„მაიდანის სცენარით მიდიან, ზოგიც 1991 წელში დაბრუნდა და ტელევიზიაში შეცვივდნენ, ხელისუფლებაში რომ დაბრუნდნენ, „იმედის“ მსგავს სცენარს კიდევ ერთხელ გაიმეორებენ“

„მაიდანის სცენარით მიდიან, ზოგიც 1991 წელში დაბრუნდა და ტელევიზიაში შეცვივდნენ, ხელისუფლებაში რომ დაბრუნდნენ, „იმედის“ მსგავს სცენარს კიდევ ერთხელ გაიმეორებენ“

5 დღის განმავლობაში რუსთაველის გამზირზე ვითომ მშვიდობიანი აქციების პარალელურად აქტიურობენ რადიკალური ჯგუფები, რომლებიც თავს ესხმიან პოლიციას, კერძო პირების ინვენტარს, ასევე ქალაქის ინფრასტრუქტურას, სახელმწიფო შენობებს აზიანებენ. პიროტექნიკით და მძიმე საგნებით შეიარაღებული 300-400-მდე ახალგაზრდა ინტენსიურად უტევს პოლიციურ დანაყოფებს. შესაბამისად ჩნდება კითხვები - ვინ არიან ეს ადამიანები? ვინ მართავს ამ აქციებს, სადაც არანაირი მოთხოვნა არ გახმაურებულა და როდემდე უნდა გაგრძელდეს აღნიშნული ვანდალიზმი დედაქალაქში? რას აკეთებს ამის აღსაკვეთად ხელისუფლება?

for.ge-მ ამ და სხვა კითხვებით „ქართული ოცნების“ წევრს და მე-11 მოწვევის პარლამენტის დეპუტატს, ლადო ბოჟაძეს მიმართა.

უკვე 5 დღეა, რაც თბილისის ცენტრალურ ქუჩებზე პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის შეტაკებები არ წყდება. ვხედავთ ახალგაზრდების ჯგუფებს, რომლებიც პოლიციის წინააღმდეგ იყენებენ პიროტექნიკას, ქვებს, სხადასხვა მძიმე ნივთებს და წვავენ და ანადგურებენ ქალაქის ინფრასტრუქტურას, კერძო საკუთრებას. როდემდე უნდა გაგრძელდეს ეს ვანდალიზმი? რას აპირებს ხელისუფება და რატომ ვერ ახერხებს ამ ჯგუფების ქალაქში თარეშის შეჩერებას?

- საქმე ისაა, რომ ჩვენ ვართ დემოკრატიული ხელისუფლება, კონსტიტუციას, კანონმდებლობას და ადამიანის უფლებებს ვიცავთ. ეს არის ჩვენთვის მთავარი ღირებულება და ამიტომაც ჰქონდა ჩვენს გუნდს მწვავე რეაქცია იმ ცალკეულ გადაცდომებზე, რომელიც სპეცრაზმის ზოგიერთი წევრისგან დაფიქსირდა. ამის შესაბამისად, უწყებები გამოიძიებენ და ადეკვატური პასუხიც გაეცემათ. რაც შეხება ამ რადიკალურ ჯგუფებს, რომლებიც ოპოზიციის წინააღმდეგ მომქედებენ, ეჭვი არავის აღარ ეპარება, რომ ისინი საკმაოდ მომზადებული და გაწვრთნილი ახალგაზრდები არიან. ისინი ნიღბებით, სათვალეებით და სხვა შენიღბვის საშუალებებით არიან შემოსილები, რის გამოც მათი იდენტიფიცირება ჭირს.

ესეც მიგვითითებს იმაზე, რომ ისინი საკმაოდ კარგად დაორგანიზებული ჯგუფები არიან. შედარებით რთულია და გარკვეულ დროს მოითხოვს მათი ვინაობის დადგენა. თუმცა სამართალდამცველები ამ მიმართულებით მუშაობენ. არც ერთი იმ ადამიანის ქმედება, რომლებიც პოლიციელებს ქვებს, მძიმე საგნებს და პიროტექნიკას ესვრიან, დაუსჯელები არ დარჩებიან. ეს არის კარგად მომზადებული გეგმა, რომლის უკანაც სახელმწიფო გადატრიალების მოტივი დგას. ამ ყველაფერს კი ჩვენი ქვეყნის ომში ჩართვა უნდა მოჰყვეს.

არის ხელისუფლებისთვის უფრო მეტი ინფორმაცია ცნობილი იმაზე, ვინ დგას ამ რადიკალური ჯგუფების უკან? ეს არ არის ჩვეულებრივი კლასიკური მიტინგები, ფაქტია, რომ კონკრეტულ გეგმას მიჰყვებიან. ფიქრობთ, რომ ეს არის პოლიციის დასუსტების მიზნით განსაზღვრული რადიკალიზმი და სხვა უფრო მძიმე მიზანს შეიძლება ემსახურებოდეს?

- ის ინფორმაცია, რაც საზოგადოებას აქვს და რასაც ვხედავთ მედიის მეშვეობით, საკმარისია იმისთვის, გარკვეული წარმოდგენა შეგვექმნას იმაზე, საით მიჰყავს რადიკალურ ოპოზიციას პროცესები. რა თქმა უნდა, რომ ამის უკან დგანან რადიკალური ოპოზიციის ლიდერები, რომლებიც თავად არ გამოდიან ღიად და ახალგაზრდებს კულისებიდან აქეზებენ. ეს აქციები არ არის თვითორგანიზებული, რადგან აქციის მონაწილეებს ერთნაირი ეკიპირება აქვთ: სათვალეები, ნიღბები, მოსაცმელები და ჩანთებიც კი თითქმის ერთნაირი აქვთ. ეს იმას ნიშნავს, რომ ორგანიზებულია და ამ აქციებს ჰყავს დირიჟორი. საღამოს 11 საათისთვის ისინი იწყებენ მოქმედებებს, ქვების, მოლოტოვის კოქტეილების სროლას. ამით უნდათ, რომ რაც შეიძელბა რადიკალური გახადონ აქცია და მეტი პოლიციელი დააზიანონ. რაც ყველაზე მთავარია, გამოიწვიონ პოლიციელები. ოპოზიციაში არც მალავენ, რომ თუკი მსხვერპლი იქნება, მერე რა, ამათ ხომ ეს გამოცდილება ისედაც აქვთ. ამიტომ არც ოპოზიციაში ყოფნის დროს იტყვიან მსხვერპლზე უარს. გადადიან უმძიმეს შეურაცხყოფაზე, რასაც ისმენს ჩვენი საზოგადოება. ეს ხალხი ყველას გაწირავს, ოღონდ სისხლი დაიღვაროს და მოვლენები კიდევ უფორ მძიმე პროცესებში გადაიზარდოს.

თუმცა ეს არის ერთადერთი გზა, რომლითაც უნდათ ქვეყანაში არეულობა და დესტაბილიზაცია გამოიწვიონ. სამწუხაროა, რომ ევროპასაც და ამერიკასაც ძალიან რთული პერიოდი ემუქრება, ვიდრე ამერიკის ახალი პრეზიდენტი ოფიციალურად მუშაობას შეუდგება. ამის გამოძახილს ვუყურებთ საქართველოში და ვხედავთ, როგორ ცდილობენ ჩვენი ქვეყნის შერყევას. თავად ევროკავშირის ელჩი როგორ ბუნდოვან და არასწორ განცხადებებს აკეთებს, თითქოს რაღაცა პროცესი შეჩერდა და ვითომ ჩვენ არ გვინდა მოლაპარაკებების დაწყება. როცა ერთი თვის წინ თავად შეგვიჩერეს მოლაპარაკება. იგივე ეხება მეთიუ მილერს, ამერიკის ადმინისტრაციის პრესმდივანს. თითქოს სტრატეგიულ პარტნიორობას გვიწყვეტავენ, რათა აქ საპროტესტო მუხტი აწიონ. ამას ქართველი ხალხი მშვენივრად ხვდება, ამიტომაც ყოველ დღე აქციის მონაწილეების რაოდენობაც იკლებს. ეს პერიოდი ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან რთულია, მაგრამ მის წყნარად გავლას ვაპირებთ. 16 დეკემბერს აქვთ ევროკავშირის ქვეყნებს შესაძლებლობა საქართველო გააწევრიანონ ევროკავშირში და ეს მანიპულაციები დაასრულონ.

პრემიერმა განაცხადა, რომ აქციაზე უცხო ქვეყნის, რუსეთის და დიდი ბრიტანეთის მოქალაქეები დააკავეს, რომლებიც პოლიციას წინააღმდეგობას უწევდნენ და რადიკალურ ქმედებებში მონაწილეობდნენ. ამაზე დამატებით რისი თქმა შეგიძლიათ, ვარაუდობთ, რომ უცხო ქვეყნის სპეცსამსახურის ინტერესებიც იკვეთება და არეულობის პროვოცირებაში სხვა ქვეყნებიც მონაწილეობენ?

- მაიდანის მოწყობის მცდელობა რომ არსებობს, ეს კარგად ჩანს. ხდება სახელმწიფო გადატრიალების რომანტიზება, პოლიციის წინააღმდეგ მოქმედების წახალისება. ზუსტად იგივე სცენარით მიდიან, რაც მაიდანის დროს ხდებოდა. პატარა ბავშვების გამოყვანა აქციაზე, ახლადდაქორწინებულების მისვლა და სურათების გადაღება. ეს ჩვენ არაერთხელ ნანახი გვაქვს. მეთოდოლოგია, როგორც ჩანს, არ შეცვლილა. ზოგი 2014 წელს იყენებს, ზოგიც 1991 წელში დაბრუნდა და პირველი არხის შენობასთან მივარდა, ტელევიზიაში შეცვივდნენ. მართალია იარაღის გარეშე, მაგრამ ხელისუფლებაში რომ დაბრუნდნენ, „იმედის“ მსგავს სცენარს კიდევ ერთხელ გაიმეორებენ.

თუმცა ჩვენი სპეცსამსახურები უმაღლეს დონეზე მუშაობენ და ძალიან ბევრი საფრთხის განეიტრალება მოხდა და მოხდება. ის, რომ ევროპისკენ და ევროპის დასაცავად ჩვენი ოპოზიციის გვერდით რუსეთის მოქალაქეები აღმოჩდნენ და ამ სპონტანური დაკავებების დროს მოხვდნენ, ეს კიდევ ცალკე კითხვის ნიშნებს აჩენს - რატომ იცავს ოპოზიცია რუსებთან ერთად ევროპულ მომავალს? ასევე, მოვისმინეთ უკრაინიდან მებრძოლების შესახებ ჩამოსვლის მუქარა და განცხადებები. პირდაპირ მოწოდებები ხდება, რომ კიდევ უფრო რადიკალური გახდეს ეს პროცესები. მინდა იცოდნენ ჩვენმა მოქალაქეებმა, რომ სახელმწიფო მოწოდების სიმაღლეზე დგას. მთავარია, ჩვენმა მოსახლეობამ დაინახოს, რა პროცესები დგას ამ ყველაფრის უკან. საქართველოში მაიდანი არ იქნება და უკრაინიზაცია არ მოხდება.

პრეზიდენტის განცახდებაზე მინდა გკითხოთ, ის ათონელის რეზიდენციის დატოვებას არ აპირებს. ამბობს, რომ მისი ლეგიტიმაცია გრძელდება და მას ქუჩაში მყოფი ხალხი დაიცავს. როგორ გაიგეთ მისი ეს ნათქვამი და რას იზამს ხელისუფლება თუ ის ათონელის რეზიდენციას არ დატოვებს?

- რა თქმა უნდა, პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გარე ძალების დაკვეთით მოქმედებს. სამწუხაროა, რომ საქართველოს პრეზიდენტი ნაცმოძრაობის და რადიკალური ოპოზიციის პრეზიდენტი აღმოჩნდა. მან საქართველოს კონსტიტუცია არაერთხელ დაარღვია, თუმცა აღმოჩნდა, რომ მაინც აღიარებს და ემუქრება კიდეც, გინდა თუ არა ლეგიტიმაცია გამიგრძელეთო. როგორც ჩანს, ოპოზიცია მას პირდებოდა, რომ ოპოზიციის გამარჯვების შემთხვევაში, ის ისევ პრეზიდენტად დარჩებოდა. მან ათონელის სასახლე რადიაკლური ოპოზიციის შტაბად აქცია და ახლა ის მოიაზრება რადიკალური ოპოზიციის ლიდერად. ის ლეგიტიმური 29 დეკემბრამდე იქნება. 14 დეკემბერს იქნება არჩევნები და 29 დეკემბრის შემდეგ ზურაბიშვილს ათონელის სასახლის დატოვება მოუწევს.

თუ ის არ დატოვებს ათონელის სასახლეს, შესაძლოა მისი იძულებით გამოყვანა მოხდეს, ან დაპატიმრება?

- რა თქმა უნდა, ზურაბიშვილის არც დაკავება და არც იძულებით გამოყვანა არ მოხდება. ამას თუ რომელიმე სკამი უნდა ან ოთახი და ვერ ელევა, შეგვიძლია ვაჩუქოთ ან იქ დავტოვოთ. რა თქმა უნდა, ვხუმრობ, მაგრამ სერიოზულად არ მიმაჩნია მისი ეს განცხადება და სასაცილოც მგონია. მას ლეგიტიმაცია ხალხმა მისცა და იგივე ლეგიტიმაციას მისცემს ახალ პრეზიდნტს. ამიტომ ზურაბიშვილს უნდა თუ არა, მოუწევს ამ პოსტის და სასახლის დატოვება.