სამმა ოპოზიციურმა პარტიამ, რომელმაც საპარლამენტო არჩევნებში 5%-იანი ბარიერი გადალახა, საკანონმდებლო ორგანოში შესვლას არ აპირებს, მეტიც, ოპოზიციური პარტიების განცხადების საფუძველზე, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ რეგისტრაცია გაუუქმა „კოალიცია ცვლილებისთვის - გვარამია, მელია, გირჩი, დროას“, „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ და „ძლიერი საქართველო-ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის“ პარტიული სიით წარდგენილ დარჩენილ კანდიდატებს. როგორც ცენტრალური საარჩევნო კომისიის განცხადებაშია აღნიშნული, გადაწყვეტილება ცესკომ აღნიშნული პარტიების მომართვის საფუძველზე კანონმდებლობის შესაბამისად მიიღო.
„აქვე გვინდა გამოვეხმაუროთ აღნიშნული პოლიტიკური სუბიექტების განცხადებებს სიების გაუქმებასთან დაკავშირებით და განვაცხადოთ, რომ უწყების გადაწყვეტილება სიების გაუქმებასთან დაკავშირებით არ ნიშნავს, რომ საარჩევნო ადმინისტრაცია იზიარებს პარტიების შეფასებებს არჩევნებთან დაკავშირებით... ცესკო არ იზიარებს პოლიტიკური პარტიების მიერ სიების გაუქმებასთან დაკავშირებით გამოგზავნილ წერილებში გამოთქმულ პოლიტიკური ხასიათის და უსაფუძვლო შეფასებებს საქართველოს პარლამენტის 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნებისა და აღნიშნული არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმის შესახებ. ვთვლით, რომ აღნიშნული შეფასებები პოლიტიკური დღის წესრიგიდან გამომდინარეობს და არ ასახავს რეალობას... პარტიული სიების გაუქმების შესახებ ცესკოს თავმჯდომარის განკარგულებები და წერილები გაეგზავნებათ შესაბამის პოლიტიკურ გაერთიანებებს“, - ნათქვამია განცხადებაში.
ანალიტიკოსი ედიშერ გვენეტაძე For.ge-სთან საუბარში მიესალმება აღნიშნულ გადაწყვეტილებას და ამბობს, რომ ამით ოპოზიციურმა სპექტრმა საკუთარ თავს პოლიტიკური განაჩენი გამოუტანა:
„მივესალმები თუ ნაცები დარჩებიან ქუჩაში და დარჩებიან დაფინანსების გარეშე - ამით საბოლოოდ, უმტკივნეულოდ ერთხელ და სამუდამოდ, დამთავრდება საქართველოში ის უსაშინლესი ძალა, რასაც ჰქვია „ნაციონალური მოძრაობა“. მათ ადგილს დაიკავებს ის ძალა, რომელიც იქნება ქვეყნის წინსვლაზე ორიენტირებული.
ოპოზიცია ძალიან ელოდა სიტუაციის გამწვავებას ნოემბრის დღეებში, მაგრამ ბოლოს დარჩა 500 კაცი - ოთხმა პარტიამ ვერ გამოიყვანა ქუჩაში საკუთარი ოჯახის წევრებიც კი. როდესაც პარტიის სათავეში დგას გვარამია, მელია, ხაზარაძე და ა.შ. და საქართველოში ჩამოჰყავთ თავიანთი პატრონი მიხაილ როთი, ამით დასრულებულია ყველაფერი. საკუთარ თავს თავად გამოუტანეს განაჩენი. ყველაფერი ფულზეა მათთან აწყობილი - ამით მათ საკუთარი თავი დაასრულეს“, - განაცხადა ედიშერ გვენეტაძემ.
რაც შეეხება გიორგი გახარიას, მისი პარტიის ლიდერები არ ჩქარობენ გადაწყვეტილების მიღებას. „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერმა, გიორგი გახარიამ აღნიშნა, რომ სიების ჩახსნაზე ვერავინ ვერ მოახდენს მათზე ზეწოლას და მანდატებს დატოვებენ მაშინ და ისეთი ფორმით, როცა საჭიროდ ჩათვლიან. მისივე თქმით, საპარლამენტო სიების ჩახსნით ოპოზიცია იმ კრიზისზე ვერ მოიხსნის პასუხისმგებლობას, რომელშიც დღეს ქვეყანაა.
„რაც შეეხება სიების ჩახსნის თემას, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ სიების ჩახსნაზე ვერავინ ვერ მოახდენს ჩვენზე ზეწოლას. ჩვენ მკაფიოდ ვამბობთ, რომ დღეს სიების ჩახსნის თემაზე საუბრობს ის ხალხი, რომელსაც არაფერი რეალური არ აქვს შესთავაზოს გაბრაზებულ ამომრჩეველს. იმიტომ, რომ ამომრჩეველი რეალურად გაბრაზებულია. ჩვენ ვამბობთ მარტივ რამეს, რომ სიების ჩახსნაზე საუბარი არ არის ის, რაც ოპოზიციას ბრალეულობას მოუხსნის იმ კრიზისზე, რომელშიც დღეს ვართ. ვინმე თუ ფიქრობს, რომ სიების ჩახსნით იმ კრიზისზე მოიხსნის პასუხისმგებლობას, რომელშიც დღეს ქვეყანაა, ძალიან ცდება. ვინმე თუ ფიქრობს ან „ნაცები“, ან „ოცნება“, რომ ჩვენზე ზეწოლით რამენაირად მოახერხებენ, რომ ჩვენ მათი დღის წესრიგით ვიმოქმედოთ, ასე არ იქნება. ჩვენ კიდევ ერთხელ ვიმეორებთ და პირველებმა ვთქვით, რომ ამ პარლამენტს ლეგიტიმაცია არ ექნება. რაც დავადასტურეთ გუშინ. რაც შეეხება სიებს, გავაკეთებთ მაშინ და ზუსტად ისე, როგორც ამას ჩვენ ჩავთვლით საჭიროდ. ამას არ ვკითხავთ არც „ნაცებს“ და არც ივანიშვილსა და მის პარტიას. მანდატებს დავტოვებთ მაშინ და ისეთი ფორმით, როცა ჩავთვლით საჭიროდ“, - განაცხადა გახარიამ.
ედიშერ გვენეტაძე მიიჩნევს, რომ, ადრე თუ გვიან, გიორგი გახარიას პარტია საკანონმდებლო ორგანოში მაინც შევა:
„გიორგი გახარიას პარტიაში შედარებით ჭკვიანი ხალხია. გიორგი გახარიამ იცის, პოლიტიკურ ხარაკირს მიიღებს თუ პარლამენტში არ შევა. დღეს თუ ხვალ, გიორგი გახარია პარლამენტში შევა. რა უნდა გააკეთონ ქუჩაში?! - პარტია უნდა იყოს პარლამენტში. ნებისმიერი პოლიტიკური პარტია არსებობს და იბრძვის იმისთვის, რომ მას პოლიტიკური ტრიბუნა ჰქონდეს, რაც არის პარლამენტში და არა რევოლუციასა და გადატრიალებაზე ფიქრი.
ოპოზიციური პარტიები დახვეწილი ბრიყვებით არის სავსე, ამავე დროს, პროფესიონალი არამზადებით - მათ ერთადერთი რამ აქვთ დავალებული გარედან, რომ რამენაირად ქვეყანაში სიტუაცია აატრიალონ, მაგრამ ვერ ახერხებენ“, - დასძინა ედიშერ გვენეტაძემ.