თითქოს ყველა პირობა არსებობდა, რომსაფრანგეთის სასამართლოს საქართველოსთავდაცვის ყოფილი მინისტრი და ფინანსურიპოლიციის ყოფილი ხელმძღვანელი პატიმრობაშიდაეტოვებინა. ყოველ შემთხვევაში, რამდენიმეკვირის წინ, დავით კეზერაშვილის “საგმიროსაქმეებზე” კომენტარი პრემიერმა ირაკლიღარიბაშვილმაც გააკეთა და მიანიშნა, რომ“კეზერა”, რიყისა და “იმედის” გასხვისების, ასევე,სპირტის კონტრაბანდის გარდა, იარაღითვაჭრობის უკანონო ბიზნესშიც შეიძლება, იყოსჩართული.
ყოველივე ამის მიუხედავად, საფრანგეთის ქალაქ ექს-ან-პროვანსის სასამართლომ სააკაშვილის ხელისუფლების ერთ-ერთი ძლევამოსილი წარმომადგენელი პატიმრობიდან ელექტრონული სამაჯურის გამოყენების პირობით გაათავისუფლა.
“პრემიერის” კონფიდენციალური წყაროების თქმით, კეზერაშვილის განთავისუფლება “ოცნების” იმ ფრთისთვის, რომელიც პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილისა და ბიძინა ივანიშვილის უახლოეს გარემოცვად ითვლება, სრული მოულოდნელობა იყო, რადგან თავის დროზე, როცა კეზერაშვილი ფრანგულმა მხარემ საქართველოს მოთხოვნით დააკავა, მთავარი პროკურატურის იმდროინდელი “სტაფი” თურმე ირწმუნებოდა, ფრანგებს ისეთი მტკიცებულებები გადავეცით, რომ კეზერაშვილმა ხელი შეიძლება, სამუდამო პატიმრობასაც გამოჰკრასო.
“კეზერაშვილის საქმე თავიდანვე გაყიდული იყო”, _ ეჭვობს “პრემიერის” ინფორმატორი და იმ სავარაუდო სქემაზე საუბრობს, რომლითაც თავდაცვის ყოფილი მინისტრის საქმის “გალაითება” მოხდა.
“ნაციონალებიც” არ მალავენ, რომ მას შემდეგ, რაც სახელმწიფო სამსახურიდან წავიდა, კეზერაშვილმა ხელი ბიზნესს მიჰყო და წარმატებასაც მიაღწია, რაც, ერთი შეხედვით, საეჭვოც არაა, მაგრამ საქართველოში არაერთი ბიზნესმენია, რომელიც კეზერაშვილს ბიზნესის წართმევაში ამხელს.
მეტიც, 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, დაზარალებული ბიზნესმენების განცხადებით, მთავარი პროკურატურისთვისაც მიუმართავთ და თავდაცვის ყოფილი მინისტრის წინააღმდეგ სისხლის სამართლის დევნის დაწყებასთან ერთად, მისი და მისი სამეგობროს ქონებისთვის ყადაღის დადებაც მოუთხოვიათ.
კეზერაშვილის სამეგობროდან ერთ-ერთი, ვის მიმართაც ბიზნესმენების ნაწილს პრეტენზია აქვს, გია უდესიანია. უდესიანს ფართო საზოგადოება შეიძლება, არ იცნობს, მაგრამ მთელი ცხრა წლის განმავლობაში მაშინდელი ოპოზიცია ამტკიცებდა, რომ ის მიშას “ზონდერი” იყო. შესაბამისად, არსებობდა მოლოდინი, რომ “ოცნების” ხელისუფლება უდესიანსა და მსგავს სუბიექტებს საკადრის პასუხს მოსთხოვდა, თუმცა ოცნებები კოჰაბიტაციამ შთანთქა.
“პრემიერის” ინკოგნიტო ინფორმატორი, რომელიც ვინაობას იმის შიშით კი არ ამხელს, რომ კეზერაშვილ-უდესიანსა და, საერთოდ, “ნაციონალებს” მფარველები “ოცნების” ხელისუფლებაშიც ჰყავთ და ვინაობის გამხელის შემდეგ, შეიძლება, პრობლემები შეექმნას, ერთ ამბავს უყვება, რომელიც მაღაზიათა ქსელ “პოპულის” გაკოტრებასა და ხელში ჩაგდებას ეხება.
შეგახსენებთ: “პოპულის” მფლობელად ყოფილი დეპუტატი არჩილ გეგენავა ითვლებოდა. ამასთანავე, რამდენიმე თვეა, “პოპულის” ყველა მაღაზია დაიხურა. გავრცელებული ინფორმაციით, მაღაზიათა ქსელი გაკოტრდა. კულუარებში ამბობენ, რომ ეს გაკოტრება უდესიანის კისერზეა.
2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, კეზერაშვილი და მისი გარემოცვა ე.წ. ვაჭრობის ბიზნესით დაინტერესებულან და თვალში ამოუღიათ “პოპული” და სუპერმარკეტების კიდევ რამდენიმე ქსელი. ერთ-ერთი ქსელის მეპატრონე, როგორც წყარო ამბობს, უდესიანს იძულებული გაუხდია, ბანკიდან მილიონ-ნახევარი გამოეტანა და მისთვის გადაეცა.
“მილიონ-ნახევარი ცოტა არ არის და ამიტომ, ამ ინციდენტის შემდეგ, ეს კაცი იძულებული გახდა, ბიზნესი დაეხურა. მერე, ხელისუფლება რომ შეიცვალა, უდესიანს უჩივლა, მაგრამ რად გინდათ? _ უდესიანს თურმე მთავარი პროკურორის ყოფილი მოადგილე, ლაშა ნაცვლიშვილი მფარველობდა და ამიტომაც მის წინააღმდეგ გამოძიება არც კი დაწყებულა”, _ ამბობს “პრემიერის” წყარო.
მისივე მოსაზრებით, სუპერმარკეტების ქსელ “პოპულის” გაკოტრებაც კეზერაშვილ-უდესიანის კისერზეა, ანუ, როგორც წყარო ვარაუდობს, ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებამდე, “პოპულის” რამდენიმე ათეული მილიონი “შეაწერეს”. მერე კი, როცა ხელისუფლება შეიცვალა, ამ მილიონებიდან ორი ათეული საქმის მოგვარებაზე დახარჯეს. საქმის მოგვარება კი თურმე იმას ნიშნავს, რომ რაღაც მანქანების წყალობით, ლაშა ნაცვლიშვილსა და გია ხუხაშვილზე გავიდნენ და მათგან ხელშეუხებლობის გარანტია მიიღეს.
მეტიც, “პრემიერის” წყარო არ გამორიცხავს, რომ კეზერაშვილის წინააღმდეგ საფრანგეთის სასამართლოში “ლაითი” მასალები სწორედ ამ “ხელშეუხებლობის ფარგლებში” გაიგზავნა.
თუ ინფორმატორის ეს მოსაზრება გამართლდა, მაშინ წყალი არ გაუვა, რომ მთავარი პროკურორის ყოფილ მოადგილესა და ყოფილი პრემიერის ყოფილ მრჩეველს სერიოზული უსიამოვნება შეხვდებათ, რადგან კეზერაშვილის ციხეში გაშვება, როგორც ამბობენ, “ოცნების” ღირსების საქმეა. ახლა კი, გამოდის, რომ “ოცნება” სულ ტყუილად ქოთქოთებდა.
ისინი, ვინც პირადად იცნობენ, ამბობენ, რომ ირაკლი ღარიბაშვილი პრინციპულია. როცა საჯარო პრესკონფერენციაზე, კეზერაშვილზე საუბრისას, ღარიბაშვილმა სიტყვა “სკანდალი” ახსენა, ესე იგი, ქართველი ძალოვნებისგან, კერძოდ, პროკურატურისგან, ალბათ, ჰქონდა ინფორმაცია, რომ კეზერაშვილის წინააღმდეგ წაყენებული ბრალდებები მტკიცებულებებით იყო გამაგრებული, მაგრამ, რადგან საფრანგეთის სასამართლომ “კეზერა” გაათავისუფლა, პრემიერი, ალბათ, იმის გარკვევას შეეცდება, რა მოხდა სინამდვილეში და ვინ მოატყუა. ეს ის შემთხვევაა, როცა, როგორც იტყვიან, ყველა გზა ნაცვლიშვილამდე მიდის.
კბილაშვილ-ნაცვლიშვილისდროინდელმა მთავარმა პროკურატურამ რაღაც რომ მიჰქარა, ამ მოსაზრებას ექსპერტ ხათუნა ლაგაზიძის გაცხადებაც მოწმობს. ლაგაზიძემ სოციალურ ქსელ “ფეისბუკის” საკუთარ გვერდზე დაწერა:
“აფერუმ, საქართველოს ხელისუფლების პროფესიონალიზმს საფრანგეთის სასამართლოში! კადრები წყვეტენ ყველაფერს! არ გამოხვიდეთ საკუთარი სამეგობრო-სანათესაო-ნათელმირონობის წრიდან, ღმერთი არ გაგიწყრეთ! ასე გააგრძელეთ და არჩევნებზე მარტო მაგათ იმედად დარჩებით!”
შეიძლება, რომელიმე “ოცნებელი” იმ აზრის გატარებას შეეცადოს, რომ “ნაციონალებმა”, თავიანთი პიარ-ლობისტების დახმარებით, კეზერაშვილის გარშემო დასავლეთში დადებითი აურა შექმნეს და ის პოლიტიკური დევნილის მანტიაში გახვიეს, მაგრამ აქ ქართულ კი არა, ფრანგულ სასამართლოზეა ლაპარაკი და თავის მართლება ერთი ქართული ანდაზის პრინციპით, პატარძალმა ძროხა ვერ მოწველა, ეზო მრუდეაო, აბსურდია.
“პრემიერის” სამთავრობო ინფორმატორთა ვარაუდით, “ოცნებამ” უკვე დაიწყო იმ მასალების სკრუპულოზული შესწავლა, რომელიც ნაცვლიშვილისდროინდელმა პროკურატურამ საფრანგეთს გაუგზავნა. ასე რომ, მალე შეიძლება, საინტერესო პროცესების მომსწრენი გავხდეთ.
---
დავით კეზერაშვილი _ ქართველი პოლიტიკოსი. საქართველოს თავდაცვის მინისტრი 2006 წლის 11 ნოემბრიდან 2008 წლის 5 დეკემბრამდე. ისრაელის მოქალაქე.
დაიბადა თბილისში. 1992 წელს ბებიასთან ერთად ისრაელში, ჰოლონში, გადასახლდა. წლინახევრის შემდეგ ისევ საქართველოში დაბრუნდა. 1999 წელს დაასრულა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლის ფაკულტეტი. ფლობს ინგლისურ, რუსულ, იტალიურ ენებსა და ივრითს.
იუსტიციის სამინისტროში მუშაობის პერიოდში მიხეილ სააკაშვილის თანაშემწე გახდა. შემდეგ ფინანსთა სამინისტროში მუშაობდა, სადაც ერთი პერიოდი ფინანსური პოლიციის განყოფილების უფროსი იყო. 2006 წლის 11 ნოემბერს საქართველოს თავდაცვის მინისტრის პოსტზე შეცვალა ირაკლი ოქრუაშვილი. ამ თანამდებობიდან გადაყენებულ იქნა 2008 წლის 5 დეკემბერს.
საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით კეზერაშვილი ფრანგმა სამართალდამცავებმა 14 ოქტომბერს დააკავეს. შსს-ს ინფორმაციით, დავით კეზერაშვილს ბრალად ედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით, 338-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ე” ქვეპუნქტით, 214-ე მუხლის მე-2 და მე-6 ნაწილებით, 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ა” და “გ” ქვეპუნქტებით და 182-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ა” და “ბ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენა, რაც გულისხმობს სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირის მიერ განსაკუთრებით დიდი რაოდენობით ქრთამის აღებას, ორგანიზებული ჯგუფის მიერ საბაჟო წესების დარღვევას, რამაც განსაკუთრებით დიდი რაოდენობით ზარალი გამოიწვია, ორგანიზებული ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი რაოდენობით ფულის გათეთრებას და უკანონო შემოსავლის მიღებას, ორგანიზებული ჯგუფის მიერ ჩადენილ დიდი რაოდენობით მითვისება/გაფლანგვას.
საფრანგეთის ქალაქ ექს-ან-პროვანსის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, დავით კეზერაშვილი პატიმრობიდან ელექტრონული სამაჯურის გამოყენების პირობით განთავისუფლდა. მოსამართლემ დავით კეზერაშვილს აუკრძალა საფრანგეთის ტერიტორიის დატოვება და დააკისრა ვალდებულება, იცხოვროს ექს-ან-პროვანსში მოსამართლის მიერ მითითებულ კონკრეტულ მისამართზე. გადაწყვეტილების თანახმად, დ. კეზერაშვილს სასამართლომ უფლება მისცა, დატოვოს საცხოვრებელი ადგილი ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, მხოლოდ 10-დან 18 საათამდე, ხოლო შაბათსა და კვირას 9-დან 21 საათამდე.
ექ-ან-პროვანსის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების თანახმად, ელექტრონული სამაჯურის ტარების ვადად განისაზღვრა დღეიდან 6 თვე და არა მხოლოდ 27 თებერვლამდე პერიოდი, როდესაც ექსტრადიციის საკითხზე მოსამართლემ მსჯელობა უნდა განაახლოს. გარდა ამისა, სასამართლოს გადაწყვეტილებით, დავით კეზერაშვილმა სასამართლოს უნდა ჩააბაროს თავისი ორი პასპორტი. საქართველოს მთავარი პროკურატურა აგრძელებს ექსტრადიციის საკითხზე მუშაობას ფრანგ კოლეგებთან სამართლებრივი თანამშრომლობის ფარგლებში.
კეზერაშვილის წინააღმდეგ საქართველოში სისხლის სამართლის ორი საქმეა აღძრული. რიყისა და “ტელე იმედის” გასხვისების საქმე, სადაც კეზერაშვილს სხვისი ქონების მართლსაწინააღმდეგოდ მითვისებას ედავებიან, ასევე, კონტრაბანდული სპირტის საქმე, სადაც თავდაცვის ყოფილ მინისტრს კონტრაბანდული სქემის მფარველობაში ადანაშაულებენ.
დავით კეზერაშვილი: “პოლიტიკა არასოდეს დამიტოვებია... ვემხრობი, წავიდეთ არჩევნების გზით და მოვემზადოთ მომავალი არჩევნებისთვის”
“საქართველოს ხელისუფლების მიერ ჩემი დადანაშაულება უსაფუძვლოა”, _ აღნიშნულის შესახებ თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა დავით კეზერაშვილმა ფრანგული გამოცემა “პარიზიენისთვის” მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. ბრალდების მოტივაცია არის პოლიტიკური, რომელიც მიზნად ისახავს “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერების დისკრედიტაციას. მათი სურვილია, დაასუსტონ ოპოზიცია.
“როგორც კი ჩვენ წავაგეთ საპარლამენტო არჩევნები 2012 წლის ოქტომბერში, ახალი ხელისუფლების მიერ ყოფილი მინისტრებისა და “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერებისა თუ ოფიციალური პირების წინააღმდეგ მაშინვე ბევრი სარჩელი შევიდა... მე არ ვარ ოლიგარქი და თანამდებობრივი პოზიცია და პოლიტიკური კავშირები ქონების დაგროვებისთვის არასოდეს გამომიყენებია... პირიქით, როდესაც მე ვიყავი ფინანსური პოლიციის ხელმძღვანელი ჩემი როლი სწორედ კორუფციისა და კონტრაბანდის წინააღმდეგ ბრძოლა იყო. მისი აღმოფხვრა გახლდათ სწორედ სააკაშვილის ხელისუფლების პრიორიტეტი. ჩვენი ეს ძალისხმევა 2004 წლიდან აღიარა მსოფლიო ბანკმა და არასამთავრობო ორგანიზაცია “საერთაშორისო გამჭვირვალობამ”. საქართველო გამჭვირვალობისა და კორუფციის რეიტინგში 133-ე ადგილზე იყო. ჩვენ მიერ გატარებული ღონისძიებებით, საქართველომ 50-ე ადგილზე გადმოინაცვლა... 2008 წელს დავტოვე მთავრობა და შევქმენი კომპანია, რომელიც კასპიიდან შავ ზღვამდე ნავთობპროდუქტების ტრანსპორტირებას მოახდენდა. თუმცა პოლიტიკა არასოდეს დამიტოვებია. მე ვრჩები ერთგული და ძალიან აქტიური წევრი “ნაციონალური მოძრაობისა” და ვემხრობი, წავიდეთ არჩევნების გზით და მოვემზადოთ მომავალი არჩევნებისთვის”.