საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 26 ნოემბერს ევროპარლამენტის წინაშე „ხალხის სახელით“ გამოვა და უკვე ბოლოჯერ, პრეზიდენტის რანგში, საქართველოს იმიჯის დაზიანებას შეეცდება. ევროპარლამენტის სხდომაზე დასასწრებად გაემგზავრა „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერი, ნიკა გვარამიაც, რომელიც 25 ნოემბერს ყველაზე მნიშვნელოვან დღედ მიიჩნევდა, რათა მე-11 მოწვევის პარლამენტის სხდომა უნდა ჩაეშალა. სავარაუდოდ, ზურაბიშვილიც და გვარამიაც იმ ტყუილების ასახსნელად დაიბარეს, რომლითაც დასავლეთის და მით უმეტეს ევროპარლამენტარებს თვალებში ნაცარს აყრიდა, თითქოს საქართველოში ოპოზიცია დიდი მხარდაჭერით სარგებლობდა. არჩევნების წაგების შემდეგაც კი ორივე მათგანი უმტკიცებდნენ პატრონებს, რომ ხალხი ქუჩაში გამოვიდოდა და ხელახალი არჩევნების დანიშვნას აიძულებდა მთავრობას. რეალურად, ყველამ საკუთარი თვალით იხილა, რომ ხალხის კი არა, საკუთარი ამომრჩევლის გამოყვანაც ვერ შეძლეს ქუჩაში. ახლაც, როგორც ჩანს, მხარდაჭერისთვის ისევ ევროპარლამენტს მიმართავენ. ასევე, არსებობს ეჭვი, რომ ზურაბიშვილს დასავლეთი ოპოზიციის ახალ ლიდერად მოავლენს და არ არის გამორიცხული, საპრეზიდენტო ვადის ამოწურვის შემდეგ, მან საკუთარი პარტიაც კი შექმნას.
„საქართველოს პრეზიდენტი საქართველოს ხალხის სახელით მიმართავს ევროპარლამენტს და ეტყვის, რომ დღევანდელი ხელისუფლება არის, უბრალოდ, ხმის ქურდი. დანარჩენს დაველოდოთ, ერთი რამ ზუსტად ვიცით, რომ სალომე ზურაბიშვილის ქართველი ხალხის გევრდით არის და მთლიანად იზიარებს იმ სულისკვეთებას, რასაც დღეს აქ შეკრებილი საზოგადოება გამოხატავს“, - განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა თამარ კორძაიამ.
რაც შეეხება გვარამიას, ჟურნალისტების კითხვაზე, რატომ მიატოვა აქციის მონაწილეები და რატომ არ იმყოფება მათ გვერდით, თქვა, რომ ევროპარლამენტში „უფრო მნიშვნელოვან საქმეზე“ მიდის.
რაც შეეხება ევროპარლამენტს, იქ ამ დროისთვის საქართველოს შესახებ ორი რეზოლუცია დარეგისტრირდა. იტალიელმა დეპუტატმა, მოძრაობა „ხუთი ვარსკვლავის“ წევრმა, დანილო დელა ვალემ მემარცხენე ჯგუფის სახელით შეიტანა რეზოლუციის პროექტი, რომელიც მოუწოდებს ყველა მხარეს, პატივი სცენ 26 ოქტომბერს ჩატარებული არჩევნების შედეგებს, იმუშაონ კონსტრუქციულად კანონის უზენაესობის დაცვით და დაძლიონ ქართულ საზოგადოებაში მზარდი პოლარიზაცია.
რეზოლუციის პროექტი მოუწოდებს ევროკავშირს საქართველოს ახალ მთავრობასთან ერთიანი და მიზნობრივი დიალოგისკენ. მეორე რეზოლუციის ავტორი კი „ევროპის სახალხო პარტიის“ ჯგუფია - ტექსტის ავტორი 20 ევროპარლამენტარია.
ეს რეზოლუციის პროექტი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, საზღვარგარეთ მკურნალობის მიზნით, მიხეილ სააკაშვილი დაუყოვნებლივ და უპირობოდ გაათავისუფლოს. ამასთან, პროექტი მიესალმება ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის გადაწყვეტილებას, საქართველოში ტექნიკური მისიის გაგზავნის შესახებ. ორივე დოკუმენტზე კენჭისყრა პლენარული სხდომის დღის წესრიგში 28 ნოემბერს არის დანიშნული.
ანალიტიკოსი გია აბაშიძე for.ge-სთან ამბობს, რომ ფაქტია, სალომე ზურაბიშვილს პოსტზე ყოფნის სულ რამდენიმე დღე დარჩა და ახლა ქვეყნის იმიჯის დაზიანებაზეა აქტიურად გადასული, რითაც საკუთარ რეპუტაციას იზიანებს და ისედაც განულებული რეიტინგი მინუსებში გადაჰყავს.
„ის, რომ სალომე ზურაბიშვილი ევროპარლამენტში გამოვა, ამაში სენსაციური არაფერია და არც რაიმე სიახლეს იტყვის. ეს იქნება ჩვეულებრივი ტოქსიკური გზავნილები, ანტიქართული ელფერით და ნაცმესიჯბოქსით. ის იმ ევროპარლამენტში გამოვა, სადაც დეპუტატების ერთმა ჯგუფმა კვლავ შექმნა ტრაგიკომიკური რეზოლუციის ერთ-ერთი პროექტი, სადაც მიხეილ სააკაშვილის სამკურნალოდ უცოხეთში გადაყვანას მოითხოვენ. ეს ის ევროპარლამენტია, რომელიც აბსოლუტურად აცდენილია რეალობას. პოლიტიკურ გარემოზე აღარ ვსაუბრობ, მათ ჰგონიათ კიდევ, რომ ქართული საზოგადოება მათ დაუჯერებს. სამწუხაროა ევროკრატებისთვის, რომ მათი უპასუხისმგებლო, არათანმიმდევრული ანტიქართული განცხადებებით და ქმედებებით, ქართული საზოგადოების ლეგიტიმური გულისწყრომა დაიმსახურეს.
შესაბამისად, რა განცხადებებს და რეზოლუციებს მოვისმენთ ევროპარლამენტიდან თუ ბრიუსელის სხვადასხვა ჩინოვნიკებისგან, ამას არანაირი მნიშვნელობა არა აქვს. რას გააკეთებენ, ვითომ დენონსირებას მოახდენენ არჩეული პარლამენტის დეპუტატთა მანდატების, ცესკოს შედეგებს გააქუმებენ, თუ რას იზამენ? ეს ყველაფერი ძალიან არასერიოზულ ელფერს იძენს, მაგრამ ნამდვილად არ არის გასაკვირი ამ საერთო გლობალური ტენდენციიდან გამომდინარე. მოლოდინია იმისა, რომ ტრამპის ინაუგურაციის შემდეგ, საერთაშორისო პოლიტიკა კარდინალურად შეიცვლება. ამიტომ თავად ლიბერალები პანიკაში არიან, როგორც ევროპაში, ასევე ამერიკაში, თუ რა ბედი ელით ტრამპის თეთრ სახლში დაბრუნების შემდეგ. ასე რომ, ზურაბიშვილის მოღალატეობრივი განცხადებები იქნება თუ ევროპარლამენტარების რეზოლუციები, უკვე წარსულს ჩაბარდა“,-ამბობს აბაშიძე.
მისივე თქმით, ზურაბიშვილი და მისი პატრონები ვერანაირად ვეღარ დააზიანებენ სუვერენული საქართველოს ინტერესებს. ქართველმა ხალხმა მიიღო უკვე გადაწყვეტილება და ზურაბიშვილის მოღალატეობრივი გამოსვლა ევროპარლამენტში არავის აღარ აინტერესებს.
„ზურაბიშვილიც და ევროკრატებიც თვითდაზიანების რეჟიმზე არიან, ეს კი 26 ოქტომბრის არჩევნებმა მშვენივრად აჩვენა. რაც შეეხება სლომე ზურაბიშვილის პოლიტიკურ მომავალს, აქ ძალიან დიდი კითხვის ნიშანია, წინასაარჩევნოდ მან ოპოზიციურ ლიდერად ჩამოყალიბება ვერაფრით ვერ მოახერხა, გამომდინარე იქიდან, რომ თავად არის ჩამოუყალიბებელი, როგორც პოლიტიკაში, ასევე მორალური თუ ზნეობრივი კუთხით. ის არ წარმოადგენს წონად პოლიტიკურ ფიგურას და რადიკალურ ოპოზიციის ფლანგზე არ არის შემაკავშირებელი ლიდერი, პირიქითი, უფრო დამაცალცალკავებელია. მის მიმართ კრიტიკა არაერთხელ გავიგეთ რევანშისტების მხრიდან. თუ მას სურს, რომ დარჩეს იმ დონის ე.წ. პოლიტიკოსად, როგორიც არის მაგალითად, ელენე ხოშტარია, ანი წითლიძე, ან სხვა მათნაირი დაბალი კალიბრის პოლიტიკოსები, ეს მისი გადასაწყვეტია. თუმცა პოლიტიკაში დარჩენის შემდეგ, თავადაც მიხვდება, რომ ეს არის წლის ნაყვა და მეტი არაფერი. ამით უფრო რეპუტაციულ და ისტორიულ ზიანს მიაყენებს საკუთარ თავს. საქართველოს უახლოეს ისტორიაში შევა იმაზე სამარცხვინო პრეზიდენტად, ვიდრე მარგველაშვილი იყო. კრიმინალ სააკაშვილზე უკვე აღარ არის საუბარი, ის ცალკე განზომილების ავაზაკია“, - ამბობს აბაშიძე.
მისივე თქმით, ფაქტი ერთია, სალომე ზურაბიშვილის პოლიტიკური ბიოგრაფია მეტყევლებს იმაზე, რომ მას ავტორიტეტი პოლიტიკოსებში არანაირად არ გააჩნია. წარმოიდგინეთ როგორი მსუბუქი წონადობისაა პოლიტკურად, მთავარი რადიკალური ოპოზიციისთვისაც კი მიუღებელია, მიუხედავად იმისა, რომ დასაველთის დაკვეთაა ის იყოს ლიდერი. აბაშიძე ამბობს, რომ ზურაბიშვილი პოლიტიკაში ვერ გაიზარდა, რადგან აქვს ხისტი, ქედმაღლური ხასიათი, რის გამოც მას განსხვავებული აზრის მიღება უჭირს.