თბილისში, რუსთაველის გამზირზე 6-დღიანი ვანდალური აქციების პარალელურად, რადიკალური ჯგუფები ამ საპორტესტო მუხტის გამწვავებისთვის სკოლის მოსწავლეების გამოყენებას ცდილობენ. მას შემდეგ, რაც პოლიციამ მოახერხა და ნაწილობრივ რუსთაველის გამზირზე მოთარეშე 300-მდე მარბიელი ჯგუფები და მათი ხელმძღვანელები დააკავა, რადიკალების მთავარ სამიზნედ ახლა ბავშვები იქცნენ.
სოციალურ ქსელში 3 დეკემბერს გავრცელდა ვიდეო, სადაც ჩანს ნაციოანლური მოძრაობის აქტივისტი, რომელიც ერთ-ერთი სკოლაშია შესული და არასრულწლოვნებს მოუწოდებს, გარეთ გავიდნენ. ის სკოლის რედაქციამ ქუჩაში გააგდო.
კიდევ ერთ აქტივისტს, რომელიც სკოლასთან აქციებს უწევდა ორგანიზებას და მოსწავლეებს ჩართვისკენ მოუწოდებდა, მშობლები დაუპირისპირდნენ.
„არც ერთი მოსწავლე ჩაკეტილი არ არის. სკოლა არ არის ციხე, საგაკვეთილო პროცესში მოსწავლე უნდა იყოს გაკვეთილზე“, - განუცხადა ჟურნალისტებს ერთ-ერთი სკოლის დირექტორმა.
მისი თქმით, აქციის ორგანიზატორები არასრულწლოვანებით მანიპულირებენ.
ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა ერთ-ერთმა პედაგოგმაც.
„ეს არის 13 წლის ბავშვი. 13 წლის ბავშვმა რა უნდა გააპროტესტოს? 40 წელია მესმის ევროპის კარი ღიაა, დავიღალეთ მათხოვრობით. რომ გადადგეს მთავრობა და არ ვიცი ვინ მოვა, ევროპა მაშინვე გვიღებს კარს და შევდივართ? ქვეყანას მიეცით განვითარების საშუალება“, - აღნიშნა მან.
3 დეკემბერს კი სხვადასხვა ქალაქებში სკოლის მოსწავლეების ნაწილმა რადიკალების ორგანიზებით აქცია გამართეს. თბილისის სკოლებთან ერთად, საპროტესტო აქციები მოსწავლეთა ნაწილმა რეგიონებშიც გამართა. ამის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში ვრცელდება.
ზუგდიდის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა კი საპროტესტო აქცია-მსვლელობა გამართეს.
ქუთაისში, 36-ე სკოლის მოსწავლეების ნაწილი შეიკრიბნენ და პროტესტის ნიშნად სკოლაში არ შევიდნენ.
საპროტესტო მსვლელობა მოსწავლეებმა გამართეს რუსთავშიც. საქართველოსა და ევროკავშირის დროშებით ისინი ქალაქის მერიასთან მივიდნენ.
განათლების სამინისტრო ყველას მიმართავს, თუ ფლობს ინფორმაციას, სასწავლო პროცესის შეფერხების თაობაზე, დარეკონ სამინისტროს ცხელ ხაზზე - 200 220.
პოლიტიკური პროტესტის საგანმანათლებლო სივრცეში შეტანას მმართველ გუნდში აფასებენ. ამბობენ, რომ ეს ის გეგმაა, რომელიც რადიკალურ ოპოზიციას, სალომე ზურაბიშვილთან ერთად, ბოლო დღეებში სისრულეში მოჰყავს.
„ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ კი განაცხადა, რომ ჰიტლერის, ლენინის, სააკაშვილის და რამდენიმე აფრიკული ქვეყნის გარდა, ბავშვების გამოყენება პოლიტიკაში არსად მომხდარა, ახლა კი, ამ პროცესებში, ტყუილზე დაფუძნებული, ვითომ პატრიოტული მესიჯებით სურთ არასრულწლოვანების ჩართვა.
„ჩემი მშობლიური თერჯოლის ერთ-ერთ სკოლაში შევარდნილა ვიღაც ახალგაზრდა დღეს და მეგაფონით მოუწოდებდა ბავშვებს, გამოდით კლასებიდანო. მეტი რა უნდა ქნან, მათ მომხრეებს მივმართავ, რომ მიხვდეთ, ფაშისტები არიან! - ჰიტლერი, ლენინი და სააკაშვილი და აფრიკის რამდენიმე ქვეყანაში, არ დავასახელებ, ისტორია ბევრმა კარგად იცით, ხდებოდა ბავშვების გამოყენება პოლიტიკაში. მეტი გახსენდებათ სადმე ბავშვების პოლიტიკაში გამოყენება? სკოლის მოსწავლეებს პოლიტიკური მომხრეობის თვალსაზრისით იყენებდნენ ჰიტლერი, ლენინი და სააკაშვილი, იმ აფრიკის ქვეყნებს თავი დავანებოთ, ვითომ არ ვიცით. ახლა ცდილობენ ამაში ჩართვას მოგონილი, ვითომ პატრიოტული, ტყუილზე დაფუძნებულ მესიჯებით. იმ ბავშვებს თუ უხსნით, აუხსენით რაშია საქმე, ან დაანებეთ თავი, როგორ შეიძლება აუხსნა მე-5 და მე-10 კლასელს თუნდაც, მან უნდა ისწავლოს, ცოდნა დააგროვოს და მოქალაქეობრივი პოზიცია უნდა დააგროვოს შემდეგ. არსებობს სრულწლოვანების ასაკი, რაღაცეები არსებობს - სტუდენტებზე არ ვლაპარაკობ იმავეს, სკოლის მოსწავლეს როგორ უნდა უთხრა, რომ ჩაერთე პოლიტიკურ პროცესებში. ზოგი ზრდასრული, ჭკვიანი ადამიანიც კი ვერ გარკვეულა, ისეთ შეცდომაში შეჰყავთ და ისე აბულინგებენ, ზოგიერთებს მართლა ჰგონიათ, ჩელიაბინსკში ვართ ახლაო, ძაღლს ერქმევა „საბაკა“ და არა „დოგიო“ და ძაღლი რომ არ ერქმევა დარწმუნებულები არიან - აი, ასეთ სიგიჟეებს ლაპარაკობენ ზრდასრული ადამიანები და ბავშვმა რა გაარკვიოს ჩვენი ამ პოლიტიკური კინკლაობიდან, სადაც ერთ მხარეს ჯაშუშები არიან და მეორე მხარეს თავის სამშობლოზე შეყვარებული ადამიანები“, - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.
სხვადასხვა საჯარო და კერძო სკოლიდან მომდის ინფორმაცია, რომ მიმდინარეობს აგრესიული და ძალადობრივი კამპანია სკოლის მოსწავლეების მიმართ, რომლის მიზანია მოსწავლეთა დაშინება, შანტაჟი, პოლიტიკური მიზნებისთვის მათი ინსტრუმენტალიზების მცდელობა, ბავშვების თავისუფალ ნებაზე გავლენის მოხდენა, სასწავლო პროცესიდან ჩამოშორება და საზოგადოდ, სასწავლო პროცესის ჩაშლა“, - წერს სოციალურ ქსელში ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილი.
იგი მიიჩნევს, რომ არსებობს საფრთხე, ბავშვების თავისუფალ ნებაზე მოახდინონ გავლენა, იქცნენ მანიპულაციის სამიზნედ და პოლიტიკური ანგარიშსწორების „ცოცხალ იარაღად“.
„გამომდინარე იქიდან, რომ ბავშვი, ასაკის გათვალისწინებით ნაკლებად რეზისტენტულია ზეწოლის, მუქარის და შანტაჟის მიმართ, არსებობს საფრთხე, მათ თავისუფალ ნებაზე მოახდინონ გავლენა, იქცნენ მანიპულაციის სამიზნედ და პოლიტიკური ანგარიშსწორების „ცოცხალ იარაღად“. იმ პირებს, ვინც დაკავებულია ამ ბინძური კამპანიით, შევახსენებთ, რომ:
- დაუშვებელია ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში სასწავლო პროცესის პოლიტიზება;
- სკოლა ვალდებულია დაიცვას და ხელი შეუწყოს მოსწავლეებს, მშობლებს და მასწავლებლებს შორის შემწყნარებლობისა და ურთიერთპატივისცემის დამკვიდრებას;
- ბავშვს უფლება აქვს დაცული იყოს ფსიქოლოგიური ძალადობისგან, იძულებისგან და ძალადობის ნებისმიერი ფორმისგან ოჯახში, სკოლაში ან ნებისმიერ სხვა ადგილას;
ამდენად, მოვუწოდებთ ყველა აქტორს: ვიწრო პოლიტიკური მიზნების მისაღწევად არ მოახდინონ ბავშვების ინსტრუმენტალიზება“, - წერს დეპუტატი.
„ხალხის ძალის“ წევრი და ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი for.ge-სთან აცხადებს, რომ ნაცმაიდანის მე-4 ფაზაში, კიევის 2014 წლის მაიდანთან მსგავსების გარდა, ქართულ ვარიანტში ახალი დეტალებიც შემოვიდა. ქართველიშვილი ამბობს, რომ ახალი ნოუჰაუა პიროტექნიკის და არასრუწლოვნების ამ აქციებზე გამოყენების მცდელობა.
„ვხედავთ, რომ თავად პოლიტიკური ლიდერები ჩრდილში არიან დამალულები და ფარად სკოლის მოსწავლეებს იყენებენ. ღმერთმა დაგვიფაროს ამ მსხვერპლშეწირვისგან, მაგრამ პირდაპირი ჩართვების დროს მკაფიოდ გვესმის, რომ აქცია ჩიხში შედის და ამისთვის ეძებენ მუხტის აწევას. სწორედ ამიტომ ცდილობენ ბავშვების წინა ხაზზე დაყენებას. ამას ვადევნებთ უკვე ერთი კვირაა თვალს. ახლა კი იმდენად გათავხედნენ, რომ რუპორით სკოლებში ვარდებიან და პატარა ბავშვებს აქციაში ჩართვისკენ მოუწოდებენ. ღმერთმა დაგვიფაროს, მე რასაც ვლაპარაკობ, ეს არის ძალიან ცუდი მოვლენების განვითარების მოდელირება. მათ გეგმებში, რა თქმა უნდა, შედის რიტუალური მკვლელობის ისე ჩატარება, რომ ეს ხელისუფლებას დაბრალდეს, პოლიციელს და სპეცრაზმელს. თქვენ წარმოიდგინეთ რა ბედნიერება იქნება მათთვის, თუკი ეს ბავშვი იქნება. ეს არის ყველა ქართველისთვის ძალიან მგრძნობიარე თემა, რომელმაც შესაძლოა ყველა პოლიტიკური თემა გადაფაროს. მათი მიზანიც ხომ ეს არის, რომ ნებისმიერი საბაბით, რაც შეიძლება მეტი ადამიანი ქუჩაში გამოიყვანონ. თუნდაც კონტრაქციის სახით მიაღწიონ არეულობას, სამოქალაქო დაპირისპირებას, რათა შემდეგ მთელ საქართველოში არეულობა დაიწყოს, მიიყვანონ ქვეყანა სამოქალაქო ომის დაპირისპირების მდგომარეობამდე. დიდი იმედი მაქვს და არც-თუ უსაფუძვლო, რომ ჩვენი სპეცსამსახურები, სამართალდამცველები, ამ ტიპის ინფორმაციებს ფლობენ, მათი კონტროლის ქვეშ არის ეს სამშობლოს გამყიდველი ხალხი. უბრალოდ, ამ საშინელ ჩანაფიქრს უბრალოდ ხორცშესხმა არ უწერია“, - ამბობს ქართველიშვილი.
მისივე თქმით, იმედია ასევე, რომ სკოლის მასწავლებლებს და ბავშვების მშობლებს ეყოფათ გონიერება და კარგად ათვიცნობიერებენ თუ რაში აპირებენ მათი შვილების გამოყენებას.
„ახალი არც საზოგადოებისთვის და არც სპეცსამსახურებისთვის არაფერი არ არის. ზუსტად წელიწადნახევრის წინ მე ვწერდი, რომ 2023 წლის საზაფხულო ბანაკებში, რომელიც უკრაინის საზღვართან, პოლონეთის ტერიტორიაზე განლაგებული, უცხო ქვეყნის სპეცსამსახურები საქართველოდან ჩასულ ასობით ახალგაზრდას, რომლებიც ფრანკლინის და მარგარეტ ტეტჩერის კლუბში გაწევრიანებულები იყვნენ, ატრეინინგებდნენ. მათ სხვადასხვა საველე ტრენინგები ჩაუტარეს, მათ შორის იარაღის დაშლა აწყობა ასწავლეს.
ასევე, ასეთი აქციების დროს რა ნივთიერებები უნდა გამოიყენონ, როგორ უნდა მოახდინონ პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევა. რა აღჭურვილობით უნდა მივიდნენ აქციებზე და ა.შ. ზუსტად ამას ვადევნებდით ახლა რუსთაველის გამზირზე თვალს. მაშინ ისინი ამ გაწვრთნილი ახალგაზრდების გამოყვანას 2023 წლის შემოდგომაზე აპირებდნენ. მერე გაზაფხულზე გადმოიტანეს გამჭვირვალობის კანონის გაპროტესტების დროს. ახლა კი 16 დეკემბერს უნდოდათ, თუმცა ხელისუფლებამ ესეც დააჩქარა და მათი ნაადრევად გამოაშკარავება მოახდინა“, - ამბობს ქართველიშვილი.