იუსტიციის სამინისტროს აპარატში პრემიის სახით თანამდებობის პირებმა 2013 წლის დეკემბერში ხელფასის სამმაგი ოდენობა აიღეს. მაგალითად, მინისტრის პირველი მოადგილის, ალექსანდრე ბარამიძის მიერ დეკემბერში მიღებული პრემია - 7 950 ლარი, საქართველოში დადგენილი საარსებო მინიმუმის სტანდარტით, ერთ თვეში 51 მოქალაქისთვის იქნებოდა საკმარისი.
პრემიები იუსტიციის სამინისტროს ცენტრალურ აპარატში
იუსტიციის სამინისტროს აპარატში სულ 316 ადამიანი მუშაობს. მათგან თანამდებობაზე მყოფი 36 პირის პრემიისთვის დეკემბერში 194 492 ლარია დახარჯული, ანუ თითოეულ მათგანს, საშუალოდ, 5 ათასი ლარი აქვს მიღებული. სხვა, 279 თანამშრომელს, ბიუჯეტიდან 248 435 ლარი, ანუ საშუალოდ 890 ლარი შეხვდა.
ინფორმაცია იმის შესახებ, რომ იუსტიციის სამინისტროს აპარატის მაღალი თანამდებობის პირებმა დეკემბერში სამმაგი, ხოლო რიგითმა თანამშრომლებმა მხოლოდ ხელფასის ოდენობის პრემია მიიღეს, "ბათუმელებს" თავდაპირველად იუსტიციის სამინისტროს რიგითმა თანამშრომლებმა მოაწოდეს. როგორც იუსტიციის სამინისტროს მიერ "ბათუმელებისთვის" მოწოდებული 80-გვერდიანი დოკუმენტი ცხადყოფს, ინფორმაცია თანამდებობის პირების მიერ ხელფასის სამმაგი ოდენობის პრემიების სახით მიღების შესახებ, დასტურდება.
დოკუმენტის მიხედვით, მაგალითად, დეკემბერში ეკონომიკური დეპარტამენტის უფროსს, გოგა გუგავას, პრემიის სახით 7 340 ლარი აქვს მიღებული, ხოლო ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსს ირაკლი მჟავანაძეს - 7170 ლარი. ეს თანხა მათ ხელფასს სამჯერ ნამდვილად აღემატება - შესაბამისი ბრძანების მიხედვით, დეპარტამენტის უფროსის ხელფასი იუსტიციის სამინისტროში 2170 ლარია.
"ბათუმელების" მიერ საჯარო სამსახურებიდან მოპოვებული დოკუმენტების შედარების საფუძველზე (ამ ტიპის ინფორმაცია არ მოგვაწოდეს შს სამინისტროდან, შესაბამისად ინფორმაციის გაცემის დავალდებულების თხოვნით სარჩელი შესულია თბილისის საქალაქო სასამართლოში), თავისუფლად შეიძლება იმის თქმა, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს თანამშრომლებს, სხვა ყველა უწყების თანამშრომლებთან შედარებით, გაცილებით მაღალი პრემიები აქვთ მიღებული. ასე, მაგალითად, ქვეყნის ყოფილ მთავარ პროკურორს, არჩილ კბილაშვილს, მთავარ პროკურორად მუშაობის დროს ყოველთვიურად, პრემიის სახით, მიღებული აქვს 5870 ლარი. ქვეყნის პროკურორზე მაღალი პრემია დეკემბერში იუსტიციის სამინისტროს ყველა დეპარტამენტის უფროსს აქვს მიღებული.
მაგალითად, პრესასა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსს, მარიამ სხილაძეს პრემიის სახით 6040 ლარი აქვს მიღებული, ისე, როგორც მის კოლეგას, ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სასამართლოებში სახელმწიფო წარმომადგენლობის დეპარტამენტის უფროსს, ლევან მესხორაძეს. ამაზე დაბალი პრემია იუსტიციის სამინისტროს არც ერთი დეპარტამენტის უფროსს არ აქვს გასული წლის დეკემბერში მიღებული. სამინისტროში სულ ათი დეპარტამენტია.
დეკემბერში პრემიები იუსტიციის სამინისტროს შტატგარეშე თანამშრომლებმაც მიიღეს, სულ 50 360 ლარი. "ბათუმელებისთვის" უცნობია, რამდენი შტატგარეშე თანამშრომელი ჰყავს იუსტიციის სამინისტროს.
დეკემბერში პრემიის სახით 6720 ლარი მიღებული აქვს თეა წულუკიანის სამ მოადგილეს (მინისტრს სულ ოთხი მოადგილე ჰყავს), ხოლო მინისტრის პირველი მოადგილის პრემია - 7950 ლარია. რა დამატებითი სამუშაოს შესრულებისთვის მიიღო პრემია - 7950 ლარი იუსტიციის მინისტრის პირველმა მოადგილემ? - ამ კითხვით "ბათუმელებმა" თავად ალექსანდრე ბარამიძეს მიმართა. მინისტრის მოადგილემ სატელეფონო კომენტარში განაცხადა:
"მე ახლა მოგიყვეთ დეკემბრის თვეში რა გავაკეთე? არა მგონია, ტელეფონით შევძლო ეს. რადგან მინისტრმა გამოწერა პრემია, ეს იმას ნიშნავს, რომ მან ჩათვალა, რაღაც გავაკეთე. საკუთარი თავის შეფასება არ შემიძლია. დიდი ბოდიში, მაგრამ ახლა შეხვედრაზე ვარ, მეტს ვეღარ გავაგრძელებ საუბარს".
სანდრო ბარამიძის განმარტებით, რაც ასევე სამინისტროდან მოწოდებული დოკუმენტითაც დასტურდება, იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანს არც დეკემბრის თვეში და არც სხვა პერიოდში, საკუთარი თავისთვის პრემია არ გამოუწერია.
აქვს თუ არა სამინისტროს ფორმულა, რასაც თანამშრომლებზე პრემიების გამოწერის დროს ეყრდნობიან? - ამ საკითხის გასარკვევად ალექსანდრე ბარამიძე გვირჩევს სამინისტროს ეკონომიკურ დეპარტამენტს მივმართოთ.
იუსტიციის სამინისტროდან მიღებული დოკუმენტების მიხედვით, გასულ წელს ამ სამინისტროსა და მასში შემავალი 11 სსიპ-ის თანამშრომლების პრემიებისთვის ჯამში 11 533 011 ლარი დაიხარჯა. დოკუმენტის მონაცემებით, ამ მიზნით ბიუჯეტიდან დაიხარჯა 2 619 295 ლარი, ხოლო სხვა თანხა - ანუ 8 913 716 ლარი უწყებას თანამშრომლების პრემიებისთვის საკუთარი შემოსავლებიდან დაუფარავს.
საჯარო რეესტრი
იუსტიციის სამინისტროს 11 სამსახური აქვს, ერთ-ერთი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოა. ამ უწყების თანამშრომლების პრემიებისთვის გასულ წელს 2 918 310 ლარი დაიხარჯა. დოკუმენტში წერია, რომ პრემიები სრულად "საკუთარი შემოსავლებიდან" იქნა დაფინანსებული.
საჯარო რეესტრის სერვისით სარგებლობისთვის მოქალაქეები სერვისის შესაბამის თანხას იხდიან. თანხა სხვადასხვა მომსახურებაზე სხვადასხვაა.
საჯარო რეესტრის ხელმძღვანელს, პაპუნა უგრეხელიძეს გასული წლის დეკემბერში პრემიის სახით 2350 ლარი აქვს მიღებული.
იუსტიციის სამინისტროს მიერ "ბათუმელებისთვის" მოწოდებული დოკუმენტის თანახმად, საჯარო რეესტრი არ არის ის უწყება, სადაც პრემიები თანამდებობის მიხედვით ნაწილდება. დეკემბრის თვეში ყველაზე მაღალი პრემია - 15 378 ლარი ინფორმაციული ტექნოლოგიების სამსახურის უფროსს აქვს მიღებული. ინფორმაციული ტექნოლოგიების სამსახურის პროგრამისტის პრემიის გრაფაში კი, 13 860 ლარი წერია. სამსახურის უფროსი პროგრამისტის პრემიამ დეკემბერში 14 982 ლარი შეადგიმა. სამსახურის რიგით პროგრამისტებს 12 400 ლარზე ნაკლები პრემია დეკემბრის თვეში მიღებული არ აქვთ.
ყველაზე დაბალი პრემია - 600 ლარი ტყიბულის სარეგისტრაციო სამსახურის სპეციალისტს აქვს მიღებული. სხვა თანამშრომლებთან შედარებით მაღალი პრემიები ტექნოლოგიებთან დაკავშირებულ მოხელეებს აქვთ მიღებული.
საჯარო რეესტრში სულ 1041 ადამიანი მუშაობს.
აღსრულების ეროვნული ბიურო
ამ უწყებას, სადაც 334 ადამიანი მუშაობს, შარშან პრემიებისთვის 1 766 257 ლარი აქვს დახარჯული. პრემიებისთვის გახარჯული თანხის დიდი ნაწილი დაწესებულებამ საკუთარი შემოსავლებიდან გასცა, ბიუჯეტიდან ამ მიზნით მხოლოდ 585 984 ლარია დახარჯული.
დოკუმენტში ჩანს, რომ პრემიები თანამდებობების მიხედვით არც ამ უწყებაში ნაწილდება. მაგალითად, თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელს, ვლადიმერ გურგენიძეს, დეკემბერში 1725 ლარი აქვს მიღებული პრემიის სახით. გაცილებით მაღალი პრემიები აქვთ მიღებული სამსახურის უფროსებს, ზოგს - 3 180 ლარი, ზოგს - 3840 ლარი.
განსაზღვრული პრემიები დეკემბერში მიღებული აქვთ ამ უწყების მძღოლებსაც - 1300-დან 1500 ლარამდე, ხოლო შტატგარეშე მომუშავე მძღოლებს - 750-მდე ლარი. ყველაზე დაბალი პრემია - 397 ლარი ამ უწყებაში მიღებული აქვს დამლაგებელს.
სამოქალაქო რეესტრი
სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს პრემიებისთვის შარშან 2 980 325 ლარი აქვს დახარჯული. ოფიციალურ დოკუმენტში წერია, რომ ზემოთ ჩამოთვლილი უწყებების მსგავსად პრემიებში თანხა სრულად საკუთარი შემოსავლებიდან დაუხარჯია.
უწყების ხელმძღვანელს, ლევან სამადაშვილს შარშან დეკემბერში პრემიის სახით 3125 ლარი აქვს მიღებული. ამ უწყების პრემიებთან დაკავშირებული დოკუმენტი კიდევ ერთ მნიშვნელოვან ინფორმაციას შეიცავს: დეკემბერში შტატით გათვალისწინებულ თანამშრომლებს პრემიის სახით ერთ მილიონზე ცოტა მეტი თანხა აქვთ მიღებული, ხოლო შტატგარეშეებს - ნახევარ მილიონ ლარზე ცოტა მეტი.
იმის გათვალისწინებით, რომ შტატის თანამშრომლებზე იუსტიციის სამინისტრო ორ და ზოგ შემთხვევაში სამჯერ მეტ პრემიებს გასცემს, სამოქალაქო რეესტრში სავარაუდოდ უფრო მეტი უშტატო თანამშრომელი მუშაობს, ვიდრე შტატიანი.
"ბათუმელებს" სამოქალაქო რეესტრის შტატიან და უშტატო თანამშრომლების შესახებ ზუსტი მონაცემები არ მოეპოვება.
იუსტიციის სახლი
იუსტიციის სამინისტროს კიდევ ერთ სსპი-ს - იუსტიციის სახლს პრემიებისთვის შარშან 1 195 575 ლარი აქვს დახარჯული. დოკუმენტში მითითებულია, რომ თანხა "საკუთარი შემოსავალია".
იუსტიციის სახლის აღმასრულებელი დირექტორი ნინო ჩიჩუაა და მისი პრემიაც დეკემბერში 3 ათას ლარზე მეტია. ამ უწყებაში პრემიების განაწილების დროს უპირატესობა ენიჭებათ დირექტორებსა და მათ მრჩევლებს. ყველაზე დაბალი პრემია - 288 ლარი უწყებაში სივრცის კონსულტანტს აქვს მიღებული.
რა ღირს მოქალაქისთვის იუსტიციის სამინისტროს სერვისებით სარგებლობა
საკუთრების უფლების შეწყვეტის რეგისტრაცია უძრავ ქონებაზე ოთხ სამუშაო დღეში 50 ლარი ღირს, ერთ სამუშაო დღეში - 150 ლარი, იმავე დღეს - 200 ლარი. იგივე თანხებია გადასახდელი საკუთრების უფლების ცვლილების რეგისტრაციისა თუ სხვა არაერთი სერვისით სარგებლობისთვის.
სამოქალაქო რეესტრში 16 წლამდე ასაკის მოქალაქემ 10 სამუშაო დღეში პასპორტის მისაღებად 50 ლარი უნდა გადაიხადოს; სრულწლოვან მოქალაქეს პასპორტის მიღება ათ სამუშაო დღეში 100 ლარად შეუძლია, ხუთ სამუშაო დღეში - 120 ლარად; მესამე სამუშაო დღეს - 150 ლარად; მეორე სამუშაო დღეს - 190 ლარად, იმავე დღეს - 205 ლარად.
საარსებო მინიმუმი საქართველოში
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის 2013 წლის დეკემბრის მონაცემებით, შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის საარსებო მინიმუმი 155.10 ლარია.
netgazeti.ge