როგორ შეიძინა

როგორ შეიძინა "გენიოსმა" 300 მილიონი დოლარის ქონება 3 მილიონ დოლარად

კახა ბენდუქიძის პერსონისადმი საყოველთაო ინტერესი მისი ეკონომიკის მინისტრობის დროიდან გაჩნდა, ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლების პირობებში ის ყოველთვის ინარჩუნებდა სერიოზულ გავლენას, როგორც ეკონომიკური განვითარების მთელ პროცესზე, ისე კონკრეტული ჩინოვნიკების კონკრეტულ გადაწყვეტილებებზე. კახა ბენდუქიძეს საზოგადოება იცნობს, როგორც ულტრალიბერალური იდეების მიმდევარ მოაზროვნეს და ამ იდეების პრაქტიკაში გამტარებელ ჩინოვნიკს. 

კახა ბენდუქიძეზე ბევრს საუბრობენ, კარგს, ცუდს და უარესს, მაგრამ მთელი საზოგადოება ერთხმად აღიარებს, რომ ის ჭკვიანია, მეტიც, ის გენიოსია. კახა ბენდუქიძის გენიოსობა მას შემდეგ კიდევ უფრო გახდა პიტალო ჭეშმარიტება, რაც მან ინგა გრიგოლიას ერთ-ერთ თოქ-შოუში ინფლაციის დეფინიცირებისას შენიშვნა მისცა და აუხსნა, რომ ლარის კურსის ვარდნა და ფასების ზრდა ერთი და იგივე მოვლენა არ არის. სხვა პრობლემაა ის, რომ ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ჟურნალისტი ვალუტის კურსისა და ფასების ზრდის შესახებ ელემენტარულ დეფინიციებს არ იცნობს, ის უფრო დიდი პრობლემა საზოგადოებაშია, სადაც ამ ფაქტის შემდეგ ბენდუქიძე გენიოსად შერაცხეს, რომელმაც თვით ინგა გააჩუმა. 

თავისთავად რთული და ორიგინალური არაფერია იმ იდეებში, რომელსაც ბენდუქიძე ქადაგებს. ფონ ჰაიეკის იდეების საფუძველზე განვითარებულ ხედვებს, რომელსაც ძირითადად ავსტრიული სკოლის მიმდევრები ეყრდნობიან, დღევანდელ სამეცნიერო წრეებში არც თუ სერიოზულად თვლიან. მარტივად რომ ვთქვათ, ბენდუქიძე ქადაგებდა ბაზრის მაქსიმალურ თავისუფლებას, ვიცხოვროთ ჯუნგლების კანონებით და ვინც ძლიერია გადარჩეს ის. ანუ, ბენდუქიძემ მოიგონა ველოსიპედი, რომელზეც უარი კაცობრიობამ ჯერ კიდევ იმ დროს თქვა, როცა პირველყოფილი თემური წყობილება ანუ საზოგადოებრივი ცხოვრების ელემენტარული ნიშნები გაჩნდა. 

ძლიერი გადარჩეს და სუსტი მოკვდეს პრინციპის დანერგვით საქართველოს ყოფილი ხელისუფლების პირობებში გაჩნდა უამრავი მონოპოლია, ოლიგოპოლია და მსგავსი უბედურებები. ბენდუქიძე ამბობს, - ბაზარი დაარეგულირებს, რატომღაც ბაზარმა დაარეგულირა მხოლოდ ის, რომ წარმატებულები მხოლოდ ბენდუქიძის და ნაციონალური მოძრაობის ახლო გარემოცვის წევრები გახდნენ. ძლიერმა გაიმარჯვოს პრინციპის დანერგვით, ბენდუქიძემ და მისმა გარემოცვამ მიიღო ის, რომ ძლიერები ამ ქვეყანაში მხოლოდ ისინი აღმოჩნდნენ, ვისაც ძლიერ სკამიანი ნაცნობები და მეგობრები ჰყავდა. 

საზოგადოებას კარგად ახსოვს კახა ბენდუქიძის იდეები სოფლის მეურნეობასთან დაკავშირებით, რომ არარენტაბელური წარმოება უნდა მოშლილიყო და იქ სინგაპურული ტიპის მეურნეობა გაშენებულიყო. სინგაპურის და ლიკუანის მაგალითი ბენდუქიძეს ძალიან მოსწონდა, თუმცა, რატომღაც იმას არ ახსენებდა, რომ სინგაპურს სინგაპურობის გარდა სხვა გზა არ ჰქონდა.

საზოგადოებას ბენდუქიძის საინტერესო გამონათქვამები სოფლის მეურნეობის გარდა ბევრი სხვა საკითხის შესახებაც ახსოვს, თუმცა, ეს მაგალითი იმიტომ მოვიყვანე, რომ ერთ უცნაურობას გავუსვა ხაზი. დღეს საქართველოში ბენდუქიძის ერთ-ერთი მთავარი ინტერესი სოფლის მეურნეობის ერთ-ერთ დარგში, მეფრინველეობაშია. სწორედ ბენდუქიძის ინვესტიციით შეიქმნა ის წარმოება, რომელიც "ბიო-ბიო"-ს ბრენდით ოპერირებს ბაზარზე. ინვესტიცია და წარმოების შექმნა ძალიან კარგია. თუმცა, გავიხსენოთ ის, რომ ბენდუქიძის იდეების თანახმად, სურსათის უვნებლობის საკითხებიც ბაზარმა უნდა დაარეგულიროს და წარმოების სტანდარტების დაცვა აუცილებელი არ არის. ანუ, თუ ბაზარზე ჯანმრთელობისთვის საშიში პროდუქტი შეიძინეთ და ამ პროდუქტის მიღების შემდეგ მოკვდით, თქვენ გრჩებათ არჩევანი, რომ ეს პროდუქტი აღარ შეიძინოთ. 

კიდევ უფრო დიდი უცნაურობა იყო ის, რომ ჩინოვნიკობის და მოაზროვნეობის შემდეგ ბენდუქიძე განათლების ბიზნესით დაინტერესდა. 2012 წელს კახა ბენდუქიძემ ყოფილი სასოფლო სამეურნეო უნივერსიტეტი შეიძინა. საზოგადოებამ იცის, რომ ბენდუქიძემ ამ სასწავლებელში კედლები შეღება და გათბობის სისტემა მოაწესრიგა. თუმცა, სამწუხაროდ, არავინ აქცევს ყურადღებას იმას, რომ კახა ბენდუქიძის ინტერესებს ამ უნივერსიტეტის ბაზაზე არსებული 14 სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტი შეეწირა. ულტრალიბერალისგან, რომელიც ამბობს, რომ სოფლის მეურნეობა აგრონომებმა კი არა მენეჯერებმა უნდა მართონ, ეს, ალბათ, არავის გაუკვირდება. თუმცა, თუ გავიხსენებთ იმასაც, რომ "რეფორმას" ამ სამეცნიერო უნივერსიტეტების მრავალასეულმილიონიანი ქონების ბენდუქიძის საკუთრებაში გადასვლა მოყვა, ბენდუქიძის როგორც ულტრალიბერალის, გულწრფელობაში ეჭვის შეტანა შეიძლება.

კიდევ უფრო გასაკვირი ხდება, ულტრალიბერალი ბენდუქიძის მიერ ამ ქონების არაკონკურენტულ გარემოში შეძენა. როგორ მოახერხა მან ათასობით ჰექტარი მიწის, მათზე განლაგებული შენობა-ნაგებობების და ძალიან ბევრი მოძრავი ქონების პრაქტიკულად ჩალის ფასად შეძენა, ამის ასახსნელად, ისევ ბენდუქიძის იდეები გვეხმარება, - ძლიერმა გაიმარჯვოს. ბენდუქიძე ძლიერი აღმოჩნდა, მაშინ, როცა მას აღმოაჩნდა ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტის, ყოფილი პრემიერ-მინისტრის, განათლების ყოფილი მინისტრის და ეკონომიკის ყოფილი მინისტრიეს უპირობო მხარდაჭერა. ბუნებრივია, ისმის კითხვა: რაში მდგომარეობდა ბენდუქიძის ძლიერება, მის გენიოსობაში თუ პოლიტიკურ "ბეგრაუნდში"?

კახა ბენდუქიძის არასამეწარმეო იურიდიულ პირს – საქართველოს აგრარულ უნივერსიტეტს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული შპს "აგრომეტის" 100%-იანი წილი საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 15 თებერვლის განკარგულებით გადაეცა. შპს "აგრომეტის" ქონება კახა ბენდუქიძემ 4 მილიონ დოლარად, სახელმწიფოსგან პირდაპირი მიყიდვის წესით, განვადებით შეიძინა. 

საინტერესო ჩანაწერია პრეზიდენტის ამავე განკარგულების 2 მუხლის ვ. პუნქტში. "2012 წლის 1 აპრილამდე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ განსაზღვრული საგანმანათლებლო დაწესებულების ანგარიშზე 1 000 000 აშშ დოლარის, ექვივალენტი ლარის, ჩარიცხვა". ანუ, სახელმწიფომ კერძო (და არა სახელმწიფო) სასწავლებელს საჩუქრად გადასცა 1 მილიონი დოლარი. 

სად იყო ამ გარიგებაში ბაზრის პრინციპები და თავისუფალი კონკურენცია, იმან იპოვოს, ვინც კახა ბენდუქიძეს გენიოსად თვლის.

საინტერესოა, რომ კახა ბენდუქიძის ხელში მოხვედრამდე, ეკონომიკის სამინისტროსა და განათლების სამინისტროს ძალისხმევით, გაყიდვამდე ორი თვით ადრე შპს "აგრომეტის" ბალანსზე მოხვდა, მანამდე სასოფლო სამეურნეო უნივერსიტეტის ბაზაზე არსებული თოთხმეტივე სამეცნიერო კვლევითი უნივერსიტეტის ქონება. 
გთავაზობთ, იმ უძრავი ქონების არასრულ ჩამონათვალს, რომელიც კახა ბენდუქიძეს ყოფილი ხელისუფლების პირობებში 3 (4-1) მილიონ დოლარად გადაეცა. რა ღირს თბილისში დაახლოებით 70 ჰექტარი, ქობულეთში 65 ჰექტარი, გარდაბანში დაახლოებით 300 ჰექტარი და სხვა უამრავი მიწის ნაკვეთი ეს მკითხველმა შეაფასოს. "ბანკები და ფინანსების" ანალიტიკოსების შეფასებით ამ ქონების ფასი დაახლოებით 300 მილიონ დოლარს აღწევს.