რა მეთოდით დაიწყეს

რა მეთოდით დაიწყეს "ნაციონალებმა" სააკაშვილის გაპიარება?

"სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ბათუმში რამდენიმე ადგილას გაჩნდა წარწერა "ბოდიში, მიშა". წყაროს ინფორმაციით, აჭარაში და კერძოდ, ბათუმში, დიდი იმედგაცრუებები და უკმაყოფილებაა ახალი ხელისუფლების მიმართ და აკონკრეტებს: "მიზეზებში წამყვანი ადგილი უკავია მანდარინის თემას და ზამთარში ელექტროენერგიის გათიშვას. არის სხვა თემებიც, რაც ერთობლიობაში უკმაყოფილების მუხტს ნელ-ნელა და სტაბილურად ათუხთუხებს". რამდენად მართალია ინფორმაცია და რა არის ის სხვა თემები, რაც ერთობლიობაში უკმაყოფილების მუხტს ნელ-ნელა და სტაბილურად ათუხთუხებს? "ალია" კომენტარისთვის უფლებადამცველ თამაზ ბაკურიძეს დაუკავშირდა", - წერს გაზეთი "ალია" სტატიაში სათაურით რა მეთოდით დაიწყეს "ნაციონალებმა" სააკაშვილის გაპიარება?

"უკმაყოფილება ნამდვილად არის, ვადასტურებ და ეს ის თემაა, რასაც ჩვენც ვამბობთ, ესაა ციტრუსის თემა, საკადრო პოლიტიკა და სოციალურად დაუცველების თემა. ანუ, ძალიან ბევრი თემაა, რის მიხედვითაც ხალხი ვერ გრძნობს, რომ ახალმა ხელისუფლებამ დაიწყო მსჯელობა, არათუ მოქმედება, მაგრამ ერთი რამე შემიძლია დაბეჯითებით ვთქვა, რომ მიშას ბოდიშს ამის გამო არავინ უხდის და არც განწყობაა საბოდიშო. ეს პრობლემები არის წინა ხელისუფლების მიერ დაგროვილი და არგადაწყვეტილი. ეს ყველაფერი ერთბაშად არ გაჩენილა და მიშა 9-წლიანი მმართველობის დროს აჭარას მთელ საქართველოსთან ერთად რომ აცხოვრებდა, ეს მაშინ დაგროვდა და ახლა ერთბაშად გამოჩნდა. რა თქმა უნდა, ამ ახლებს ძალიან ცუდი მემკვიდრეობა დახვდათ და ერთბაშად ყველა პრობლემის მოგვარება ძალიან ძნელია. რა შორს წავიდე, ეკომიგრანტების პრობლემა ავიღოთ, რა, მიშა სააკაშვილი არ იყო, აჭარლები რომ წაიყვანა, 2500 ოჯახი რომ ჩაასახლა წალკაში და უთხრა, ყველა სახლ-კარს მიიღებსო და აღმოჩნდა, რომ არც ერთმა არ მიიღო დაპირება? ახლა იძულებულები არიან, რომ ეს ხალხი წამოვიდეს უკან. მე ამ ახალი ხელისუფლების ადვოკატი არ ვარ, მაგრამ ეტყობა, ეს სიტუაცია ვიღაცამ გამოიყენა და თქვა, თითქოს ბათუმი მიშას ბოდიშს უხდის", - აცხადებს უფლებადამცველი თამაზ ბაკურიძე.

"ბათუმი და აჭარა არასოდეს სააკაშვილს ბოდიშს არ მოუხდის, იმიტომ, რომ თვითონ სააკაშვილმა თუ აფხაზეთი და ოსეთი რუსებს გადააბარა, ბათუმი და მთელი აჭარა ჩააბარა თურქებს სრულიად მშვიდობიანად და რისთვის უხდიან ბოდიშს, რომ თურქი გვაზის თავზე ბათუმში? რომ ყველა ინვესტიცია და საერთოდ, ყველაფერი მაგათ ხელშია? ჩვენ ნამდვილად არ ვართ ინვესტიციების წინააღმდეგი, მაგრამ რატომ უნდა იყოს მეზობელი ქვეყნის ინვესტიციები და ბიზნესი უფრო პრივილეგირებულ მდგომარეობაში, ვიდრე აჭარელი ბიზნესმენები? მიშა სააკაშვილის დროს არ იყო, რომ ციტრუსი მათი მაფიოზური კლანის მმართველობის ქვეშ იყო? თუნდაც იგივე იპოთეკარების პრობლემა მაშინ არ დაიწყო? იცით თუ არა თქვენ, რომ ყველა ბანკის დავალიანების მქონე ოჯახი სააკაშვილის დროს იქნა გაკოტრებული მისი საფინანსო და საბანკო პოლიტიკის შედეგად და ასევე, სისხლის სამართლის პოლიტიკის შედეგად? ამის გამო ვუხდით ბოდიშს?" - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას თამაზ ბაკურიძე.

"ოჯახებში უმეტესობას პატიმრები ჰყავდათ ციხეებში გამომწყვდეული და იძულებულები იყვნენ, თავისი ქონება ჩაედოთ, რომ თავისიანის სიცოცხლე შეენარჩუნებინათ. კიდევ გავაგრძელო? ამისთვის უხდიან ბოდიშს? ეგ წარწერა "ნაციონალებისა" და მათი არასამთავრობოების ხუშტურებია, დადიან და სადღაც წარწერები გააკეთეს. არავინ არ დაიჯეროს საქართველოში, რომ ბათუმში ვინმე სააკაშვილს ბოდიშს უხდის. პირიქით, ყველაზე მეტად მიშას ბათუმმა უთხრა უარი და სანაგვეზე ბათუმმა გაუშვა. ეს წარწერა სჭირდება "ნაციონალურ მოძრაობას", ეგენი ამჟამად ძალიან არიან გააქტიურებულები, დადიან სოფლებში და ხალხს ეუბნებიან, აი, რამხელა პრობლემებიაო. თვითონ რომ ვერ მოაგვარეს იგივე წყლის, იგივე გზის, იგივე ელექტროენერგიის პრობლემები, გამოდიან ვითომ ხალხის უფლებადამცველებად. ასე რომ, ასეთი წარწერები გაჩნდება და მათი ავტორები იქნებიან, ისევ აფერისტები, ავანტიურისტები და მაგათი დამქაშები", - დასძენს რესპონდენტი.