ქვეყანაში მიმდინარე პროცესების ფონზე, დაპირისპირებამ კულტურის სფეროშიც იჩინა თავი. ხელოვანების ნაწილი „ოცნების" პოლიტიკას ემიჯნება და იფიცება. ზოგიერთი კი მიიჩნევს, რომ კულტურის წარმომადგენლები პოლიტიკაში არ უნდა ერეოდნენ. განსაკუთრებით, დიდი გამოხმაურება გამოიწვია რუსთაველის თეატრის დასის ხელმძღვანელის, რობერტ სტურუას განცხადებამ, სადაც ამბობს, რომ თეატრი პოლიტიკას ემიჯნება. ასევე, 4 დეკემბერს ფიზიკურ დაპირისპირებას ჰქონდა ადგილი მწერალთა სახლში.
„ის, ვინც ამბობს, რომ პოლიტიკაში არ ერევა, ეს არის რეალობიდან გაქცევა. თუ ასეთი ხალხის ისტორიას კარგად გადაამოწმებ, ვერ ვიტყვი 100%, თუმცა 80% მაინც რაღაცნაირად დაკავშირებულია „ქართულ ოცნებასთან" ან სამსახურეობრივად, ან ბიძინა ივანიშვილისგან ფულს იღებს", - განაცხადა ანალიტიკოსმა ვახტანგ ძაბირაძემ „რეზონანსთან".
ანალიტიკოს ედიშერ გვენეტაძის აზრით, ხელოვანები ყველაფერს არ ლაპარაკობენ.
„რა თქმა უნდა, ყველას აქვს უფლება თავისი აზრი გამოხატოს, მაგრამ გააჩნია, როგორ. აი, მაგალითად, როდესაც გამოდიან ე.წ. ხელოვანები და ლაპარაკობენ, ევროპაში გვინდა და მშვიდობიან აქციებს მხარს უჭერენ, ეს მისაღებია. თუმცა აქვე ხაზგასხმით უნდა ავღნიშნოთ, რატომღაც ეს ე.წ. პეროიანი მსახიობები არაფერს ლაპარაკობენ იმაზე, რასაც „მშვიდობიანი მომიტინგეები" აკეთებენ ჩვენი სახელმწიფოს და ჩვენი სამართალდამცავების მიმართ".
რუსთაველის ეროვნული თეატრის დასის ხელმძღვანელმა, რობერტ სტურუამ განაცხადა, რომ თეატრის მოვალეობაა, არ ჩაერიოს პოლიტიკაში.
„რუსთაველის ეროვნული თეატრი არის ხელოვნების ტაძარი და ის არცერთ პოლიტიკურ ძალას არ ემხრობა, მისი მოვალეობაა, არ ჩაერიოს პოლიტიკაში. რამდენიც არ უნდა იდავონ პოლიტიკურმა ძალებმა, რუსთაველის ეროვნული თეატრი უნდა დარჩეს, როგორც ერის ტაძარი, ერის სულის სიწმინდის მატარებელი", - წერს სტურუა რუსთაველის ეროვნული თეატრის ფეისბუქზე.
ამ განცხადებამ საზოგადოებაში და მსახიობების გარკვეულ ნაწილში პროტესტი გამოიწვია. რუსთაველის თეატრთან ხალხი შეიკრიბა. როგორც სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებმა აღნიშნეს, თეატრის დარბაზში უნდა ესაუბრათ ქვეყანაში შექმნილი კრიზისული მდგომარეობიდან გამოსვლის გზებზე, მაგრამ „რობერტ სტურუამ არ ისურვა".
„ეს შენობა ეკუთვნის ხალხს. რუსთაველის თეატრი ხალხის სამსახურში იყო სულ! რობიკო სტურუას „რობოკოპები" იცავენ", - აღნიშნა მწერალმა ლაშა ბუღაძემ და აღნიშნა, რომ გზის გადაკეტვა სიმბოლური აქტი იყო.
კულტურის სფეროს წარმომადგენელთა ნაწილმა გაფიცვის გადაწყვეტილება მიიღო. შესაბამის ინფორმაციას ისინი სოციალური ქსელის საშუალებით ავრცელებენ. გაფიცულთა შორისაა: ნინო კასრაძე, კახა კინწურაშვილი, პაატა ინაური, ბაია დვალიშვილი, ეკა დემეტრაძე, მაიკო გელოვანი, გიორგი ცხადაძე, მარიამ ნადირაძე, ვანო თარხნიშვილი, გიორგი ბახუტაშვილი, ბაჩო ქაჯაია, გიორგი ვარდოსანიძე, ნანა ბუთხუზი, ნატა მურვანიძე, ნანკა კალატოზიშვილი, გივიკო ბარათაშვილი, ირაკლი კვირიკაძე, რეჟისორი დათა თავაძე, და.შ.
ამასთან, გაფიცულია ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის დრამატული თეატრის 56 თანამშრომელი, სამეფო უბნის თეატრი, მოძრაობის თეატრი.
აღსანიშნავია ისიც, რომ 4 დეკემბერს ფიზიკური დაპირისპირება იყო მწერალთა სახლში. გავრცელებული ინფორმაციით, ოცამდე მწერალი, გამომცემელი და მთარგმნელი მწერალთა სახლში მივიდა მის დირექტორთან, ქეთი დუმბაძესთან დასალაპარაკებლად, თუმცა დუმბაძის მაგივრად მისი შვილი, ნოდარ მაჭარაშვილი დახვდა და მწერალ ტორესა მოსს დაარტყა. მომხდარი დამსწრეებმა გადაიღეს და სოციალურ ქსელში გაავრცელეს. მიაჩნიათ, რომ მწერალთა სახლი ვალდებულია პოზიცია გამოხატოს, გაემიჯნოს „ქართული ოცნების" პოლიტიკას და დაგმოს ძალადობა, რომელიც მწერლების და არა მხოლოდ მათ მიმართ ხორციელდება.
ანალოგიური მოთხოვნით მწერლები, მთარგმნელები და გამომცემლები მწერალთა სახლში 3 დეკემბერსაც იყვნენ. ისინი მწერალთა სახლის დირექტორ ქეთევან დუმბაძესთან ითხოვდნენ შეხვედრას, თუმცა დუმბაძე არ შეხვდა.
ვახტანგ ძაბირაძის აზრით, ყველამ უნდა დაგმოს ის ძალადობრივი ქმედებები, რასაც „ქართული ოცნება" ახორციელებს.
„პოლიტიკაში ჩარევა-არჩარევას ეს ადამიანები სხვადასხვანაირად უყრებენ. ნებისმიერი ადამიანის გადაწყვეტილება გარკვეულწილად დაკავშირებულია პოლიტიკასთან. მანახონ რომელიმე დიდი ხელოვანი, რომლის შემოქმედება პოლიტიკისგან განყენებული ყოფილა. შეიძლება პოლიტიკოსი არ იყო, მესმის, მაგრამ ამ შემთხვევაში გამოდის, რომ საზოგადოებრივი ცხოვრებიდან ხარ მოწყვეტილი. საზოგადოებრივი ცხოვრება ხომ პოლიტიკური ცხოვრებაა? მეტი რა არის აბა?
„ან საერთოდ რა პოლიტიკაზეა საუბარი იმის შემდეგ, რაც ის კადრი ვნახეთ, როდესაც წაქცეულ ადამიანს ურტყამენ. როგორც არ უნდა ემსახურებოდე ხელისუფლებას, ამის გამართლება როგორ შეიძლება? შეიძლება, რომ 6 დღე პირდასისხლიანებული ხალხი იყოს ქუჩაში? და ეს გაამართლო იმით, რომ პიროტექნიკას ისვრიან? სრულიად განსხვავებული პოზიცია, როდესაც პროტესტს ქუჩაში აცხადებენ და აბსოლუტურად სხვაა იმ ადამიანების, რომლებიც ჩაფხუტებით და აღჭურვილობებით დგანან ქუჩაში. ეს ერთი და იგივე არაა. კი ბატონო, ორივე ადამიანია, მაგრამ ერთი არის ადამიანი, რომელიც ამაში ფულს უხდიან და მეორეა, ვინც ხელისუფლების მიმართ პროტესტს გამოხატავს.
„ძალიან კომფორტულია, როდესაც აცხადებენ, პოლიტიკაში არ ვერევითო. კი მაგრამ, იმ ძალმომრეობაზე აზრის გამოთქმა ხომ შეგიძლია? ის, ვინც ამბობს, რომ პოლიტიკაში არ ერევა, ეს არის რეალობიდან გაქცევა. თუ ასეთი ხალხის ისტორიას კარგად გადაამოწმებ, ვერ ვიტყვი 100%-ით, თუმცა 80% მაინც რაღაცნაირად დაკავშირებულია „ქართულ ოცნებასთან" ან სამსახურეობრივად, ან ბიძინა ივანიშვილისგან ფულს იღებს, რომელიც აქამდე თურმე ქველმოქმედი იყო. ამრიგად, ვინც თავის მართლებას იმით ცდილობს, რომ პოლიტიკაში არ ერევა, ეს არის კომფორტის ზონა და მეტი არაფერი", - განაცხადა ვახტანგ ძაბირაძემ „რეზონანსთან".
ედიშერ გვენეტაძის თქმით, აქციაზე გამოსულთა ხელოვანების უდიდეს ნაწილს მხოლოდ პირადი ინტერესები ადარდებს.
„რა თქმა უნდა, ყველას აქვს უფლება თავისი აზრი გამოხატოს, მაგრამ გააჩნია როგორ. აი, მაგალითად, როდესაც გამოდიან ე.წ. ხელოვანები და ლაპარაკობენ, ევროპაში გვინდა და მშვიდობიან აქციებს მხარს უჭერენ, ეს მისაღებია. თუმცა აქვე ხაზგასხმით უნდა აღვნიშნოთ, რატომღაც ეს ე.წ. პეროიანი მსახიობები არაფერს ლაპარაკობენ იმაზე, რასაც „მშვიდობიანი მომიტინგეები" აკეთებენ ჩვენი სახელმწიფოს და ჩვენი სამართალდამცავების მიმართ, როდესაც მათ აქვთ მცდელობა ცოცხლად დაწვან და თავები დაუხეთქონ პოლიციელებს პიროქტნიკის, მოლოტოვის კოქტეილების მეშვეობით. ასევე, მცდელობა აქვთ ჩაამტვრიონ პარლამენტის შენობა, რუსთაველი დაწვან დაა ააოხრონ ისე, როგორც ამ დონეზე თავის დროზე არ აკეთებდა თემურ ლენგი და არც აღამაჰმად ხანი.
„ამ ყველაფერზე რატომ არაფერს ამბობენ ჩვენი ე.წ. პერიოანი მსახიობები? შემდეგ, როცა მეხუთე კოლონელები საუბრობენ იმაზე, რომ რა მოხდა მერე პიროტექნიკა „მაშხალააო" და ყველა მაღაზიაში იყიდებაო, მაღაზიაში იყიდება თოფიც და დანაც, მთავარია რაში გამოიყენებენ. როცა რუსთაველზე პიროტექნიკის ომია გაჩაღებული და ამით უამრავი სამართალდამცავია დაზიანებული, ეს მშვიდობიანი აქციაა? ამაზე ეს პატივცემულები ხმას რატომ არ იღებენ?
ჩემი აზრით, მათი უმრავლესობა, ვინც ახლა იქაა გამოსული, ე.წ. ხელოვანები, ხელმოცარულია. ესენი დამოკიდებული იყვნენ უცხოურ გრანტებზე და იყვნენ იმ არასამთავრობო ორგანიზაციებთან, რომლებიც მათ „კარმუშკებს" აძლევდნენ. ახლა დრო შეიცვალა და არ უნდათ ამ ტკბილი ლუკმის დაკარგვა", - განაცხადა ედიშერ გვენეტაძემ „რეზონანსთან".