიანები ჩასმული, რომლებიც შემდგომი ურთიერთობების გარანტი იქნებოდნენ.

პატარკაციშვილის გარდაცვალების შემდეგ განვითარებულმა მოვლენებმა რა დასკვნამდე მიგიყვანათ? ვგულისხმობ ქონების გაყოფას, შემდეგ ოჯახის დამოკიდებულებას ამ ყველაფრის მიმართ.

- ბადრის დარჩა მოხუცი დედა, ორი და, მეუღლე ინა და მასთან შეძენილი ორი ქალიშვილი. ვაჟი ოჯახმა არ აღიარა და მამის მემკვიდრეობიდან ვერაფერი მიიღო.

ბადრის რომ თავისი შვილი არ ეღიარებინა, ქონებაც არ ექნებოდა იმ ბავშვს.

- ბადრიმ კი დაუტოვა ქონება, მაგრამ სასამართლოს მეშვეობით ქალბატონმა გუდავაძემ ყველაფერი წაართვა. მე ვიტყოდი, რომ ოჯახი არ გაუფრთხილდა ბადრის სახელს, ეს იყო პირდაპირ შურისძიება. არ უნდა ეკადრებინათ ეს. ბადრისთვის სამივე შვილი შვილი იყო და მამის დატოვებული საარსებო ლუკმა მისთვის არ უნდა წაერთმიათ, მაგრამ ასე იყო და ჩვენ ვერ შევცვლით ვერაფერს. ოჯახმა მთელი აქცენტი გააკეთა ფინანსებზე. რამდენჯერმე გაყიდეს ქონება. “ნაციონალებს” მიჰყიდეს, მერე დავა დაიწყეს, ახლა კიდევ ამ ხელისუფლებას აღიარებინეს ვალად. პიროვნულად მე რაც მეხება, ეს ჩემი არჩევანი იყო. იატაკქვეშეთში ვცხოვრობდი თუ ვიდევნებოდი, ამას არც ინას ვაბრალებ და არც ბადრის. თუ რამე არასწორად გავაკეთე, ჩემი ბრალი იყო, სხვისი არავისი.

დაცვის უფროსის წერილი გამოქვეყნდაქრონიკა+”-ში. მე შემეცოდა ის ადამიანი, ასეთი ნაწამებია...

- სხვა ფაქტებსაც გეტყვით, როგორ მოექცა ოჯახი ბადრისთვის თავდადებულ ადამიანებს: მცხეთაში მამა დააკავეს, აწამეს და გარდაიცვალა, იმავე დღეს შვილს გული გაუსკდა. ერთი სიტყვით,  დაიქცა ოჯახი და ყვავილი არავის მიუტანია გასვენებაში ბადრის სახელზე. 7 კაცი დააკავეს 2 იანვარს ვითომ ფულის გათეთრებაზე, რომელიც სინამდვილეში მეგობარმა გამოუგზავნა. ეს ხალხი დააკავეს, 2 პატიმრობაში გაუშვეს, ის ფული სულ წაართვეს და ადვოკატიც კი არავინ უქირავა ამ ხალს. ისინი ხომ ბადრის გამო დააკავეს? ბადრის აქტივიდან 40-მდე ადამიანი დააკავეს. უამრავია გაქცეული უცხოეთში, ბევრი უსახლკაროდ დატოვეს. ვის გაახსენდა მათი პრობლემები? პატარკაციშვილმა 8 მილიონი დოლარი ჩამორიცხა აქტივისტებისთვის ხელფასის მისაცემად, მაგრამ პროკურატურამ ყადაღა დაადო. ეს თანხა ოჯახმა მერე მემკვიდრეობის წესით მიიღო, მაგრამ, რატომღაც, “აღარ გაახსენდა”, რომ იგი  სახელფასო ფონდი იყო. მეტსაც გეტყვით: შტაბი რომ დაიშალა, ეძებდნენ, სად იყო დარჩენილი სკამი თუ მაგიდა, ყველაფერი წაიღეს. მე ასეთი სიხარბე არსად მინახავს და გამიგონია!

ანუ მკვდარზე იძიეს შური?

- თუ გავაანალიზებთ, ყველაზე იძიეს შური, ცოცხლებზეც და მკვდარზეც. 41 000 ადამიანი იყო დარეგისტირებული ოფიციალურად, როგორც შტაბის აქტივი, ცოტაა? უხელფასოდ დატოვა ეს ადამიანები ოჯახმა. გამოდის,  იმისთვის დასაჯეს, ბადრის რომ ედგნენ გვერდით. ხელისუფლებამ როგორ დასაჯა ისინი, ყველამ ვიცით, მაგრამ არც ოჯახმა დააკლო ხელი. თუ ვინმეს შეეძლო შეელახა ცხონებული ბადრის სახელი, ეს მისმა ოჯახმა გააკეთა. არადა, ის მოწოდებით იყო ქველმოქმედი და უამრავი სიკეთე ჰქონდა გაკეთებული.

წმინდა ქეთევანის სხეულის ნაწილები მან მოიძია.

- 2000-მდე ლეიკემიით დაავადებული ბავშვი ჰყავს გადარჩენილი, მაგრამ ვინ დაუფასა?!! ისე გამოვიდა, კაცმა ომის დროს ქალაქი რომ გადაარჩინა, შეიკრიბნენ ქალაქის მესვეურები: რით დავაჯილდოვოთ ეს კაციო? სხვა ვერაფერი მოიფიქრეს და გადაწყვიტეს, მოვკლათ და ძეგლი დავუდგათო.  ბადრიც მოკლეს, მაგრამ მისთვის ძეგლი არ დაუდგამთ. ტრაგიკული და ჭკუის სასწავლებელი ისტორიაა.