ორი გვამი მჭირდება. მომიტანეთ ეს ორიგვამი. ვსიო. პრემია დიდია», _ ეს სიტყვები ვანო მერაბიშვილის კარიერის ერთგვარ ეპიტაფიად იქცა. უახლესი ისტორიის მატიანეში «ყოფილი ხერხემალი», ალბათ, სწორედ ამ რეპლიკით შევა, რომელიც მისი მრავალწლიანი მოღვაწეობის კვიტესენციას წარმოადგენს.
ის არგუმენტები «ორი რუსის» გვამის ძებნის თაობაზე, რომელსაც მერაბიშვილი თავის მართლებისას იყენებს, სერიოზულ განხილვას, ალბათ, არ ექვემდებარება, თუნდაც იმიტომ, რომ იქვე გაისმა რეპლიკები «ფეხდაფე მივყვეთ», «ეს სასტავი... წავიდა თელავის მიმართულებით», «გადასასვლელები არის ჩასაკეტი» და ა. შ. ასეთი ენერგიული გვამები ზომბების ცხოვრებასა და მოღვაწეობისადმი მიძღვნილ ფილმებშიც კი არ მოიძებნება. ყოველივე ამას ყურადღება რომც არ მივაქციოთ, სადაა ორი ჰიპოთეტური რუსის ჰიპოთეტური მკვლელობის ჰიპოთეტური ფაქტზე აღძრული საქმე? მოკლედ, ეს არგუმენტაცია აშკარად არ მუშაობს და მის დეტალურ განხილვაზე დროის დახარჯვა, ალბათ, არ ღირს. მერაბიშვილი, სავარაუდოდ, აცნობიერებს, რომ მიუხედავად იმისა, რა იურიდიული შედეგი მოჰყვება ამ საქმის გამოძიებას (გამორიცხული არაა, რომ კონკრეტულად ამ ეპიზოდში ვერაფერი დაუმტკიცონ, რადგან ზეპირი განცხადება და მისი შემდგომი ინტერპრეტაცია, როგორც ასეთი, ბრალდებისთვის საკმაოდ არამყარი ფუნდამენტია), მთავარი შედეგი საინფორმაციო ხასიათისაა. რეპლიკა გვამების შესახებ სამუდამოდ მიეწება მერაბიშვილს და მისი იმიჯის ნარჩენები მიწასთან გაასწორა; ის თანაგუნდელებისთვის საშიშ ბალასტად იქცა. მედიისა და სოციალური ქსელების ზედაპირული მონიტორინგიც კი საკმარისია იმისთვის, რომ დავრწმუნდეთ, რომ საზოგადოების უდიდესმა ნაწილმა აღიქვა მერაბიშვილის რეპლიკა, როგორც მუხროვანის მოვლენებში მონაწილე პირების ლიკვიდაციის მოთხოვნა.
მიუხედავად იმისა, რომ დღეს ყურადღების ცენტრში ვანო მერაბიშვილი მოექცა, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ის, ყველაფრის მიუხედავად, უფრო შემსრულებელია, ვიდრე დამკვეთი. მართალია, ის მაღალი რანგის შემსრულებელი და რეპრესიული სისტემის «მთავარი ინჟინერ-მექანიკოსი» გახლდათ, მაგრამ იმ იდეების ფორმულირება, რომელთაგან გარდაუვალად გამომდინარეობდა რეჟიმის შიზოფრენიული სისასტიკე, მიხეილ სააკაშვილმა მოახდინა; თანაც გაცილებით ადრე, ვიდრე წარმოთქვამდა ავადსახსენებელ მონოლოგს «ნულოვან ტოლერანტობაზე», რომლის შემდეგ შსს ისე ამოქმედდა, თითქოს «მკვლელობის ლიცენზია» მიეღოს. ჩვენ შეგვიძლია გავიხსენოთ 2004 წლის იანვარი, როდესაც ჯერ კიდევ ინაუგურაციამდე სააკაშვილმა შემდეგი განცხადება გააკეთა: «მე ვურჩიე, როგორც საქართველოს მომავალმა პრეზიდენტმა და ყოფილმა იუსტიციის მინისტრმა, ჩვენს კოლეგას,ზურაბ ადეიშვილს, იუსტიციის მინისტრს, რომ ციხეში ბუნტის ნებისმიერი მცდელობისას (და ეს მინდა კარგად მოისმინონ ციხეში დაბუდებულმა და ციხისგარეთ მყოფმა კრიმინალებმა) გამოიყენონ ძალა და ბუნტის ნებისმიერი მცდელობისას გახსნან ცეცხლი და ადგილზევე მოკლან, გაანადგურონ ყველა ის კრიმინალი, რომელიც შეეცდება სიტუაციის არევას. ჩვენ ამ ხალხისთვის ტყვიები არ გვენანება» (ერთიანი ნაციონალური დუჩეს აქტივში კიდევ რამდენიმე მსგავსი, მიზანტროპული და, იურიდიული თვალსაზრისით, აბსოლუტურად კოშმარული განცხადებაა).
ასე რომ, დღეს, როდესაც საზოგადოება მერაბიშვილის ან სხვა შედარებით დაბალი რანგის შემსრულებლების ავკაცობაზე საუბრობს, სასურველია, წამითაც არ დაავიწყდეს, რომ მათი ნამოქმედარის უკან მიხეილ სააკაშვილი დგას. როდესაც ჟურნალისტებმა «გვამების სკანდალზე» კომენტარი სთხოვეს, მან ისეთი პასუხი გასცა, თითქოს მოხდარი საერთოდ არ ეხებოდა: «საკმარისი პოლიტიკა მქონდა ცხოვრებში იმისთვის, რომ გამანებოთ თავი ამ თემაზე მაინც» (ინტერპრესნიუსი). უფრო დიდი ცინიზმი, ალბათ, ძნელი წარმოსადგენია, თუმცა მთავარი აქ, ალბათ, სულ სხვა რამ არის.
არავისთვის საიდუმლო არაა, რომ ქართული საზოგადოება ემოციურია და ყოველთვის ორიენტირებულია სწრაფი შედეგის მიღებაზე. სააკაშვილი, თავის გარემოცვასთან ერთად, ამ კოგნიტური ხარვეზების გამოყენებას და საზოგადოებაში ისეთი განწყობის დამკვიდრებას ცდილობს, თითქოს მისი გამგზავრებით აშშ-ში ყველაფერი დასრულდა, მისი პასუხისმგებლობის საკითხი აღარ დადგება, რომ ამერიკელებმა ის შეიფარეს, ქართულ თემიდას ცოცხალი თავით არ გადმოსცემენ და მის გასამართლებაზე ან თუნდაც დაკითხვაზე ფიქრს აზრი არ აქვს. ამ წარმოდგენების გავრცელებას ხელს უწყობს რესპუბლიკური პარტიის წევრი ლევან ბერძენიშვილი, რომელიც კანონის უზენაესობის პრინციპის სრული უგულებელყოფით, გამუდმებით იმეორებს, რომ სააკაშვილის დაჭერა არ ღირს, რადგან ეს დასავლეთთან ურთიერთობებს გაგვიფუჭებს. მის ოპონენტებს კი, უბრალოდ, ვერ წარმოუდგენიათ, როგორ შეიძლება ჩასვა ციხეში მერაბიშვილი, ახალაია და სხვა შედარებით დაბალი რანგის ჭანჭიკები რეპრესიებისთვის ან ფულის მოპარვისთვის, ისე, რომ ამავე დროს სააკაშვილი არ დასაჯო, რომელიც მათი უშუალო ხელმძღვანელი იყო დამათი საქმიანობის შესახებ ამომწურავ ინფორმაციას ფლობდა.
დასაწყისში ორიოდე სიტყვა, ალბათ, დროის ფაქტორზე უნდა ვთქვათ. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მიხეილ სააკაშვილმა თანამდებობა სულ რაღაც სამი თვის წინ დატოვა. თუ თვალს უცხო ქვეყნების გასამართლებული პრეზიდენტების ბიოგრაფიებს გადავავლებთ, ვნახავთ, რომ «ყველაზე სწრაფად დაპატიმრებულების» რეიტინგში ლიდერობენ ტაივანის პრეზიდენტი ჩენ შუიბიანი და სამხრეთ კორეის პრეზიდენტი რო დე უ. პირველი გადადგომიდან 5 თვეში დააპატიმრეს, მეორე კი_ 9 თვეში. სამი თვე, რომელიც სააკაშვილის გადადგომიდან გავიდა, დროი ს ძალიან მცირე მონაკვეთია იმისთვის, რომ პროკურატურამ თავისი სამუშაო იდეალურად შეასრულოს, რაც აუცილებელია, რადგან მსოფლიო სავარაუდო პროცესს გამადიდებელი შუშით დააკვირდება, როგორც ეს, მაგალითად, პერუს ყოფილი მმართველის, ალბერტო ფუხიმორის გასამართლებისას გააკეთა. ის, რომ ამ მომენტამდე სააკაშვილი არ დაკითხეს (ან არ დააპატიმრეს) არ ნიშნავს, რომ ეს საერთოდ არ მოხდება.
მეორე მითი ძია სემის წარმოსახვით ვეტოს უკავშირდება, რომელიც სააკაშვილის გასამართლებას თითქოსდა აპრიორი გამორიცხავს. მაგრამ რა მოხდება, თუ გამოქვეყნდება ახალი ვიდეოფირი, სადაც სააკაშვილი გაცილებით უარესს ამბობს ან აკეთებს, ვიდრე მერაბიშვილი «გვამების ეპიზოდში»? რა მოხდება, თუ დამტკიცდება მისი კავშირი საერთაშორისო ტერორისტებთან (ამას არ გამორიცხავენ ექსპერტები, რომელნიც ლაფანყურის ინციდენტს იკვლევენ), იარაღით უკანონო ვაჭრობასთან (ეს ვარაუდები კეზერაშვილის საქმესთან დაკავშირებით არაერთგზის გამოითქვა) ან ზურაბ ჟვანიას მკვლელობასთან? ის, ვინც ფიქრობს, რომ ამერიკელები ამ შემთხვევაშიც, მყარი მტკიცებულებების პირისპირ, სააკაშვილის დაცვას განაგრძობენ, ალბათ, ცდება. თუმცა ამ სკეპტიკოსებზე გაცილებით დიდ შეცდომას ის ადამიანები უშვებენ, რომელნიც უბრალოდ დგანან და უდანაშაულობის პრეზუმფციის სრული იგნორირებით ყვირიან: «დაიჭირეთ სააკაშვილი!». გაცილებით სასარგებლო იქნებოდა, პროკურატურის მუშაობასა და გახმაურებული საქმეების დროულ გამოძიებაზე სამოქალაქო კონტროლი დაეწესებინათ, რადგან, სავარაუდოდ, სწორედ ამ საქმეებშია მიმოფანტული «ძაფები», რომლებმაც შეიძლება გამოძიება უშუალოდ სააკაშვილზე გაიყვანოს. მნიშვნელოვანი როლის შესრულება, აგრეთვე, ყოფილი მაღალჩინოსნების ჩვენებებს და მათ მიერ (99%-იანი ალბათობით) საგულდაგულოდ შენახულ კომპრომატს შეუძლია; ეს თემა ისევ ვანო მერაბიშვილის საკანში გვაბრუნებს.
ბოლო ინციდენტმა დაამძიმა მისი მდგომარეობა და რაღაც მომენტში შეიძლება ჩათვალოს, რომ თანამებრძოლებმა არა მხოლოდ მიატოვეს, არამედ ხელიც შეაწმინდეს და განტევების ვაცის როლის შესრულება დააკისრეს (ვერსია იმის თაობაზე, რომ სკანდალური ვიდეო თანაპარტიელებმა გაუვრცელეს სავსებით ლეგიტიმურია). საინტერესოა, მივა თუ არა მერაბიშვილი დასკვნამდე, რომ საკუთარი მდგომარეობის შემსუბუქების ერთადერთი გზა გამოძიებასთან ნაყოფიერი თანამშრომლობაა? დრო მერაბიშვილის წინააღმდეგ მუშაობს, განაჩენის გამოტანის დღე ახლოვდება,პროკურატურაში სხვა ყოფილი ჩინოვნიკების ჩვენებები გროვდება, რომლებიც თანდათან ახდენს იმ კომპრომატის გაუფასურებას, რომელსაც მერაბიშვილი,სავარაუდოდ, ფლობს. რაღაც მომენტში ეს ლეგენდარული არქივი კომპრომატით შეიძლება ისეთივე გამოუსადეგარი გახდეს, როგორც ნიკოლოზისდროინდელი ბანკნოტების დასტა.
საინტერესოა, ნახა თუ არა მერაბიშვილმა სიუჟეტი, რომელშიც სააკაშვილმა მის საქმეზე საუბრისას მთელი ქვეყნის გასაგონად თქვა: «თავი გამანებეთ»? ზოგიერთი კომენტატორი ადრეც საუბრობდა იმაზე, რომ სააკაშვილი მერაბიშვილს ძალიან პასიურად, თითქმის სიმბოლურად იცავს. ალბათ, არც ის უნდა გამოვრიცხოთ, რომ სულ მალე ის იტყვის, რომ ვანო სულ ორჯერ ჰყავს ნანახი, ისიც შემთხვევით.
რაც შეეხება სააკაშვილის ამჟამინდელ ფსიქოლოგიურ მდგომარეობას, შესაძლოა,ის მართლაც ფიქრობს, რომ ქართული პოლიტიკა მისთვის ერთგვარ «საშუალო სკოლას» წარმოადგენდა, რომელშიც ის ბეჯითად ასრულებდა უცხოელი მასწავლებლების დავალებებს, ახლა კი «უმაღლესში» ჩარიცხავენ და მსოფლიო პოლიტიკის მწვერვალზე მოხვდება (მარტივად, მათი ტერმინოლოგიის მოშველიებით რომ ვთქვათ, _ იქ, სადაც პრემია დიდია). რაც უფრო შორს გაიჭრება ამ ოცნებებში, მით უფრო მწარე იქნება იმედგაცრუება და,ნარკოლოგების თქმის არ იყოს, დეტოქსიკაცია.
სკანდალური ჩანაწერის გამოქვეყნებას როგორც დადებითი, ისე უარყოფითი პოლიტიკური შედეგები მოჰყვება და, ძველი ტრადიციის თანახმად, ალბათ, ნეგატივით უნდა დავიწყოთ. ადგილობრივ არჩევნებამდე არც ისე ბევრი დრო რჩება და «გვამების ეპიზოდი» ხელს უწყობს იმას, რომ საზოგადოება ბიპოლარული დაპირისპირების მოდელს მიუბრუნდეს და პოლიტიკური პროცესები ისევ «ქართული ოცნების» და «ნაციონალური მოძრაობის» ყოვლისმომცველი დაპირისპირების კონტექსტში აღიქვას. ეს მოდელი სავსებით ადეკვატური იყო 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ, ნაწილობრივ ადეკვატური _ საპრეზიდენტო არჩევნების წინ, მაგრამ დღეს ის აშკარად მოძველებულია. პოლიტიკური ტექნოლოგიის თვალსაზრისით, ამ მოდელის კიდევ ერთი გამოყენება სავსებით პრაგმატული გადაწყვეტილებაა, მაგრამ ამომრჩეველს დღეს, სავარაუდოდ, სულ სხვა რამ სჭირდება _ კონტრუქტივზე და არა უარყოფაზე დაფუძნებული პროგრამები, ღია დისკუსია ხელისუფლებასთან პრობლემურ საკითხებზე და ავანსცენაზე ახალი, ჯანსაღი ძალების გამოსვლა. თუ ამის ნაცვლად ზომბებზე ნადირობის ფესტივალს მოვაწყობთ, უბრალოდ, დროს დავკარგავთ. პოლიტიკური თვალსაზრისით, «ნაციონალურიმოძრაობა» დღეს თვითმავალი გვამია, ზომბი, რომელსაც ვიწრო პროფილის სპეციალისტებმა უნდა მიხედონ. მისგან ორპარტიული სისტემის (თუნდაცწარმოსახვითი) «მეორე პოლუსის», ლეგიტიმური პოლიტიკური ძალის ფორმირების მცდელობა, მწავე კრიზისის გარდა, სხვა შედეგს ვერ გამოიღებს და, ნებისმიერ შემთხვევაში, წარუმატებლად დასრულდება.
რაც შეეხება დადებით პოლიტიკურ შედეგს, უდავოდ კარგია, რომ საზოგადოებამ კიდევ ერთხელ იხილა, თუ ვისთან, უფრო სწორად, რასთან ჰქონდა საქმე ამ 9 წლის განმავლობაში; ეს, სავარაუდოდ, დაეხმარება იმაში, რომ პოპულისტი დემაგოგების მიმართ იმუნიტეტი გამოიმუშაოს და მომავალში ქვეყნის ბედი აღარ მიანდოს ისე, როგორც ეს საბედისწერო 2003-ში მოხდა.