სომხური მედიის ცნობით, სომხეთის განათლების მინისტრი არმენ აშოტიანი, რომელიც ახლახან იყო ვიზიტით თბილისში, სომხეთის რესპუბლიკისთვის სახელის შეცვლისა და მისი "აღმოსავლეთ სომხეთის რესპუბლიკად" გარდაქმნის ინიციატივით გამოდის, ხოლო ორგანიზაცია "რუსეთის ჯავახკის დიასპორა" საქართველოს ხელისუფლებას სირიიდან ლტოლვილი სომხების სამცხე-ჯავახეთში დროებით დასახლებასა და მათ დახმარებას სთხოვს. ამ და სხვა აქტუალურ საკითხებზე თვალსაზრისს არმენოლოგი, პროფესორი ბონდო არველაძე გამოხატავს:
- როცა განათლებისა და მეცნიერების მინისტრი არმენ აშოტიანი აღმოსავლეთ სომხეთის რესპუბლიკაზე ლაპარაკობს, ბუნებრივია, ჩნდება კითხვა: რატომ გახდა ეს საკითხი აქტუალური სწორედ ახლა? ხომ არ უკავშირდება ეს 1915 წლის მოვლენების, სომეხთა გენოციდის 100 წლისთავს, თან აშოტიანი ამას ისტორიული სამართლიანობის აღდგენად მიიჩნევს. ლოგიკურია, თუ აღმოსავლეთ სომხეთი არსებობს, არსებობს დასავლეთ სომხეთიც. საქმე ისაა, რომ სომხეთის გავლენიანი წრეები დასავლეთ სომხეთად, თავის ტერიტორიად მიიჩნევენ დღევანდელი თურქეთის გარკვეულ ნაწილს, მათ შორის, ვანის ტბის რეგიონს, ერზრუმსა და ასევე, ტაო-კლარჯეთსაც, შავშეთს. სომეხ მეცნიერებს ყოვლად უსაფუძვლო და ისტორიული თვალსაზრისით დაუსაბუთებელი პრეტენზია აქვთ ამ ტერიტორიაზე მდებარე ქართულ ისტორიულ ძეგლებზე - იშხანზე, ხახულზე, ოშკზე და თვითონ ამ ტერიტორიაზეც... ახლაც, პრეზიდენტ მარგველაშვილის თურქეთში ვიზიტის შემდეგ, ეს საკითხი სომხურ პრესაში აქტუალური გახდა და კიდევ ერთხელ დაწერეს, მარგველაშვილი სომხური ძეგლის "ოშკლანქის" (ასე უწოდებენ ოშკს) მოსანახულებლად ისე მიიყვანეს, თითქოს ქართული ძეგლიაო...
რაც შეეხება ორგანიზაცია "რუსეთის ჯავახკის დიასპორას" მიმართვას სირიელი სომხების სამცხე-ჯავახეთში დროებით ჩამოსახლების თაობაზე, სადაც ისინი საქართველოს ხელისუფლებისგან მათთვის მატერიალური დახმარების გაწევასაც ითხოვენ, მაშინ, როცა ქვეყანას თავისი მიწა-წყლიდან დევნილი, მძიმე მდგომარეობაში მყოფი ამდენი ლტოლვილი ჰყავს, როგორ შეძლებს მათ დახმარებას? რუსეთში მოქმედი ამ ორგანიზაციის გააქტიურება ძალზე საეჭვოდ დაემთხვა ვლადიმირ პუტინის ვიზიტს ერევანში, რის შემდეგაც მათ ჯავახეთის კულტურული ავტონომია მოითხოვეს და პირდაპირ აცხადებენ, - თუ საქართველო ნატოში შევა, ჯავახეთის სომხები ამას არ შეეგუებიანო. აღსანიშნავია ისიც, რომ ბოლო ხანს რუსეთში გააქტიურებული ნაციონალისტების მსხვერპლი არაერთი იქ მცხოვრები სომეხი გახდა და გასაკვირია, რატომ რუსეთში მცხოვრებ თანამოძმეებს არ ექომაგება და იცავს "ჯავახკი"? როცა ჯავახეთში ითხოვენ დევნილი სომხების დასახლებას, რატომ არ მიმართავენ ასეთივე თხოვნით სომხეთის რესპუბლიკის მთავრობას, რომ ისინი ზანგეზურში ან არარატის ველზე დაასახლონ, გინდა დროებით და გინდა სამუდამოდ?! განა სირიელი სომხები ჯავახეთიდან წავიდნენ სირიაში? ერთი ყურადსაღები ისტორიული პარალელიც: 1915-18 წლებში, ოსმალეთში სომხების გენოციდისას, ასიათასობით სომეხი ლტოლვილი მოაწყდა როგორც საქართველოს, ისე სომხეთს, საქართველოში ისინი ძირითადად, ბაკურიანის ტყეებში შემოვიდნენ. ამავე ტერიტორიას აფარებდნენ თავს მესხეთ-ჯავახეთიდან თურქეთის არმიის შემოტევის გამო წამოსული ქართველები, რომლებიც უმძიმეს პირობებში აღმოჩნდნენ. საქართველოს მთავრობას გაუჭირდა ამდენი ლტოლვილის ერთად მიღება და სომხეთის დაშნაკურ მთავრობას მიმართა: სომეხი ლტოლვილების ნახევარი მაინც მიიღეთო, რაზედაც ასეთი პასუხი მიიღეს - ჩვენ არ გვაქვს ამის საშუალებაო(?!).
ახლახან ერევანში ჩატარებულ სრულიად სომეხთა ფორუმზე "ჯავახკის" ერთ-ერთმა ლიდერმა აღას არაბიანმა განაცხადა, საქართველოს ხელისუფლების დისკრიმინაციული პოლიტიკის შედეგად ჯავახეთის სომხური სოფლები იცლება, უნდა ვუშველოთ, თორემ 20-25 წელიწადში იქ აღარავინ დარჩებაო. რა შუაშია აქ ეროვნებათშორისი დისკრიმინაციული პოლიტიკა? განა ამ თუ სხვა რეგიონის ქართული სოფლები არ იცლება რთული ეკონომიკური სიტუაციის, გაჭირვების გამო? ეს პროვოკაციული განცხადებაა, ეროვნული ნიშნით დისკრიმინაცია აქ არაფერ შუაშია.