ნატოს სამხედრო კომიტეტის ვიზიტი საქართველოში

ნატოს სამხედრო კომიტეტის ვიზიტი საქართველოში

11-12 თებერვალს საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ნატოს სამხედრო კომიტეტი ესტუმრება. ნატოს წევრი ქვეყნების სამხედრო მაღალჩინოსნების ვიზიტს კომიტეტის თავმჯდომარე გენერალი კნუდ ბარტელსი უხელმძღვანელებს. მას საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე უმასპინძლებს.

11 თებერვალს ნატოს პირველი სამხედრო პირი საქართველოს მთავრობის კანცელარიაში შეხვედრებს გამართავს პრემიერ-მინისტრთან ირაკლი ღარიბაშვილთან და საქართველოს პრეზიდენტთან გიორგი მარგველაშვილთან.

12 თებერვალს დაგეგმილია სამხედრო კომიტეტის ხელმძღვანელის შეხვედრა საქართველოს თავდაცვის მინისტრთან ირაკლი ალასანიასთან. შეხვედრის შემდეგ თავდაცვის სამინისტროში გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე და ნატოს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარე, გენერალი კნუდ ბარტელსი მედიის წარმომადგენლებისთვის პრეს-კონფერენციას გამართავენ.

ამავე დღეს, სასტუმროში "რადისონ ბლუ ივერია" 28+1 ფორმატში სამხედრო კომიტეტის სხდომა გაიმართება. სესიაზე საქართველოს უსაფრთხოებისა და თავდაცვის ტრანსფორმაციის, ევროატლანტიკურ უსაფრთხოებაში საქართველოს წვლილისა და ნატო-საქართველოს სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილება.

სხდომის დასრულების შემდეგ, ნატოს წარმომადგენლებს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ალექსი პეტრიაშვილი სამუშაო ლანჩზე უმასპინძლებს.

ნატოს სამხედრო კომიტეტის გასვლითი ვიზიტი საქართველოში პირველად იმართება. სამხედრო კომიტეტი  ნატოს უმაღლესი სამხედრო ორგანოა. მისი ძირითადი ფუნქციაა ჩრდილოატლანტიკურ საბჭოს სამხედრო პოლიტიკასა და სტრატეგიაზე წარუდგინოს რეკომენდაციები და ნატოს სტრატეგიულ სარდლებს მისცეს მითითებები. კომიტეტის შემადგენლობაში შედიან ნატოში წევრ-ქვეყნების სამხედრო წარმომადგენლები.