მესამე ძლიერი მოთამაშე პოლიტიკურ ველზე არ ჩანს და, სავარაუდოდ, კარგა ხანს არც იქნება. ბიძინა ივანიშვილმა, რომელიც ახლა უკვე სამოქალაქო სექტორს აძლიერებს, 2013 წლის აპრილში პრემიერ-მინისტრის პოსტიდან განაცხადა: "ჩემი დიდი სურვილია, რომ მესამე პოლიტიკური ძალა გაჩნდეს. არსებობენ პარტიები, რომლებსაც ვხვდები და არ ვმალავ. სალომე ზურაბიშვილს შევხვდი და ვესაუბრე, ასევე ვესაუბრე ირმა ინაშვილს. მე მათ ვუთხარი, რომ აქვთ პარტია და უნდა განავითარონ და უნდა გააქტიურდნენ. ნინო ბურჯანაძესაც შევუთვალე, რომ კარგი იქნებოდა, თუ გააქტიურდებოდა. არ გამოვრიცხავ, რომ უახლოეს მომავალში ახალი პარტიების გაცოცხლება თუ გაღვიძება მოხდეს". ამ ამბიდან კარგა ხანი გავიდა, ხსენებული ქალბატონებიდან ნინო ბურჯანაძე საპრეზიდენტო არჩევნებშიც მონაწილეობდა და გამარჯვების იმედიც კი ჰქონდა, თუმცა ამაოდ. ის დამარცხდა არა მხოლოდ კოალიციის, არამედ "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატთანაც კი, თანაც მნიშვნელოვანი სხვაობით, თუმცა მიღებული შედეგით მესამე პოლიტიკური ცენტრის ჩამოყალიბების შანსი ბურჯანაძეს თითქოს ჰქონდა კიდეც, მაგრამ არჩევნების შემდეგ მისი და მისი პოლიტიკური ძალის სრული ინერტულობა გვაფიქრებინებს, რომ კარს მომდგარ თვითმმართველობის არჩევნებში ცალკე მისმა ორგანიზაციამ თუ მიიღო მონაწილეობა, დიდი ალბათობით, ბარიერსაც ვერ გადალახავს. რიგ წრეებში ელიან, რომ თვითმმართველობის არჩევნებისთვის რამდენიმე არასაპარლამენტო ოპოზიციურმა ძალამ შეიძლება შექმნას კოალიცია, რომლის ლიდერი და თბილისის მერობის კანდიდატი ნინო ბურჯანაძე იქნება, თუმცა ეს ჯერჯერობით მხოლოდ ვარაუდია.
NDI-ს საზოგადოებრივი აზრის კვლევის ბოლო შედეგები, რომელიც შარშან 20 დეკემბერს გამოქვეყნდა, აჩვენებს, რომ პოლიტიკური ველი მესამე ძალისთვის რეალურად თავისუფალია, თუმცა ამ ველის ამთვისებელი არსად ჩანს. დღეს პოლიტიკურ ველზე, გარდა ძირითადი მოთამაშეებისა, ჩანს რამდენიმე პოლიტიკოსი, რომელთა იმიჯი და ავტორიტეტი მაინცდამაინც დიდი არ არის. აქტიურობას ცდილობენ "ქრისტიან-დემოკრატები", "ახალი მემარჯვენეები", რომელთა პოლიტიკური გაუფასურება უშუალოდ უკავშირდება ბიძინა ივანიშვილს, რომელმაც მათთან თანამშრომლობაზე კატეგორიული უარი თქვა და ისინი "ნაციონალურ მოძრაობასთან" გარიგებაში ამხილა. ამ პოლიტიკურ ძალებს დიდი ხნის განმავლობაში ძალიან გაუჭირდებათ პოლიტიკური ქულების დაგროვება, რასაც, ძირითადად, ხელისუფლების შეცდომების ხარჯზე შეეცდებიან. რჩებიან ე.წ. ულტრარადიკალურად განწყობილი პოლიტიკოსები: შალვა ნათელაშვილი იმიჯშელახული "ლეიბორისტული პარტიით", კახა კუკავა, ჯონდი ბაღათურია, რომელთა პოლიტიკური სიმძიმე არც ისე დიდია. სავარაუდოდ, ეს პოლიტიკოსები შეეცდებიან ის ელექტორატი მოხიბლონ, რომელიც უფრო ჩრდილოეთზე აკეთებს სწორებას.
თვითმმართველობის არჩევნებზე მნიშვნელოვანი იქნება ისიც, ხალხი თუ კვლავაც მიიჩნევს "ნაციონალურ მოძრაობას" მთავარ ოპოზიციურ ძალად. თბილისის მერობის კანდიდატი ექსმმართველ ძალას ჯერ არ დაუსახელებია, თუ მანამდე არ დაიჭირეს, დიდი ალბათობით, ეს ისევ გიგი უგულავა იქნება, ანაც შეიძლება ეს მისია კვლავაც მათმა ექსსაპრეზიდენტო კანდიდატმა დავით ბაქრაძემ იტვირთოს. "ქართული ოცნების" კანდიდატი ცნობილია, ის დავით ნარმანიაა. ისიც, როგორც გიორგი მარგველაშვილი, ივანიშვილის რჩეულია, თუმცა, როგორც ამბობენ და რაც მცირედ გამოაშკარავდა კიდეც, მას კოალიციის შიგნითაც და გარეთაც ბევრი კვლავაც არ იწონებს. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, თუ არასაპარლამენტო ოპოზიცია მოახერხებდა ერთ კოალიციად გაერთიანებას და თბილისის მერობის ერთ ძლიერ კანდიდატზე შეთანხმებას, მაშინ მისი შანსები, შესაძლოა, მნიშვნელოვნად გაზრდილიყო კიდეც. ვრცელდება კულუარული ინფორმაციები, რომ ამგვარი მოლაპარაკებები დაწყებულია, ზოგი
ამბობს, რომ მოლაპარაკება მიმდინარეობს ლევან გაჩეჩილაძესთან, სხვათა თქმით, არასაპარლამენტო ოპოზიციის ფალავანი შეიძლება ირაკლი ოქრუაშვილი იყოს. თუმცა ამას არც გაჩეჩილაძესთან და არც ოქრუაშვილთან დაახლოებული ადამიანები არ ადასტურებენ.
ექსპერტთა თქმით, ჯანსაღი პოლიტიკური ცხოვრებისთვის აუცილებელია მესამე ძალის არსებობა, მაგრამ მისი ხელოვნურად და ერთბაშად შექმნა, სათანადო საზოგადოებრივი განწყობის გარეშე, წარმოუდგენელია. ექსპერტთა მოსაზრებით, იმისთვის, რომ ქვეყანაში შეიქმნას ძლიერი პოლიტიკური ძალები, რომლებიც ოპონირებას გაუწევენ ხელისუფლებას, საჭიროა ისეთი საკანონმდებლო ნორმების შემოღება, რომელიც საშუალებას მისცემს ადამიანებს, დააფუძნონ პარტია, მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება, ამავდროულად, მიიღონ დაფინანსება და თანაბარ საარჩევნო პირობებში შეუდგნენ არჩევნებში მონაწილეობას. მოკლედ, დროა, პოლიტიკურ ასპარეზზე ახალი პოლიტიკოსები ვიხილოთ, თუმცა ისინი ჯერ არსად ჩანან, ძველები კი ისე ვერ გვავიწყებენ თავს, რომ ახლებად მივიღოთ. ზოგიერთი ექსპერტის თქმით, მესამე პოლიტიკური ძალა მანამ არ გამოჩნდება, ვიდრე ხელისუფლებაში არსებული კოალიციის შიგნით არ წავა მნიშვნელოვანი გადაადგილებები, რასაც უფრო მომავალი საპარლამენტო არჩევნებისთვის უნდა ველოდოთ.