შინაგან საქმეთა სამინისტროს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ქვემო ქართლის სამხარეო სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1974 წელს დაბადებული, წარსულში ქურდობისთვის ნასამართლევი რამაზ დ, 1984 წელს დაბადებული ლაშა ნ. და 1969 წელს დაბადებული ლუკა ჭ. ჯგუფური ყაჩაღობის მომზადების ბრალდებით დააკავეს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულებმა თბილისში, ვაზისუბნის დასახლებაში მდებარე სამშენებლო კომპანიის დაყაჩაღების გეგმა შეიმუშავეს. ერთ-ერთმა დაკავებულმა, ლუკა ჭ-მ, რომელიც ჩინური სამშენებლო კომპანიის მძღოლად მუშაობდა, თანამზრახველებს მიაწოდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ კომპანიის სეიფში დაახლოებით 100 000 ლარის ოდენობის თანხა ინახებოდა და დეტალურად აუხსნა, როგორ შეიძლებოდა კომპანიის ოფისში შეღწევა.
კრიმინალური პოლიციის თანამშრომლებმა ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების რამაზ დ. და ლაშა ნ. იმ დროს დააკავეს, როცა ისინი გეგმის განსახორციელებლად ავტომობილით გადაადგილდებოდნენ. მათი თანამზრახველი ლუკა ჭ. კი მეტროსადგურ „ვარკეთილის“ მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს.
სამართალდამცველებმა დაკავებულების პირადი და ავტომობილის ჩხრეკის შედეგად „გლოკის“ სისტემის და „ბერეტას“ სისტემის პისტოლეტების მაკეტები, 4 ნიღაბი, 8 ცალი სამედიცინო ხელთათმანი, 2 ხანჯალი და წებოვანი ლენტი ამოიღეს.
დაკავებულები ჩადენილ დანაშაულს აღიარებენ.
გამოძიება ჯგუფური ყაჩაღობის, სადგომში ან საცავში უკანონო შეღწევის მომზადების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 18-179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით).