„ოპოზიციამ თუ „ოცნებას“ არ დაუმტკიცა, რომ არჩევნები გაყალბებულია და მტკიცებულებები არ წარმოადგინა, დასავლეთი მკვეთრ ნაბიჯებს არ გადადგამს“

„ოპოზიციამ თუ „ოცნებას“ არ დაუმტკიცა, რომ არჩევნები გაყალბებულია და მტკიცებულებები არ წარმოადგინა, დასავლეთი მკვეთრ ნაბიჯებს არ გადადგამს“

26 ოქტომბრის არჩევნების არაღიარების მცდელობამ და ქუჩის აქციებმა ოპოზიციისთვის შედეგი არ გამოიღო. შედეგი არ გამოიღო არც მათმა გეგმამ საპროტესტო მუხტის აგორებასთან დაკავშირებით და 25 ნოემბერს ამ ტაქტიკამ საბოლოოდ ფიასკო განიცადა. რა არის მიზეზი, რის გამოც ოპოზიცია ჩიხში შევიდა და მათ უკვე საკუთარი მხარდამჭერებიც უპირისპირდებიან? რა ტაქტიკით უნდა გააგრძელოს ოპოზიციამ მოქმედება, რომ მათი საბოლოო დისკრედიტაცია არ მოხდეს? თუ დასავლეთიდანაც ვერ მიიღეს მხარდაჭერა, სადაც არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით მტკიცებულებები ვერ წარადგინეს, რა ბედი ელის მათ? ამ და სხვა საკითხებზე for.ge-ს პოლიტიკის ანალიტიკოსი ირაკლი მელაშვილი ესაუბრა.

ოპოზიცია ამ ერთი თვის განმავლობაში ამბობდა, რომ ჰქონდა გეგმა და ეს გეგმა იყო ქუჩის უწყვეტი საპორტესტო აქციები. პროტესტის პიკი 25 ნოემბერი უნდა ყოფილიყო, როდესაც პარლამენტის მე-11 მოწვევის სხდომა ჩატარდებოდა. მიუხედავად ამისა, ჩვენ ვიხილეთ ჩავარდნილი საპროტესტო აქცია. ლიდერების ნაწილი დაბნეული იყო, ხოლო ნაწილი ბრიუსელში ევროპარლამენტის სხდომაზე დასასწრებად წავიდა. რა მოხდა, რატომ განიცადა ოპოზიციამ ასეთი ფიასკო?

- ვფიქრობ, ოპოზიცია ამ ბოლო დროს მიხვდა, რომ ქუჩაში დიდი რაოდენობის ხალხი არ გამოვიდოდა და ეს არის აბსოლუტურად ბუნებრივი, რადგან არჩევნების შემდეგ საზოგადოებაში გარკვეული ლუსტრაციაა. ეს არჩევნების შემდეგ ყოველთვის ხდება, როცა საზოგადოებაში არის საპროტესტო ტალღები და ახლა, ამ ეტაპზე, ეს პოლიტიკური დაპირისიპირების სესია ხელისუფლების გამარჯვებით დასრულდა. თუმცა, ამას მაინც ბოლომდე გამარჯვებას ვერ ვუწოდებდი, რადგან მათი პოზიციაც რთულია და მარტივ სიტუაციაში არც „ოცნება“ იმყოფება. ჩემი აზრით, მმართველ გუნდს სჭირდება ქვეყნის შიგნითაც და მის გარეთაც ამ არჩევნების სრული ლეგიტიმაცია. კი ბატონო, ისინი მიჰყვებიან თავის განრიგს, მაგრამ მათთვისაც ასეთი მარტივი სიტუაცია არ არის.

ჩვენ გვახსოვს ოპოზიციის დაპირება, რომ ისინი გაყალბებული არჩევნების ფაქტებს დადებდნენ, ასევე განსკუთრებულ ფსონს ქუჩაზე დებდნენ. დავინახეთ, ამან როგორი ნიჰილიზმი გამოიწვია მათ ამომრჩეველში. ოპოზიციაში ურთიერთ დაპირისპირება დაიწყო და ხელს ერთმანეთისკენ იშვერენ. ასევე პრობლემაა მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების თემის მოთხოვნა აქციებზე, რაც აქციის მონაწილეების უკმაყოფილებას იწვევს. რა არის ის შეცდომები, რის გამოც ამ სიტუაციაში აღმოჩნდა ოპოზიცია?

- მიზეზი არის ძალიან ბევრი. პირველ რიგში, ის, რომ ოპოზიცია მოქმედებდა თვითდაჯერებული და არაფრისთვის აღმოჩნდა მზად. ეუბნებოდნენ ამომრჩეველს, რომ არჩევნები ვერანაირად ვერ გაყალბდებოდა. მეორე დღეს კი აღმოაჩინეს, რომ თურმე ყველაფერი გაყალბდა. არადა მთელი ერთი წლის განმავლობაში სრულიად სხვა პროპაგანდა იყო. ოპოზიციას აქვს შეცდომები, რაც საზოგადოების გაბრაზებას იწვევს. ასევე მედიებიდან ხდებოდა დაიმედება ოპოზიციური ამომრჩევლის, რომ ისინი ყველაფერს აკონტროლებდნენ და არაფერი პრობლემა არ იყო.

ახლა სწორედ იმის დროა, რომ ოპოზიციამ სერიოზულად დაიწყოს ფიქრი, რა აქვს ოპოზიციას იმისთვის გაკეთებული, რომ გაზარდოს საკუთარი ელექტორალური ბაზა. ოპოზიციას ორგანიზებულობის კუთხითაც საკმაოდ ბევრი შეცდომა აქვს და შესაბამისად, დგება იმის დრო, რომ ამაზე ღიად დაიწყოს საუბარი. ოპოზიციის მხრიდან თავიდანვე იყო სწორად შეფასებული რაზე მიდიოდა ოპოზიცია. შეცდომები იყო საარჩევნო კამპანიის დროს, ლოზუნგებში, რომელსაც ისინი საზოგადოებას აწვდიდნენ. ალბათ, ყველაფერმა ამან უარყოფითი შედეგი გამოიღო. თუ ახლაც არ გადაიხედა ეს სიტუაცია და არ დაიწყო ამაზე ფიქრი, მე ვფიქრობ, ამ პარტიებს კიდევ უფრო გაუჭირდებათ. იგივე „ნაციონალური მოძრაობის“ მიმართ უკრიტიკო პოზიციამ მიიყვანათ იქამდე, რომ თბილისში ბარიერი ძლივს გადალახეს. 7%-დან 8%-მდე აქვთ. ამიტომ ბევრი ხვდება უკვე, რომ ამ სიტუაციის გადახედვაა აუცილებელი, როგორც ანალიტიკოსების, ექსპერტების, პოლიტიკოსების, ჟურნალისტების მხრიდან. სერიოზულად უნდა ვიმსჯელოთ იმაზე, რომ ხელისუფლება უალტერნატივო არ იყოს. ეს ხელისუფლებისთვისაც ძალიან ცუდია. აუცილებლად სჭირდება კონსტრუქციული ოპოზიცია, ეს ქვეყანას დააზიანებს. ჯერჯერობით, ეს შეცდომები ოპოზიციის მხრიდან თითქოს შედეგებზე არ აისახება, მაგრამ ეს ყველაფერი გროვდება და ქვეყნისთვის არის ძალიან ცუდი. ადრე თუ გვიან, ეს შეცდომები ძალიან ცუდად დაბრუნდება, რადგან არავინ იცის, ხალხი რომელიც გარეთ არ გამოდის, როდის რას იზამს.

ხშირად არის საუბარი საზოგადოების მხრიდან, რომ ამ ოპოზიციაში არ არის ერთი გამოკვეთილი ლიდერი, რომელსაც ხალხი გაჰყვება. ჩვენ ვნახეთ ოპოზიციაში გადაჯგუფება, როცა მაგალითად, ალეკო ელისაშვილი და ანა დოლიძე, რომლებიც ბანკირებს ლანძღავდნენ, ხაზარაძესთან გაერთიანდნენ. ასევე, მელია და გვარამია, რომლებიც ჯერ სააკაშვილის მზეს ფიცულობდნენ, შემდეგ თითქოს, მაცმოძრაობას გაემიჯნენ. ამან იმოქმედა ამომრჩევლის განწყობაზე? როგორ შეძლო „ოცნებამ“ წინა არჩევნებისგან განსხვავებით კიდევ უფრო მეტი მხარდაჭერის მიღება საზოგადოებისგან?

- კი ბატონო, დღეს ჩვენს ქვეყანაში და არა მარტო ჩვენთან, მსოფლიოს მასშტაბით დგას ეს პრობლემა, რომ პოლიტიკაში აღარ არიან ავტორიტეტული ფიგურები. ნახეთ, რა ხალხი იმარჯვებს ევროპის ქვეყნებშიც, ალბათ, ზოგადი ტრენდია. არ ვიცი, ასე რატომ ხდება, მაგრამ ბოლო დროს, ლიდერების პრობელმა ყველგან დგას. რა თქმა უნდა, ჩვენს ოპოზიციაში ეს პრობლემა თვალსაჩინოა. არ არიან ლიდერები, რომლებსაც საზოგადოება ენდობა და დაუჯერებს. ამიტომ ბევრად მეტი სამუშაო აქვს ოპოზიციას, რომ დააჯეროს ხალხი საკუთარ სიმართლეში.

ის, რომ ოპოზიციამ ვერ შეძლო არჩევნებზე სერიოზული მტკიცებულებების წარდგენა, დამოკიდებული იყო იმაზე, რომ ეგონათ, ხალხს თუ დავუძახებთ გამოვა. თუმცა შეცდნენ, ოპოზიციაში არც ერთი არ არის არც მერაბ კოსტავა, არც ზვიად გამსახურდია და არც სხვა ლიდერები, რომელთაც ხალხი ქუჩაში თვალდახუჭული მიჰყვებოდა. დღეს ეს რეალობა აღარ არის, შესაბამისად, როცა ვამბობ, რომ ოპოზიციაში ტაქტიკაც, სტრატეგიაც შესაცვლელია, ამას ვგულისხმობ. პოლიტიკოსების მიმართ ნდობა ქართველ ხალხში კრიტიკულ ნიშნულზე დაბლა არის დაწეული. ამან კი ქვეყნისთვის, საბოლოო ჯამში, შეიძლება სერიოზული პრობელმა გამოიწვიოს. როდესაც პოლიტიკოსები ამ დონემდე არაპოპულარულები არიან, შესაძლოა, ძალიან პოპულისტურმა პოლიტიკოსებმა დაიკავონ ეს ადგილი და ამღვრეულ წყალში თევზის დაჭერა ძალიან არასასურველმა ხალხმა სცადოს.

ახლა ოპოზიციაც და მათი მხარდამჭერებიც იმის მოლოდნში არიან, ვინ ჩახსნის სიას და ვინ იტყვის მანდატებზე უარს. უკვე ცნობილია, რომ ამას არ აპირებს გიორგი გახარია და მისი გუნდი. თუმცა ოპოზიციიდან სიების ჩახსნის მოთხოვნით სხვა პარტიებმა განცხადება გააკეთეს. რა ფომრით და როგორ დაიწყებენ მანდატების გაუქმებას, ამას მალევე გაახმაურებენ. რა უნდა ქნას ახლა ოპოზიციამ? ამ გადაწყვეტილებით გამოსავალს ხედავთ?

- რა იქნება ამ პარტიების პოლიტიკური დღის წესრიგი, მეც არ ვიცი, რადგან მგონია, რომ ეს თავად ამ პარტიებმაც არ იციან. როცა თავად არ არიან ჩამოყალიბებული, რთულია რამის პროგნოზირება. მე მათ ადგილას, ამ განცხადებების გაკეთებას თავის დროზე არ ვიჩქარებდი. რადგან გაკეთებულია ეს განცხადება, ახლა ყველას მოუწევს ამ ნაბიჯების გადადგმა. თუ ამას არ იზამენ, ეს საერთოდ ოპოზიციის სრულ დისკრედიტაციას გამოიწვევს. გახარიას პოლიტიკა რას ეფუძნება ვერ გეტყვით, როგორც ჩანს, ის მაინც დასავლეთის პოზიციას ელის და არ ჩქარობს, რაც ჩემთვის გასაგებია. ახლა დასავლეთის გადაწყვეტილებები და პოზიცია მნიშვნელოვნად განსაზღვრავს რა ტაქტიკით წავა თავად ოპოზიცია. ასეთი არის ჩვენი მდგომარეობა დღეს, ამიტომ გახარია უფრო ელოდება დასავლურ პოლიტიკას და ბუნებრივია, ის ცდილობს მათთან თანხვედრაში იყოს.

ჩვენ ვნახეთ ბოლო დღეებში ჟურნალისტ რიკარდ იოზვიაკის ინფორმაცია, რომელიც სანდო წყაროზე დაყრდნობით აცხადებს, რომ ევროკავშირში ფიქრობენ, ითანამშრომლონ „ოცნებასთან“, რადგან სხვა პოლიტიკური ძალა საქართველოში არ არის. მიზეზად სახელდება არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით მტკიცებულებების არქონა. როგორ ფიქრობთ, მოვლენები როგორ შეიძლება განვითარდეს დასაველთში საქართველოს საკითხთან დაკავშირებით?

- როდესაც ვამბობთ, რომ დასავლეთი გვინდა, ზუსტად უნდა ვიცოდეთ, რას ნიშნავს და რა სტანდარტებს მოითხოვენ ჩვენგან, როგორია დასავლური პოლიტიკა და რა პრინციპებს ეფუძნება. ევოპაში აქვთ ასეთი მიდგომა: „ქურდი თუ არ დაიჭირე, ე.ი. არ არის“ ოპოზიციამ თუ „ოცნებას“ არ დაუმტკიცა, რომ გაყალბებულია არჩევნები და შესაბამისი მტკიცებულებები არ წარუდგინა, დასავლეთი მკვეთრ ნაბიჯებს არასდროს არ გადადგამს. თავის დროზე ოპოზიციას ამაზე ბევრად სერიოზული მტკიცებულებები ჰქონდა სააკაშვილის დროს, მაგრამ ეს არ იყო საკმარისი, რომ გაყალბება დადასტურებულიყო. ამიტომ გადაწყვიტა ევროკავშირმა ტექნიკური ჯგუფის გამოგზავნა. ის, რომ ოპოზციამ არ იმუშავა მტკიცებულებების მოგროვებაზე, ამაზე მიუთითებს ის გარემოებაც, რომ არჩევნების დღეს ძალიან ცოტა საჩივარი დაიწერა. ეს გააკეთა იმიტომ, რომ ოპოზიციას მიაჩნდა, არჩევნებს იგებდა და არ დაწერა იმის შიშით, რომ ეს მერე ხელისუფლებას არ გამოეყენებინა და არ გაეუქმებინა უბნები. ამიტომ, როცა ეს შედეგები გახდა ცნობილი, ოპოზიცია არ აღმოჩნდა მზად სერიოზული მტკიცებულებები დაედო. ფაქტობრივად, ოპოზიცია დამოკიდებული მხოლოდ არასამთავრობო ორგანიზაციაზე აღმოჩნდა. ამიტომ, ბუნებრივია, სერიოზული მტკიცებულებები ვერ შეგროვდა და დასავლეთის სკეპტიციზმიც გასაგებია. თავიდანვე ვამბობდი, თუ ეს მტკიცებულებები არ დაიდო, დასვლეთი არაფერს გააკეთებს.

რა ნაბიჯების გადადგმას ელით დასავლეთიდან „ოცნების“ მიმართ?

- დასავლეთს „ოცნებასთან“ ნელ-თბილი ურთიერთობა ექნება, მაქსიმალურად შეზღუდული კონტაქტები, ოღონდ არ იქნება სანქციები, რაც ოპოზიციას უნდა. ის, რომ მტკიცებულებები ვერ იქნა წარდგენილი ოპოზიციის პასუხისმგებლობაა.

 

 

ika-ika კარგი ინტერვიუა, მომეწონა. სწორია ეს კაცი. სწორედ ამ შეცდომებმა ცარეცხა ეს ოპოზიცია. ისედაც გაჭირვებულები იყვნენ და ახლა უარეს დღეშ არიან.
34 წუთის უკან