დღეს, საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი წეროვანის რეაბილიტაციის ცენტრს ეწვია. შეიარაღებული ძალების უმაღლეს მთავარსარდალს მასპინძლობა საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ და სამედიცინო დეპარტამენტის უფროსმა, პოლკოვნიკმა მედეა ბეთაშვილმა გაუწიეს. პრეზიდენტთან ერთად, რეაბილიტაციის ცენტრში ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი ირინე იმერლიშვილი და პარლამენტის თავდაცვის და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი იმყოფებოდნენ.
ამჟამად, წეროვანის რეაბილიტაციის ცენტრში საომარ მოქმედებებსა და სამშვიდობო მისიებში მონაწილეობის დროს დაშავებული 10 სამხედრო მოსამსახურე, ოჯახის წევრებთან ერთად, რეაბილიტაციისა და დასვენების კურსს გადის. პრეზიდენტი და გენერალური შტაბის უფროსი სამხედრო მოსამსახურეებს გაესაუბრნენ და კომპლექსის საცხოვრებელ პირობებსა და ინფრასტრუქტურას პირადად გაეცნენ.
დღესვე, საქართველოს პრეზიდენტმა რეაბილიტაციის ცენტრში მყოფ ათივე სამხედრო მოსამსახურეს პორტატულ კომპიუტერი გადასცა. სამხედრო მოსამსახურეების ბავშვებმა კი, თავდაცვის სამინისტროს სახელით, საჩუქრები მიიღეს. მოგვიანებით, რეაბილიტაციის ცენტრის სტუმრებმა სამხედროებთან და მათი ოჯახის წევრებთან ერთად ისადილეს.
“წეროვანის რეაბილიტაციის ცენტრში დღეს შევხვდით იმ ხალხს, ვინც ერთგულად ემსახურა სამშობლოს და სამწუხაროდ, ტრავმა მიიღო. შევხვდით მათ ოჯახებს. უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანამ ამ ადამიანებს დაუბრუნოს ზრუნვა იმ გმირობისთვის, რაც მათ ჩაიდინეს” - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა.
“ამ ნაკადში ძირითადად 2008 წლის ომში დაჭრილები არიან ოჯახის წევრებთან ერთად. მათ აქ ყოფნას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ჩვენთვისაც, რომ რაღაცა შეგვიძლია გავუკეთოთ ამ ადამიანებს. ასევე მნიშვნელოვანია ამ ადამიანებისთვის, ვინაიდან ოჯახის გარემოში დასვენება უდიდესი რეაბილიტაციაა სამხედრო მოსამსახურისთვის” - აღნიშნა გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ.
წეროვანის რეაბილიტაციის ცენტრში საომარ მოქმედებებსა და სამშვიდობო მისიებში მონაწილეობის დროს დაშავებული სამხედრო მოსამსახურეები და მათი ოჯახის წევრები ათდღიან რეაბილიტაციისა და დასვენების კურსს გადიან. სამხედრო მოსამსახურეებისთვის კეთილმოწყობილია ორი შენობა. კომპლექსში დაშავებული ჯარისკაცებისა და მათი ოჯახის წევრებისთვის დასვენების კომფორტული პირობებია შექმნილი. ცენტრის ტერიტორიაზე მოწყობილია რეაბილიტაციის კურსისათვის საჭირო სხვადასხვა ინფრასტრუქტურული ობიექტი და კეთილმოწყობილი სასადილო.
სამხედროები, ოჯახის წევრებთან ერთად, ცალკეული სამედიცინო ბატალიონის მედპერსონალის მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ არიან. მათ ასევე, ემსახურებიან ფსიქოლოგები და ფსიქიატრები. პერსონალი სამხედროებს და მათი ოჯახის წევრებს 24 საათიან სადღეღამისო სამედიცინო მომსახურებას უწევს. საჭიროების შემთხვევაში მოხდება საჭირო პროფილის ექიმის ადგილზე გამოძახება.
რეაბილიტაციის ცენტრი წეროვანის პრეზიდენტის ყოფილ რეზიდენციაშია განთავსებული, რომელიც თავდაცვის სამინისტროს რამდენიმე თვის წინ გადმოეცა. ცენტრმა ფუნქციონირება 9 იანვარს დაიწყო და ამჟამად, უკვე სამხედრო მოსამსახურეებისა და მათი ოჯახის წევრების მესამე ნაკადს მასპინძლობს. მანამდე ცენტრში რეაბილიტაციისა და დასვენების კურსი 17-მა სამხედრო მოსამსახურემ გაიარა.
პროცესი პერმანენტული ხასიათისაა და ყველა დაშავებულ სამხედრო მოსამსახურესა და მათი ოჯახის წევრზე გავრცელდება. წელს თავდაცვის სამინისტრო ადგილზე არსებული შენობების ადაპტირებასა და მძიმედ დაშავებული სამხედრო მოსამსახურეების ფიზიკური მოთხოვნების შესაბამისი ინფრასტრუქტურით აღჭურვას გეგმავს. 2015 წლიდან კი ამავე ტერიტორიაზე დაშავებული სამხედრო მოსამსახურეების და მათი ოჯახის წევრებისთვის სპორტული კომპლექსის მშენებლობა დაიწყება.