კეზერაშვილის ექსტრადიციისთვის საფრანგეთში გაყალბებული მასალები გადაიგზავნა?

კეზერაშვილის ექსტრადიციისთვის საფრანგეთში გაყალბებული მასალები გადაიგზავნა?

"უფლებადამცველი დიმიტრი ლორთქიფანიძე კეზერაშვილის ციხიდან გათავისუფლებას "ფეისბუკის" საკუთარ გვერდზე ეხმაურება. "მთელი ამ ხნის განმავლობაში ფრანგული სასამართლო ბრალდების გარემოებებს სწავლობდა. მასალები კი, რომელსაც ფრანგული მართლმსაჯულება გაეცნო, თარგმნილი და გაგზავნილია საქართველოს მთავარი პროკურატურის საერთაშორისო სამართლებრივი დეპარტამენტიდან, რომელსაც ბატონი ირაკლი ჩილინგარაშვილი ხელმღვანელობს. ეს ის ადამიანია, რომელიც უშუალოდ ადეიშვილის კადრია და რომლის მიმართაც მე პირადად არაერთი პრეტენზია მქონდა პარლამენტის წევრობის დროს, მათ შორის მალხაზ გულაშვილის არასრულწლოვანი შვილის რუსეთიდან ექსტრადირებასთან დაკავშირებით. ჩილინგარაშვილი, როგორც საერთაშორისო სამართლის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პირდაპირ პასუხისმგებელია იმ ინფორმაციის ნამდვილობაზე, რომელსაც მთავარი პროკურატურა აწვდის დაინტერესებულ მხარეს. არ გამოვრიცხავ, რომ ეს მიზანმიმართული ქმედება იყოს. ამიტომ მოვუწოდებ მთავარ პროკურორსა და პრემიერ-მინისტრს, გადაამოწმონ ის თარგმანი, რომელიც ფრანგულ მხარეს წარედგინა, რამდენად შეესაბამება თარგმნილი დოკუმენტაცია ქართულ დედანს. ამასთანავე, რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, საფრანგეთში მივლინებული იყო პროკურორი ირაკლი დონდლაძე, რომელმაც უშუალოდ ჩაიტანა ეს მასალები. საინტერესოა, შეძლებს თუ არა მთავარი პროკურორი გადაამოწმოს ეს ინფორმაცია და დარწმუნდეს იმაში, რომ აღმკვეთი ღონისძიების შეცვლის საკითხში არ არის მიზანმიმართული მოქმედება განხორციელებული", - წერს ლორთქიფანიძე. დეტალებში გასარკვევად "ალია" დიმა ლორთქიფანიძეს დაუკავშირდა", - წერს გაზეთი"ალია" სტატიაში სათაურით კეზერაშვილის ექსტრადიციისთვის საფრანგეთში გაყალბებული მასალები გადაიგზავნა?

"სისხლის სამართლის მასალები, რომელიც უნდა გადაგზავნილიყო საფრანგეთში, ვინაიდან "წითელი ცირკულარით" ძებნილი კეზერაშვილი უნდა დაკავებულიყო საფრანგეთში, საქართველოში აღძრული სისხლის სამართლის საქმის გამო, უნდა ყოფილიყო თარგმნილი სათანადო წესით. ეს უნდა განეხორციელებინა პროკურატურის საერთაშორისო სამართლებრივ დეპარტამენტს, რომელშიც შედის ასევე იურიდიული სამმართველო. სწორედ ამ დეპარტამენტს ხელმძღვანელობს ირაკლი ჩილინგარაშვილი. ეს ადამიანი არის პასუხისმგებელი პირი, რომ მომთხოვნ მხარეს გაეგზავნოს ობიექტიურად თარგმნილი მასალები. დონდოლაძე აკეთებდა კეზერაშვილთან დაკავშირებულ განცხადებებს პროკურატურიდან და მივიღე ინფორმაცია, რომ ეს დონდოლაძე იყო პროკურორი, რომელიც კეზერაშვილის საქმეზე იმყოფებოდა საფრანგეთში", - აცხადებს უფლებადამცველი დიმიტრი ლორთქიფანიძე.

"ის რომ დონდოლაძე და ჩილინგარაშვილი ადეიშვილის კადრია, ახლახან გახდა ჩემთვის ცნობილი. განსაკუთრებით, ჩილინგარაშვილზე ვაკეთებ აქცენტს, რადგან მე მას ვიცნობ პირადად. როცა მე მივმართე თხოვნით გულაშვილის ვაჟის საქმესთან დაკავშირებით, მან არაფერი არ გააკეთა. არანაირი სამართლებრივი დახმარება მას არ აღმოუჩენია. აქ ერთი მომენტიცაა, რამდენადაც სარწმუნო წყარომ მომაწოდა ინფორმაცია, კბილაშვილს მისი სამსახურიდან გაშვება ნდომებია თავის დროზე, რადგან ეს ერთ-ერთი ყველაზე საკვანძო დეპარტამენტია, მაგრამ რაღაც მიზეზების გამო მან ეს არ გააკეთა. სავარაუდოდ, დაუდევრობის გამო. ჩილინგარაშვილის სამსახურში გაჩერება ნიშნავს იმას, რომ ადეიშვილის თვალი, ყური და საცეცები პროკურატურაში რჩება. რეალურად, ლოგიკურია ყველაფერი, რაც ხდება. ხომ ნახეთ, რომ დონდოლაძის წაღებულმა საქმეებმა გამოიწვია ის, რომ კეზერაშვილი თავისუფალია. მოვუწოდებ მთავარ პროკურორს, შეისწავლოს ეს საქმე და თუ აღმოჩნდა, რომ კვალიფიციური თარგმანი არ იყო შესრულებული, მიიღოს შესაბამისი ზომები. საქმის საგამოძიებო მასალები სრულყოფილი იყო და თუ ჩაიტანა, რატომ ვერ იქნა შესაბამისი გადაწყვეტილება მიღებული", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას დიმიტრი ლორთქიფანიძე და შეკითხვას - ბიძინა ივანიშვილმა კიდევ ერთხელ თქვა პრესკონფერენციაზე, რომ სთხოვდნენ სხვადასხვა ქვეყნებს, კეზერაშვილის "წითელ ცირკულარში" ჩასმას და ამას არ აკეთებდნენ. ამაშიც პროკურატურის ფარული ხელი ურევის? - პასუხობს:

"სამწუხაროა, რომ ამ საკითხს არ მოჰყოლია განხილვა ხელისუფლებაში. ამას არც დიდი სამართლებრივი ანალიზი სჭირდება და არც პოლიტიკური გამჭრიახობა, ჩილინგარაშვილი ადეიშვილის ნდობით აღჭურვილი პირია და ყველა ადამიანი, ვინც მასთან ურთიერთობს, იმართება ადეიშვილის მიერ. ამიტომაცაა ადეიშვილი ხელშეუხებელი. იმის მაგივრად, რომ კაცი პირსისხლიანი რეჟიმის შემოქმედად იქნას მიჩნეული, მას, უბრალოდ, კარგ მენეჯერად მიიჩნევენ".