როდესაც ვსაუბრობთ, რომ საქართველოს ხელისუფლების წინაშე ბევრი გამოწვევაა, მხოლოდ რუსულ საფრთხეს, ეკონომიკურ პრობლემებსა და კრიმინალთან ბრძოლას არ ვგულისხმობთ. ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა, არ აჰყვეს ცდუნებას, რაც მასაც და ქვეყანასაც ძვირად დაუჯდება.
მთავარი ცდუნება კი იქ იმალება, სადაც ფულია - ბიზნესსექტორში. წინა ხელისუფლებებმა ამ ცდუნებას გაუძლეს კი არა, თავიდან ფეხებამდე გადაეშვნენ მასში.
ცოტა შორიდან დავიწყებთ - დასავლეთში ბესტსელერებად იქცევა ხოლმე წიგნები, რომლებშიც სხვადასხვა ცნობილი ბიზნესმენების მაგალითზე მკითხველს რჩევებს აძლევენ, სწრაფად როგორ დააგროვოს კაპიტალი. ამ წიგნების ავტორებს საქართველოში რომ ეცხოვრათ, ერთ სტრიქონსაც ვერ დაწერდნენ, ან მხოლოდ ერთ წინადადებაში ჩაატევდნენ მთელ ამბავს - "საქართველოში თუ ხარ უმაღლესი თანამდებობის პირების ნათესავი, კლასელი ან ძმაკაცი, შენში ელვის სისწრაფით "გაიღვიძებს" დიდი ბიზნესის ნიჭი და ფულს სწრაფად იშოვი."
მაგალითად, 90-იან წლებში "საოცარი" დამთხვევა მოხდა. გახდა თუ არა ედუარდ შევარდნაძე ქვეყნის პირველი პირი, პარალელურად მისმა სანათესაომ თავის თავში ზემოთხსენებული ნიჭი "აღმოაჩინა". საქართველო საბოლოო გაკოტრების ზღვარზე იყო, სამაგიეროდ, შევარდნაძის სიძემ, გია ჯოხთაბერიძემ და ძმისშვილმა ნუგზარ შევარდნაძემ პოსტსაბჭოთა სივრცეში უმდიდრესი ადამიანების სიაში დაიმკვიდრეს ადგილი.
არაერთხელ დაწერილა იმდროინდელ პრესაში, რომ მათი დაწყებითი კაპიტალი სწორედ შევარდნაძის ოჯახის წევრობა იყო. ამ "კაპიტალმა" ძალიან ეფექტურად იმუშავა და კავშირგაბმულობის ბაზარზე ჯოხთაბერიძე მონოპოლისტად, ნუგზარ შევარდნაძე კი ნავთობმაგნატად აქცია.
სხვათა შორის, სანამ ოპოზიციაში იყვნენ, "ნაციონალები" ხშირად აკრიტიკებდნენ ჯოხთაბერიძეს და ნუგზარ შევარდნაძეს. ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ კი, ახალი ჯოხთაბერიძეები და ნუგზარები "გამოჩეკეს". შესაბამისად, საქართველოში გაგრძელდა ანომალია - ბიზნესმენი "დანიშვნით".
მაგალითად, თბილისში დახლს ვერ დადგავდი, თუ გიგი უგულავას თანხმობა არ იყო. თავის მხრივ კი, უგულავამ ბიზნესის ნიჭი "გაუღვიძა" ძმაკაცებს, კლასელებს ან მასთან დაახლოებულ პირებს. მაგალითად, წყალს ეპატრონებოდა უგულავას ერთი ძმაკაცი, ასფალტის დაგებაზე ტენდერს "იგებდა" უგულავას მეორე ძმაკაცის მიერ ნაჩქარევად დაფუძნებული კომპანია. უგულავას მერად დანიშვნამდე ამ ძმაკაცს ისეთივე შეხება ჰქონდა საგზაო ინფრასტრუქტურასთან, როგორც აქლემს სალამურთან. შესაბამისად, ერთკაციანი კომპანია ტენდერიდან მიღებული ფულის მცირე ნაწილით სხვა კომპანიას ქირაობდა და შესაბამის შედეგსაც ვიღებდით (იხ. თბილისის გზები).
ბიზნესმენების "დანიშვნამ" უკვე ისეთი მასშტაბები შეიძინა, რომ მისი შეფუთვითაც კი აღარ იწუხებდნენ თავს. ამის კლასიკური მაგალითია თბილისში გარე რეკლამისა და მიკროავტობუსების ბიზნესების ხელში ჩაგდება.
ალბათ, ადრე თუ გვიან სამართალდამცველები დაინტერესდებიან, "დანიშნული" ბიზნესმენების მოგებიდან რამდენი მიდიოდა მათ და რამდენი უგულავას ჯიბეში. თუმცა პროკურატურის ინფორმაციით, უგულავა პირდაპირ თბილისის ბიუჯეტშიც აფათურებდა ხელებს პარტიისა და თანაგუნდელების საკეთილდღეოდ.
ისე, ჯოხთაბერიძის მასშტაბებს ყველაზე უფრო დავით კეზერაშვილი მიუახლოვდა. "ვარდების რევოლუციამდე" ის "ნაციონალების" ზონდერჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი იყო, ჯერ კიდევ აძლევდა ინტერვიუებს პრესას და ჰყვებოდა გულისამაჩუყებელ ისტორიებს, როგორ მუშაობდა ისრაელში ერთ-ერთ რესტორანში კვერცხების მტეხავად.
ინფორმაცია იმის შესახებ, ფინანსური პოლიციის უფროსობისა და თავდაცვის მინისტრობისას, სავარაუდოდ, რითი იყო დაკავებული კეზერაშვილი, შეგიძლიათ იხილოთ პროკურატურის საიტზე. თანამდებობის დატოვების შემდეგ კი კეზერაშვილმა სიამაყით განაცხადა, რომ ბიზნესში წავიდა.
პატარა გადახვევას გავაკეთებთ - დასავლეთში ყოფილი საჯარო მოხელეები ბიზნესში ვერ მიდიან. იქ შესაძლოა, ბიზნესში დაბრუნდნენ - იმ შემთხვევაში, თუ მაღალ თანამდებობაზე სწორედ ბიზნესიდან მოვიდნენ. ხოლო თუ მანამდე ბიზნესის გამოცდილება არ გქონდა და არც საწყისი კაპიტალი გაქვს, ვერც წახვალ და ვერც გამოხვალ - უბრალოდ, დაუბრუნდები პირვანდელ პროფესიას (მაგალითად, სარკოზი ადვოკატობას დაუბრუნდა). ისე, ამ ლოგიკით კეზერაშვილი თავდაცვის მინისტრობის შემდეგ კვერცხების ტეხვას უნდა დაბრუნებოდა.
თუმცა ეს საქართველოა - კეზერაშვილი მაშინდელმა ხელისუფლებამ "დანიშნა" მთავარ ბიზნესმენად და მან ოთხ წელიწადში მილიარდამდე დოლარი იშოვა. პროკურატურამ აღნიშნულ საკითხზე (სამოხელეო დანაშაულის ნიშნები) გამოძიება დაიწყო.
ეს ამბები საქართველოს დღევანდელი ხელისუფლების საყურადღებოდ გავიხსენეთ, რადგან ნამდვილად არ გვსურს, "პირადი" ბიზნესმენების ახალი პლეადა მივიღოთ. არადა, ცდუნება დიდია. გარდა ამისა, შესაძლოა, ხელისუფლების რომელიმე მაღალი თანამდებობის პირმა, მაგალითად, პრემიერ-მინისტრმა, სულაც კეთილშობილური მოსაზრებებით (მაგალითად, ბიზნესის განვითარება), რომელიმე ფავორიტ ბიზნესმენს სასათბურე პირობები შეუქმნას ან ბიზნესსფეროების კურატორობა დააკისროს. ეს უკვე, როგორც ნათქვამია, ისეთი შეცდომა იქნება, რომელიც დანაშაულზე მეტია.
საქართველოში ალბათ, ერთხელ და სამუდამოდ უნდა შევთანხმდეთ, რამდენიმე საკვანძო საკითხზე. პირველ რიგში, იმაზე, რომ ხელისუფლების უმაღლესი პირები არ არიან ფეოდალები, რომ პირადი ბიზნესმენები ჰყავდეთ, როგორც ადრე ჰყავდათ პირადი გვარდია და პირად მასხარები. მეორეც - თუ ხელისუფლებას ბიზნესის განვითარება სურს, უნდა იმუშაოს შესაბამისი გარემოს შექმნაზე, საკანონმდებლო ბაზის ამოქმედებაზე და ბიზნესსექტორში ხელების ფათურს შეეშვას. კოლექტიური კეზერაშვილებისა და ჯოხთაბერიძეების ჯადო კი, საბოლოოდ უნდა აეხსნას ამ სფეროს.
ყოველთვის ძნელია, რომ ხელისუფლება მხოლოდ და მხოლოდ საკუთარი ძალებით მოერიოს ცდუნებას ან არ დაუშვას შეცდომა. ამაზე მას პირველ რიგში, საზოგადოებამ, მედიამ და ამ სექტორის ლიდერებმა უნდა მიუთითონ, რომლებიც ყოველთვის ჩასაფრებულები (კარგი გაგებით) უნდა იყვნენ.
ისე გამოგვივიდა, მულო შენ გეუბნები და რძალო, შენ გაიგეო. რა თქმა უნდა, პირველ რიგში, იმედი გვაქვს - სამოქალაქო სექტორიდან სწორედ ბიძინა ივანიშვილი გააკონტროლებს, რომ "პირადი" ბიზნესმენების ინკუბატორი ერთხელ და სამუდამოდ დაიხუროს, ხოლო თუ შეატყობს, რომ მსგავსი სქემების განხორციელების მცდელობაა, ხმამაღლა იტყვის ამის შესახებ.
წინააღმდეგ შემთხვევაში, თუ მივიღეთ ახალი ჯოხთაბერიძეები და კეზერაშვილები, ეს იქნება აშკარა ნაბიჯი, რომ დღევანდელი ხელისუფლება წინამორბედებს დაემსგავსოს. შესაბამისად, ქვეყანა კიდევ ერთ, უკვე მრავალჯერ გავლილ წრეზე წავა, რომელიც კარგს ნამდვილად არაფერს გვიქადის.