„ჯერ გამარჯვების ზეიმი, მერე „არჩევნები მოგვპარეს“ და ჩემოდნებით მივარდნა ივანიშვილთან...“ - რადიკალებმა მხარდამჭერები დაკარგეს

„ჯერ გამარჯვების ზეიმი, მერე „არჩევნები მოგვპარეს“ და ჩემოდნებით მივარდნა ივანიშვილთან...“ - რადიკალებმა მხარდამჭერები დაკარგეს

„შავი ორშაბათი“ საქართველოში - „ქართული ოცნების“ მონები კლავენ ჩვენს კონსტიტუციას და დასცინიან ჩვენს პარლამენტს; დღეს საქართველოს პარლამენტი აღარ არსებობს, ერთმა პარტიამ დაიხია თავზე კონსტიტუცია - ძალიან მეცოდებიან, მეცოდება პირველ რიგში კობახიძე, როგორც ამ კონსტიტუციის დამწერი“, - აცხადებს საქართველოს პრეზიდენტი, რომელმაც 2024 წლის 26 ოქტომებრის არჩევნები გაყალბებულად გამოაცხადა და რუსეთაველზე შეკრებულ ამომრჩეველს უთხრა, რომ დაიცავდა „მოპარულ“ არჩევნებს. 

თუმცა, ამ დაპირების შემდეგ ზურაბიშვილი აქციის მონაწილეებთან არ გამოჩენილა, მაგრამ მასთან რიგრიგობით კონსულტაციებს მართავდნენ რადიკალური ოპოზიციის ლიდერები, რომლებიც ასევე პირდებოდნენ ამომრჩევლებს, რომ „მოპარულ ხმებს“ დაიბრუნებდნენ და ერთგული იქნებოდნენ ე.წ. ქარტიის, რომელიც ზურაბიშვილმა ბრიუსელიდან ჩამოიტანა.

26 ოქტომბრის არჩევნების ღამეს რადიკალურმა ოპოზიციამ გამოაცხადა, რომ არჩევნები მოიგეს და „გამარჯვება“ იზეიმეს. მეორე დღეს კი თქვეს, რომ არჩევნები გაყალბდა, რაშიც მხარი დაუჭირა საქართველოს პრეზიდენტმა. შესაბამისად, ამომრჩევლებს პარლამენტის წინ უხმეს, უთხრეს, რომ სამოქმედო გეგმა არ გააჩნიათ, მაგრამ დაპირდნენ, რომ ბრძოლა გაგრძელდებოდა. ჩაძინებული რადიკალების გამოსაფხიზებლად მიხაილ როთმა კოლეგებიც ჩამოიყვანა, მაგრამ ეს მცდელობაც უშედეგო აღმოჩნდა.

იყო კარვების აქციაც, ხაჭაპურების და ლობიანების ჩამორიგებაც, მაგრამ არც ამან გაჭრა. რადიკალები ისევ მარტო დარჩნენ. ბოლო იმედად დარჩენილი იყო 25 ნოემბერი, პარლამენტის პირველი სხდომა. რუსთაველის გამზირზე 3 კარავიც გამოჩნდა. ტრადიციულად ლიდერებისგან იყო მოწოდებები და დაპირებები, რომ ისინი არ მისცემდნენ არჩეულ დეპუატატებს პარლამენტში შესვლის უფლებას, მაგრამ ამ დაპირებამ მხოლოდ რამდენიმე საათი გასტანა. გვიან ღამით ლიდერებმა აქციის მონაწილეები მიატოვეს.

„კოალიცია ცვლილებებისთვის“ ლიდერი ნიკა გვარამია სტრასბურგში გაიქცა და როგორც აცხადებს, მნიშვნელოვან საკითხებს აგვარებს. რაც შეეხება სხვა ლიდერებს, ისინი სახლში დაბრუნდნენ. ასე ჩაიშალა რადიკალური ოპოზიციის ხმამაღალი მუქარა და ახლა უკვე ერთმანეთზე გაბრაზებულები ისევ საზოგადოებას ადანაშაულებენ იმაში, რომ ხალხი არ გამოვიდა, მაგრამ არ საუბროებენ იმაზე, რატომ უთხრა იმ ამომრჩეველმა არა, რომელმაც ერთი თვის წინ ხმა მისცა. ოპოზიციის მხარდამჭერები არ მალავენ იმედგაცრუებას და ღიად უპირისპირდებიან ლიდერებს.

ლიდერებს აკრიტიკებს პატიმარი მიხეილ სააკაშვილი, რომლის განცხადებით, თავად რომ ყოფილიყო, თბილისის ქუჩებში ბევრად უფრო გაძლიერებული იქნებოდა ბრძოლა.

„მინდა, ვუთხრა იმ ხალხს, ვისაც ერიდება ჩემი სახელის ხსენება - მოდით, ისტორიას ნუ გადავწერთ. მე რომ დღეს ვყოფილიყავი, თბილისის ქუჩებში ბევრად უფრო გაძლიერებული იქნებოდა ეს ბრძოლა. ეს იცის ამ დიქტატორმაც და იმიტომ მალპობს ციხეში და იმიტომ არ მიშვებს თქვენთან ახლოს. იმიტომ ჩამკეტა უცხოეთში თავის დროზე და არ მიშვებდა აქ, იმიტომ აღძრა ეს სისხლის სამართლის საქმეები, რომ ხალხში არ გავსულიყავი, ხალხს არ ვენახე და ჩემ ნაცვლად მოეყოლათ ათასგვარი სისულელე ჩემზე და ჩემს მმართველობაზე. საჭიროა ბრძოლა, საჭიროა თავდადება. მე ჩემი წილი თავდადება და ჩემი წილი ბრძოლა უკვე გაჩვენეთ. ჩვენი ამოცანა ახლა არის, რომ ვერავინ ჩაკლას ქართველი ერის გენეტიკური კოდი და არ გამოცვალოს იგი. მეგობრებო, ბევრ ლაპარაკს აზრი არ აქვს, ახლა არის ბრძოლის დრო“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ვიდრე „ქართული ოცნება“ მყარად დგას, ვერ მოხდება გარე ძალების მიერ მართული, ცალ ფეხზე მდგომი ხალხით დაკომპლექტებული, ნაირ-ნაირი სახელებისა და სათაურების ქვეშ შექმნილი პარტიების თარეში.

„საქართველოში რევანში ვერ შედგა და ვერც ვეღარასდროს შედგება, ვერც ხალხისა და ისტორიის მიერ გასამართლებული ფიგურების და ვერც მათ ფრთებქვეშ გამოზრდილი ფერნაცვალი სუბიექტების მიერ. ამ არჩევნებზე ჩვენ დავუპირისპირდით სწორედ გარედან მართულ, კოორდინირებულ და ერთიან ძალისხმევას. სწორედ ამიტომ, ეს იყო და არის ბრძოლა დავითისა და გოლიათისა, სადაც გაიმარჯვა სიმართლემ, გონიერებამ და სამშობლოს სიყვარულმა, რადგანაც ჩვენ ვდგავართ ღმერთის, სამშობლოს და ადამიანის მხარეს“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

რატომ არ გამოვიდა ხალხი, მიუხედავად იმისა, რომ 25 ნოემბერი უნდა ყოფილიყო გადამწყვეტი დღე, ანალიტიკოს ზაალ ანჯაფარიძის შეფასებით, ამას აქვს ბევრი მდგენელი და მთავარი მდგენელი არის ის, რომ ხალხმა ვერ დაინახა ოპოზიციის მხარეს ადამიანური ფაქტორი, რაც არის მთავარი. მისი თქმით, ხალხი ვერ ხედავს ოპოზიციის ბანაკში ისეთ ლიდერებს, რომელსაც შეიძლება ენდოს, გაყვეს და დაუდგეს ბოლომდე გვერდით.

„მერამდენეჯერ უნდა შესთავაზონ საკუთარი თავი ოპოზიციის სახეებმა ლიდერებად, რომლებმაც უკვე წლების განმავლობაში არაერთხელ შესთავაზეს ლიდერებად და საზოგადოებისგან მიიღეს შესაბამისი პასუხი?! საზოგადოება მათ არ აღიარებს ლიდერებად, არ მიჰყვება, არ ენდობა და არ სჯერა მათი. შეიძლება რაღაცა მცირე ნაწილი არის მათი მომხრე, მაგრამ ეს არ არის საკმარისი იმისათვის, რომ გარდამტეხი ცვლილებების ინიცირება გამოიწვიონ ქვეყანაში. თუ ნახეთ ვინ იყვნენ ის ოპოზიციის ლიდერები, რომლებიც საზოგადოებას სთხოვდნენ მოსულიყვნენ და მხარი დაეჭირათ - აბსოლუტურად დისკრედიტირებული, ნდობადაკარგული ოპოზიციის ლიდერები“, - აცხადებს ანალიტიკოსი.

ოპოზიციის პარალელურად ორგანიზდებოდა ა-ო აქცია, მაგრამ ეს აქციაც ვერ შედგა. ანალიტიკოსის განცხადებით, ეს ნიშნავს, რომ არის ნდობის კრიზისი. როდესაც არის ნდობის კრიზისი პოლიტიკური პარტიების, ლიდერების და სამოქალაქო სექტორების მიმართ, ეს არის ნიშანი იმისა, რომ ისინი ნელ-ნელა საზოგადოებრივი და პოლიტიკური სპექტრიდან გაიწოვებიან.

„ეს პროცესი გარდაუვალია. ეს იმას ნიშნავს, რომ საზოგადოებაში დგება საჭიროება იმისა, რომ წინა პლანზე წამოვიდეს თვისობრივად ახალი ჯანსაღი პოლიტიკური ძალა, რომელიც საზოგადოებისთვის იქნება მისაღები. ის შეიძლება ოპოზიციაში იყოს „ქართულ ოცნებასთან“, მაგრამ ოპონირება გასწიოს არა იმ მეთოდებით, რა მეთოდებითაც დღეს ცდილობს რადიკალური ოპოზიცია, არამედ სხვა მეთოდებით. შეიძლება ძალიან მწვავე იყოს, მაგრამ ეს იქნება თვისობრივად სხვა ოპონირება, რომელიც უფრო შეესაბამება ევროპულ სტანდარტებს, ვიდრე ის ოპონირება, რასაც ჩვენ ვხედავდით ამ ბოლო დღეებში და ვნახეთ გუშინ“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას ზაალ ანჯაფარიძემ.

პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე ოპოზიციის კრახს იმით ხსნის, რომ გარდა იმისა, რომ გეგმის გარეშე მოქმედებდნენ, ინიციატორები იყვნენ ის ოპოზიციონერი ლიდერები, რომლებსაც არ აქვთ ნდობა საზოგადოებაში.

„გადაწყვიტეს, რომ რაიონებოდან ჩამოიყვანონ ხალხი, არადა თბილისში უკეთესი შედეგი ჰქონდათ და რაიონები წააგეს. სადაც წააგეს, იქიდან მოჰყავდათ, როგორც იძახდნენ, იმათ გამოსაღვიძებლად, სადაც მოიგეს. რაღაცა ლოგიკა ხომ უნდა იყოს?! აი, ასეთი არლოგიკური ნაბიჯების კასკადი იყო მთელი ეს დღეები. ამიტომ, პრაქტიკულად, ხალხი არ გამოვიდა იმდენად, რამდენადაც ამათმა ვერაფერი მიმზიდველი ვერ გააკეთეს. არაფერი არ შესთავაზეს. სხვათა შორის, ოპოზიციის დამკვირვებლებიც კი, რომელიც ათეულ ათასს ითვლიდა, ისინიც კი არ გამოვიდნენ. დადიოდნენ წინ და უკან, რატომ დადიოდნენ, რა უნდოდათ, როგორ აპირებდნენ ბრძოლას, რაც მთავარია, რისთვისაც აბრძოლებდნენ ამ ხალხს, ის არ იყო დამაჯერებელი. თან აკეთეს უაზრობები. პირველ დღეს იზეიმეს მოგება და მერე თქვეს, რომ არჩევნები გაყალბდაო“, - აცხადებს საყვარელიძე.

რადიკალური ოპოზიციის წარუმატებლობა ნიშნავს თუ არა იმას, რომ ამ სახით დამთავრდა ოპოზიცია და პოლიტიკური ველი ითხოვს ახალი ოპოზიციური ძალის შემოსვლას, რამაზ საყვარელიძის შეფასებით, სწორედ ამ პროცესის ეშინია, რადგან რადიკალებმა ისე აატალახეს სურათი, რომ შემოსვლის მსურველები შეიძლება არ გამოჩნდნენ.

„თავიანთი ამომრჩეველი ეყოლებათ იმ ტიპის ხალხისგან, რომლებიც ჩემოდნებით მიუცვივდნენ ივანიშვილს, ისინი იქნებიან ყოველთვის, მაგრამ ოდნავ უფრო სერიოზული ძალა შეიძლება აღარ გაეკაროს პოლიტიკას. გამარჯვების ზეიმი, მერე იმის თქმა, რომ არჩევნები მოგვპარეს, ეს ჩემოდნებით მივარდნა ივანიშვილთან, პრინციპში, ყველაფერი გასაგებია. ამიტომ დიდი შანსია, რომ ახალი ძალები არ გამოჩნდნენ“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას რამაზ საყვარელიძემ.