ჩამქრალი ფეიერვერკების ანატომია:

ჩამქრალი ფეიერვერკების ანატომია: "მიდით ახლა და გაარკვიეთ, რამდენი მილიონი ააფეთქა ჰაერში უგულავამ!"

"გივი ვასილიჩ თარგამაძესა და მის ძმას მილიონები აქვთ ნაშოვნი"

"ესენი ახლა იმიტომ "ყეფენ", რომ ერთგული ძაღლებივით იცავენ საკუთარ კლანსა და ნაშოვნ ქონებას"

"მსხვილფეხა პირუტყვის ექსპორტ-იმპორტიორი აზერბაიჯანში "ნატახტარი 2009" იყო. დირექტორი აკო მინაშვილის დეიდაშვილი გახლდათ"

გია სალუქვაძე: "წარმოგიდგენთ კომპანიებს, რომლებიც  ყოფილი ხელისუფლების დების, ძმების, სიდედრების,  ცოლებისა და სხვა ნათესავების "კარმუშკა" იყო" 

დავით ნარმანია: "გამოვაქვეყნებთ ისეთ ფაქტებს, რომლის შემდეგაც ენა უნდა ჩაიგდონ..."


გასულ კვირას ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის ნამდვილი კომპრომატების ომი გაიმართა. მას შემდეგ, რაც "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებმა ირაკლი ღარიბაშვილი და მისი სიმამრი თამაზ თამაზაშვილი ნეპოტიზმსა და სხვადასხვა ტენდერში გამარჯვებული ფირმის ლობირებაში დაადანაშაულეს, ხელისუფლების წარმომადგენლებმა გაიხსენეს "ნაციონალური მოძრაობის" წევრების კუთვნილი ბიზნესები, რომლებიც ყოფილი ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირების ოჯახის წევრებსა და ახლო ნათესავების სახელზე იყო გაფორმებული. რა ბიზნესებს განკარგავდნენ სააკაშვილის, მერაბიშვილის, უგულავას, თარგამაძის კლანები და რა მაკომპრომეტირებელ მასალებს წარმოადგენს ამჟამინდელი ხელისუფლება? ამ თემაზე ინფორმაცია ყოფილმა პოლიტპატიმარმა გია სალუქვაძემ მოგვაწოდა:

- ყოფილი პოლიტპატიმრები და მათთან ერთად საზოგადოების დიდი ნაწილი "ნაციონალური მოძრაობის" "ლიდერშიფის" უსინდისობითა და ცინიზმით აღშფოთებული არიან.  დღეს პროფესიონალთა უმრავლესობა ისევ უმუშევარია, "ნაცმოძრაობის" წევრების ნათესავები კი ამჟამადაც დასაქმებული არიან სახელმწიფო უწყებებში. მაგალითად, ქალბატონი ირმა ნადირაშვილი არ უარყოფს, რომ მისი ქმარი და სხვა უახლოესი ნათესავები სახელმწიფო უწყებებში დღესაც მუშაობენ. მათი მტკიცებით, ირაკლი ღარიბაშვილისა და მისი სიმამრის მფარველობით საგზაო მშენებლობაში გამოცხადებულ ტენდერებში გაიმარჯვა შპს "სერპანტინმა". "

ნაციონალებმა" ეს კომპანია ურცხვად დაუკავშირეს პრემიერ-მინისტრსა და მის სიმამრს. ჯერ თქვეს, რომ ამ შპს-ს 51%-იანი წილის  მფლობელი შს მინისტრის მოადგილე გიორგი ზედელაშვილის დედა თამარ ჯანყარაშვილია, რომელიც, იმავდროულად, შსს-ს გენინსპექციის უფროსის, თამაზაშვილის დისშვილის, ზვიად ჯანყარაშვილის ახლო ნათესავია. მას შემდეგ, რაც თამაზაშვილმა განმარტა, რომ თამარ ჯანყარაშვილი მხოლოდ ზვიად ჯანყარაშვილის მოგვარეა და მისი ნათესავი არ არის, "ნაციონალები" გაიძახიან, ეს ქალი თამაზაშვილის ახლო ნათესავი თუ არა, შორეული ხომ მაინც იქნებაო? მოკლედ, ყოფილი ხელისუფლება კვლავაც მგლის როლში გვევლინება, რომელიც კრავს ეუბნება: "მაშ, ძმა ყოფილა ის შენი, მიტომ მიგიგავს სახეო!"

ისიც გაირკვა, რომ "სერპანტინი" კომუნისტების პერიოდიდან არსებობს და სხვათა შორის, "ნაციონალების" ხელისუფლებაში ყოფნის დროსაც იგებდა ტენდერებს. ნაცვლად იმისა, ყოფილმა ხელისუფლებამ ბოდიში მოგვიხადოს, რომ ციხეში უკანონოდ ჩაგვყარა და გვაწამა, პასუხად ასეთ ცინიზმს ვიღებთ.…გაიძახიან, რომ თურმე არასამართლიანად მიგვიჩნია პარლამენტმა პოლიტპატიმრებად, მაგრამ იმას აღარ ამბობენ, რომ ევროკავშირის სპეციალური მრჩევლის (ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებში), თომას ჰამერბერგის ანგარიშებში პოლიტპატიმრად ვართ მოხსენიებული, თანაც არაერთგზის.…

ალბათ, გახსოვთ, 26 მაისის აქციის მონაწილეებს ბრალი როგორ წაგვიყენეს. მაგალითად, მე ნიკა კვინტრაძის დაკრძალვიდან შინ ვბრუნდებოდი, სახლთან ჩემმა მეგობარმა და ბავშვის ნათლიამ, ირაკლი ბათიაშვილმა მიმიყვანა. პოლიციელები სადარბაზოში შესვლისთანავე თავს დამესხნენ და გამიტაცეს. შემდეგ კი შემითითხნეს საქმე, თითქოს ერთ-ერთ მათგანს თავს დავესხი და ჟილეტის ჯიბე ჩამოვახიე, ასე, 21 სანტიმეტრზე. ყველაზე კურიოზული ის იყო, რომ 26 მაისს დაკავებულ მონაწილეთაგან 9 მათგანს ზუსტად იგივე ბრალდება ჰქონდა - პოლიციელს ჟილეტი ჩამოახია, აუცილებლად მარჯვენა მხარეს და უსათუოდ 21 სანტიმეტრზე(?!). 

ყველას 4 ან 5 წელი მოგვისაჯეს და აუტანელ პირობებში გვამყოფებდნენ, ცემა და წამება არ დაგვკლებია. ახლა კი ჩაგრულად წარმოაჩენენ პირსისხლიან ვანოს, რომლისთვისაც ორი გვამის მოტანის ბრძანების გაცემა თურმე არ ყოფილა უკანონო.…როგორი ჩაგრულია მერაბიშვილი ან ახალაია, მაშინ, როცა მათ ციხეშიც კი საუკეთესო პირობები აქვთ შექმნილი?! არც ტელევიზორი აკლიათ და არც ინტერნეტი და სხვა კომფორტი. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ამჟამადაც ფუნქციონირებს იმ ბიზნესების დიდი ნაწილი, რომლებსაც ისინი თავის დროზე სხვებს ართმევდნენ და შემდეგ ძმებზე, დებზე, სიდედრებსა და უახლოეს ადამიანებზე აფორმებდნენ, შემდეგ კი მფარველობდნენ და ჯიბეებს ისქელებდნენ. ეს ფირმები ტენდერებში სწორედ ექსჩინოვნიკების დახმარებით იმარჯვებდნენ.

უახლოეს დღეებში საზოგადოებრივი ორგანიზაცია "ყველა თაობა" დაფუძნდება, რომლის მიზანი ის იქნება, რომ ხელისუფლების სათავეში არასდროს დაბრუნდეს ეს დანაშაულებრივი რეჟიმი. სწორედ იმ პირებმა, რომლებიც ამ ორგანიზაციის მმართველ ჯგუფში იქნებიან, შეაგროვეს ინფორმაცია ექსჩინოვნიკების ბიზნესებზე, რომლებიც მათი ოჯახის წევრებსა და უახლოეს პირებზეა გაფორმებული. ჩვენ ამ ინფორმაციას  პროკურატურას გადავცემთ.…  

- დააზუსტეთ, რას გულისხმობთ?

- გახსოვთ, ალბათ, პიარკამპანია სალარო-აპარატების შესყიდვის ვალდებულების თაობაზე, რაშიც სააკაშვილიც კი იყო ჩართული. სალარო-აპარატები შპს  "ლ.ბ ინვესტ ჯგუფმა" შემოიტანა და 29 მილიონზე მეტი შემოსავალი მიიღო. ამ ფირმის დამფუძნებელი ვანო მერაბიშვილის დის ქმარი, ირაკლი კობერიძეა. აბა, სხვას შემოეტანა სალარო-აპარატები, თუნდაც ბევრად ხელსაყრელ ფასად, წარმოგიდგენიათ, რა დაემართებოდა?! ეს კაცთმოძულეები თავ-ფეხიანად შეჭამდნენ! იკვეთება ფაქტები, როგორ იგდებდნენ ხელში ექსჩინოვნიკები უძრავ ქონებას სიმბოლურ ფასად (ერთ ლარადაც კი) და შემდეგ მისი გაქირავებით მილიონებს შოულობდნენ. მაგალითად, შპს "მესხეთი" ანტონ ობოლაშვილის (ჩემი ინფორმაციით, მერაბიშვილის დეიდაშვილია) დაფუძნებულია. უძრავი ქონების გაქირავებით მან 4 მილიონზე მეტი შემოსავალი მიიღო. ასევე  შპს "ლ ენდ კ ჰოლდინგი", რომელიც უძრავი ქონების გაქირავებით იყო დაკავებული, რეალურად ვანო მერაბიშვილს ეკუთვნოდა. მაქვს უამრავი ფირმის ნუსხა, რომლებიც მერაბიშვილის უახლოეს ნათესავებსა და ოჯახის წევრებზეა გაფორმებული და მრავალმილიონიანი შემოსავალი აქვთ. ე.ი. მთელი მისი კლანი "ვარდების რევოლუციის" შემდეგ აყვავდა. მაინცდამაინც მერე გამოამჟღავნეს ბიზნესის ნიჭი?! 

ცალკე თემაა წართმეული ბიზნესები, რისი წყალობითაც ექსჩინოვნიკების კლანებმა მილიონები იშოვეს. რაღა შორს წავიდეთ, ყველამ იცის, რომ შპს "საქართველოს უნივერსიტეტის" ქონება გიული ალასანიამ ერთ ლარად ჩაიგდო ხელში. დიახ, ამ უნივერსიტეტის დამფუძნებელი გახლდათ ყოფილი პრეზიდენტის დედა და ბიძაშვილი,  ნიკოლოზ ალასანია (თემურ ალასანიას ვაჟი). მათ აქედან 37 მილიონ ლარზე მეტი შემოსავალი მიიღეს... ნეპოტიზმისა  და კორუფციის საუკეთესო მაგალითებს იძლევა  გიგი უგულავას  კლანი. მერიის დაკვეთით სტადიონების მშენებლობა შპს "კვადრელის" ხელში იყო. მისი დამფუძნებელი გიგი უგულავას უახლოესი მეგობარი და მისი ძმის პარტნიორი თეიმურაზ კვარაცხელიაა. შუქნიშნებს მერიისავე დაკვეთით შპს "სემექს ჯორჯია" ამონტაჟებდა. ეს, ფაქტობრივად, გიგი უგულავას ბიზნესი იყო. 

არაერთი საბუთი არსებობს და  პროკურატურას სიმართლის დამტკიცება არ გაუჭირდება. შპს "გეოლენდის" დამფუძნებელი კი (რომელიც აზომვით ნახაზებს აკეთებდა) უგულავას ძმა, ირაკლი უგულავა იყო. მასაც 1ლარად აქვს შეძენილი ყაზბეგის მუნიციპალიტეტში მიწის უზარმაზარი ნაკვეთი. ძალიან საინტერესოა ფეიერვერკების რეალიზატორი შპს "თ.ფ"-ის საქმიანობა, ფეიერვერკებს ის აწვდიდა მერიას. მისი დამფუძნებელია თამაზ გოგიაშვილი, გიგი უგულავას ცოლის ბიძაშვილი. მას ამ ბიზნესით 7 მილიონზე მეტი ლარი აქვს მოგებული. მიდი ახლა და გაარკვიე, რამდენი მილიონი გაისროლა ჰაერში და ააფეთქა (პირდაპირი მნიშვნელობით) გიგი უგულავამ? აფეთქდა ფეიერვერკი და აორთქლდა მილიონები! გიგი უგულავა პირდაპირ ლობირებდა სამშენებლო შპს "მანის". მისი დამფუძნებელი უგულავას სიმამრი, შალვა კილაძე გახლავთ. მან ამ ბიზნესიდან 2 მილიონ ლარზე მეტი შემოსავალი მიიღო. 

იმიტომ "ყეფენ", რომ ერთგული ძაღლებივით იცავენ საკუთარ კლანსა და ნაშოვნ ქონებას,…აბა, სახელმწიფო ინტერესებისთვის არც ადრე იღვწოდნენ და არც ახლა.

გივი ვასილიჩ თარგამაძესა და მის ძმას "ვარდების რევოლუციის" შემდეგ მილიონები აქვთ ნაშოვნი. უცბად გამდიდრდნენ შემდეგი ფირმების მეშვეობით: "გამა დიზაინი" (საგზაო სამუშაოებს ასრულებდა, დამფუძნებელია ნიკა თარგამაძე, გივი თარგამაძის ძმა); "პაულ შულერ ენდ ირაო გრუპ" (დამფუძნებელია გივის ძმა); "ნიუს ჯი" (სარეკლამო საქმიანობა, დამფუძნებელია გივის ცოლისდის ქმარი, გიორგი გარსევანიშვილი); "ბლექ სი გრუპი", "ბლექ სი როუდი" (დამფუძნებელი გივის ძმა, მისი საქმიანობის მიმართულებებს ამჟამადაც ვარკვევთ, რადგან მრავალმილიონიანი შემოსავალი უფიქსირდებათ); შპს "მოდამანია" (ქალის ტანსაცმლის იმპორტი; გივის დის ბიზნესი); "საინფორმაციო ტექნოლოგიების განვითარების ცენტრი" (დამფუძნებელი გივის ცოლისდის ქმარი გიორგი გარსევანიშვილი) და კიდევ უამრავი ფირმა, რომელთა მეშვეობითაც გივის დედმამიშვილებმა მილიონები იშოვეს.…

P.S. კომპრომატებით ომს საინტერესო გაგრძელება ექნება. "გამოვაქვეყნებთ ისეთ ფაქტებს, რომლის შემდეგაც ენა უნდა ჩაიგდონ იმ პირებმა, რომლებიც რიტორიკულად გველაპარაკებიან!" - განაცხადა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა დავით ნარმანიამ. ის მალე იმ ფაქტების გამოქვეყნებას გეგმავს, რომელიც სამშენებლო და ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებისას ექსჩინოვნიკების დანაშაულებს გამოააშკარავებს, ვნახოთ!..