დანისლული საქართველოს რუკა სოჭის ოლიმპიადაზე და ქართული მხარის ოფიციალური შეფასება

დანისლული საქართველოს რუკა სოჭის ოლიმპიადაზე და ქართული მხარის ოფიციალური შეფასება

სოჭის ოლიმპიადაზე საქართველოს რუკაზე ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონები მკაფიოდ არ აღიქმებოდა.
ქართველი ოლიმპიელების გამოსვლისას მონიტორზე გამოჩნდა საქართველოს რუკა, თუმცა ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ადგილზე ნისლის მსგავსი თეთრი გამოსახულება შეინიშნებოდა.
ოლიმპიადის გახსნის ცერემონიაზე საქართველოს სპორტულ დელეგაციას მედროშე, სამთო მოთხილამურე ნინო წიკლაური მიუძღოდა. ხუთჯვრიანი დროშებით გაიარეს სცენაზე საქართველოს სპორტული დელეგაციის სხვა წევრებმაც.

ოლიმპიადის გახსნის ცერემონია საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაია ფანჯიკიძემ "ტელეიმედის" გადაცემა "რეაქციაში" სტუმრობისას შეაფასა.

"არ შეიძლება სოჭის ოლიმპიადის გახსნაზე, ქართველი სპორტსმენების გამოსვლის დროს ნაჩვენები საქართველოს რუკა, სადაც აფხაზეთი და ცხინვალი დანისლულია, პროვოკაციად ჩაითვალოს", - აღნიშნა მაია ფანჯიკიძემ.

მისი განმარტებით, ოლიმპიადის ოფიციალურ საიტზე საქართველოს რუკა ისეთივეა, როგორიც რეალურად არის. "სამწუხაროდ, ტელევიზიით, რუკის ნახვის საშუალება არ მქონია, ვნახე მხოლოდ "ფეისბუქზე". არ ვიცი სხვა ქვეყნების რუკები როგორ იყო წარდგენილი და საქართველოს რუკაზე ეს ღრუბელი როგორ შეიძლება აიხსნას. ვიცი, რომ ოფიციალურ ვებ-გვერდზე საქართველოს რუკა იყო ისეთი, როგორიც არის საქართველოს რუკა - ინგლისური და ქართული წარწერებით და ამაზე კომენტარებიც ვნახე ჟურნალისტების მხრიდან, რომ რუსეთმა აღიარა საქართველოს მთლიანობა. ვფიქრობ, რომ ეს არ შეიძლება ჩაითვალოს პროვოკაციად", - აღნიშნა მაია ფანჯიკიძემ.

ოლიმპიადაზე საქართველოს რუკის ამ ფორმით ჩვენებამ სოციალურ ქსელში ქართული საზოგადოების გაღიზიანება და დებატები გამოიწვია. 

აღნიშნულ თემაზე კომენტარი გააკეთა რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილე ქეთევან ციხელაშვილმაც.

"ოლიმპიადის ოფიციალურ რუკაზე საქართველო წარმოდგენილია ისე, როგორც უნდა იყოს", - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.

მისივე განმარტებით, გუშინ გავრცელებული კადრები, სადაც საქართველოს ზოგიერთ რეგიონს ჩრდილი ადგა, სერიოზულად არ უნდა მივიღოთ.

"ჩვენ ვაკვირდებით აბსოლუტურად ყველა პროცესს, რაც ოლიმპიადასთან დაკავშირებით მიმდინარეობს. ჩვენ, ასევე, ვნახეთ ოლიმპიადის ოფიციალური რუკა და საქართველო წარმოდგენილია ისე, როგორც უნდა იყოს, ამიტომ ვფიქრობ, ის კადრები, რომლებზეც თითქოს ჩანს ნისლი და თითქოს ჩრდილი ადგება რეგიონებს, სერიოზულად არ უნდა მივიღოთ, რადგან იქ, სადაც უნდა იყოს დაფიქსირებული - ოფიციალურ რუკაზე საქართველო არის ერთიანი", - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

რაც შეეხება ოკუპირებული ტერიტორიების დე-ფაქტო ხელმძღვანელების სოჭში ყოფნას, მინისტრის მოადგილის თქმით, ისინი იქ, როგორც კერძო პირები, ისე იმყოფებიან.

"ისინი ჩავიდნენ, ჩვენი ინფორმაციით, როგორც კერძო პირები და არ ვთვლით, რომ ამაზე ყოველ წუთს სერიოზული კომენტარები უნდა ვაკეთოთ. ჩვენ მივიღეთ გარანტიები, რომ არ იქნება ღია ტიპის პროვოკაციები, თუმცა, რა თქმა უნდა, დაზღვეული არაფრისგან არ ვართ და მაინც ყურადღებით ვაკვირდებით პროცესებს. თუ ადგილი ექნება რაიმე ტიპის პროვოკაციას, საქართველო შესაბამის რეაგირებას მოახდენს", - აღნიშნა ციხელაშვილმა.

საქართველო ზამთრის XXII ოლიმპიურ თამაშებზე 4 სპორტსმენით არის წარმოდგენილი, რომელთა შორის არიან სამთო მოთხილამურეები - ნინო წიკლაური, ალექსი ბენიაიძე, იასონ აბრამაშვილი და მოციგურავე ელენე გედევანიშვილი, რომელიც ქართველ ოლიმპიელებს 14 თებერვალს კანადიდან შეუერთდება