ტელეგადაცემების ნაწილის „გადახვევის რეჟიმში“ ნახვა იზღუდება

ტელეგადაცემების ნაწილის „გადახვევის რეჟიმში“ ნახვა იზღუდება

ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში გასული პოპულარული თურქული სერიალების, ფილმებისა და მულტფილმების „გადახვევის რეჟიმში“ ყურება იზღუდება. მათი ნახვა ტელემაყურებლებს მხოლოდ რეალურ დროში შეეძლებათ. „გადახვევის რეჟიმი რამდენიმე IP-ტელევიზიამ უკვე გათიშა და უახლოეს პერიოდში დანარჩენებიც ასე მოიქცევიან“, - აცხადებენ „მაესტროში“ და ამგვარი გადაწყვეტილების არგუმენტად კანონის დაცვას ასახელებენ, რომელიც ეთერში მხოლოდ ლიცენზირებული პროდუქციის გაშვებას ითვალისწინებს.

უფრო კონკრეტულად კი, საუბარია სალიცენზიო ხელშეკრულების იმ ნაწილზე, რომლის თანახმადაც, „მაესტროს“ კონკრეტული ტელესერიალის ეთერში გაშვება მხოლოდ ერთჯერადად შეუძლია, IP ტელევიზიები, ანუ „სილქ TV“ და „კავკასუსTV“ კი მომხმარებელს გადახვევა/დაპაუზების სერვისის ფარგლებში ეთერში გასული აღნიშნული პროდუქციის შეუზღუდავად ნახვის შესაძლებლობას აძლევდა.

ტელეკომპანია „მაესტროს“ წარმომადგენელი ბაჩო კიკაბიძე For.ge-სთან განმარტავს, რომ კონკრეტული პროდუქციის ეთერში შეუზღუდავად გაშვებასთან დაკავშირებით, შესაბამის უცხოურ კომპანიებთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს და სერვისის აღდგენა მოლაპარაკების შედეგზე იქნება დამოკიდებული.

„არსებობს რამდენიმე უცხოური კომპანია, რომლისგანაც ჩვენ პროდუქციას ვყიდულობთ და ეს პროდუქცია გადახვევის უფლებით ნაყიდი არ გვაქვს. ამიტომ, IP ტელევიზიებს მომსახურება შევაჩერებინეთ. თუ ახალი მოლაპარაკების შედეგად შევიძენთ გადახვევის უფლებას, ან მოქმედ კონტრაქტში შევიტანთ ამ ცვლილებას, მაშინ აღდგება ეს სერვისიც, სხვა შემთხვევაში - არა“, - აცხადებს ბაჩო კიკაბიძე.

მისივე თქმით, თავად „მაესტროს“ მიერ წარმოებული პროდუქციის გადახვევაზე შეზღუდვა არ მოქმედებს და, შესაბამისად, „კავკასუსსა“ და „სილქნეტს“ მათივე კუთვნილი სხვა მაუწყებლის, „ტვ11-ის“ ეთერში გაშვებული ნებისმიერი პროდუქციის შეუზღუდავად გავრცელების შესაძლებლობა აქვთ.

„ის, რაც ჩემს ეთერში გადის, მე უნდა ვიყიდო, ეს უფლებები მე უნდა მოვიპოვო - „სილქნეტი“ და „კავკასუსი“ ვერ მოიპოვებენ ამ ლიცენზიას“, - აცხადებს კიკაბიძე და აღნიშნავს, რომ „სილქნეტს“ და „კავკასუსს“ გადახვევა/დაპაუზების ფუნქციის შეზღუდვა, კონტრაქტის ვადის გასვლის შემდეგ, ორიოდე კვირის წინ სთხოვეს.

ამ დროისთვის გადახვევა/დაპაუზების სერვისი მომხმარებელს „მაესტროს“ წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე უკვე შეუზღუდა კომპანია „კავკასუს ონლაინმა“, იმავე კომპანიისთვის შესაბამისი თხოვნით სხვა ტელეკომპანიებს არ მიუმართავთ.

„კავკასუს ონლაინმა“ სტუდია „მაესტროს“ არხზე დაპაუზება/გადახვევის შეზღუდვა ამავე ტელეკომპანიიდან მიღებული წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე დააწესა. რაც შეეხება სხვა ტელეკომპანიებს - თითოეული არხის რეტრანსლაცია რეგულირდება ცალკეული ხელშეკრულებების საფუძველზე, რითაც ინდივიდუალურად არის განსაზღვრული თითოეული არხისათვის დაპაუზება/გადახვევის პირობები“, - აცხადებს For.ge-სთან „კავკასუს ონლაინის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი რუსუდან კაპანაძე და ჩვენს კითხვაზე - დააზარალებს თუ არა მსგავსი შეზღუდვების დაწესება კომპანიას და გამოიწვევს თუ არა მომხმარებლის შემცირებას - განმარტავს, რომ შეზღუდვები, როგორც წესი, თანაბრად ვრცელდება ბაზარზე მოქმედ კონკურენტ კომპანიაზეც, რომელიც მომხმარებელს იმავე სერვისს სთავაზობს.

გადახვევა/დაპაუზების სერვისის შეზღუდვის გამო უკმაყოფილებას უკვე გამოთქვამენ მომხმარებლები. ტელემაყურებელთა ნაწილი აცხადებს, რომ დამატებით თანხებს, სწორედ, ამ მომსახურებისთვის იხდიდა და სერვისის შეზღუდვის შემდეგ IP ტელევიზიებთან, შესაძლოა, ხელშეკრულება შეწყვიტონ.

„რაღა აზრი აქვს მათ მომსახურებას, პირდაპირ ეთერში ჩვეულებრივ ტელევიზორშიც ვუყურებთ გადაცემებს და ზედმეტი თანხები რატომ უნდა გადავიხადოთ?“- უთხრა For.ge-ს შუახნის ქალბატონმა, რომელიც, როგორც თავად ამბობს, თურქულ სერიალებს დღემდე, სწორედ, „გადახვევის რეჟიმში“ უყურებს.

ტელემაყურებლისთვის „მაესტროს“ ეთერში გაშვებული ტელესერიალების გადახვევის ფუქნქციით ნახვა ჯერ არ შეუზღუდავს „სილქნეტს“. კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში For.ge-ს განუცხადეს, რომ ტელეკომპანია „მაესტროს“ მათთვის თანამშრომლობის ახალ პირობებთან დაკავშირებით, ოფიციალურად, ამ დრომდე არ მიუმართავს.

„ჩვენსა და „მაესტროს“ შორის გაფორმებული კონტრაქტი, ჩვენს ეთერში გასულ პროდუქციასთან დაკავშირებით ყველა უფლებას გვანიჭებს. ვიდრე ტელეკომპანია ახალ კონტრაქტს არ გაგვიფორმებს, ეს სერვისი რომ შევზღუდოთ, მოქმედი ხელშეკრულების დარღვევა გამოგვივა“, - განმარტავენ „სილქნეტში“.

კანონმდებლობით გათვალისწინებული სალიცენზიო პირობების დაცვა კომუნიკაციების ეროვნული კომისიის კომპეტენციაში შედის. კომისია ამ მიზნით ტელერადიომაუწყებლობის მონიტორინგს აწარმოებს.

კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრი კახა ბექაური For.ge-სთან აცხადებს, რომ „მაესტროს“ გადაწყვეტილება მართებულია, რადგან, ტელეკომპანიები, როგორც წესი, ეთერში გასაშვებ უცხოურ პროდუქციას ერთჯერადი ან ორჯერ გაშვების უფლებით ყიდულობენ.

„პროდუქცია იყიდება რამდენიმე უფლებით, მათ შორის კინო-უფლებით, DVD-ზე გამოშვების უფლებით, აუდიოვიზუალური პროდუქციის მრავალჯერადი ნახვა, გადახვევის საშუალებით, კი სულ სხვა სერვისია“, - აცხადებს კახა ბექაური და აღნიშნავს, რომ აღნიშნულ საკითხზე მონიტორინგი მიმდინარეობს და მარეგულირებელი ეროვნულ კომისია, ამ თვალსაზრისით, კონტროლის გამკაცრებას უახლოეს პერიოდში გეგმავს.

„მინდა, ყველა მაუწყებელმა იცოდეს, რომ ჩვენ გავამკაცრებთ ამ კუთხით კონტროლს და თუ დარღვეული იქნება არა მხოლოდ „გადახვევის“ არამედ საავტორო და მომიჯნავე უფლებები, განხორციელდება კანონით გათვალისწინებული სანქციები კანონის დამრღვევ სუბიექტებზე. სანქცია შეეხება მათ, ვისაც პროდუქცია ერთჯერადი გაშვების უფლებით აქვს ნაყიდი და მრავალჯერ უშვებს ეთერში“, - აცხადებს ბექაური.

კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრის განმარტებით, IP ტელევიზიამ ტელეკომპანიას კონტრაქტის გაფორმების დროს უნდა მოსთხოვოს დაზუსტება, აქვს თუ არა გადახვევის უფლებით ნაყიდი პროდუქტი, რომლის რეტრანსლაციის უფლებაც მას ეძლევა. თუ ტელევიზია ხელშეკრულებაში ამგვარ შეზღუდვებს არ დებს, მაშინ იურიდიულად პასუხისმგებელი თავად ტელეკომპანიაა. ხოლო, თუ გადახვევის უფლება არც ერთ პროდუქტზე არ გააჩნია სამაუწყებლო კომპანიას, IP ტელევიზია ვალდებული ხდება,მომხმარებელს მისი გადაცემები მხოლოდ „ლაივის“ რეჟიმში მიაწოდოს.

ერთჯერადი ნახვის უფლებით ნაყიდი ფილმის თუ სერიალის მრავალჯერადი ნახვის უფლებით გავრცელება Myvideo-ს და თავად პროდუქციის მყიდველი ტელეკომპანიის ოფიციალურ საიტსაც ეკრძალება.

„ტელეკომპანიასაც არ აქვს უფლება, ეთერში უკვე გასული ფილმი, სერიალი თუ სხვა პროდუქტი საკუთარ საიტზე ატვირთოს, თუ ეს აუდიოვიზუალური პროდუქცია ერთჯერადი გაშვების უფლებით ჰქონდა ნაყიდი. ეს ნებისმიერ ტრანზიტორს ეკრძალება“, - აცხადებს კახა ბექაური.