სალომე ზურაბიშვილის საპრეზიდენტო ვადის ამოწურვამდე რამდენიმე კვირა რჩება. ამის ფონზე, აქტიურად განიხილება საკითხი, მისი პოლიტიკური საქმიანობისა და პერსპექტივის შესახებ - თუ რას გააკეთებს სალომე ზურაბიშვილი, როგორც ყოფილი პრეზიდენტი?! - ანალიტიკოსთა ერთი ნაწილი აღნიშნავს, რომ მან შესაძლოა, ახალი პოლიტიკური ძალა ჩამოაყალიბოს და გახდეს „ქართული ოცნების“ მთავარი ოპონენტი და ოპოზიოციონერი ლიდერი. მეორე ნაწილი კი მიიჩნევს, რომ მას დიდი პოლიტიკური მომავალი არ აქვს - დღეს გარკვეულ ბერკეტებს ფლობს, რადგან პრეზიდენტია, თუმცა, როგორც კი, ორბელიანების სასახლეს დატოვებს, ის რიგითი მოქალაქე გახდება, როგორც ეს ყოფილი პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის შემთხვევაში მოხდა. ამასთან, სალომე ზურაბიშვილს დასავლეთის გარკვეული მხარდაჭერა აქვს, რადგან მოქმედ პრეზიდენტს მნიშვნელოვან და ყველაზე მისაღებ პოლიტიკურ ფიგურად განიხილავს.
ანალიტიკოს ზაალ ანჯაფარიძის განცხადებით, არსებობს ალბათობა იმისა, რომ სალომე ზურაბიშვილმა, მისი საპრეზიდენტო ვადის ამოწურვის შემდეგ, ახალი პოლიტიკურ პარტია ჩამოაყალიბოს. თუმცა, აქვე აღნიშნავს, რომ მისი პოლიტიკური პოტენციალი მაღალი არაა, რადგან საზოგადოებაში დღეს ის დიდი პოპულარობით არ სარგებლობს, უფრო მეტიც, საპრეზიდენტო ვადის ამოწურვის შემდეგ, შესაძლოა, მისი გავლენები მეტად შესუსტდეს.
„ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ საქართველოდან წასვლას არ აპირებს და, როგორც ჩანს, აპირებს პოლიტიკური საქმიანობის გაგრძელებას ამჯერად ექსპრეზიდენტის სტატუსით. მან შესაძლოა ჩამოაყალიბოს ახალი პოლიტიკური ძალა ან გააცოცხლოს მის მიერ ადრე შექმნილი პარტია „საქართველოს გზა“ და მის ირგვლივ შეაკოწიწოს ახალი პოლიტიკური ძალა. კონკრეტული პოლიტიკური ჯგუფები, რამდენადაც მე ვიცი, თითქოსდა გამოთქვამენ მზადყოფნას იმისთვის, რომ სალომე ზურაბიშვილის, როგორც პოლიტიკური ლიდერის ირგვლივ გაერთიანდნენ, მაგრამ რამდენად მოხდება ამის ხორცშესხმა, ამის შანსები 50-50-ზეა იქიდან გამომდინარე, რომ სალომე ზურაბიშვილი მაინცდამაინც დიდი პოპულარობით საზოგადოებაში არ სარგებლობს, ვგულისხმობ ქართულ ელექტორატს.
ის სახელისუფლებო ქარიზმა ჯერ კიდევ აქვს, ვიდრე ორბელიანების სასახლეში ზის, მაგრამ როდესაც იქიდან გამოვა, გახდება ყოფილი პრეზიდენტი, ჩვეულებრივი მოქალაქე, როგორიც არის მაგალითად, გიორგი მარგველაშვილი, რომელმაც მიუხედავად მცდელობებისა, ვერ შეძლო პოლიტიკურ ლიდერად რეანიმაცია, შეიძლება სალომე ზურაბიშვილსაც იგივე მოუვიდეს - მისი გავლენები, რაც ახლა აქვს, ერთი-ორად შემცირდება, როდესაც ის აღარ იქნება პრეზიდენტი. შესაბამისად, მას უკვე აღარ ექნება მიზიდულობის ის ძალა, რაც ახლა აქვს. ამიტომაც, არ გამოვრიცხავ იმას, რომ მან შექმნას პოლიტიკური ძალა მის ირგვლივ, მაგრამ არ მგონია, რომ ამას დიდი პერსპექტივა ჰქონდეს“, - განაცხადა ზაალ ანჯაფარიძემ.
მისივე შეფასებით, საპრეზიდენტო ვადის ამოწურვის შემდეგ, შესაძლოა მისი უსაფრთხოების საკითხი დადგეს დღის წესრიგში:
„ვფიქრობ, რომ საპრეზიდენტო ვადის ამოწურვის შემდეგ, ზურაბიშვილის ერთ-ერთი საზრუნავი შეიძლება მისი უსაფრთხოების საკითხი გახდეს. როდესაც ის პრეზიდენტი აღარ იქნება, მას მოეხსნება სამთავრობო დაცვა და ყველა ის მექანიზმი, რითაც დაცულია პრეზიდენტის უსაფრთხოება. საზოგადოების უმრავლესობის დამოკიდებულებიდან გამომდინარე, მისი პერსონის მიმართ, ეს საფრთხე უსაფუძვლო არ უნდა იყოს და, ალბათ, მოუწევს ამაზე ფიქრი.
ქვეყნის დატოვებას ის მაშინ გადაწყვეტს, თუკი ნახავს, რომ მის მიერ დაანონსებული პოლიტიკური აქტივობის შენარჩუნებამ შედეგი ვერ გამოიღო. თუმცა, ვეჭვობ, რომ ეს არის მისი გარე კურატურების დავალება, რომ ის ახლა საქართველოშია საჭირო, რადგან ოპოზიციას ძლიერი ლიდერი არ ჰყავს. როგორც ჩანს, ის ემორჩილება ამ დირექტივას და რჩება საქართველოში, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ის წარმატებული იქნება მის პოლიტიკურ საქმიანობაში“, - აღნიშნა ზაალ ანჯაფარიძემ For.ge-სთან ინტერვიუში.
საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ ახალი არჩევნები, ტექნიკური მთავრობა და კოალიცია იქნება, თუმცა, ზუსტად არ იცის როდის.
„ყველაფერი ხდება, ქარტიაც შესრულდება, დარწმუნებული ვარ, ეს არის ჩვენი გზა, (კრიზისიდან) გამოსვლის გზა, მაგრამ წინასწარმეტყველი კი არ ვარ, რომ გითხრათ, როდის და რა მოხდება, ყველაფერი მიდის იქითკენ. ახალი არჩევნები ხომ იყო ქარტიაში გათვალისწინებული? ახალი არჩევნები უთუოდ იქნება. თუ ამ ქვეყნის მომავალი და ბედი არის, რომ იყოს სტაბილური და გაგრძელოს თავისი წინსვლა, რისიც მე მჯერა, მაშინ იქნება ახალი არჩევნები, იქნება ტექნიკური მთავრობა, კოალიცია. როდის იქნება? მე, როგორც კაკულია, ისე გეტყვით, რომ ვხედავ, მაგრამ თარიღებს ვერ გეტყვით“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.