პარლამენტი დღეს საქართველოს პრეზიდენტის არჩევის თარიღს ჩანიშნავს. მე-6 პრეზიდენტის არჩევა და ინაუგურაცია დეკემბერში უნდა ჩატარდეს, რათა - წლიანი ვადა კონსტიტუციის შესაბამისად იყოს განსაზღვრული. ოფიციალურად არ სახელდება ვინ იქნება „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილი კანდიდატი, მაგრამ კულუარებში არსებული ინფორმაციით, დიდი ალბათობით, ეს იქნება ყოფილი პრემიერ-მინისტრი, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე და საარჩევნო სიის მესამე ნომერი ირაკლი ღარიბაშვილი.
„ქართული ოცნების“ წევრის მამუკა მდინარაძის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილი, ირაკლი ღარიბაშვილი და ირაკლი კობახიძე პარლამენტში დარჩენას არ აპირებენ - ისინი ტოვებენ საპარლამენტო მანდატებს. ირაკლი კობახიძემ გადაინაცვლა ისევ მთავრობის კანცელარიაში, ბიძინა ივანიშვილი კი რჩება პარტიის საპატიო თავმჯდომარე, რაც შეეხება პარტიის თავმჯდომარის ირაკლი ღარიბაშვილის ფუნქციას პარტიაში, არის მინიმალური, რაც იმას ნიშნავს, რომ ღარიბაშვილი ემზადება ორბელიანების სასახლეში გადასასვლელად.
მამუკა მდინარაძე ადასტურებს, რომ პარტიას პრეზიდენტის კანდიდატურა შერჩეული ჰყავთ და ეს არ არის ბიძინა ივანიშვილი.
„დიახ შერჩეული გვყავს. „ქართული ოცნების“ გუნდი 99%-ით არის ჩამოყალიბებული კანდიდატურაზე. ლიდერებთან ეს დიდი ბჭობისა და განხილვის საგანი იყო, როგორი უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი. ბატონი ბიძინადან დაწყებული დამთავრებული „ქართული ოცნების“ რიგით ჯარისკაცამდე ფიქრობს, რომ პირველი ნიშა, რაც უნდა იყოს - უნდა იყოს ეროვნული, ქართველი. არ ვგულისხმობ გენეტიკას, ქართველი უნდა იყოს სულით და გულით. თუკი ზედმეტ პათეტიკაში და გადაჭარბებაში არ ჩამითვლით. სადღეგრძელოს არ ვამბობ, სულით და გულით ქართველი უნდა იყოს და უნდა იყოს ისეთი ადამიანი, ვინც ამას არასდროს არ გადაუხვევს. თუ ამას არ გადაუხვევს, შემდეგ ყველაფერი კარგად ლაგდება ხოლმე, თუ შენ შენი სამშობლო გიყვარს და სულით და გულით ქართველი ხარ, მთავარ პრინციპებს არ გადაუხვევ, არ მოემსახურები სხვა ქვეყანას, არ გახდები ვიღაცის წარმომადგენელი. ამის შემდეგ ბევრი თვისებაა საჭირო, მაგრამ პირველი ეს უნდა იყოს. ჩვენ ამის მიხედვით ვარჩევთ ჩვენს კანდიდატს“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
მაშ ასე, დღეს გახდება ცნობილი არჩევნების თარიღი და პრეზიდენტობის კანდიდატი. ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე ფიქრობს, რომ დაასახელებენ იმ კანდიდატს, რომელიც ერთი მხრივ პრობლემური არ იქნება მმართველი გუნდისთვის და მეორე მხრივ ის იქნება მისაღები დასავლური პოლიტიკური ისტებლიშმენტისთვის. როგორც ანალიტიკოსი აცხადებს, ამის გარეშე პრეზიდენტობის ისეთი კანდიდატის დაყენება, რომელიც მხოლოდ „ქართული ოცნებისთვის“ იქნებოდა მისაღები, არ იქნებოდა მიზანშეწონილი.
„პრეზიდენტმა უნდა იურთიერთოს დასავლეთთან ძალიან ინტენსიურადაც. მოგეხსენებათ როგორი გართულებულია დღეს ურთიერთობა მმართველ პარტიასა და დასავლეთის პოლიტიკურ წრეებს შორის. შესაბამისად, ამ ფაქტორების გათვალისწინებით იქნება შერჩეული კანდიდატი, რომელიც ერთი მხრივ იქნება ნაკლები პრობლემის მომტანი „ქართული ოცნებისთვის“ და მისი გუნდისათვის და მეორე მხრივ ის არ იქნება მიუღებელი დასავლური წრეებისთვის“, - აცხადებს ანჯაფარიძე.
არის თუ არა ასეთი ოპტიმალური ირაკლი ღარიბაშვილის კანდიდატურა, რომელსაც შენარჩუნებული აქვს ურთიერთობები დასავლეთის პოლიტიკურ წრეებთან, ანჯაფარიძე აცხადებს, რომ არ იცის, ვინ იქნება მომავალი პრეზიდენტი, მაგრამ მისი სუბიექტური აზრით, ირაკლი ღარიბაშვილი იქნებოდა ერთ-ერთი საუკეთესო კადიდატურა.
„მაგრამ ვის შეარჩევს „ქართული ოცნება“, არ ვიცი, მაგრამ ირაკლი ღარიბაშვილი არის ის პიროვნება, რომელიც თანმიმდევრულად იცავს საქართველოს ინტერესებს და იცავდა როცა იყო პრემიერი ყოველთვის საგარეო ასპარეზზე და ყველას ძალიან კარგად ახსოვს მისი დიალოგი ჯოზეფ ბორელთან, როდესაც მან ღირესულად დაიცვა საქართველოს როგორც სახელმწიფოს, როგორც ერის და ცივილიზაციის ინტერესები და თავის ადგილზე დააყენა ეს გაქსუებული ევროჩინოვნიკი. არ გამოვრიცხავ, რომ შეიძლება დასახელდეს ირაკლი ღარიბაშვილის კანდიდატურა, მაგრამ შეიძლება იყოს სხვა კანდიდატურებიც“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას ზაალ ანჯაფარიძემ.
პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე აცხადებს, რომ არსებულ რეალობაში სრულიად რეალური და დასაშვებია, რომ ეს არის ღარიბაშვილის კანდიდატურა, რომელსაც, გარდა იმისა, რომ დასავლეთთან მისასვლელი გზა არ აქვს ჩაჭრილი, ჩინეთისკენ გზის გაკაფვაშიც მნიშვნელოვანი ნაბიჯი ღარიბაშვილმა გადადგა.
„მის დროს მოხდა ჩინეთთან კონტაქტები. გვახსოვს, რომ ღარიბაშვილმა გადადგა ძალიან მკაფიო ნაბიჯები. შესაბამისად, ეს შეიძლება ღარიბაშვილიც იყო, არ ვიცი, რა ვერსიები გაუჩნდებათ, მაგრამ ერთადერთი არის ის, რომ ამ კონსტიტუციის დროს, როცა პრეზიდენტი ძალიან პასიურია, უძლური პრეზიდენტის პირობებში ირჩევენ უძლურსავე ადამიანს, ასაკიანს, პოლიტიკაში პერსპექტივების სურვილი რომ აღარ აქვს. ასეთი პასიურობისთვის მენანება ღარიბაშვილი, მაგრამ მეორე მხრივ, თქვენ მართალი ხართ, საგარეო კონტაქტების დალაგებაში მას შეუძლია კარგი როლი ითამაშოს“, - ამბობს for.ge-სთან საუბრისას რამაზ საყვარელიძე.