მესამე მსოფლიო ომის საფრთხე იზრდება

მესამე მსოფლიო ომის საფრთხე იზრდება

რუსეთ-უკრაინის ომი უმძიმეს ფაზაში შედის, რაც მესამე მსოფლიო ომის საშიშროებას ზრდის. აშშ-ის და ინგლისის გადაწყვეტილებით, რომლებმაც უკრაინის დახმარების კუთხით, კიდევ ერთი „წითელი ხაზი“ მოხსნეს შორი რადიუსის რაკეტებით რუსეთის სიღრმეში დარტყმის ნებართვით, დაემატა საფრანგეთიც. 20 იანვრამდე, როდესაც უკვე თეთრ სახლში ოფიცილაურად შევა დონალდ ტრამპი, რომელსაც გაცხადებეული აქვს, რომ რუსეთ-უკრაინის ომს დაასრულებს, ეს ძალები ცდილობენ დაიყოლიონ გერმანია და მხარდაჭერა მიიღონ ნატოს წევრი თურქეთისგან.

კრემლის პრეს-სპიკერის, დმიტრი პესკოვის განცხადებით, პუტინი იძულებულია უპასუხოს აშშ-ის მიერ პროვოცირებულ უპრეცედენტო ესკალაციას. მხოლოდ გასული დღე-ღამის განმავლობაში რუსეთის საჰაერო თავდაცვის ძალებმა რვა ბალისტიკური რაკეტა ჩამოაგდეს. აქედან ექვსი ამერიკული წარმოების JDAM-ის ტიპის მართვადი საჰაერო ბომბი და 45 თვითმფრინავის ტიპის უპილოტო საფრენი აპარატი.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მტკიცებით, ოპერატიულ-ტაქტიკურმა ავიაციამ, დრონებმა, სარაკეტო ძალებმა და არტილერიამ დაარტყა სამხედრო აეროდრომებს, ენერგეტიკულ ობიექტებს, რომლებიც მხარს უჭერენ უკრაინის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის საწარმოებს და უკრაინის შეიარაღებული ძალების ცოცხალი ძალისა და ტექნიკის თავმოყრის 130-ზე მეტ ადგილს.

თავის მხრივ უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს დეზინფორმაციასთან ბრძოლის ცენტრის ხელმძღვანელი, ანდრეი კოვალენკო ადასტურებს, რომ უკრაინული დრონები რუსეთის ქალაქ კალუგაში მდებარე სამხედრო-სამრეწველო ქარხანა „ტაიფუნს“ დაესხნენ თავს.

საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, არ უნდა არსებობდეს წითელი ხაზები, როდესაც საქმე უკრაინის მხარდაჭერას ეხება. ჟან-ნოელ ბარომი თვლის, რომ ყოველთვის, როცა რუსული არმია წინ მიიწევს ერთი კვადრატული კილომეტრით, საფრთხე ერთი კილომეტრით უახლოვდება ევროპას.

„უკრაინას შეუძლია ფრანგული შორ მანძილზე მოქმედი რაკეტების გასროლა რუსეთში თავდაცვის ლოგიკით. დასავლელმა მოკავშირეებმა არ უნდა დააწესონ რაიმე შეზღუდვა რუსეთის წინააღმდეგ უკრაინის მხარდაჭერაზე და არ დაადგინონ და გამოკვეთონ წითელი ხაზები“, - აღნიშნა ჟან-ნოელ ბარომ, რომელმაც არ გამორიცხა ფრანგული ჯარების ბრძოლაში ჩართვა.

რუსეთ-უკრაინის ომი იყო ნატო-ს გენერალურ მდივანსა და თურქეთის პრეზიდენტს შორის საუბრის მთავარი თემა. მარკ რუტემ და რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ნატო-ს მოკავშირეებს შორის თავდაცვის სფეროში შესყიდვებზე დაბრკოლებების მოხსნაზე და ტერორიზმის წინააღმდეგ სამხედრო ალიანსის ერთობლივ ბრძოლაზე ისაუბრეს.

როგორც Reuters-ი წერს, ნატო-ს წევრი თურქეთი, რომელიც რუსეთის უკრაინაში შეჭრას გმობს, აცხადებს, რომ მხარს უჭერს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას და კიევს სამხედრო დახმარებას უწევს, მაგრამ ამავე დროს თურქეთი ეწინააღმდეგება დასავლეთის მიერ მოსკოვის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს. რაც შეეხება აშშ-ის გადაწყვეტიულებას, უკრაინას რუსეთის ტერიტორიაზე თავდასხმებისთვის შორ მანძილზე მოქმედი რაკეტების გამოყენებას, ერდოღანი აცხადებს, რომ ეს გადაწყვეტილება კიდევ უფრო გაამწვავებს კონფლიქტს.

რუსეთ-უკრაინის ომის გლობალურ საფრთხეს უახლოვდება. რუსეთი ამ ვითარებაში მოლაპარაკებაზე არ მიდის. პროფესორ თემურ მაისურაძის განცხადებით, როდესაც ქვეყნები ერთიანდებიან და ყველა მომართულია რუსეთის წინააღმდეგ, რომ შესაძლებელია რუსეთი მოლაპარაკებების დროს უფრო მეტ დათმობაზე წავიდეს, ძალიან ცდებიან, ისევე როგორც ცდებოდნენ სანქციების დროს და ყველა სხვა წინარე ნაბიჯებში. მისი თქმით, რუსეთს მკვეთრად აქვს გამოკვეთილი რაზე შეიძლება გაჩერდეს, სად არის ზღვარი, რომელსაც რუსეთი არ დათმობს.

„სამი საკითხია - პირველი - ეს იყო დენაციფიკაცია, მეორე - ნატო დაუბრუნდებოდა ძველ ბაზებს და მესამე - უკრაინა არასოდეს არ გახდებოდა ნატოს წევრი ქვეყანა. ანუ, აბსოლუტური გარანტირებული უარი იმაზე, რომ უკრაინა ვერასოდეს ვერ იქნება ნატოს წევრი. აი, ეს სამი საკითხია, რომელიც რუსეთმა დააყენა. შესაბამისად, ნებისმიერი სხვა ვარიანტზე შეთანხმება რუსეთისთვის იქნება დროში მოქმედების ნაღმი, რომელიც როდის აფეთქდება, თავად რუსეთს არ ეცოდინება. შესაბამისად, მისი ამოცანაა მიიღოს მაქსიმუმი და ცხადია, ასევე მაქსიმუმის სურვილი აქვს დასავლეთს. არის ლუფტი პირველ და მეორე პრეზიდენტს შორის. ტრამპის გაცხადებული მიზნები გასაგებია, მას უნდა ომის გაჩერება, თუმცა იმ მომენტისთვის, რამდენად დაიძაბება სიტუაცია, რომ რუსეთი წავიდეს მაქსიმალურ დათმობაზე? ჩანს, რომ რუსეთი ამას არ აპირებს და ამან შეიძლება გამოიწვიოს უფრო აღმატებული ხარისხით დაძაბულობის ზრდა, იმიტომ რომ რუსეთი არ გაჩერდება“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას თემურ მაისურაძე.