„ლიდერები, რომლებსაც ქართველი ხალხი არ მიჰყვება, ევროპარლამენტში რას აკეთებენ, ისინი რას უშველიან?“

„ლიდერები, რომლებსაც ქართველი ხალხი არ მიჰყვება, ევროპარლამენტში რას აკეთებენ, ისინი რას უშველიან?“

ევროპაში ისევ ჰგონიათ, რომ 26 ოქტომბრის არჩევნების შემდეგაც ქართველ ხალხზე და ქვეყნის შიდა პოლიტიკაზე რეზოლუციებით, მწვავე განცხადებებით და ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევით ოპოზიციას დაეხმარებიან. ისევ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნა, ბიძინა ივანიშვილის და „ქართული ოცნების“ დასანქცირების რეკომენდაცია ევროკავშირის წევრ ქვეყნებს, რომლის გათვალისწინებაც უკვე 2 წლის მანძილზე ერთხელაც არ მომხდარა. მიუხედავადა ამისა, ქვეყნის შიგნით ჩაფლავებული ოპოზიცია იმედებს მაინც ევროპარლამენტზე და მათ რეზოლუციებზე ამყარებს. ამიტომ „ახლის“ ლიდერი ნიკა გვარამია და „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა დახმარებისთვის კვლავ ბრიუსელში წავიდნენ.

თუმცა რეალობა აქაც შეცვლილია. საქართველოს და მისი ხელისუფლების მხარდამჭერი ევროპარლამენტარების და ქვეყნების რაოდენობა გაზრდილია. ამიტომ 6 რეზოლუციიდან, რომელიც ევროპარლამენტარებმა დაარეგისტრირეს, ხუთ რეზოლუციაში 26 ოქტომბრის არჩევნების გამოძიებას ითხოვენ, ხოლო ერთი მათგანი, რომელიც იტალიელმა დეპუტატმა, მოძრაობა „ხუთი ვარსკვლავის“ წევრმა, დანილო დელა ვალემ მემარცხენე ჯგუფის სახელით შეიტანა, ყველა მხარეს მოუწოდებს, პატივი სცენ 26 ოქტომბერს ჩატარებული არჩევნების შედეგებს, იმუშაონ კონსტრუქციულად კანონის უზენაესობის დაცვით და დაძლიონ ქართულ საზოგადოებაში მზარდი პოლარიზაცია. რეზოლუციის პროექტი მოუწოდებს ევროკავშირს საქართველოს ახალ მთავრობასთან ერთიანი და მიზნობრივი დიალოგისკენ.

გადამწყვეტი რეზოლუციის დამტკიცებამდე მოლაპარაკებები გაიმართა ევროპარლამენტში. ოპოზიციის ლიდერები სტრასბურგში იმის სათქმელად ჩავიდნენ, რომ ევროკავშირმა არჩვნების შედეგებს ლეგიტიმაცია არ უნდა მისცეს, რაც საქართველოს „ევროპული მომავლის გადარჩენის ერთადერთ გზად მიაჩნიათ“. თუმცა ფაქტია, რომ ოპოზიციამ ვერ მოახერხა ევროკავშირში ევროპელების დარწმუნება, რომ 26 ოქტომბრის არჩევნები გაყალბდა.

თბილისში ფიქრობენ, რომ ტრამპის ინაუგურაციის შემდეგ, მსოფლიო პოლიტიკა სრულიად შეიცვლება და ევროპა საქართველოს შიდა პოლიტიკაში ჩარევას შეწყვეტს, ხოლო მათ მიერ მიღებული რეზოლუციები წარსულს დარჩება.

ორ დღეში უნდა უყაროს კენჭი ევროპარლამენტმა აღნიშნულ რეზოლუციებს და მაშინ გახდება ცნობილი, როგორი იქნება ევროპარლამენტართა გადაწყვეტილება. ნებისმიერ შემთხვევაში, ეს არ ნიშნავს, რომ მას რეალური გავლენა ექნება ევროკავშირის ქვეყნებზე. უკვე ცნობილია, რომ საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის შეჩერებას, სანქციების დაწესებას და სხვა რადიკალური ნაბიჯების გადადგმას ევროკავშირის ბევრი ქვეყანა არ ეთანხმება.

პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრი რატი იონათამიშვილი აცხადებს, რომ დღევანდელ გეოპოლიტიკურ რუკაზე საქართველოს მნიშვნელობა გაცილებით უფრო დიდია და საქართველოს ყველა სათანადოდ უნდა ელაპარაკებოდეს.

„დღევანდელ გეოპოლიტიკურ რუკაზე საქართველოს მნიშვნელობა უკვე გაცილებით უფრო დიდია, ვიდრე თუნდაც იმ 35 წლის მანძილზე იყო, რაც ჩვენ დამოუკიდებლობა მოვიპოვეთ რუსეთის საბჭოთა იმპერიისგან. გეოპოლიტიკურ სამყაროსთვის საქართველო ასეთი მნიშვნელოვანი ჯერ არ ყოფილა. ეს, პირველ რიგში, მოიტანა იმ უწყვეტმა მშვიდობამ, რაც „ქართული ოცნების“ ხელისუფლების დროს გააჩნია ჩვენს სამშობლოს. მეორე მხრივ, საქართველო მნიშვნელოვანი ქვეყანა ხდება ევროპისა და აზიის შუა დერეფნის თვალსაზრისით. ამიტომ, საქართველოს დღეს ყველა სათანადოდ უნდა ელაპარაკებოდეს“, - აცხადებს რატი იონათამიშვილი.

ანალიტიკოსი პეტრე მამარაძე for.ge-სთან ამბობს, რომ მას შემდეგ, რაც „ოცნებამ“ ხალხის ლეგიტიმაცია კიდევ ერთხელ მიიღო და ის მე-4 ვადით ხელისუფლებაში რჩება, ევროკავშირისთვის ეს ძალიან დიდი დაფიქრების მიზეზი უნდა გახდეს. განსაკუთრებით ევროპარლამენტში უნდა დაფიქრდნენ, რატომ ხდება ისე, რომ მიუხედავად მათი კრიტიკისა, ზეწოლისა, შანტაჟისა, ქართველმა ხალხმა მაინც „ოცნების“ ხელისუფლებაში დატოვება გადაწყვიტა.

„არ ვიცი, რა შეიძლება იმის შემდეგ კიდევ ევროპარლამენტარებს სათქმელი ჰქონდეთ, რაც 26 ოქტომბერს მოხდა და მას შემდეგ გრძელდება. ოპოზიციის სრული კრახი, განულება და ჩარეცხვა მიმდინარეობს. ევროპარლამენტარები კი ისევ ჯიუტად გამოდიან, რეზოლუციებში აბსურდ რეკომენდაციებს იძლევიან და კვლავ ქართველი ხალხისკენ თითის ქნევით არიან დაკავებულები. წარმოიდგინეთ, როგორ არიან რეალობას აცდენილები, როცა ამხელა აფიორის შემდეგ, რაც მიხეილ საკაშვილმა და მისმა ოჯახმა ჩაიდინეს, რეზოლუციის ერთ-ერთ პუნქტად კვლავ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას მოითხოვენ. ასევე, ისევ მიდის საუბარი ივანიშვილის და „ოცნების“ დასანქცირებაზე. ამას აქვს ქართველ ხალხში უკუშედეგი. თუკი ამას კიდევ ვერ მიხვდნენ, მაშინ ეს ხალხი მხოლოდ ფულზეა ორიენტირებული და ამ ლობირებას მხოლოდ ჰონორარის გამო აკეთებენ. არჩევნების შემდეგ რომ ამ ყველაფერს, მით უმეტეს, აზრი აღარ აქვს, ეს ხომ დღესავით ნათელია?! როგორ ოპოზიციას, რომელიც ახლა იქ იმყოფება, არ უსვამენ კითხვას, თუკი არჩევნები გაყალბდა და ხალხი გაბრაზებულია, რატომ ერთი თვის განმავლობაში თბილისში ეს ხალხი არ გამოვიდა? რატომ დარბოდნენ ქუჩაში მარტო თავად გზაკვალაბნეულები? ამიტომ ამ რეზოლუციებს არა აქვს ფასი. ისინიც ისევე შემოიდება თაროზე, როგორც დანარჩენი სხვები. ეს ოპოზიციური მედიები კი ისევ ამ რეზოლუციებზე ამყარებენ იმედებს. ლიდერები, რომლებსაც ქართველი ხალხი არ მიჰყვება, ევროპარლამენტში რას აკეთებენ, ისინი რას უშველიან?“, - აცხადებს მამრაძე.

მისივე თქმით, ევროპარლამენტშიც და ევროკავშირის ქვეყნებშიც საქართველოსთან მიმართებაში პოზიციები იცვლება. ამიტომ მას იმედი აქვს, რომ ეს სიტუაცია რაც ახლა ევროპარლამენტში ხდება შეიცვლება.

„საქართველოს მხარდაჭერა იზრდება. ბევრი ქვეყანა უკვე, ამ რადიკალურ ნაბიჯებს და თავში წამორტყმის პოლიტიკას არ მიესალმება. ამიტომ ოპოზიციას ტყუილი იმედი აქვს, რომ მხოლოდ ევროპარლამენტზეა დამოკიდებული არჩევნების აღიარება. მე მგონია, რომ უფრო პირიქით, როგორც იოზვიაკიმ განაცხადა, კულუარებში მიდის საუაბრი, რომ ოპოზიციამ ისინი მოატყუა, არ არსებობს მტკიცებულებები, ამიტომ ოპოზიციის ლიდერები დაიბარეს. ამათ არ მგონია, რომ იქ მარტივი საუბრები აქვთ, რადგან თბილისში რაც მოხდა და როგორი ფიასკოც ჰქონდათ 25 ნოემბერს, ეს ევროპაშიც კარგად დაინახეს. ამიტომ ამ ოპოზიციას რა ეშველება უკვე პროგნოზიც კი მიჭირს“, - ამბობს მამრაძე.