14 დეკემბერს საქართველოს პრეზიდენტს აირჩევს 300 წევრისგან შემდგარი საარჩევნო კოლეგია, რომელშიც მყარ უმრავლესობას „ქართული ოცნება“ ფლობს, რაც იმას ნიშნავს, რომ პრეზიდენტის პოსტს მმართველი გუნდის მხარდაჭერილი კანდიდატი „ხალხის ძალის“ პოლიტიკური მდივანი მიხეილ ყაველაშვილი დაიკავებს. „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილება მოულოდნელი აღმოჩნდა ბევრისთვის და მათ შორის უმრავლესობის წევრებისთვის.
მმართველ გუნდში არ მალავდნენ, რომ გუნდი პრეზიდენტობის კანდიდატად პარტიის თავმჯდომარის ირაკლი ღარიბაშვილის კანდიდატურას განიხილავდნენ და როგორც მმართვეულ გუნდში აცხადებენ, ღარიბაშვილმა თავად თქვა საკუთარ კანდიდატურაზე უარი, რომელსაც გუნდი უკვე გაზაფხულზე წარადგენს მაღალ თანადებობაზე. პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილება საზოგადოებას პარტიის საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა გააცნო.
„მიხეილ ყაველაშვილი თავისი ბუნებით, თუ გნებავთ ჰაბიტუსითაც, არის ქართველი კაცის საუკეთესო განსახიერება - დარწმუნებული ვარ, ის სრულად დაუბრუნებს პრეზიდენტის ინსტიტუტს დროებით წართმეულ ღირსებას. ეჭვგარეშეა, რომ მიხეილ ყაველაშვილი იდგება არა უცხოური ძალის, არამედ ქართველი სახელმწიფოსა და ქართველი ხალხის სამსახურში და საკუთარ წვლილს შეიტანს ჩვენი ქვეყნის წინსვლასა და წარმატებაში. 29 დეკემბრიდან წარსულს ჩაბარდება საქართველოს პრეზიდენტის მიერ ქვეყნის ღალატისა და კონსტიტუციის სისტემატური დარღვევის უხეში პრაქტიკები“,- განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
საქართველოს კონსტიტუციით, პრეზიდენტი თავდაცვის ძალების უმაღლესი მთავარსარდალია. ის მთავრობის თანხმობით ახორციელებს წარმომადგენლობით უფლებამოსილებებს საგარეო ურთიერთობებში; მთავრობის წარდგინებით ნიშნავს და ათავისუფლებს ელჩებს და თავდაცვის ძალების მეთაურს; წყვეტს მოქალაქეობის საკითხებს; აქვს მსჯავრდებულების შეწყალების ექსკლუზიური უფლება.
„გათვითცნობიერებული მაქვს, რაოდენ დიდი პასუხისმგებლობაა პრეზიდენტის თანამდებობა, მით უმეტეს იმ ფონზე, რომ მოქმედმა პრეზიდენტმა კონსტიტუცია შეურაცხყო“, - აღნიშნა მიხეილ ყაველაშვილმა.
საქართველოს პრეზიდენტის პოსტზე წარდგენილ მიხეილ ყაველაშვილს საზოგადოება იცნობს როგორც წარმატებულ სპორტსმენს. იყო საქართველოს საფეხბურთო ნაკრების სტაჟიანი წევრი, ის არის რამდენიმე ქვეყნის მრავალგზის ჩემპიონი. მისი საფეხბურთო კარიერა უკავშირდება თბილისის „დინამოს“, „ვლადიკავკაზის ალანიას“, „მანჩესტერ სიტის“, წამყვან შვეიცარიულ საფეხბურთო კლუბებს. პოლიტიკაში კი 2016 წელს გამოჩნდა, იყო მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრი. 2022 წელს მიხეილ ყაველაშვილმა, სოზარ სუბარმა და დიმიტრი ხუნდაძემ დატოვეს „ქართული ოცნება“და პარტია „ხალხის ძალა“ შექმნეს, რომლის პოლიტიკური მდივანია 2024 წლის 20 მარტიდან.
მომავალ პრეზიდენტს, რომელმაც პარლამენტში რადიკალური ოპოზიციის წევრებს განსაკუთრებულად დაამახსოვრა თავი, ახლა იმის გამო აკრიტიკებენ, რომ მომავალ პრეზიდენტს „ჯიბეში დიპლომი არ უდევს“.
„ქართული ოცნების“ უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ სამშობლოს სიყვარულს, ერთგულებას და ელემენტარულ კომპეტენციებში გარკვევას დიპლომი არ სჭირდება. მისი თქმით, მიხეილ ყაველაშვილი დიპლომის გარეშეც ბევრზე მეტად განათლებულია.
„პარლამენტის წევრებისა და პრეზიდენტის მიმართ დიპლომს რომ არ ვითხოვთ, ამას თავისი საფუძველი აქვს და ეს მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციაში არ არის. სამმართველოს უფროსის მოადგილის ცენზში შეიძლება ეწეროს მოთხოვნა მაგისტრის დიპლომზე, მაგრამ პრეზიდენტთან და პარლამენტის წევრთან დაკავშირებით არ ეწეროს - სწორედ ეს არის დემოკრატიული მიღწევა. პარლამენტის წევრს შეიძლება დიპლომი არ სჭირდებოდეს, მაგრამ უფრო მეტად სახალხო, ქვეყნის ერთგული და პროფესიონალი იყოს. აგერ, ორ-ორი დიპლომი რომ ჰქონდათ ჩვენ პრეზიდენტებს, ხომ ააშენეს ქვეყანა!“ - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა აცხადებს, რომ ეს არის რუსული გადატრიალების მორიგი სამარცხვინო ფაზა, როცა ზვიად გამსახურდიას პრეზიდენტობის 33 წლის თავზე ივანიშვილმა ქართველ ხალხს პრეზიდენტად უნდა დაუნიშნოს მიხეილ ყაველაშვილი.
„ერთადერთი გამოსავალი შეუგუებლობა, პროტესტი და ჩვენი ქვეყნის დაბრუნებაა“, - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.
სტრასბურგში გაქცეულმა ნიკა გვარამიამ ჯერ მოსახლეობას მოუწოდა, რომ აჯანყდნენ, რადგან მისი თქმით, აჯანყებას აწყობს ხალხი და არა პოლიტიკოსები. ახლა კი იმავე ხალხს მოუწოდა, რომ დაიცავან სალომე ზურაბიშვილი, არ გამოაყვანინონ პრეზიდენტის სასახლიდან.
„არ შეაშვებინოთ ეს არალეგიტიმური ნაჯახი! ეგერაა ბატონო მოედანი - სალომეს სასახლის წინ და ერთად მოვძებნოთ ბურთი!“, - წერს ნიკა გვარამია.
რადიკალებისგან განსხვავებით ყაველაშვილს, როგორც მომავალ პრეზიდენტს საინტერესო ფიგურას უწოდებს პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე, რომლის განცხადებით, მნიშვნელოვანი დეტალია ის, რომ ყაველაშვილის მხრიდან ღალატი გამორიცხულია და რასაც იტყვის, იმას აკეთებს.
„თავიდანვე იდგა საკითხი, რომ პრეზიდენტი უნდა ყოფილიყო ისეთი ადამიანი, რომელიც პოლიტიკისგან შორს იქნებოდა. რადგან პრეზიდენტის ფუნქციები შეკვეცილია, უნდა აერჩიათ ის ფიგურა, ვისაც პოლიტიკური პრეტენზიები ნაკლებად ექნებოდა, დამოუკიდებელ პოლიტიკურ ხაზს არ გაატარებდა, რაც მოხდა სალომე ზურაბიშვილის შემთხვევაში. სალომე ზურაბიშვილმა დაიწყო მოქმედება, როგორც სხვა კონსტიტუციის მქონე ქვეყნის პრეზიდენტმა. ამ ქვეყნის კონსტიტუციაში წერია, რომ პრეზიდენტს არ აქვს არაფრის უფლება.
ადრეც იყო საუბარი ისეთი ადამიანის არჩევაზე, რომელიც ნაკლები მოულოდნელობების მატარებელი იქნებოდა. არ გამოვიდა ორჯერ და მესამე მცდელობაზე მიდიან. მიხეილ ყაველაშვილის მხრიდან ღალატი გამორიცხულია, რასაც იტყვის, იმას ასრულებს. ყველა ამბობს, ვაჟკაცური პიროვნება არისო, შესაბამისად, ვნახოთ. ცნობილია როგორც ერთგული პიროვნება“, - აღნიშნა რამაზ საყვარელიძემ.
„ხალხის ძალის“ წევრი, ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი, რომელსაც მომავალ პრეზიდენტთან მუშაობის გამოცდილება აქვს, აცხადებს, რომ ყაველაშვილი იმ პოლიტიკური გუნდის წევრია, რომელიც მოკლე ვადაში ჩამოყალიბდა პოლიტიკურ ლაბორატორიად. მისი თქმით, ყაველაშვილს აქვს შანსი მოჯადოებული წრიდან გამოიყვანოს პრეზიდენტის ინსტიტუტი.
„საქართველოს ეძლევა შესაძლებლობა, პრეზიდენტად აირჩიოს ადამიანი, რომელიც განსახიერებაა პატიოსნების, ქართველობის და ამ ქართველობაში შეიძლება ემოციურიც იყოს, რაშიც უფრო ქართველობა ჩანს, ვიდრე უხეშობა და სიხისტე. ის არის ადამიანი, რომელმაც ერთ-ერთმა პირველმა დაუწყო ძალიან უხერხული შეკითხვების დასმა აშშ-ის ელჩს კელი დეგნანს, რამაც აღაშფოთა ეს ქალბატონი.
შეკითხვებს პასუხი არ გაეცა. ის, უბრალოდ, მიხეილ ყაველაშვილში ვერ ხედავდა ვერც ქართველს, ვერც ქართველ პოლიტიკოსს და ვერც დეპუტატს. ახლა კი კარგად გამოჩნდა, სად არის დღეს კელი დეგნანი და სად იქნება ხვალ მიხეილ ყაველაშვილი. დღეს გვეძლევა შესაძლებლობა, ფანატიზმის გარეშე ავირჩიოთ საქართველოს მეექვსე პრეზიდენტი“, - აღნიშნა დავით ქართველიშვილმა.