რა წამოსცდა სააკაშვილს და რას ამზადებს აგენტურა აფხაზეთის მიმართულებით?!

რა წამოსცდა სააკაშვილს და რას ამზადებს აგენტურა აფხაზეთის მიმართულებით?!

რა წამოსცდა მიხეილ სააკაშვილს და რას გულისხმობდა ის სიტყვა საფრთხეში, როდესაც აფხაზეთის მიმართ დასავლეთის სიმპათიებზე საუბრობდა? რა სახიფათო თამაშს თამაშობს აგენტურა ახლა უკვე აფხაზეთით?- აინტერესებს პარტია ხალხის ძალის წევრს თამარ ჩიბურდანიძეს და ამ შეკითხვით ეხმაურება მიხეილ სააკაშვილის განცხადებას, რომ აფხაზების გამარჯვებაში არის ერთი საფრთხე - თავისი წარმატებული ბრძოლით დასავლეთის სიმპათია მოიპოვონ.

თამარ ჩიბურდანიძის თქმით, აგენტურა ქართველი ხალხის დიდი ტკივილით - ტერიტორიული მთლიანობის საკითხით სახიფათოდ თამაშობს. ჩიბურდანიძე საეჭვო დამთხვევებზეც საუბრობს. კერძოდ, იმაზე, რომ აფხაზეთში სიტუაცია დაძაბულია და მიმდინარე დღეების განმავლობაში პრეზიდენტ ზურაბიშვილის განცხადება აფხაზეთში ოპოზიციის მხარდასაჭერად და, ასევე, სააკაშვილის განცხადება იმის თაობაზე, რომ დასავლეთმა შესაძლოა, საქართველოს ზურგი შეაქციოს და მისი სიმპათიები აფხაზეთის მიმართ გადაიხაროს, რაღაცის მანიშნებელია.

დეპუტატს აინტერესებს, რას უქადის დასავლეთი აფხაზეთის ისეთს, რაც შეიძლება საქართველოსთვის საფრთხე აღმოჩნდეს? მიხეილ სააკაშვილი ვალდებულია, ბოლომდე გახსნას ფრჩხილები და გვითხრას, რა არის ეს საფრთხე?

მართლაც არის თუ არა საფრთხე იმაში, რომ აფხაზებმა რუსეთთან წარმატებული ბრძოლით მოიპოვონ დასავლეთის სიმპათია და საქართველოს საწინააღმდეგოდ განვითარდეს მოვლენები ე.წ. აღიარებასთან დაკავშირებით?!

ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე მიიჩნევს, რომ სააკაშვილი ხანდახან რეალობისგან სრულიად მოწყვეტილია, ვინაიდან აფხაზეთში არანაირი დაპირისპირება არ ყოფილა რუსეთთან. უბრალოდ, აფხაზეთში მოხდა ჩანაცვლება, ბჟანიას ჩაანაცვლებს ახალი პრეზიდენტი, რომელიც რუსეთის ისეთივე მსახური იქნება, როგორიც ბჟანია იყო.

აფხაზების რომელ გამარჯვებაზეა საუბარი?! ე.წ. აფხაზ ოპოზიციასთან მიმართებით ის ფრაგმენტები, რაც ქართული მედიით აჩვენეს, სრულიად საპირისპიროს ამტკიცებს, რომ აფხაზეთის ოპოზიციაა თურმე რუსეთის უკეთესი მეგობარი და არა ბჟანია. რაც შეეხება ზოგად საფრთხეს, რომ აფხაზეთის არაღიარების საკითხი გადაიხედოს დასავლეთში, ვფიქრობ, საეჭვოა, ასეთი რამ დადგეს დღის წესრიგში მანამ, სანამ ამას საქართველოს ხელისუფლება არ გადაწყვეტს. თუ საქართველოს ხელისუფლება აღიარებს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ე.წ. დამოუკიდებლობას, მაშინ ევროპა ვერ დაიწყებს ლაპარაკს, ჩვენ არ ვაღიარებთო. ამდენად, არაღიარების პოლიტიკას განსაზღვრავს საქართველოს ხელისუფლება. იმ შემთხვევაშიც კი, რა დამოკიდებულება ექნებათ საქართველოს ხელისუფლებასთან ჩვენს პარტნიორებს, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონთან მიმართებით ისინი საქართველოს ხელისუფლების პოზიციასთან თანხვედრაში იქნებიან და საკუთარი მოტივებით არ იხელმძღვანელებენ, -აღნიშნა ვახტანგ ძაბირაძემ for.ge-სთან საუბრისას.

ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე დარწმუნებულია, რომ ახლა იმდენი პრობლემა აქვს თვითონ დასავლეთს, რომ მათ ვერ გაურკვევიათ, უკრაინაში ომი უნდა გააგრძელონ თუ გააჩერონ, დასავლეთს ისიც ვერ გაურკვევია, დამარცხდა რუსეთი, თუ გაიმარჯვა. ამ ფონზე აფხაზეთის ბრძოლა რუსებთან არ იქნება შეფასების საგანი დასავლურ წრეებში, მაგრამ, ნებისმიერი შემთხვევაში, როდესაც პატარა ერი იბრძვის მათ წინააღმდეგ, ვის ხელშიცაა, ეს ფაქტი, თავისთავად, დასაფასებელია და პატარა ერის თავისუფლების სიყვარულს ადასტურებს.

ცხადია, ეს ფაქტი ადამიანურადაც სიმპათიებს იმსახურებს, ოღონდ ზედმეტი პოლიტიზირების გარეშეც შეიძლება ეს სიმპათიები გაჩნდეს. ამის გამო აფხაზეთის აღიარებისკენ ნაბიჯს არავინ გადადგამს, რადგან დღეს მსოფლიოს სხვა პრობლემები აქვს. მე არ მესმის, ზოგადად, დანაშაულის აღიარება რატომ გახდა ასეთი პრობლემური?! ქუჩაში რომ მიდიხარ და შემთხვევით ვიღაცას მხარი დაარტყი, ხომ შემობრუნდები, ბოდიშს მოუხდი და აღიარებ შემთხვევით დანაშაულს?! ამის შემდეგ ადამიანები კეთილგანწყობილი ღიმილით ემშვიდობებიან ერთმანეთს. ასეა ნებისმიერ კონფლიქტშიც, როგორც წესი, ორივე მხარის დანაშაულია, მით უმეტეს, როდესაც კონფლიქტი იმ მასშტაბისაა, რასაც ომი ჰქვია. ეს არ ნიშნავს, რომ შენ დანაშაული არ გქონდეს და მარტო იმათ ჰქონდათ, ისევე, როგორც არ ნიშნავს იმას, რომ მეორე მხარეს არ ჰქონდა დანაშაული და მარტო შენ გქონდა. ის, რომ შემოტრიალდე და ბოდიში მოითხოვო ვინმესგან, ვისაც რამე დაუშავე, ასეთი ნაბიჯი კეთილგანწყობის ტონს განაპირობებს. თორემ გერმანია რომ გერმანიაა და მთელი მსოფლიო დაღუპა, იმას არ უთქვამს დიდი ბოდიში და არც არავის მოუთხოვია მისგან ბოდიშის მოხდა. გერმანია დაამარცხეს, ნიურნბერგის პროცესი გაიმართა, რომელმაც ვერდიქტი გამოიტანა, ვინ არის დამნაშავე და ვინ არა და ამით დამთავრდა ყველაფერი. ოღონდ დანაშაულის პასუხისმგებლობა მთლიანად ნაციზმზე გადავიდა. საქართველოში ასეთი ნიურნბერგის პროცესის მოწყობა არასერიოზულია თუნდაც იმიტომ, რომ იმ ნურნბერგში მთელი მსოფლიო იყო ჩართული, - აცხადებს რამაზ საყვარელიძე ჩვენთან საუბრისას.