უსაფრთხოების საბჭო იგივეა, რაც პრეზიდენტის სათათბირო ორგანო „ეროვნული უშიშროების საბჭო“

უსაფრთხოების საბჭო იგივეა, რაც პრეზიდენტის სათათბირო ორგანო „ეროვნული უშიშროების საბჭო“

ირაკლი ღარიბაშვილს საკუთარი უსაფრთხოების საბჭო ჰყავს. პრემიერ-მინისტრთან არსებული სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭო თავისი შემადგენლობით, ამოცანებით, უფლებამოსილებებით, თითქმის იგივეა, რაც პრეზიდენტის სათათბირო ორგანო - „ეროვნული უშიშროების საბჭო“. სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს დებულებით მთავრობის 6 იანვრის დადგენილებით არის დამტკიცებული. კრიზისების მართვის საბჭო იგივე ფუნქციებით აღიჭურვა, რაც ეროვნული უშიშროების საბჭოს კომპეტენციას განეკუთვნება.

როგორც ცნობილია, ეროვნული უშიშროების საბჭო პრეზიდენტის სათათბირო ორგანოა, რომლის მუდმივი წევრები არიან - პრემიერ-მინისტრი, საგარეო საქმეთა, ფინანსთა, თავდაცვისა და შს მინისტრები და ასევე, პრეზიდენტის თანაშემწე ეროვნული უშიშროების საკითხებში – ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი. როგორც დებულებით ირკვევა, იმავე შემადგენლობის არის დაკომპლექტებული სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭო.

საჭიროების შემთხვევაში, ორივე საბჭოს აქვს სხდომის მოწვევის უფლება. თუმცა, პრეზიდენტის ხელმძღვანელობით უშიშროების საბჭო ჯერ არ შეკრებილა. ირაკლი ღარიბაშვილის სათათბირო ორგანომ კი, პირველი სხდომა უკვე გამართა. ფინანსთა მინისტრის ნოდარ ხადურის განცხადებით, უსაფრთხოების საბჭო, რისკებსა და კრიზისების მართვაზე იმუშავებს. როგორც ხადურმა განმარტა, უსაფრთხოების საბჭო პრემიერ-მინისტრის საკონსტიტუციო ორგანო იქნება.

„კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის შემდეგ ფუნქციათა ნაწილი პრეზიდენტიდან გადაეცა პრემიერ-მინისტრს. შესაბამისად, არის თემები, რომელთა მიმართულებით პრემიერის უფლებამოსილება მკვეთრად გაიზარდა და სწორედ ამ მიზნით შეიქმნა საბჭო, რომელიც იმუშავებს რისკებზე და კრიზისების მართვაზე“, - ამბობს ნოდარ ხადური.

განსხვავებულია ექსპრეტების პოზიციები. ისინი თვლიან, რომ პრემიერ-მინისტრმა საკონსულტაციო ორგანოს შექმნით, ეროვნული უშიშროების საბჭოს დუბლირება მოხდინა. ექსპერტები აცხადებენ, რომ ადგილი აქვს სახელისუფლებო შტოებს შორის უფლებამოსლების არევას. ამ პოზიციას არ იზიარებს მთავრობა და საპარალამენტო უმრავლესობა. მმართველი გუნდი თვლის, რომ მას შემდეგ, რაც ქვეყანაში ამოქმედდა ახალი კონსტიტუცია, მნიშვნელოვნად გაიზარდა პრემიერ-მინისტრის უფლებები, რამაც განაპირობა უსაფრთხოების საბჭოს შექმნა.

საქართველოს პრეზიდენტი განმარტავს, რომ უსაფროების საბჭო ოპერატიული რეაგირებისთვის შეიქმნა, ხოლო ეროვნული უშიშროების საბჭო გლობალური პრობლემების მოგვარებაზეა ორიენტირებული.

„პრემიერ-მინისტრს, რომელიც ხელმძღვანელობს მთავრობას, აქვს სრული უფლება მთავრობის ორგანიზების იმ ფორმატში, რომელიც მისთვის არის საინტერესეო და მნიშვნელოვანი. ამ შემთხვევაში, სირთულეს ვერ ვხედავ. ხელისუფლების შიგნით დემოკრატიულ ქვეყნებში არის ხელისუფლების გადანაწილებაც და ბალანსიც. არ უნდა შეგვაშინოს იმან, რომ ხშირ შემთხვევებში, სხვადასხვა შტოები გარკვეულწილად ერთნაირ საქმინაობას ახორციელებენ.

ვთქვათ, მოხდა რაღაცა ტიპის კატასტროფა, მასზე უნდა მოხადინოს რეაგირება მთავრობამ თავისი რესურსებით. ის სტრუქტურა რაც შეიქმნა პრემიერთან, კრიზისის ოპერატიულად მართვის მიზნით არის შექმნილი. უშიშროების საბჭო ეს არის კონსტიტუციით გარანტირებული ორგანო, მისი ფუნქცია უკვე აღარ არის კრიზისების მართვა“, - ამბობს საქართველოს პრეზიდენტი.

საქართველოს მთავრობის 6 იანვრის დადგენილების მიხედვით, სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭო პრემიერ-მინისტრის დავალებით ახორციელებს სახელმწიფო უსაფრთხოების სფეროში არსებული მდგომარეობის, შიდა და გარე საფრთხეების შეფასებას, განიხილავს საშინაო და საგარეო პოლიტიკის უმნიშვნელოვანეს საკითხებს, რომლებიც უშუალოდ უკავშირდება სახელმწიფო უსაფრთხოების უზრუნველყოფას, ორგანიზებას უწევს სახელმწიფო სტრატეგიის შემუშავებას საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების სფეროში.

შეიმუშავებს წინადადებებს კოლექტიური უშიშროების სისტემებთან საქართველოს თანამშრომლობის შესახებ, საქართველოს მიერ დადებული ან აღიარებული საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების შესაბამისად განიხილავს ქვეყნის საზღვრებს გარეთ უშიშროების უზრუნველყოფის ღონისძიებებში საქართველოს მონაწილეობის საკითხებს. ასევე, განიხილავს კანონებისა და სხვა ნორმატიული აქტების პროექტებს სახელმწიფოს თავდაცვისა და უშიშროების საკითხებზე.

აკონტროლებს სახელმწიფოს თავდაცვისა და უშიშროების სფეროში საქართველოს სამინისტროების, აფხაზეთისა და აჭარის ა-რ, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და სხვა სახელმწიფო უწყებების საქმიანობას, შეიმუშავებს და პრემიერ-მინისტრს წარუდგენს აუცილებელ ღონისძიებათა კომპლექსს ქვეყნის სასიცოცხლო ინტერესების საწინააღმდეგო შიდა და გარე საფრთხეების პროგნოზირების, გამოვლენის, თავიდან აცილებისა და ნეიტრალიზაციისათვის, შეიმუშავებს წინადადებებს მოვლენათა მძიმე პოლიტიკური, სოციალური, ეკონომიკური, ეკოლოგიური და სხვა შედეგების თავიდან ასაცილებლად ან აღმოსაფხვრელად, ხელმძღვანელობს ეროვნული ინტერესებისთვის საფრთხის შემცველი ყველა ტიპის კრიზისული სიტუაციების მართვას უმაღლეს პოლიტიკურ დონეზე.

აღსანიშნავია, რომ პრეზიდენტთან არსებულ ეროვნულ უშიშროების საბჭოს შესაბამისი კანონიც ამ ამოცანებს უსახავს მიზნად. განსხვავება მხოლოდ იმაშია, რომ ეროვნული უშიშროების საბჭოს უფლებამოსილებებში სამხედრო საკითხებთან დაკავშირებული კომპონენტია დამატებული.

იურისტი ლევან ალაფიშვილი ელოდა, რომ ოპონენტებს სრულად ექნებოდათ წარმოდგენილი ახალი კონსტიტუციური მოდელი და უსაფრთხოების ახალი არქიტექტურა.
მისი თქმით, ორივე მხარე არაჯეროვნად წარმართავს მსჯელობას. რადგან, კონსტიტუციით პრეზიდენტი დარჩა სახელმწიფოს მეთაურად, სამხედრო ძალების მთავარსარდლად, ასევე შენარჩუნებული აქვს უფლებამოსილებები საერთაშორისო ურთიერთობებსა თუ საკანონმდებლო პროცესში - ბუნებრივია, ამ ფუნქციების განსახორციელებლად შენარჩუნებულია კონსტიტუციური ორგანო უშიშროების საბჭო.

„პრეზიდენტის უფლებამოსილების შემცირების შედეგად უფლებამოსილებათა დიდი ნაწილი გადაეცა საქართველოს მთავრობას, კოლექტიურ ორგანოს და არა პრემიერს. ამ პირობებში, ბუნებრივია, რომ უსაფრთხოების ახალ არქიტექტურაში მნიშვნელოვანი ფუნქცია შეიძინა მთავრობამ - ამ ახალი ფუნქციის შესრულებას კი სჭირდება ახალი მექანიზმი. ამ გადაწყვეტილებაში შეცდომა ისაა, რომ დებულებით ეს სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭო მოაზრებულია, როგორც პრემიერის სათათბირო ორგანო, შეიმუშავებს რეკომენდაციებს და გადაწყვეტილებას იღებს პრემიერიო“, - ამბობს ალაფიშვილი.

მისი თქმით, დებულებისა და ამ იდეის ავტორებს ყურადღებიდან არ უნდა გამორჩენოდათ, რომ პრემიერს ნორმატიული აქტის გამოცემის უფლებაც კი არ აქვს, კონსტიტუცია მას რაიმე ახალ და უსაფრთხოების თვალსაზრისით განსაკუთრებულ უფლებამოსილებას არ განუსაზღვრავს. 

„ყურადღების მიღმა დარჩა ის გარემოებაც, რომ თვითონ კოლეგიურ ორგანოს (მთავრობას) საბჭოს ტიპის სტრუქტურის შექმნა არ სჭირდება, ეს გონივრული განსჯის მიღმაა. მთავრობის წევრები მთავრობის სხდომაზე ან სხვა ფორმატში ურთიერთობენ, საჭირო არის მხოლოდ ე.წ. მხარდამჭერი ჯგუფის არსებობა. ამასთან ეს ყველაფერი კანონით უნდა იყოს მოწესრიგებული და არა კანონქვემდებარე აქტით - მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ კანონში ცვლილებით უნდა მოხდეს ამ ფუნქციის ასახვა“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას ლევან ალაფიშვილი.

აღსანიშნავია, რომ რამდენიმე თვის წინ ვახტან ხმალაძემ, ირინა იმელიშვილმა და ირაკლი სესიაშვილმა მოამზადეს კანონპროექტი „ეროვნული უშიშროების საბჭოს“ შესახებ. როგორც კანონპროექტის ავტორები მაშინ განმარტავდნენ, პროექტის ინიცირება იმ ახალი კონსტიტუციული ნორმებით იყო განპირიბებული, რომელიც ძალაში ახალი პრეზიდენტის მიერ ფიცის დადების მომენტიდან შედიოდა და რომლის მიხედვით, პრეზიდენტი სახელმწიფოს საშინაო და საგარეო პოლიტიკას აღარ წარმართავდა.

კანონპროექტზე მსჯელობა პარლამენტში გასულ წლის ოქტომბერში დაიწყო და პირველი მოსმენით მიიღო კიდევაც, თუმცა მისი პირველი მოსმენით დამტკიცების შემდეგ, განხილვის პროცესი აღარ გაგრძელებულა. შესაბამისად, ეროვნული უშიშროების საბჭოს უფლებამოსილებებში არაფერი შეცვლილა. 

ექსპერტი ხათუნა ლაგაზიძე ამბობს, რომ უცნაური რამ ხდება, კონსტიტუციამ პრეზიდენტის ფუნქციები შეამცირა, თუმცა, უშიშროების საბჭოს ფუნქციები ისევ უცვლელია.

„რაღაცა მომენტებში გამოდის, რომ უშიშროების საბჭოს უფრო მეტი ფუნქციები აქვს, ვიდრე პრეზიდენტს. ვერ გეტყვით კანონში ცვლილება რატომ ვერ შეაქვთ, აღმასრულებელ ხელისუფლებასა და პრეზიდენტს შორის დაპირისპირებას ერიდებიან თუ რა ხდება. ანალოგიური ფუნქციები ამ საბჭოს არ უნდა ჰქონდეს. უნდა მოხდეს უშიშროების საბჭოს შესახებ კანონში ცვლილება“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას ხათუნა ლაგაზიძე.

კანონპროექტის ერთ-ერთი ავტორი ირაკლი სესიაშვილი ამბობს, რომ პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილება უსაფრთხოების საბჭოს შექმნასთან დაკავშირებით ლოგიკური და სწორია. მისი განმარტებით, მას შემდეგ რაც კონსტიტუციის ახალი რედაქცია ამოქმედდა, უსაფრთხოების სფეროზე პასუხისმგებლობა პრემიერ-მინისტრს დაეკისრა. For.ge-ს კითხვაზე, პირველი მოსმენით დამტკიცებული კანონს რა ბედი ეწია, სესიაშვილი პასუხობს:

„ჩვენ ველოდებით მთავრობიდან და პრეზიდენტიდან შემოთავაზებას, შესაბამისად, ამ ინფორმაციაზე დაყრდნობით მომზადდება და გადანაწილდება ფუნქციები უშიშროების საბჭოსა და კრიზისების მართვის საბჭოს შორის და ამის მიხედვით წარედგინება პარალამნეტს ცვლილებების პროექტი დასამტკიცებლად“, - აცხადებს ირაკლი სესიაშვილი.