"მართალი გითხრათ, ვერ ვხედავ იმის დიდ აუცილებლობას, კეზერაშვილი მაინცდამაინც საქართველოს გადმოსცენ"

"კეზერაშვილის ყოფნა ფრანგულ ციხეში არ გახლავთ მხოლოდ ქართული მართლმსაჯულების ინტერესის შედეგი. პროცესები მიმდინარეობს საფრანგეთის კანონმდებლობის შესაბამისად და ექსტრადირების თაობაზე საბოლოო გადაწყვეტილებას სასამართლო 27 თებერვალს გამოიტანს. კეზერაშვილის პერსონის მიმართ გაგრძელდება დაინტერესება სხვა ქვეყნების მხრიდანაც. ჩვენთვის ჯერ უცნობია, რა აქვს მას ნალაპარაკები საფრანგეთში და რა ინფორმაციებს აძლევს იქაურ სამართალდამცველებს. მართალი გითხრათ, ვერ ვხედავ იმის დიდ აუცილებლობას, რომ მაინცდამაინც საქართველოს გადმოსცენ", - აცხადებს პოლიტოლოგი სოსო ცისკარიშვილი: გაზეთ"ყველა სიახლისთვის" მიცემულ ინტერვიუში, სათაურით "ჰკითხონ ქიბარ ხალვაშს, რა ფუნქცია ჰქონდა მისი ბიზნესის განადგურებაში კეზერაშვილს" / "მერაბიშვილის თვითონ "ნაცმოძრაობის" წევრებს არ სჯერათ". 

"ყოფილი მაღალჩინოსნების საქმეების გარშემო ისედაც არ გვაკლია დავიდარაბა. საქართველოში ისედაც ბევრი რამ იციან კეზერაშვილის დანაშაულთა შესახებ. წლების განმავლობაში ამაზე იწერებოდა, ამაზე ლაპარაკობდნენ. ვიდრე ქვეყანაში სისტემური დანაშაულის იდენტიფიკაცია მკაფიოდ არ მოხდება და ეს დანაშაული საბოლოოდ არ დაიკიდება "ნაციონალური მოძრაობის" კისერზე, არა აქვს მნიშვნელობა, პარიზში იცხოვრებს კეზერაშვილი თუ მისი ექსტრადირება მოხდება. საჭიროა სრულად შეფასდეს ის პერიოდი და ის პროცესები, რომლის დროსაც საკმაოდ თავმდაბალი ადამიანი, როგორიც კეზერაშვილი "ვარდების რევოლუციამდე" იყო, იქცა სახელმწიფო რეკეტის ყოყოჩ მინისტრად. დავიწყოთ იქიდან, რომ როგორც კეზერაშვილს, ასევე მის ბოროტმოქმედ კოლეგებს, ედავებიან ისეთ საკითხებს, რაც სასაცილოა იმ დანაშაულებებთან შედარებით, რომელიც ჩადენილი აქვთ", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას სოსო ცისკარიშვილი. 

"ბრალდებები, რაც მას ოფიციალურად წარუდგინა ქართულმა პროკურატურამ, ნამდვილად არ არის იმდენად მნიშვნელოვანი, რომ დაინტერესებულმა ადამიანებმა პოლიტიკური დევნის ასპექტი სრულად გამორიცხონ. არადა, არის სრულიად კონკრეტული საქმეები, ბიზნესის განადგურების მაგალითები, რომლებშიც ის მონაწილეობდა, მეტიც - ის თავკაცობდა ასეთ პროცესებს. უნდა ვივარაუდოთ, რომ ბოლოს და ბოლოს გამოფხიზლდება ჩვენი პროკურატურაც. თუნდაც მიხეილ სააკაშვილის სპეციალური წერილი საფრანგეთის მთავრობისადმი, რომელშიც კეზერაშვილს პოლიტიკური დევნის მსხვერპლად წარმოაჩენს და ამბობს, რომ ის "ნაციონალური მოძრაობის" ძირითადი დამფინანსებელია, უკვე საფუძველია კეზერაშვილის წინააღმდეგ სერიოზული ბრალდების წასაყენებლად: ადამიანმა, რომლის ხელფასის ოდენობა საჯარო ინფორმაცია იყო, რადგან ის წლების განმავლობაში სახელმწიფო მოხელე გახლდათ, სად იშოვა ამდენი ფული, რომ პარტია აფინანსოს?! პროკურატურაში ამას რატომღაც არ იკვლევენ", - განაგრძობს რესპონდენტი. 

"იმ ათი ათასზე მეტი საქმიდან, რომლის თაობაზეც საჩივრებია პროკურატურაში წარდგენილი, სულ ცოტა, ასში მაინც როგორ არ არის კეზერაშვილის სახელთან დაკავშირებული დანაშაული?! რატომღაც ხელს არ ჰკიდებენ ამ დოკუმენტებს. დაუსვან კითხვები საფრანგეთში მცხოვრებ ქიბარ ხალვაშს, რა მოუვიდა მის ბიზნესს და რა ფუნქცია ჰქონდა მის განადგურებაში კეზერაშვილს, რომელსაც გაცილებით მეტი გავლენა ჰქონდა საფინანსო სისტემაზე, ვიდრე ფინანსთა მინისტრს. უნიათობის დრო წავიდა, პროკურატურას თუ აქვს უნარი, გამოიძიოს ეს საქმეები, დროზე დაიწყონ, თუ არადა, შეუქცევადი პროცესები დაიწყება - გაჩნდება უნდობლობა არა მხოლოდ ცალკეული პროკურორების, არამედ მათ შემრჩევთა და დამნიშნავთა მიმართაც. რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილის გავლენას, დღეს მას გავლენის ერთადერთი საშუალება გააჩნია: ფული, ფული და ფული. სხვა ტიპის გავლენა დღეს მას არავისზე აქვს", - განმარტავს პოლიტოლოგი.

"სამწუხაროა, რომ "ახალ" პროკურატურას მუხროვანის თემის მიმართ ინტერესი ამ ჩანაწერის გამოქვეყნებამდე არ გასჩენია. ჩანაწერით კი მივიღეთ კიდევ ერთი ინფორმაციული შოკი. გარდა ამისა, კიდევ ერთხელ გამოჩნდა "ნაციონალური მოძრაობის" ბუნება, რომელსაც ასეთ ვითარებაშიც კი, რაც აქ არის აღნუსხული, არ გამორჩენია, რომ მერაბიშვილისა და სააკაშვილის გადაადგილება ოთხი კამერით გადაეღო. ნათქვამია, "თაგვმა თხარა, თხარაო - კატა გამოთხარაო". იმის, რომ მერაბიშვილი სიცოცხლეგამოსალმებულ ორ რუს მრჩეველსა თუ დივერსანტს გულისხმობდა, არ სჯერათ თვითონ "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებს, რომელთაც ამ ვერსიაზე წარმოდგენაც არ ჰქონდათ, ვიდრე ეს არ დაიბადებოდა მერაბიშვილის ფანტაზიაში", - დასძენს სოსო ცისკარიშვილი.

"მერაბიშვილი თავისი სიმართლის მტკიცებისას ხშირად მოითხოვს სიცრუის დეტექტორზე მის შემოწმებას, ამ ვიდეოჩანაწერთან დაკავშირებით კი მას ასეთი სურვილი აღარ გასჩენია. უხერხულ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერები, რომელთაც მოუწიათ პირველი ჩვენებების შეცვლამ, მას მერე, რაც ორი რუსი მოხელის ვირტუალური გვამი "გამოჩნდა". ეს კარგი მახასიათებელია იმ პოლიტძალისა, რომელიც ქმნიდა ვირტუალურ რეალობას საკუთარი ინტერესების დასაცავად და სამართლიანობა მისთვის უცხო ხილი გახლდათ", ამბობს რესპონდენტი და შეკითხვას - "ვის შეიძლება გამოექვეყნებინა ეს ვიდეოჩანაწერი, შესაძლოა, რომ ეს ახალ ხელისუფლებას არსებული პრობლემების გადასაფარავად გაეკეთებინა?", პასუხობს:

"ამ ფირის გამოქვეყნების მოტივაცია თანაბრად შეიძლება ჰქონოდა "ნაციონალური მოძრაობის" რიგ წარმომადგენლებსა თუ "ქართულ ოცნებას". რომელმა მხარემ მოახერხა ეს, ამას სერიოზული მნიშვნელობა არა აქვს. თემა გახსნილია, როგორც იქნა, დაიძრა ამ საქმის ხელახალი გამოძიება. არსებობს კიდევ რამდენიმე თემა, რითაც თავის დროზე ყოფილმა ხელისუფლებამ მუხროვანის სკანდალის გადაფარვა სცადა; ერთერთია პროფესორ ვახტანგ მაისაიას სრულიად უსაფუძვლო დაკავება და ჯაშუშობაში ბრალდება. ეს საქმეც ხელახლაა გამოსაძიებელი, მიუხედავად იმისა, რომ შსს-სა და პროკურატურაში ჯერაც ყელყელაობენ ის ადამიანები, ვინც მაისაიას ჯაშუშობაზე მითებს თხზავდა. ვიმეორებ, ამ საქმის განხილვაც უნდა განახლდეს, რომლის დროსაც სრულიად ღიად შეიძლება გამოხატოს თავისი მიდგომები ამ თემასთან დაკავშირებით რამდენიმე სტრუქტურამ, მათ შორის ნატოს წარმომადგენლებმაც".